№28 რა მიზნით გაუგზავნა კანდიდ ჩარკვიანმა სტალინს ვაჟა-ფშაველას წიგნები და რა დაბრალდა მას თურქ მესხებსა და აფხაზებზე
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
კანდიდ ჩარკვიანი 1938 წელს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ხდება და ამ პოსტს 15 წლის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც იმ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი მოღვაწეობა იყო (მასზე მეტ ხანს ცეკას პირველ მდივნად მხოლოდ ვასილ მჟავანაძემ იმუშავა (1953-1972 წლებში). დიდ ქალაქად იქცა თბილისი. 1951 წელს საქართველოში მყოფ სტალინს უშიშროების მინისტრმა რუხაძემ მოახსენა, რომ საქართველოში ორმაგი სეპარატისტული შეთქმულება მზადდებოდა – ქართული და მეგრული. ამას მოჰყვა ხელმძღვანელ მუშაკთა გადაყენება და 35 000 ადამიანის გადასახლება საქართველოდან.
კანდიდ ჩარკვიანის ეს დღიურები კიდევ უფრო საინტერესოა იმით, რომ ცოცხალი, ინტერვიუს სახით არის და მისმა შვილმა, გელა ჩარკვიანმა ჩაწერა, რომელსაც ასეც ჰქვია – „ინტერვიუ მამასთან“. ჩვენ ამ ინტერვიუს ძალზე შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ, რაზეც ნებართვა გამომცემლობა „არტანუჯისგან“ ავიღეთ.
კანდიდ ჩარკვიანი: „სტალინის ქართველ კაცად აღქმის უფლებას მაძლევდა ის, რომ იგი ლაპარაკობდა მშვენიერი ქართულით. თუ არ იყო ვინმე რუსი და მარტო ვიყავით, ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდა. და თუ ვინმე ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, გაგვაფრთხილებდა ხოლმე: „დîâîðèòå íჭ îხøåïîíÿòíîì ÿçûêå”.
– თურქი მესხების პრობლემა, ალბათ, მაინც განსხვავებული იყო...
– ჩვენ გვქონდა ცნობა, რომ თურქებმა ჩვენი საზღვრიდან გაასახლეს ქართველები საზღვრის გაწმენდის მიზნით. ჩვენ შეიძლებოდა, თურქებისთვის არ მიგვებაძა, მაგრამ საკავშირო მთავრობას საზღვრის გაწმენდა აუცილებლად მიაჩნდა... ძალიან სერიოზულ სიძნელეებსა და პრობლემებს გვიქმნიდნენ... დიდი ერთგულებით საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ეს მოსახლეობა არ გამოირჩეოდა... ჩვენი ინიციატივით მაინც არ მომხდარა ეს გადასახლება. გადასახლება მოხდა მინისტრთა საბჭოს დადგენილებით...
– აფხაზეთში გავრცელებულია აზრი, თითქოს ომის შემდგომ წლებში, თბილისში, ან იქნებ მოსკოვში, განიზრახეს აფხაზთა სრული გაქართველება. ამ მიზნით, საშუალო სკოლის პროგრამიდან ამოიღეს აფხაზური ენა და მთლიანად შეცვალეს ქართულით. ამავე დროს, დაიწყეს რაჭა-ლეჩხუმიდან ოჯახების ჩასახლება, შექმნეს სოფლები ქართული ტოპონიმიკით. ამას წინათ ინგლისელმა ჰიუტმა ბოდიშის მოხდაც გთხოვა ყოველივე ამისათვის. როგორი იყო სინამდვილე?
