№28 სად აშენებდა ბერია კომფორტულ ციხეს პოლიტბიუროს წევრებისთვის
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ლავრენტი ბერიას ვერ დაუმტკიცეს სახელმწიფო გადატრიალების მომზადება, როგორც ეტყობა, ის (ბერია) მაინც ფიქრობდა ურჩი კოლეგების მოთოკვას და საამისოდ საგანგებოდ ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე ემზადებოდა... ისტორიკოსი ვალენტინ ზემსკი წერს: „1952 წლის თებერვლის მიწურულს, სტალინის გარდაცვალებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, სოხუმის მახლობლად დაჩქარებული ტემპით დაიწყო, ეგრეთ წოდებული, სამთავრობო სააგარაკო ზონის მშენებლობა, რომელიც 1954 წელს დასრულდა და დღემდე ფუნქციონირებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მშენებლობა ბერიასგან იყო ნაბრძანები და მას საუკეთესო სპეციალისტები უმაღლესი ხარისხის მასალით აშენებდნენ. აბსოლუტურ სიმწვანეში ჩაფლული ეს კომპლექსი ხუთმეტრიანი ღობით უნდა შემოსაზღვრულიყო (დღეს მას გამჭვირვალე ღობე აქვს შემოვლებული) და მთელ პერიმეტრზე, შიგნით და გარეთ, პატრულირება კარგად გაწვრთნილ მეომრებს უნდა განეხორციელებინათ... ერთი სიტყვით, ამ ობიექტზე უმაღლესი კატეგორიის უსაფრთხოების სისტემას უნდა ემოქმედა და იქ ჩიტიც ვერ უნდა შეფრენილიყო. როგორც პუბლიცისტი აბდურახმან ავტორხანოვი წერს, ეს ტერიტორია უნდა ყოფილიყო საბჭოთა პოლიტბიუროს წევრებისთვის კომფორტული ციხე, იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს ლავრენტი პავლოვიჩს დასჭირდებოდაო. ლავრენტი ბერიას კი ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, თუკი უსისხლო სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენდა და კომფორტულ ციხეში გამომწყვდეული კოლეგები მის მითითებებს დოკუმენტურად „გააპრავებდნენ“... ავტორხანოვი წერს: „სხვაგვარად კოლეგების ასეთი ხავერდოვანი იზოლაციის გარეშე ბერია ქვეყნის მართვას ვერ შეძლებდა. ის (ბერია) ვერც უხეშ სამხედრო გადატრიალებას მოაწყობდა. ამიტომ, ეს იყო ძალიან კარგად მოფიქრებული ეშმაკობა. შეიძლება ითქვას, ჰუმანურიც კი. თუმცა, სავარაუდოდ, კოლეგები მას ამ ჩანაფიქრს მიუხვდნენ და იქით მოუწყვეს შეთქმულება...“
ავტორხანოვის ვერსიას ნაწილობრივ ადასტურებდა ბერიას დაცვის უფროსი, სარდიონ ნადარაია, რომელიც ამბობდა: „ამ მშენებლობის ჭეშმარიტი დანიშნულება, ჩემი აზრით, იყო ის, რომ ლავრენტი ბერიას თავის სამშობლოში საიმედო იზოლაციაში ჰყოლოდა ის ადამიანები, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ერთ-ერთი ვახშმის დროს, რომელიც სოხუმში, ბერიას აგარაკზე გაიმართა და მას სერგო გოგლიძე და ვსევოლოდ მერკულოვი ესწრებოდნენ, ბერიამ მათ უთხრა:
– ეს „ხალოპები“ მუჭში მეყოლებიან. მათ, რა თქმა უნდა, არ დავხვრეტ, არც ციხეში ჩასმა გამოვა. ამიტომ კარგად დაცულ ციხესიმაგრეში იყვნენო.
