კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ არის აუცილებელი გახარიას გადაყენება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებელ ნაბიჯებს შორის პირველი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად (როდესაც ახალგაზრდობის აქცია რეალურადაც გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის გარშემო დაჯგუფებული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ აქციად) რფ-მ ნაწილობრივი ემბარგო უკვე გამოგვიცხადა და, სავარაუდოდ, სრულსაც დაგვაწევს შემოდგომაზე. უკვე აღარ იწვევს ეჭვს, რომ მოსკოვი საბაბს ეძებდა (მანამდეც ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, რამაც არ იმუშავა) და, როგორც იქნა, შედეგი გავრილოვის ეფექტმა გამოიღო. ამის მიუხედავადაც, ქართული პოლიტიკური სპექტრი კვლავაც სკამებისთვის აქტიური ბრძოლითაა გართული (პათოსით: კაცს სახლი ეწვოდა და ხელებს მაინც გავითბობო) და, ნებსით თუ უნებლიეთ, ეხმარება დაინტერესებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს მიზნების მიღწევასა და სახელმწიფოს დასუსტებაში, თუ რატომ, ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემას ვაჟა ბერიძესთან ერთად შევეცდებით.  
ვაჟა ბერიძე: სამწუხაროდ, ვერც საქართველოს ხელისუფლებამ და ვერც ქართველმა საზოგადოებამ გამოცდა ვერ ჩააბარა, ეს პროვოკაცია შედგა. ამ პროვოკაციის შედეგებს ვიმკით ჩვენ და არავინ იცის, საბოლოოდ, სადამდე მიგვიყვანს. არავისთვისაა დაფარული, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მუშაობენ და თავიანთი ქვეყნების ინტერესებით მოქმედებენ. ეს ბუნებრივია და, თუ მკითხავთ, რომელი ქვეყნები, მე გიპასუხებთ: ყველა ქვეყანა, ვისაც აქვს ინტერესი და სათანადო რესურსი. რუსული სპეცსამსახურების ინტერესის არსებობა აღიარებულია ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოფიციალურად და მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვიძება, რასაც ნაყოფიერად ახორციელებენ, ისევე, როგორც რელიგიურსა და ეთნიკურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნას, ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდის დანერგვას. რამდენადაც ამაზე საუბარია ნორმატიულ, საჯარო დოკუმენტებში, ესე იგი, ჩვენს სპეცსამსახურებს გაცნობიერებული აქვთ პრობლემა, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად ნაყოფიერად მუშაობენ ისინი ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს არის ურთულესი ამოცანა. იმის გათვალისწინებითაც, რომ აშკარაა ჩვენი სპეცსამსახურების დისკრედიტაციის მცდელობაც და ისიც, რომ ამ სტრუქტურის დასუსტების გარეშე მიშა სააკაშვილი ვერ დაბრუნდება საქართველოში.
  როდესაც გამოკითხვები ამბობს, რომ საზოგადოების 60 პროცენტამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს, ეს ნიშნავს, რომ როგორც კი გამოჩნდება პოპულისტური იდეების მქონე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, ის მოექცევა პროცესების მართვის სათავეში. ხოლო, თუ აქ აირევა ვითარება, გაჩნდება საქართველოს სირიიზაციის პრობლემა. ხოლო, როდესაც ყველაფერი ინგრევა, ნებისმიერ ამბოხებულ მხარეს გამოუჩნდება დიდი მხარდამჭერი. მაგალითად, როგორც ასადის ხელისუფლებას – რუსეთი, სირიის დემოკრატიულ ძალებს – დასავლეთი, პროისლამისტებს – ირანი, სხვას – საუდის არაბეთი და ატყდება დაგნარი – არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, რაც დაასამარებს სტაბილურობას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. სირიის მოსახლეობის ნახევარი გავიდა სირიიდან, საქართველოს კი მსგავსი პროცესი, უბრალოდ, დაასამარებს და რა თემურ ლენგის ლაშქრობები და რა – შაჰ აბასი, უარესი დაგვემართება. ჩვენ თვალწინ შეიძლება, ჩამოყალიბდეს ეროვნული ხიფათის შემცველი სიტუაცია და ამიტომ თქვენ მიერ სპეცსამსახურების თემა შერჩეულია დროულად, ჩვენ ისე უნდა ვიმიტინგოთ, გამოვხატოთ პროტესტი, რომ არ დავაზარალოთ სახელმწიფო, თორემ ყველას ყველაფერი უნდა მოეკითხოს, ჩემი აზრით, მელიასაც, საზოგადოების იქ მყოფ ნაწილს პარლამენტზე შტურმისთვის. ჩვენ თუ გვგონია, რომ, რაკი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ამიტომ აწი სულ დამოუკიდებლები ვიქნებით, არასწორია. აგვისრულებს რუსეთი დანაქადნებს, რამდენიც შემოხვედით რუსეთის იმპერიაში, იმდენი გახვალთო.