– ბოდიშის მოსახდელი, მე ვფიქრობ, არაფერი მაქვს. სკოლის საკითხზე გაუგებრობაა, ჩვენ აფხაზური ენა არსაიდან არ ამოგვიღია. აფხაზური ენა სკოლაში დარჩა... სათანადო მოხსენებითი ბარათები წარადგინეს აფხაზეთის საოლქო კომიტეტში და ითხოვეს, რომ ცენტრალურ კომიტეტს ნება მიეცა მათთვის სკოლებში, იქ, სადაც რუსულად ასწავლიდნენ სპეციალურ საგნებს, ეს სასწავლო ენა შეეცვალათ ქართულით. მოსაზრება იყო, რომ შემდეგ მოწაფეებს სწავლა განეგრძოთ ქართულ სკოლაში... ახალი სკოლების დაარსება შეიძლება საჭირო გამხდარიყო, თუ ეს ღონისძიება გატარდებოდა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ზღუდავდა აფხაზური ენისა და ლიტერატურის შესწავლას... მაგრამ ახლა გადაატრიალეს ყველაფერი და ისე გამოჰყავთ, თითქოს ჩვენ საშუალო სკოლაც გავაუქმეთ. რაც არ არსებობდა, იმას როგორ გავაუქმებდით?.. სახელების შეცვლა მგელაძის ინიციატივით მოხდა. აფხაზური იქ არაფერი იყო. აფხაზურ სახელებს არ ვცვლიდით და მითითებაც გვქონდა. ვცვლიდით მხოლოდ რუსულ სახელებს, გენერლების სახელებს... ყოველ შემთხვევაში, აფხაზებს არაფერი დაუკარგავთ, ეს ფაქტია. იქ უნდოდათ, რომ აფხაზური სახელები დარქმეოდა, ესაა საქმე... რასაკვირველია, ეს მოდიოდა ბერიასაგან. რადგან თვითონაც არ დაუმალავს, თქვა, რომ სტალინს მე ველაპარაკე უკანასკნელად ამ საკითხზეო. ყოფილა ასეთი წინადადება, თბილისისათვის დაერქმიათ სტალინის სახელი... ერთი-ორი წლის განმავლობაში ხაშურს ერქვა სტალინისი... შემდეგ გაიგო სტალინმა, რომ ხაშურისთვის სტალინისი დაურქმევიათ. ძალიან იწყინა და წინადადება მისცა, აღედგინათ ძველი სახელი.
– ვიცი, არ გესიამოვნება ამაზე ლაპარაკი, გაზეთში დაიბეჭდა რაღაც ახსნა-განმარტების მსგავსი და მაინც საჭიროდ მიმაჩნია, გკითხო. რა მოხდა ვაჟა-ფშაველასთან დაკავშირებით... რომ არ დამორჩილებოდი სტალინის ნებას, როგორი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები?
– ერთ-ერთი საუბრის დროს ის პოეზიას შეეხო და ვაჟა-ფშაველა ახსენა, მას ზოგიერთი მისი ლექსები ზეპირად ახსოვდა. ერთი ლექსი რომ თქვა, ვიფიქრე, რომ ვაჟას თაყვანისმცემელია... მთხოვა, ხომ არ შეიძლება, რომ ვაჟას ნაწარმოებები გამომიგზავნოთო. გავუგზავნე 3 თუ 4 ტომი... გავიდა თვე თუ თვე-ნახევარი და დამირეკა... ილაპარაკა იმაზე, რომ როცა ქართველი ხალხის დიდი შვილები – ილია, აკაკი, გოგებაშვილი ქმნიდნენ ერთ საერთო ენას, ვაჟა,პირიქით, ყველა ქართულ კილოკავს ენად მიიჩნევდაო (ვაჟას პოეზიას რომ იმ ენის სარჩული ჩამოაშორო, პოეზია ბევრს, ძალიან ბევრს დაკარგავს. ეს ჩემი შეხედულებაა, მაგრამ სტალინს ასეთი შეხედულება არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ ვაჟა, ენის თვალსაზრისით, ძალიან ჩამორჩენილია...). გარდა ამისა, როცა საქართველოში სოციალური განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ვაჟა გვერდზე იდგა და არაფერში ერეოდაო... მოიყვანა მერე აკაკის ეს ცნობილი ლექსი: „ენას გიწუნებ, ფშაველო“... მაშინ მე არ გადამიწყვეტია, რომ გამოვიდოდი... დამირეკა სტალინმა, რაღაც სხვა საქმეებზე და თან მკითხა, როგორ არის ვაჟა-ფშაველას საქმეო. მე ვაგრძნობინე, რომ ძალიან არ მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკიც კი. ამაზე მან მითხრა, მე ჩემი გითხარით და თქვენ – როგორც გინდათო. ეს ნიშნავდა, რომ მე პირდაპირ მეძლეოდა დავალება. სტალინის დავალების შეუსრულებლობა ჩვენ მაშინ ვერ წარმოგვედგინა... ამიტომ იყო, რომ მე გამოვედი და გადმოვეცი დაახლოებით ის აზრი, რაც სტალინმა გამოთქვა ვაჟას შესახებ. ჩემს იმდროინდელ გამოსვლას ათას ინტერპრეტაციას აძლევდნენ ისინიც კი, ვინც საერთოდ არ იცნობს მას... მე ვამბობ, რომ ვაჟას შემოქმედება შევიდა საქართველოს ოქროს ფონდში, მაგრამ ის სუსტი მხარეები მაინც უნდა იყოს გაკრიტიკებული. აი, ასეთი არის ის ჩემი გამოსვლა...