დიდი ალბათობით მგონია, რომ მათში თავის კოლეგა პოლიტბიუროს წევრებს გულისხმობდა. ხოლო კარგად დაცულ ციხესიმაგრეში კი – სოხუმში მშენებარე სამთავრობო აგარაკების კომპლექსს...“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ დიდი მითქმა-მოთქმა იყო სოხუმის სამთავრობო კომპლექსზე. პოლიტბიუროს წევრები ამბობდნენ, რომ ბერიას იქ ჩვენი გამომწყვდევა უნდოდაო. ბერიას, მართალია, ბევრი სისაძაგლე დააბრალეს, მაგრამ „კომფორტული ციხის“ ამბავი ნამდვილად მჯერა. მჯერა იმიტომ, რომ ეს კომპლექსი ყველაზე მაღალი კატეგორიის ციხის უსაფრთხოების სისტემით შენდებოდა და განსხვავება ის იყო, რომ იქ ძალიან კომფორტული ოთახები იქნებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამ კომპლექსში უნდა დამონტაჟებულიყო ისეთი შიდასატელეფონო ხაზები, რომელთაც გარე სამყაროსთან კავშირი არ ექნებოდა და როგორც ოთახები, ასევე ტელეფონები მოისმინებოდა. გარე სამყაროსთან დასაკავშირებელი ტელეფონი კი მხოლოდ კომპლექსის კომენდანტს ექნებოდა და ისიც იზოლირებულად უნდა ყოფილიყო და კარგად დაცული. ასეთი სისტემა კი სხვა არაფერია, თუ არა ციხე...“
პავლე სუდოპლატოვი მაღალი კლასის უშიშროების სპეციალისტი იყო და ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, ვისაც ბერია ენდობოდა. ამიტომ მისი მონათხრობი სანდოა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბერია თუ აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას, ამის გაკეთება მას უსისხლოდ უნდა გაეკეთებინა, დაახლოებით ისე, როგორც ეს ხრუშჩოვს გაუკეთეს. ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „ბერია საკმაოდ ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ სისხლიან გადატრიალებაზე არ ეფიქრა, რადგან იცოდა, რომ ამას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მხარდაჭერა არ ექნებოდა. სამაგიეროდ, თუკი შეძლებდა თავისი კოლეგების მოთოკვას და საკუთარი რეფორმების ბოლომდე გატარებას, ბერია მაშინ ქვეყნის შიგნით გმირი იქნებოდა, გარეთ კი – ახალი ტიპის საბჭოთა რეფორმატორ-დემოკრატი და მას მხარს დაუჭერდნენ მოწინავე სახელმწიფოები. აი, სწორედ ამისთვის სჭირდებოდა ბერიას ეს ციხესიმაგრე და მართალია, ასეთი რამ უკანონო იყო, მაგრამ იმ პერიოდისთვის ძალიანაც ჰუმანური, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საბჭოურ სტანდარტებს. დაახლოებით ასეთი რამ მოუწყვეს ხრუშჩოვს ბრეჟნევმა და კამპანიამ, როცა ის გადააყენეს და პეტროვო-დალნეში, აგარაკზე იზოლაციაში მოათავსეს. მართალია, ბრეჟნევისა და ხრუშჩოვის ბერიასთან შედარება არ შეიძლება და ეს მე მკრეხელობად მიმაჩნია, რადგან ბერია ძალაუფლების ასი იყო და ფიზიკურად რომ არ გაენადგურებინათ, ალბათ, დიდი წარმატებით გაუძღვებოდა საბჭოთა კავშირს...“
ბერიას ინოვაცია „კომფორტული ციხე“ პოლიტბიუროს წევრებისთვის არ განხორციელდა და მომავალმა ტუსაღებმა თავიანთი დამტყვევებელი საიქიოში გაგზავნეს. თუმცა, პირიქით რომ მომხდარიყო, ალბათ, ეს ქვეყანასაც წაადგებოდა და ხალხსაც.“