– რამდენიმე წლის წინათ ახსენა პუტინმა „ტიფლისსკაია გუბერნიის“ საზღვრები, ანუ ქართლ-კახეთის სამეფოდ დაგტოვებთო.
– თავისი იმპერიისთვის დაიბრუნა მან სამცხე, აჭარა, მაგრამ ობიექტურად ბრძოლის იმ ეტაპზე ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ტერიტორიები დაგვრჩენოდა, თუმცა ნაწილი მაინც დავკარგეთ. რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს სპეცსამსახურების სამუშაო თემებია და კარგად უნდა გავიაზროთ, რომ, თუ რუსეთი ერევა ამერიკის არჩევნებში და ტრამპი ხუმრობს ამაზე პუტინთან შეხვედრისას; თუ რუსეთი ერევა „ბრექსითიში“, თუ აძლიერებს ნაციონალისტურ ძალებს საფრანგეთში, არ ჩაერევა საქართველოსა და უკრაინის ამბებში?! მათ თავიანთი გეგმა აქვთ, თუ როგორ უნდა ჩაერიონ, უბრალოდ, ჩვენ იოლი ლუკმა ვართ მათთვის და ამ ეტაპზე თითქოს უფრო უკრაინაზე არიან კონცენტრირებულები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, ორი მიმართულებით დასცხონ, ისევე, როგორც ბევრი მიმართულებიდან დასცხეს 1921 წელს. ჩვენ ეს საფრთხეები უნდა გავიაზროთ, თუმცა არ შეიძლება, ახლა კამპანია წამოვიწყოთ რუსეთის მიერ ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევის გამო და ისე ვიმოქმედოთ, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებდა, როდესაც საკმაოდ უსაფუძვლოდ დასდო ბრალი ზოგიერთ პოლიტიკოსს, გამოავლინა ვითომ აგენტები და გადასცა ისინი რუსეთს. რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსული აგენტურა მუშაობს საქართველოში, ყველა დავაკავოთ და გავაძევოთ, არ იქნება სწორი, მაგრამ აუცილებელია საფუძვლიანი ანალიზი, რომ გამოვავლინოთ ქართული სახელმწიფოსთვის სუსტი ადგილები.
– ჩამოვთვალოთ რამდენიმე, იმიტომ რომ ჩაღრმავების გარეშეც დევს მათი უმეტესობა ზედაპირზე.
– გავიხსენოთ იგივე ხანძრები, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრები ყველგან ჩნდება,  მისი გაჩენა შესაძლებელია დრონების გამოყენებითაც; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხიფათის შემცველია ისეთი თემა, როგორიც იყო ღორის ჭირი, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა; არავის შეუსწავლია, იმპორტიორი ქვეყნების ინტერესი იდგა ამის უკან, თუ ეს საფრთხე ბუნებრივად გაჩნდა?! ასევე, ძალიან საეჭვოა აზიური ფაროსანას თემაც; ბიოლოგიურ იარაღზე ამტყდარი მიეთ-მოეთიც. ლუგარის ლაბორატორია იმის საშუალებას მაინც აძლევს ჩვენს მთავრობას, რომ პერმანენტულად შეამოწმოს ბაქტერიოლოგიური ფონი და იმოქმედონ. თვით რუსეთშიც არის ასეთი ლაბორატორიები, მაგრამ რუსეთს არავინ ედავება. ასე რომ, ბევრი პრობლემა მიუთითებს ამ აქციების მიღმა სპეცსამსახურების საქმიანობაზე. მე მხოლოდ რუსეთი ვახსენე, რადგან აქტუალურია მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მაგრამ იგივე ეხება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებსაც. ჩვენმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა არც კი იცის, იმედია, ჩვენმა სპეცსამსახურებმა მაინც იციან, თურქული ინტერესები საქართველოში, სამწუხაროდ და საბედნიეროდ, საქართველო საინტერესოა ყველასთვის. თურქეთი, იდეაში, თურანის სამყაროს ერთობაზე აყენებს აქცენტს და თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი და მეგობარია, მათ შორს მიმავალი ინტერესები აქვთ და რუსეთთან რომ საერთო ენა გამონახეს, ესეც პრობლემაა ჩვენთვის. ირანი, რომელიც დღეს სანქციების ქვეშაა და თითქოსდა კავკასიური პოლიტიკის მოთამაშე არ არის, რეალურად არის. ღმერთმა დაგვიფაროს და მასშტაბური კონფლიქტი რომ გაჩაღდეს ირანთან, წარმოიდგინეთ, მცირე ზომის სირიიდან წამოსულმა ლტოლვილებმა რა უქნეს ევროპას და ირანიდან წამოსული ტალღა რას დამართებს რეგიონს?! ამიტომ უნდა შევაკავოთ წინდაუხედავი პოლიტიკოსების სახელმწიფოს დამაზიანებელი ზრახვები, რადგან ეს ქვეყანა დღემდე მოვიდა ხმლითა და გონებით. როდესაც გაწყვეტის საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ამა თუ იმ რეგიონს, იქ ამჯობინებდნენ მოცდას, შრომას და ბევრგან ამან გაამართლა, მაგალითად, აჭარის მაგალითზე, მაგრამ ტაო-კლარჯეთზე ვერ გაამართლა.
  აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, მაგრამ გარეჯის თემამ ამოაყირავა ეს რეალობა და ახლა კაციშვილმა არ იცის, რა გვინდა ჩვენ, არც ალიევმა იცის და, მგონი, არც ბიძინამ. 1985 წლისთვის 5,5 მილიონი იყო ქართველი და 5 მილიონი – აზერბაიჯანის მოსახლეობა. გავიდა წლები, არც თუ ბევრი და აზერბაიჯანის უკვე 9 მილიონია, საქართველოს მოსახლეობა კი 3,7 მილიონამდე შემცირდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებითაა ასაგები ურთიერთობა, მით უფრო, რომ ჩვენ ნახევარ მილიონამდე მუსლიმანი მოსახლეობა გვყავს, რამდენიმე ასეული ათასი სომეხი. სომხეთთან ურთიერთობაშიც მეტი მკაფიოობაა საჭირო. ბუნებრივია, სომხურ სპეცსამსახურებს თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოში, აზერბაიჯანს – თავისი და, სხვათა შორის, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის მოქალაქეებიც იღებდნენ მონაწილეობას თბილისში არეულობაში და მე უარყოფა არ მომისმენია. ამიტომ ევროპაში საჭიროა სიარული, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოველ ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩადიოდეს საგარეო საქმეთა ავტორიტეტული მინისტრი. ზალკალიანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რეალური პოლიტიკის მწარმოებელი ავტორიტეტული საგარეო საქმეთა მინისტრი გვჭირდება.
– ჩვენ ვილაპარაკეთ უცხოურ სპეცსამსახურებსა და მათ ინტერესებზე, მაგრამ არაფერი გვითქვამს საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა შეიძლება, მოჰყვეს შედეგად მათ მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯს მესამე-მეოთხე სვლაზე.
– პრობლემა სხვაა, ქართველი საზოგადოების უმრავლესობას ეს ესმის და სწორად აანალიზებს ვითარებას, მაგრამ საქართველოს ყოველთვის მართავდა ამბოხებული უმცირესობა. უმრავლესობა სწორად აძლევს ხმას, მაგრამ მმართველობას იღებს უმცირესობა, თუ ეს შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნორებთან. ერთ ხანს რუსეთიც განიხილებოდა ერთ-ერთ შემთანხმებლად, ახლა მხოლოდ დასავლეთია. აბა, მოდი, ვკითხოთ, სპესამსახურებს, ასე თუ არ არის: ახლა მიშას უნდა, რომ მიაღწიოს მინისტრის გადაყენებას, ძალა აჩვენოს, მერე კი დღის წესრიგში დადგება თამარ ჟვანიას საკითხი, ანუ, რადგან არ აქვთ უმრავლესობის მხარდაჭერა, ცესკოს თავმჯდომარედ ისეთი კანდიდატურის დაყენებას მოითხოვენ, რომელიც საშუალებას მისცემს, არჩევნები მათ სასარგებლოდ შეჯამდეს. და ასე მოვდივართ გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისიდან, როდესაც უმრავლეობამ მხარი დაუჭრა ზვიად გამსახურდიას, რაც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შეცდომად ჩაგვითვალეს. არადა, თუ ხალხმა თავად არ აირჩია თავისი ხელისუფლება, ის ყოველთვის ივლის ბეწვის ხიდზე და ვარწმუნებ ყველას, ამ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნება 20 000 უკმაყოფილო, თავგანწირული ქართველი, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას დაამხობს. დავუშვათ, მიშა დაბრუნდა, მაგრამ ისევ მოიძებნება 20 000 ქართველი, რომელიც მიშას დაამხობს და კიდევ ხომ ვეღარ შექმნის ავტორიტარულ რეჟიმს?! ამიტომ ერთხელაც აფეთქდება რეგიონი, მოხდება სირიიზაცია, ისედაც დაუმთავრებელი ომია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს ყველაფერი დამთავრდება ძალიან მძიმედ თითოეული ჩვენგანისთვის.

скачать dle 11.3