№28 არის თუ არა ჯვრის ტარება მართლმადიდებლობა და როგორ უნდა გავიგოთ სასულიერო პირი არის თუ არა კარგი მოძღვარი
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ადამიანები დავდივართ ეკლესიაში, ვამბობთ აღსარებას, ვეზიარებით, ვლოცულობთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხშირად ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას არ გამოაქვს სულიერი ნაყოფი. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ ვხდებით კარგი ქრისტიანები, კარგი სასულიერო პირები, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– მამაო, რატომ ვერ ვხვდებით გამოიღო თუ არა ჩვენმა ეკლესიურმა ცხოვრებამ სულიერი ნაყოფი და ზოგადად, რას ნიშნავს ეს?
– რომ მივხვდეთ, გამოიღო თუ არა ჩვენში სულიერი ნაყოფი, ამის შესახებ პავლე მოციქული ამბობს: ნაყოფი სულისა არის სიყვარული. თუ სიყვარულია, სიხარული იქნება; თუ მშვიდობაა, სულგრძელობა იქნება; თუ სულგრძელობაა, სახიერება იქნება; თუ სახიერებაა, სიკეთე იქნება; თუ სიკეთეა, ერთგულება იქნება; თუ ერთგულებაა, სიმშვიდე იქნება და თუ სიმშვიდეა, თავშეკავება იქნება. ეს ნაყოფებია ჩვენში გამოსაღები. თუ გინდათ, რომ ბედნიერები იყოთ, ეს ნაყოფი უნდა გამოიღოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული, რომელიც ღმერთმა გვასწავლა. ადამიანმა, რომელმაც სიყვარული ვერ ისწავლა, ვერც სიხარული მიიღო, ვერც თავშეკავება. ასეთი შეიძლება, სასულიერო პირიც იყოს.
– ესე იგი, სასულიერო პირებმაც ვერ გამოიღეს სათანადო ნაყოფი?
– რა თქმა უნდა და ბუნებრივია, მრევლიც ვერ გამოიღებდა ნაყოფს. ამიტომაც წავიდა ბევრი მღვდელი ეკლესიიდან ან დარჩა, მაგრამ გინდა ყოფილა, გინდა – არა. როგორ შეიძლება, ადამიანს სიყვარული, სიხარული ჰქონდეს და ეკლესიიდან წავიდეს? ნაყოფი არ გამოიღო, დაიღალა და იმიტომ მიდის ეკლესიიდან. განსაცდელებია სწორედ წამალი, რომელსაც ღმერთი გვასხამს. ჩვენ არ გვსიამოვნებს, მაგრამ თუ ის განსაცდელები არ დაუშვა, ნაყოფს ვერ გამოვიღებთ. გვახსოვდეს, რომ შეიძლება, ადამიანი საერო ტანსაცმლით დადიოდეს, მაგრამ ის მოღვაწე ქრისტიანის ნიმუში იყოს. შეიძლება, ადამიანი გარეგნულად მონაზვნურად შეიმოსოს, მაგრამ შინაგანად მტაცებელი იყოს, ან პირიქით – გარეგნულად არ იმოსებოდეს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ შინაგანად იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. ეკლესიაში მოსული ადამიანი სუფთად უნდა იყოს ჩაცმული, მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. ბევრი ქრისტიანი ჭუჭყიანი დადის, თმასაც კი არ ივაცხნის და ჰგონია, რომ ამით საკუთარ შინაგან მხარეს წარმოაჩენს. ეს არის ფარისევლობა და მეტი არაფერი.
– შეიძლება, გადამეტებული ღვაწლით სული დავიზიანოთ?
– დიახ. შეიძლება, მონაზვნის სამოსი გეცვას, მაგრამ გული მრუშობით გქონდეს სავსე ან, პირიქით, ლამაზი, თანამედროვე, ქრისტიანული ტანსაცმელი გეცვას და შინაგანადაც ქრისტიანი იყო. ღმერთი არის სიცოცხლე, სიყვარული, სიმართლე და რამდენადაც ადამიანები ვშორდებით ღმერთს, იმდენად ვკარგავთ სიცოცხლისუნარიანობას. იმ ვაკუუმს კი, რომელიც ამ დროს რჩება, სულ უფრო და უფრო ავსებს ხორციელი და სულიერი სნეულება და ბოლოს – სიკვდილი, ჯერ – სულიერი და შემდეგ – ხორციელი. როგორც კი ადამიანი ავად გახდება, უპირველეს ყოვლისა, თავის თავს უნდა ჩაუღრმავდეს და გააანალიზოს, რამდენად დასცილდა ის შემოქმედს, რა უსამართლობა ჩაიდინა მოყვასის მიმართ, თავის თავთან მიმართებაში კი დაინახოს, რამდენად აქვს შებილწული და დამახინჯებული ღვთის ის ხატება, რომელიც მასშია ჩადებული.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ განსაცდელების ჟამსაც სწორად ვიქცევით?
