№28 ფარმაცევტული თაღლითობა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-27(966)
ზაზა გიგაური თვალს არ აშორებდა გერმანე კალაძეს და პაუზის შემდეგ უთხრა:
– დრო არ ითმენს, ბატონო პოლკოვნიკო. ყოველი წუთი ძვირფასია და გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
პოლკოვნიკი უხმოდ სცემდა ბოლთას კაბინეტში და პასუხს აგვიანებდა. ამ დროს ოთახში კალაძის თანაშემწე შევიდა, რომელმაც მას უთხრა:
– „ჩეპეა“, ბატონო გერმანე!
პოლკოვნიკს ოფლმა დაასხა და თანაშემწეს ჰკითხა:
– რა „ჩეპე“, თქვი ჩქარა!
– ახლახან თემურ კიკვაძესა და ჟანა ბაბუაძის ცხედრები აღმოაჩინეს ბაბუაძის ბინაში, – თქვა თანაშემწემ.
– ვინ, როგორ? – დაბნეულად იკითხა სახეწამოჭარხლებულმა კალაძემ.
– მოთვალთვალეთა ოპერჯგუფის უფროსმა შემატყობინა. მეტი არაფერი ვიცი. მალე თავად გეახლებათ და ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით, – სხაპასხუპით მოახსენა პოლკოვნიკს მისმა თანაშემწემ.
– თავისუფალი ხარ, – უთხრა კალაძემ და თანაშემწე რომ კაბინეტიდან გავიდა, გიგაურმა პოლკოვნიკს უთხრა:
– აი, ხომ ხედავთ, ბატონო გერმანე. არასასურველ მოწმეებს თავიდან იშორებენ და თუ დროზე არ ვიმოქმედეთ, დიდ უბედურებას თავიდან ვერ ავიცილებთ... თუ უკვე გვიან არაა.
– მირიანს მოვუსმინოთ და მერე ვიმოქმედოთ.
მირიან ბაჯაძე მოთვალთვალეთა ოპერჯგუფის მეთაური იყო. ის ათიოდე წუთის შემდეგ ეახლა პოლკოვნიკს და მოახსენა:
– ბატონო გერმანე, ჟანა ბაბუაძე და თემურ კიკვაძე სამსახურის დამთავრების შემდეგ კიკვაძის მანქანით ბაბუაძის ბინისკენ გაემართნენ. ჩვენ უკან მივდიეთ და როცა ისინი სახლში შევიდნენ, ყოველმხრივ ვუთვალთვალებდით. ალბათ, ხვალამდე ვერც კი გავიგებდით მათი სიკვდილის ამბავს, რომ არა კიკვაძის ცოლი. მოულოდნელად ის საპატრულო პოლიციასთან ერთად მივიდა ბაბუაძის ბინაში და ცხედრები სწორედ მან აღმოაჩინა. კარი ღია იყო და ორივეს ორ-ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი სხეულის სხვადასხვა ადგილზე და თითო საკონტროლო – თავში.
– გამოდის, რომ ქილერი თქვენს ცხვირწინ მოქმედებდა და ისე მოკლა ორი ადამიანი და მიიმალა, რომ ვერაფერი შეამჩნიეთ?! – მრისხანედ გააწყვეტინა სიტყვა პოლკოვნიკმა ბაჯაძეს, რომელმაც უთხრა:
– ქილერი, როგორც ეტყობა, წინასწარ იყო ჩასაფრებული და სხვენიდან სხვა სადარბაზოში გადავიდა და მიიმალა. აშკარად პროფესიონალის ნამუშევარია.
– შეფასება შენთვის შეინახე, კაპიტანო! წადი, თავისუფალი ხარ, – კილაძემ ბაჯაძე გაუშვა და ზაზა გიგაურს მიუბრუნდა:
– როგორც ეტყობა, ძალიან სუფთად მუშაობენ და აშკარაა, რომ დიდი ხიფათის მოტანა შეუძლიათ. ამიტომ მოგცემ ნებართვას, არალეგალური ოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ იცოდე, ძალიან სუფთად და გააზრებულად უნდა იმუშაო, რომ კვალი არ დატოვო. აბა, მითხარი, რას აპირებ.
– ბატონო გერმანე, ფრიდრიხ დიცი ვერა-მთაწმინდის გზაზე რომ კერძო სახლებია, იქ ცხოვრობს. მას შუქს გამოვურთავთ და „გაზკანტორის“ თანამშრომლებად გამოვეცხადებით, ვითომდა უსაფრთხოების შემოწმების მიზნით. შემდეგ სახლიდანვე „ავწევთ“. სპეცობიექტზე წავიყვანთ და შესაბამისად დავამუშავებთ.
– დაცვა და ვიდეოკამერები?
