№28 აბა, ილიას უარს ხომ არ ვეტყოდიო
დიდი ილია ჭავჭავაძე, რატომღაც, არც თეატრს სწყალობდა, არც ოპერას და მათ სპექტაკლებს არასდროს დასწრებია. თბილისში ერთი ავანტიურისტი, ვინმე სოსიკო ბაქრაძე ცხოვრობდა, რომელიც ეგრეთ წოდებული „რუსკიე გორკის“ აქტრაქციონის მმართველი იყო. ხან ცირკში მუშაობდა, ხან – ბანკში. მოკლედ, ხელთათმანებივით იცვლიდა სამუშაოს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. სოსიკო კარგად იცნობდა ილიას და ერთხელ შეუჩნდა: ილია, სირცხვილია, რომ ოპერაში არ ხარ ნამყოფი. ხვალ „ტრავიატა“ გადის. წამოდი და დაესწარიო... თავად სოსიკო იმ დროს ოპერის ორკესტრში დასარტყამ ინსტრუმენტზე „მუშაობდა“. ბოლოს ილიამ უთხრა:
– კეთილი, წამოვალ. მაგრამ ერთი პირობით, თუკი ყველაზე დრამატულ მომენტში შენს ჯოხებს უადგილოდ დააბრახუნებო.
სოსიკო დაეთანხმა. ილიაც მეორე დღეს „ტრავიატაზე“ მივიდა და ადგილი პირველ რიგში დაიკავა. ოპერა დაიწყო. სიუჟეტი განვითარდა და ყველაზე დრამატულ მომენტში, როდესაც მთავარი გმირი სიცოცხლეს ემშვიდობება, უცებ, სოსიკომ ისეთი ბრახუნი ატეხა, რომ ხალხს ეგონა, ოპერას მეხი დაეცაო. „ტრავიატას“ დირიჟორი, იტალიელი მაესტრო იტალიურად დაემუქრა სოსიკოს გაგგლეჯავო. სოსიკომ სამუდამოდ დატოვა თეატრი...
მეორე დღეს მთელი თბილისი ამ ისტორიას ყვებოდა და როდესაც სოსიკო ბაქრაძეს ჰკითხეს, ასეთი რამ რატომ ჩაიდინეო, უპასუხა:
– აბა, ილიას უარს ხომ არ ვეტყოდიო...
ნიკა ლაშაური