№28 როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობის დროს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მზის დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების გადამეტებული ზემოქმედებით გამოწვეული კანის ანთებაა. ანალოგიური დამწვრობა ვითარდება სოლარიუმის ხელოვნური მზის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნის დროსაც. ულტრაიისფერ გამოსხივებას, კანის გარდა, თვალების დაზიანებაც შეუძლია.
მზის დამწვრობამ შესაძლოა, შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. მაგალითად, ადრეულ ასაკში მიღებული მზის დამწვრობა მომავალში კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, გადამეტებული განმეორებითი ულტრაიისფერი დასხივება ზოგჯერ ნაწიბურებსა და ეგრეთ წოდებულ ჭორფლს (პიგმენტირებულ უბნებს) ტოვებს, იწვევს კანის სიმშრალესა და ნაადრევ დაბერებას, ზრდის კატარაქტისა და მაკულური დეგენერაციის განვითარების რისკს.
მზის დამწვრობის სიმპტომები
* კანის დამწვარი უბანი წითლდება და ვითარდება ანთება, მასთან შეხება მტკივნეულია;
* მზის ზემოქმედებიდან რამდენიმე დღეში კანი შესაძლოა, შესივდეს, ქერქით ან სითხით სავსე ბუშტუკებით დაიფაროს, ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება გამონაყარიც;
* ზოგჯერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, ასეთ დროს იზრდება ორგანიზმის გაუწყლოების რისკი;
* სიმპტომთა სიმძიმე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: კანის ტიპზე, მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობაზე, მიღებულ სამკურნალო პრეპარატებზე, მზის დამცავი კრემის ხარისხზე.
ზოგჯერ მზის დამწვრობის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მაინც აისახება კანზე, ზრდის მისი დანაოჭების, ჭორფლის აღმოცენებისა და კიბოს განვითარების რისკს.
მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები (მათი გამოვლენისას აუცილებელია სამედიცინო დახმარება): ცხელება, თავბრუ, ციებ-ცხელება, გულისრევა, პულსის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, გაუწყლოება, კანზე მტკივნეული ბუშტუკების აღმოცენება, შოკი ცნობიერების (გონების) დაკარგვით.
მზის დაკვრაზე ეჭვის მიტანისთანავე აუცილებელია სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ექიმის მოლოდინში დაზარალებულს არ უნდა დაალევინოთ ცივი წყალი (ის აძლიერებს, აღრმავებს ციებ-ცხელებას), კომპრესებიც არ უნდა იყოს ცივი, არამედ გრილი. საშუალო სიმძიმის დამწვრობისას ადამიანმა, რაც შეიძლება, ბევრი წყალი უნდა დალიოს – გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, აუცილებელია:
* გრილი კომპრესები, შეგიძლიათ დაზარალებულს უბრალოდ დაუსველოთ ტანსაცმელი, რომ დაუქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და შეუმციროთ ტკივილის შეგრძნება;
* დაზარალებულს შეუძლია მიიღოს გრილი აბაზანა საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გარეშე, რადგან მათი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს კანის გაღიზიანებას. აბაზანის მიღების შემდეგ არ შეიძლება კანის საგულდაგულოდ გამშრალება-ტრავმირება, საკმარისია ზეწრის მსუბუქად მიდება კანის ოდნავ შესაშრობად;
* შეიძლება დამატენიანებელი და დამარბილებელი ლოსიონის ან კრემის წასმა, თუმცა მანამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან, რადგან ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს ბენზოკაინს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კრემებისა და საცხების დიდი ნაწილი უწყვეტს კანს ჟანგბადის მიწოდებას და აფერხებს მის შეხორცებას;
* ბუშტუკებით დაფარული უბნები სასურველია, დაფაროთ (გადაიხვიოთ) დოლბანდის საფენით, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა;
* ძლიერი დისკომფორტისას შეგიძლიათ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.