– პირად მცველს თან გავიყოლებთ. ეზოს ჯიხურში მჯდომ მცველს კი იქვე მივაძინებთ. ვიდეოკამერებში ჩვენს სახეებს არ დავაფიქსირებთ და ჩანაწერებს, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გავანადგურებთ.
– რა რესურსი უნდა გამოიყენოთ?
– ჩემიანად, ჩემი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრს წავიყვან და ერთსაც – გარედან.
– გარედან – ვის?
– ძალიან საიმედო კაცს, ბატონო პოლკოვნიკო.
– ვის, ვინაობას არ გამიმხელ?
– ჩემი მომავალი სიძეა. ჩემი დის საქმრო, – კვლავ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს გიგაურმა, რადგან ფიქრობდა, რომ პოლკოვნიკი ზურაბ მერკვილაძის ამ საქმეზე წაყვანის უფლებას არ მისცემდა.
– შენი მომავალი სიძე, ზურაბ მერკვილაძე, მოკლული ზაალ მერკვილაძის ტყუპისცალი ხომ?
– დიახ, ბატონო გერმანე, – უხალისოდ დაუდასტურა ზაზამ.
– შენს მომავალ სიძეს იმ გარეწრებმა ტყუპისცალი მოუკლეს და გამორიცხული არაა, რომ გატაცებულებზე შური იძიოს და დახოცოს ისინი.
– არ დახოცავს.
– შენ რა იცი? – თქვა კალაძემ და დაამატა, – შეგპირდა, რომ არ ვიზამო?
– დიახ.
– და, მერე გჯერა?
– დიახ. თავს დავდებ.
– არა! – კატეგორიულად თქვა პოლკოვნიკმა.
კაპიტანი კი არ მოეშვა:
– ბატონო პოლკოვნიკო, გარანტიას ვიძლევი, რომ ზურიკო არაფერში დაგვაზარალებს. პირიქით, დიდად დაგვეხმარება. ბოლო-ბოლო, იდეალურად იცის გერმანული. გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით.
პოლკოვნიკმა თავი გააქნია და გიგაურს უთხრა:
– და მაინც, სულმა რომ წასძლიოს და შურისძიება მოინდომოს?
– არ მოინდომებს, ბატონო გერმანე. თავს ვდებ.
– კარგი. იყოს შენებურად, მაგრამ პატარა „იაღლიშიც“ რომ მოგივიდეთ, იცოდე, შენს თავს დააბრალე, – უთხრა პოლკოვნიკმა კაპიტანს და თვალი თვალში გაუყარა.
– ყველაფერი რიგზე იქნება, ბატონო გერმანე, – თქვა გიგაურმა და წავიდა.
***
ღამის პირველი საათი შესრულდა, როცა ფრიდრიხ დიცის კერძო, ნაქირავებ სახლში ელექტროენერგია გამოირთო. სადარაჯო ჯიხურში მჯდომი მამაკაცი გარეთ გამოვიდა და „დვიჟოკის“ ჩართვას აპირებდა, როდესაც ეზოს წინ გაზის კომპანიის მანქანა გაჩერდა და იქიდან ოთხი უნიფორმიანი ადამიანი გადმოვიდა. ერთ-ერთმა კი დარაჯს უთხრა:
– „დვიჟოკი“ უნდა ჩართო?
– ჰო, – მიუგო დარაჯმა.
– არ შეიძლება. დენი ჩვენ გამოვრთეთ. რაიონში გაზის გაჟონვაა და ვიკვლევთ. ბოდიშს კი გიხდით, მაგრამ უნდა შემოგვიშვათ.
ამ დროს ფანჯრიდან ფრიდრიხ დიცმა გადმოიხედა და გერმანულად მოლაპარაკე დარაჯს ჰკითხა, რა ხდებოდა.
– ჰერ ფრიდრიხ, რაიონში გაზის გაჟონვაა და ჰაერში რომ არ ავიწიოთ, ელექტროენერგია გამორთეს. ეს ხალხი კი გაზის კომპანიიდან არიან და შემოშვებას ითხოვენ, რომ აქაურობა შეამოწმონ, – მიუგო დარაჯმა ფრიდრიხ დიცს.
ჰაერში აწევის პერსპექტივამ დიცი პანიკაში ჩააგდო. დარაჯს „გაზის კომპანიის თანამშრომლები“ ეზოში შემოაშვებინა და უსაფრთხოების მიზნით შენობა დატოვა.
– შენობაში არის კიდევ ვინმე? – ჰკითხა დარაჯს ზაზა გიგაურმა და უარყოფითი პასუხი რომ მიიღო, პულვერიზატორიდან ჯერ დარაჯს შეასხურა სითხე და იქვე მითიშა, შემდეგ დიციც „მიაძინა“ და კოლეგებს უთხრა:
– სამ წუთში აქედან უნდა ავორთქლდეთ. სწრაფად იმოქმედეთ!