– სადისტური, ცინიკური ჰქონდა რამე ბერიას?
– ჰქონდა, ცინიზმი ჰქონდა. ერთი შემთხვევა მახსოვს, ოპერის ლოჟაში ვსხედვართ. ეს რომ იჯდა სადმე, ათვალიერებდა ყველაფერს. ნინაც იყო. – ნინკა, შეხედე იმ კაცს, ჩხეიძეს არ ჰგავს სულო (ჩხეიძე მაშინ იპოდრომის უფროსი იყო). სულ სამი დღეა, რაც დავხვრიტეთ და აგერ ზისო. რაც მთავარია, სიცილით ამბობდა ამას, – აგერ არ მოსულა, კაცოო! ჩხეიძეს ძალიან კარგად იცნობდა, შეიძლება, მეგობრობდა კიდეც. ეგ იმიტომ, რომ ცხენთსაშენში ხშირად მიდიოდნენ საჯირითოდ ის და ნინაც. ნინას უყვარდა ცხენები. კავალერისტი იყო ის საცოდავი ჩხეიძე. რა უნდა იყოს ამაზე მეტი ცინიზმი...
– მოგეხსენება, რომ ექვთიმე თაყაიშვილზე დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, შეიქმნა ფილმებიც და გამოიკვეთა აზრი, რომ ექვთიმეს დევნიდნენ და ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ. შენ რა იცი ამის შესახებ, იმიტომ, რომ შენ დროს მოხდა მისი ჩამოყვანა.
– ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიყვანეთ ომის დამთავრებამდე... განძის გადმოცემის საკითხს მთავრობა აყენებდა, თუმცა დიპლომატიური არხებით ამას ვერ მიაღწიეს და თავი დაანებეს… მე ვიცნობდი ექვთიმეს ნაშრომებს და ვიცოდი, თუ რას წარმოადგენდა ის ქართული მეცნიერებისა და კულტურისათვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა ექვთიმე, ტანისამოსიც კი არ ჰქონია ხეირიანი. „ამ ჩამოხეული კოსტიუმით ვერ წამოვალ საქართველოშიო“, – უთქვამს. მაშინ ჩვენი საელჩოს საშუალებით შეიძინეს კოსტიუმი და ჩააცვეს ექვთიმეს… ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოვიდა თუ არა, მე მივიღე ზომები, რომ კარგად მოგვეწყო. ჯერ ერთი, გამოვარკვიეთ, თუ ჰყავდა ნათესავები აქ. იყო მისი დისშვილი. ექვთიმემ დააყენა საკითხი, რომ ეცხოვრა მასთან ახლოს. მათ ისეთი ბინა არ ჰქონდათ, რომ ექვთიმე მიეღოთ და ერთად ეცხოვრათ. დავავალე თბილისის საბჭოს და მოახერხეს ისე, რომ გაათავისუფლეს ორი ოთახი ექვთიმეს დის ოჯახის ბინის გვერდით ისე, რომ შეეძლოთ, ბინები გაეერთიანებინათ... შემდეგ ექვთიმეს სიარული უჭირდა, ბავშვობიდან კოჭლობდა, ამიტომ მანქანა მივეცით მძღოლით. მაშინ აკადემიაში არჩევნები მიდიოდა და დავალება მივეცით აკადემიას, აერჩიათ, თუმცა ისინიც სიამოვნებით აირჩევდნენ, უჩვენოდაც, უბრალოდ, ჩვენ თუ არ ვეტყოდით, შეიძლება, ვერ გაებედათ. გარდა ამისა, მიეცათ ლექციები უნივერსიტეტში, იქ მიიწვიეს ლექტორად. მოვაწყვეთ მატერიალურად უზრუნველყოფილად… ყურადღება მას არ მოკლებია 1951 წლის ბოლომდე. როცა უკვე მე აღარ ვიყავი ჩემს მდგომარეობაში, რუხაძეს შეუვიწროებია ძალიან.“