– ყველა ადამიანი დაცემულია. ჯერ სიმართლე საკუთარ თავში უნდა დაამკვიდრო და მერე – სხვაში. ბევრმა ადამიანმა იცის თქმა: მე არ შემიძლია, სიმართლე არ ვუთხრა. ჯერ სარკეში ჩაიხედე, საკუთარ თავს უთხარი სიმართლე. მაცხოვარი ხომ ამბობს მეძავ ქალზე, თქვენ შორის ვინც უცოდველია, იმან ესროლოს ქვაო. იმდროინდელი ხალხი იმდენად ზნეობრივი იყო, არავინ ესროლა. ეკლესიაში, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ გამოსწორება საკუთარი თავით დაიწყე: მიხედე შენს მრევლს, ცოლს, შვილებს და მერე სხვაც მოგბაძავს. პირადი მაგალითი ყველაზე კარგი ქადაგებაა. ჯერ შენ განიწმინდე, მერე დაიწყე სხვისი განწმენდა. საკუთარ თავზე მეტად სხვების შეფასება გვიყვარს: ეს უვარგისია, ეს შტერია, ბოროტია, არადა, ხშირად თავად ვართ ასეთები და სხვებზე ვლაპარაკობთ. თუ ადამიანს ჯანმრთელი სული აქვს, ესე იგი, სწორი რწმენით ცხოვრობს. ადამიანი უნდა შეაფასო იმის მიხედვით, როგორი რწმენა აქვს. როგორ შეიძლება, ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც განკაცებულ იესო ქრისტეს არ აღიარებს?! დააკვირდით და შეაფასეთ ასეთი ადამიანები; ჰკითხეთ, როგორია მათი რწმენა. ოღონდ, ისე კი არა, რომ, მე ჯვარი მაქვს და მართლმადიდებელი ვარ – ეს ფარისევლობაა. ჯვრის ტარება არ არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლობა არის მოთმინება, სიყვარული და არა სხვისი განკითხვა. მოძღვართან ურთიერთობისასაც უნდა მიხვდეთ, მისი სული რამდენად გამთბარია ქრისტეთი, რამდენად თავმდაბალი, მოსიყვარულეა. როცა მასთან ყოფნა გიხარია, მისგან სიმშვიდე მოგაქვს, ესე იგი, მოძღვარი კარგია. ზოგიერთმა კი შეიძლება, სულ სახარებიდან იქადაგოს, მაგრამ შენში მწუხარება შემოიტანოს, დამძიმდე. მოძღვარმა გულით, სულით უნდა ისაუბროს. ხშირად ნორმალური მოძღვარი სხვა ადამიანების პრობლემებით ცხოვრობს. ავიწყდება თავისი შვილები, ოჯახი, რადგან როგორ შეიძლება, არ იფიქრო იმ ადამიანის ცხოვრებაზე, რომელიც გეტყვის, რომ მთელი კვირა საჭმელი არ უჭამია ან შვილი სნეულებაში ჰყავს და მას გვერდით არ დაუდგე. დილა-საღამოს ლოცვები წაიკითხე, კვირას მოდი და გაზიარებო, ამის თქმა ძალიან მარტივია. დრო უნდა გამონახო, ჩამოუჯდე და მისი ჭირი და ლხინი გაიზიარო. მწუხარება და სიხარული ერთმანეთს ისე უნდა შეერწყას, რომ ადამიანები ეკლესიიდან დამშვიდებული წამოვიდნენ. თქვან: მე დღეს მომაქციეს ყურადღება, მკითხეს, როგორ ხარო. ყველაფერმა სიმბოლური, ფარისევლური ხასიათი მიიღო. ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ჩვენ კი იმაზე ვაკვირდებით: რა აცვია, უხდება თუ არა, გასუქდა თუ არა. შეიძლება, ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს და სად უნდა დამშვიდდეს, თუ არა ეკლესიაში, მოძღვართან, სულიერ ძმასთან. აქ არ გაიარო, იქ არ გაიარო, სანთელი იქ დაანთე, ეს რა გაცვია, რას ჰგავხარ – ასეთი რთული წესები დავადგინეთ, არადა, ღმერთთან ურთიერთობა ძალიან მარტივია.