დიცი მიკროავტობუსში მოათავსეს, დარაჯი – თავის ჯიხურში. ელექტრომოწყობილობის სპეციალისტმა კი ვიდეოკამერების ყველა ჩანაწერი გაანადგურა. მთელ ამ ოპერაციას სულ რაღაც ორი წუთი დასჭირდა და დარჩენილი ერთი წუთიც რომ გავიდა, უშიშროების თანამშრომლები გატაცებულ ფრიდრიხ დიცს რუსთავისკენ მიაქროლებდნენ, სადაც ერთ-ერთ კონსპირაციულ ობიექტზე ის სპეციალური ხერხების გამოყენებით (თუ ეს საჭირო გახდებოდა) უნდა დაეკითხათ. „სპეციალური ხერხები“ წამებას ნიშნავდა და ასეთი რამ ექსტრემალურ სიტუაციებში გამოიყენებოდა.
***
ღამის ორ საათს რომ ოცდაცხრა წუთი აკლდა, ფრიდრიხ დიცი კერძო ავტოპროფილაქტიკის მასიური შენობის გაჩახჩახებულ სარდაფში, იატაკზე დედიშობილა იწვა. მას ექვსი ნიღბიანი მამაკაცი ადგა თავზე და როცა ის გამოფხიზლდა, შეშინებული ხმით იკითხა მშობლიურ ენაზე:
– სად ვარ და თქვენ ვინ ბრძანდებით?
ნიღბიანთაგან გერმანული ენა მხოლოდ ზაზა გიგაურმა და ზურაბ მერკვილაძემ იცოდნენ. წინასწარი შეთანხმებით, დაკითხვა ზურაბს უნდა ჩაეტარებინა და მან ფრიდრიხ დიცს უთხრა:
– ძალიან მცირე დრო გაქვთ, დიც. ათ წუთში თუ არ დააკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ „გესტაპოს“ წამება უწყინარ გართობად მოგეჩვენებათ.
– გეტყობათ, გერმანელი ბრძანდებით. აღმოსავლეთ ბერლინური დიალექტით მეტყველებთ. მეც იქაური ვარ, – თქვა დიცმა, მაგრამ ზურაბმა კბილებში გამოსცრა.:
– გიმეორებთ, სასტიკად გაწამებთ, თუ ყველაფერზე სწორად არ გვიპასუხებთ.
– გისმენთ, ბრძანეთ, – აკანკალებული ხმით თქვა დიცმა.
– ვინ მოკლა თქვენი დაცვის სამსახურის უფროსი თემურ კიკვაძე და მისი საყვარელი ჟანა ბაბუაძე?
დიცი შეკრთა და მიუგო:
– პირველად მესმის ეს ამბავი.
ზურაბმა დედიშობილა დიცს მარჯვენა ბარძაყში ლანცეტი მოულოდნელად ჩაასო და ისევ ამოაძრო. გერმანელი საშინლად აღრიალდა. ზურაბმა კი მას უთხრა:
– ხომ გითხარით, არ დაგინდობთ-მეთქი. ეს მხოლოდ მსუბუქი შესავალია, აბა, ურჩობას ვაგრძელებთ თუ სწორ პასუხებს გაგვცემ.
– ისინი ჩემმა პირადმა მცველმა, შალიკომ დახოცა, – სხაპასხუპით თქვა დიცმა, თან ხელს ნაიარევზე იდებდა და კვნესოდა.
– ვისი ბრძანებით? – იკითხა ზურაბმა.
– ჩემი ბრძანებით, – თქვა დიცმა.
– რატომ გაეცით ასეთი ბრძანება?
– ეჭვიანობის ნიადაგზე. ჟანა ჩემი მდივანი და საყვარელი იყო. კიკვაძე კი მასზე ძალადობდა და მიუხედავად ამისა, შალიკოს მაინც ორივე მოვაკვლევინე, – თქვა დიცმა, მაგრამ ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, რომ ზურაბმა მას მარჯვენა ბარძაყში მეორე ღრმა ჭრილობა მიაყენა ლანცეტით და დააყოლა:
– სიმართლე! მხოლოდ სიმართლე, გესმით? მხოლოდ სიმართლე ილაპარაკეთ!
დიცი საშინლად აყმუვლდა, მაგრამ მესამე ჭრილობის მიღების შიშით თქვა:
– კიკვაძემ ძალიან ბევრი იცოდა და თავიდან მოვიშორე. ზედ მისი საყვარელიც მივაყოლე.
– ბევრის ცოდნაში რას გულისხმობთ? – იკითხა კვლავ ზურაბმა და დაამატა, – ექვსი წუთი დაგრჩათ და იჩქარეთ. თუ ამ დროში ვერ ამოვწურეთ ყველა კითხვა, ჭრილობას უკვე მუცელსა და ზურგის არეში მოგაყენებთ.
