№28 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: სად და როდის წარმოიშვა ტერმინი „ქრისტიანი“?
პასუხი: „ქრისტიანი“ ქრისტეს მიმდევარს ნიშნავს. ეს ტერმინი მოციქულთა მოღვაწეობის პერიოდში წარმოიშვა. ქრისტეს სწავლების აღმსარებლებმა პირველად ქალაქ ანტიოქიაში უწოდეს საკუთარ თავს „ქრისტიანები“.
კითხვა: ცოდვაა თუ არა ღვინის სმა?
პასუხი: ზომიერად ღვინის სმა ცოდვა არ არის. პირიქით, ღვინო წმიდა სითხეა, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. მოგეხსენებათ, ღვინო ზიარების დროს უფლის სისხლად გადაიქცევა. ცოდვაა ბევრი ღვინის სმა – ანუ მემთვრალეობა. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, ძალიან მძიმე ცოდვაში ჩავარდეს.
კითხვა: არ მომწონს ჩემი გარეგნობა და მინდა, პლასტიკური ოპერაციის გაკეთება. მგონია, რომ ასე შემდგომში მეტ წარმატებასაც მივაღწევ. ცოდვად ითვლება თუ არა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება?
პასუხი: თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, ეკლესია ურჩევს ადამიანს, შეინარჩუნოს ის გარეგნობა, რაც ღმერთმა უბოძა.
კითხვა: შეიძლება თუ არა პანაშვიდი გადავუხადო ჩემს წინაპრებს?
პასუხი: ეს შესაძლებელია, თუ იცით, რომ ისინი ნამდვილად მართლმადიდებლები იყვნენ. ჩვენს წინაპრებს საქართველოს ეკლესია ისედაც მოიხსენიებს წირვა-ლოცვისას ასეთი სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა პირველგარდაცვლილთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. თუ წინაპრებს პანაშვიდს გადაუხდით, მოძღვარიც ასე მოიხსენიებს მათ ლოცვისას. მათთვის, ასევე, შეგიძლიათ, უფალს ევედროთ დილის ლოცვებში, სადაც წერია: „მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა. მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა!“
კითხვა: რა პასუხისმგებლობა მეკისრება მე, როგორც ნათლიას ნათლულის წინაშე?
პასუხი: ნათლია ნათლულის სულიერ აღზრდაზე აგებს პასუხს. ნათლიამ ნათლულს უნდა ასწავლოს ყველაფერი, რაც სულის ცხონებისთვისაა აუცილებელი – თვალ-ყური უნდა ადევნოს მის ქრისტიანულ ცხოვრებას, ასწავლოს წირვა-ლოცვაზე დასწრება, მარხვის დაცვისა და ლოცვების წაკითხვის წესები, ასევე, უნდა დაეხმაროს სულიერი მოძღვრის არჩევაში. ნათლია ვალდებულია, შეასწავლოს ნათლულს ქრისტიანული წესიერება, ხოლო ნათლულმა უნდა დაუჯეროს ნათლიას და აღასრულოს ნათლობის დროს უფლისადმი მიცემული სიტყვა.
კითხვა: როგორ დავიცვა ჩემი ახლობლები ავი თვალისგან?
პასუხი: ეკლესია არ ცნობს თილისმებსა და შელოცვებს. მხოლოდ ღვთიურ მადლს, რომელიც ლოცვის მეშვეობით გვეძლევა, შეუძლია, დაიცვას ადამიანი ბოროტი და ავი თვალისგან.