კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ მიავლინა მოსკოვმა აჭარაში ოთხი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი თურქეთის მიერ აჭარის „მითვისების“ გასაშუქებლად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ორიოდე კვირის წინათ, ანუ რაც გავრილოვი სკამზე დაჯდა, „იუჟნაია ოსეტიის“, ეგრეთ წოდებული, „თავდაცვის სამინისტრომ“  მოქალაქეების სასწრაფო გაწვევა დაიწყო, რომელიც ეხება 18-27 წლამდე ყველა მამაკაცს და ისინი ერთთვიან „ახალგაზრდა მებრძოლის კურსს გაივლიან“. ასევე, დაწყებულია საცეცხლე საკონტროლო მომზადების ორკვირიანი კურსი. კერძოდ. სეპარატისტული „თავდაცვის სამინისტროს“ ბაზაზე არსებულ პოლიგონზე ოსი ჯარისკაცები განსაკუთრებულ რეჟიმში გადიან საცეცხლე მომზადების კურსს. ამის პარალელურად კი, რფ-ს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კავკასიაში განლაგებული სამხედრო დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა შეამოწმა და არც დაუმალავთ, რომ ეს ფაქტი თბილისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, სეპარატისტებისა და ოკუპანტების აქტივობის მიზეზებსა და მიზნებს.
– მავთულხლართები არ გადმოუწევიათ თბილისში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, თორემ სხვა ყველა ხერხს იყენებენ. იმიტომ რომ შიგნით მუშაობენ და ყურადღების გადატანა არ სჭირდებათ საოკუპაციო ხაზზე?
– მათ გამოაცხადეს, რომ ამოწმებენ შეიარაღებული ძალების საერთო მომზადების დონეს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელი რუსეთის მასშტაბით. აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროში“ სულ 2 000 კაცია და კიდევ უფრო ცოტა – ცხინვალის „თავდაცვის სამინისტროში“. ამდენად, რასაც რუსები ეტყვიან, იმას აკეთებენ, რაც, ერთი მხრივ, არის ძალის დემონსტრირება, მეორე მხრივ კი, საერთო სწავლებაა გამოცხადებული.
– გეგმიურია?
– არ იყო გეგმიური, ყოველ შემთხვევაში, დათქმული არ ყოფილა, მაგრამ ასეთი ტიპის სწავლებები ხშირადაა რუსეთში, ამოწმებენ სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფების მომზადების დონეს. თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ამ საერთო სწავლების საფარქვეშ კონკრეტულად რაღაცას აპირებდნენ სამხრეთის მიმართულებით. მეორე მხრივ, უნდა გავიხსენოთ, რომ ივლისის ბოლოს ყოველწლიურად ტარდება სამხედრო სწავლება „კავკასია“ და 2008 წელს ამ სწავლებას ერთხელ უკვე შევეწირეთ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. გარკვეულ პროვოკაციას ვვარაუდობ, ოღონდ ამ პროვოკაციის ნაირსახეობები მრავალფეროვანია: ტურისტებზე თავდასხმებით დაწყებული და ტრანსკავკასიური მაგისტრალის გადაკეტვით დამთავრებული. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, გააჩნია, რუსეთი რას გეგმავს და როგორ პასუხობს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მას შემდეგ, რაც პუტინი და ტრამპი შეხვდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებულ სამხედრო გამწვავებას არ ვვარაუდობ, მაგრამ რუსეთი იმის რუსეთია, რომ მოულოდნელი სამხედრო გადაწყვეტილებები მიიღოს.
– ევროსაბჭოს მიერ რუსეთისთვის ყველა უფლების აღდგენამ, რაც ცუდია, რადგან აშკარაა, ყირიმი შეარჩინა, დადებითი როლიც შეიძლება, შეასრულოს, ანუ შემაკავებლის როლი და ამიტომ ამ ეტაპზე სამხედრო აგრესიას არ მიმართოს ჩვენ მიმართ.
– მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აცხადებდნენ, თითქოს არ აინტერესებდათ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა, სინამდვილეში ტიტანური მუშაობა გასწიეს, მათ შორის, გადაიხადეს ძალიან დიდი ფულიც იმისთვის, რომ დაბრუნებულიყვნენ ამ სტრუქტურაში.
– ქრთამი ანუ?
– დიახ. გარდა იმისა, რომ ოფიციალური შესატანი სრულად შეიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ეკუთვნოდათ, რაც რამდენიმე ათეული მილიონი ევროა, ქრთამით ამაზე მეტი გადაიხადეს. როდესაც ჩემს კოლეგებს ველაპარაკე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, პირდაღებულები იყვნენ, ასეთი მეტამორფოზა, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპული ქვეყნების, ვერ წარმოგვედგინაო, ისე იქცეოდნენ, ყველაზე მეტად ნიდერლანდების დელეგაცია, თითქოს რუსეთზე უკეთესი არავინ ჰყავთო. თუმცა აღმოსავლეთ ევროპიდან ყველაზე მორიდებულად ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებას უნგრეთმა დაუჭირა მხარი. რასაკვირველია, რუსეთმა ამდენი ფული და ძალისხმევა იმისთვის არ დახარჯა, რომ ერთი მოქმედებით წყალში ჩაყაროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევის შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ირანთან საომარი მოქმედებების დაწყება, რაც ნაკლებ სავარაუდოა ამ ვითარებაში, ან „ნატოში“ საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, ან საქართველოში ამერიკის ბაზის მშენებლობის საკითხის გააქტიურება, არათუ ევროსაბჭოს, ყველაფერს არ დაიკიდებს ფეხებზე რუსეთი.
– ერთია, რომ შემაკავებელი ფაქტორის როლს შეასრულებს რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნება, მაგრამ, რამდენი ფული და ძალისხმევაც უნდა გაეღო, ფაქტია, რომ რუსეთმა გაიმარჯვა და ეს ხომ წაახალისებს მის სამომავლო მტაცებლურ მოქმედებებს?
– ეს უკვე მეორე საკითხია და, რასაკვირველია, თავის მომჭრელად მოიქცნენ ევროპელები. ამხელა ამბავი ატეხეს, სანქციები დაუწესეს, ნომერ პირველ საფრთხედ გამოაცხადეს და 3-4 წელიწადში ისე, რომ ვითარება არ გამოსწორებულა, უკან დააბრუნეს. თუმცა დამახასიათებელია ევროპული პოლიტიკისთვის, ოღონდ მე არაფერი შემეხოს და ქვა ქვაზე არ დარჩენილაო. თუ ამერიკელები აიძულებენ, შეიძლება, წაჰყვნენ, მაგალითად, ავღანეთის ოპერაციაში და გერმანელები ჩრდილოეთ ავღანეთში, ყველაზე უსაფრთხო ადგილას, გასუსულები სხედან. ასე იქცევიან ყველა გლობალურ საკითხში, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ: განცხადებები – იცოცხლე, პირველადი აქტივობა – იცოცხლე და საქმე საქმეზე რომ მიდგება, იქცევიან ისე, როგორც მოიქცნენ.
– ერთია, როგორ იქცევა ევროპა, რა მიზნები აქვს აშშ-ს, რა ხერხებს იყენებს რუსეთი, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ?
– ჩვენ ძირითადად დაკავებული ვართ იმით, უნდა ჩატარდეს თუ არა „ელ გე ბე ტე“ აქცია და უნდა გადადგეს თუ არა გახარია, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც წესი, გლობალურ გამოწვევებზე არ ვრეაგირებთ, ვითომ არაფერი ხდება და  ვგულისხმობ არა მხოლოდ ხელისუფლებას, ზოგადად – საზოგადოებას, ცალკეული გამონაკლისების გარდა.
– ტრაგიკომიკურია „თავისუფლების მარში“ იმ ფონზე, როდესაც თავისუფალი კი არადა, სათუოა, საერთოდაც დავრჩებით თუ არა მზის ქვეშ, განა თავისუფლების სურვილზე მეცინება, უბრალოდ, რეაქცია რომ არ გვაქვს გარე პროცესებზე, არათუ პრევენცია.
– სასაცილო აღარ არის უკვე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეწირება ქვეყნის პრესტიჟი, ინტერესები და უკვე სახელმწიფოებრიობაც. თუ ჩვენ გვგონია, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ძალიან ვცდებით, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ფორმალურია. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ქვეყანა, რომელსაც, ფაქტობრივად, ფუნქცია არ აქვს, ტრანზიტის გარდა, არშემდგარი სახელმწიფოა და არშემდგარი სახელმწიფო იმიტომაა საქართველო, რომ ვერ ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური ელიტა, რომელიც იმოქმედებდა გლობალური პოლიტიკის კონტექსტში. როდესაც ოპოზიცია უკიჟინებს ხელისუფლებას, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან, ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნისას შესაძლოა, საქართველო იყო რადარებზე, მაგრამ მხოლოდ იყო, ყოველგვარი ფუნქციის გარეშე, ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა, რომ რუსეთი გაეგიჟებინა და რითაც დამთავრდა ეს, ვნახეთ.
– ახლაც ამ ფუნქციას ასრულებს მიმდინარე საპროტესტო აქციები, ნებსით თუ უნებლიეთ.
– ახლა საპროტესტო აქცია სხვა კალაპოტში გადავიდა. მთავარი პლაკატი აღარ არის „რუსეთი ოკუპანტია“.
– მაგრამ, რაც იმღერეს და დაწერეს ტრანსფარანტებზე, პუტინმა ხომ დაიმახსოვრა?
– ცხადია და ისეთი მომზადებული დახვდა რუსეთი ამ ამბავს, შთაბეჭდილება მექმნება, რომ საკუთარი ხელით გააკეთა ეს ყველაფერი. იმდენად სწრაფად გამოიტანეს დასკვნები და ირეაგირეს, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთის რომელიღაც სპეცსამსახური იყო ჩართული ამ საქმეში.
– არადა, ცნობილია, რომ რუსული სახელმწიფო და სამხედრო მანქანაც ძალიან ნელა რეაგირებს მყისიერ გამოწვევებზე.
– რუს კორესპონდენტს ველაპარაკე და გაიგიჟა თავი, „ეფ ეს ბეს“ სხვა პრობლემები აქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვა პრობლემები აქვს და ამით ვერ იქნებოდა დაკავებულიო. როდესაც ვკითხე, „გრუს“-მეთქი, გაჩუმდა. მე თუ მკითხავთ, ეს უფრო არის რუსული სამხედრო დაზვერვის ხელწერა. მით უფრო, რომ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს, იმავე შოიგუს ვიზიტი რეგიონში. შთაბეჭდილება მექმნება, რომ რუსეთის გენშტაბში დაიგეგმა ეს ყველაფერი. მე ამის საბუთი არ მაქვს, მაგრამ ლოგიკას რომ მიადევნო თვალი და მხარეების მზაობას, როგორ მყისიერად იმოქმედა ყველამ, საქართველოს ხელისუფლების გამოკლებით, გამოდის, რომ დადგმული სპექტაკლი იყო გავრილოვის ჩათვლით.
– მეუხერხულება ხოლმე ამ კითხვის დასმა, იმიტომ რომ ხაზს უსვამს ჩემს, ჩემი სახელმწიფოს უსუსურობას, მაგრამ აშშ-ს სპეცსამსახურებმა საღათას ძილით ჩაიძინეს?
– აშშ-ს სპეცსამსახურები ვითარების გამოსწორებას ცდილობენ, ჩვენი ტერიტორია ხომ საექსპერიმენტო ზონაა: ლაბორატორია – „საქართველო“?! მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა მსგავსი, მათ შორის, ჩვენც. საკუთარი ხელით ავაშენეთ ეს ლაბორატორია გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს და მას შემდეგ წარმატებით ვაგრძელებთ ექსპერიენტებს საკუთარ თავზე. ლუგარის ლაბორატორია კი არ არის პრობლემა, არამედ ის ლაბორატორია, რომელიც ქართველმა პოლიტელიტამ შექმნა, როგორც სახელისუფლომ, ისე ოპოზიციამ და, საბოლოოდ, მუდმივი ექსპერიმენტის რეჟიმში ვცხოვრობთ. ახლა ერთმა ჩაატარა ექსპერიმენტი, მეორე სხვა ექსპერიმენტს დაუპირისპირებს, ახლა ჩაერთვებიან ისრაელის სპეცსამსახური, სხვები.
– თურქეთი გაყუჩებულივითაა.
– არ არის გაყუჩებული. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროცესი მიდის და ქართველი საზოგადოება ამას არ აქცევს ყურადღებას. ამჟამად ბათუმში ოთხი რუსული გადამღები ჯგუფია, რუსეთის პირველი არხი, „როსია“, „ზვეზდა“ და „რაშა თუდეი“, რომლებიც მუშაობენ ერთადერთ თემაზე, როგორ მოხდა თურქეთის მიერ აჭარის ეკონომიკური და სულიერი ანექსია. მოკლედ – ასეთი ვითარებაა, ხალხი მუშაობს, ჩვენ კი ერთმანეთს დავსდევთ.

скачать dle 11.3