– კიკვაძემ ჩემი დავალებით ვინმე ზურაბ მერკვილაძე მოკლა, რომელმაც გერმანიიდან თეთრი აბები ჩამოიტანა, – თქვა დიცმა.
– რას წარმოადგენს ეს აბები? – იკითხა ზურაბმა და დიცს მიაჩერდა.
დედიშობილა გერმანელი მთელი ტანით ცახცახებდა და თვალს არ აშორებდა ნიღბიან ზურაბს. თან ფიქრობდა, გაემხილა თუ არა სიმართლე. ბოლოს თვითგადარჩენის ინსტინქტმა იმძლავრა და უთხრა:
– ეს აბები ციების გამომწვევია და თითოეულს ორმოცდაათი ადამიანის ინფიცირება შეუძლია. სულ ათასი აბი იყო და ორმოცდაათიათასიან ეპიდემიაზეა გათვლილი. ჩვენ ფარმაცევტულ კომპანიას ამ ტიპის ციების საწინააღმდეგო წამალი აქვს შექმნილი და როგორც კი ეპიდემია მოსახლეობას მოედება, უნდა შემოვიტანოთ.
– ნაძირლებო! – კბილებში გამოსცრა ზურაბმა და იკითხა:
– იწვევს თუ არა ეს ციებ-ცხელება სიკვდილს?
– თუ ათი დღის განმავლობაში არ მიიღო დაავადებულმა ჩვენი წამალი – კი.
– როგორ ვრცელდება ეს დაავადება?
– სპეციალურ ხსნარში ჩავდებ, რომელიც გამოიყენება მავნებელი მწერების გასანადგურებლად. მაგალითად, ხეხილის ბაღების, ყანების ან სხვა მცენარეების შეწამვლისას. საკმარისია, ადამიანმა ის შეისუნთქოს, რომ ორი კვირის მერე ციება დაეწყება და თუ ჩვენს წამალს ციების დაწყებიდან ათი დღის განმავლობაში არ მიიღებს, მაშინ მდგომარეობა საგრძნობლად გაურთულდება.
– შესუნთქვის პერიოდში რომ მიიღოს თქვენი წამალი?
– ციება არ დაემართება და ორგანიზმში შეღწეული ვირუსი მოკვდება, – თქვა დიცმა და დაამატა, – ჩვენი წამლის მიღება, პრევენციის მიზნით, ჯანმრთელ ადამიანსაც შეუძლია და ციება აღარასდროს დაემართება.
– ახლა სადაა ეს აბები?
– შალიკო ხემიძეს აქვს შენახული.
– რატომ?
– ეპიდემიის მოსაწყობად.
– სად და როგორ? – კბილებში გამოსცრა ზურაბმა და დიცს ლანცეტი მოუღერა.
– აი, ეგ კი უკვე ნამდვილად აღარ ვიცი და ვფიქრობ, ამას ვერც თქვენ გაიგებთ, – დიცმა ხელები გაშალა და დაამატა, – სულაც რომ თავის ქალა ამხადოთ ან გული ამომიღოთ, რაც არ ვიცი, არ ვიცი.
– მაინც, რატომ? – იკითხა ზურაბმა.
– იმიტომ, რომ ის ორგანიზებული ჯგუფი, ვინც ეს საშინელი სქემა მოიფიქრა, ჩემთან შალიკოს მეშვეობითაა დაკავშირებული და სწორედ მათ უნდათ ეპიდემიის გამოწვევა. შალიკოს კი, ვფიქრობ, მოკლავენ, თავიდან მოიშორებენ, რომ კვალი დაფარონ და კვლავ ჩრდილში დარჩნენ.
– იქ, ცენტრში ვინაა ამ საქმის მოთავე?
– ჩემი უფროსი ძმა – გიუნტერი.
– კარგი. დავუშვათ, ასეა, მაგრამ ფულს როგორღა მიიღებს ეს ჯგუფი, თუ შალიკო ხემიძეს გაანადგურებენ?
– სრულიად მარტივად. მათ ამ თანხის სპეციალურ ანგარიშზე ობშორებში დაუსვამენ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს, – თქვა დიცმა და დაამატა, – ასე რომ, ჩემო მეგობრებო, ერთი შანსი გაქვთ, ეს საშინელება, ანუ ეპიდემია რომ შეაჩეროთ, ამისთვის შალიკოს მოძებნა და განეიტრალებაა საჭირო...
***
ფრიდრიხ დიცი ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დატოვეს. სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მეთვალყურე მიუჩინეს. ზაზა გიგაური კი სამსახურში დაბრუნდა და პოლკოვნიკის კაბინეტში რომ შევიდა, უკვე თენდებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში