№27 რატომ დაასრულეს ამერიკაში მოჯირითე გურულებმა საქართველოში ცხოვრება ტრაგიკულად
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
გურული მოჯირითეების ისტორია ამერიკაში 1892 წლიდან იწყება. აღნიშნულ წელს ბათუმში ჩავიდა ცნობილი შოუმენის, ბიფალო ბილის წამომადგენელი, იმპრესარიო თომას ოლივერი, რომელმაც „ველური დასავლეთის შოუსთვის“ ათი ქართველი მხედარი აარჩია. აქედან მოყოლებული, ოკეანის მიღმა 150-მდე გურული მხედარი გაემგზავრა. ზოგი მათგანი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში, ზოგიც ამერიკაში დარჩა. მშობლიურ გურიაში დაბრუნებულების ბედი კი ტრაგიკულად წარიმართა... ცოტა ხნის წინ მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე ამერიკაში საუკუნის წინ ჩასული ხუთი ემიგრანტის სახე დახატეს. ეს ნამუშევარი ბრაზილიელ მხატვარს, ედუარდო კობრას ეკუთვნის. მურალი მონუმენტურია და ემიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული. აღნიშნულ ნახატზე, მკვლევარმა, რეჟისორმა და სცენარისტმა, ირაკლი მახარაძემ გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო. გურული მოჯირითეების შესახებ უფრო დაწვრილებით სტატიიდან შეიტყობთ.
ირაკლი მახარაძე: გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტაცებდა, განსაკუთრებით, როცა ამის შესახებ მოხუცები ყვებოდნენ: „ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ, მარა თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ”. ამ თემაზე სერიოზულად მუშაობა, დაახლოებით, 20 წელია, რაც დავიწყე. 1992 წელს ჟურნალ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკში“ ვნახე დიდი პლაკატი ჯერონიმოსი, იქვე იყო ვიღაც კაზაკი პრინცი ლუკა. ამ ამბავს ჩავეძიე და აღმოჩნდა, რომ ეს ლუკა ყოფილა ჩხარტიშვილი, გურული მოჯირითე. რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე, მათზე ფილმი გადამეღო. ძიებამ მიმიყვანა ბატონ ამირან ცაციშვილთან, რომელიც გურული მოჯირითეების პირველი მკვლევარი გახლდათ. ფილმში თავად ეს ადამიანიც გადავიღე და მხედრებზეც ბევრი ახალი ისტორია გავიგე. კვლევებს შემდეგ უკვე ჩემი ძალებით ვაგრძელებდი. საბოლოოდ მათი ისტორიები შევკრიბე და წიგნი გამოვუშვი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს წიგნი ამერიკის უამრავ მუზეუმში გავაგზავნე და ერთ-ერთისგან ჩამომივიდა გრანტი. 2003 წელს, მიწვევით, ჩავედი ნიუ-იორკში. შემდეგ კიდევ გამოვუშვი ერთი წიგნი, რომელიც კოლორადოს იმ მუზეუმში გავაგზავნე, სადაც ბაფალო ბილი იყო დაკრძალული. მუზეუმის დირექტორმა თავისთან დამპატიჟა და ვიდრე საჭირო მასალებს მოვაგროვებდი, მიმასპინძლა. მასალებში უამრავი ფაქტობრივი შეცდომა აღმოვაჩინე. 12 წლის განმავლობაში ვცდილობდი ამერიკაში წიგნის გამოცემას, სადაც თავმოყრილი მექნებოდა ყველა შესწორებული ინფორმაცია. ბოლოს მაინც მოვახერხე და 2015 წელს ეს წიგნიც გამოვიდა. დღეს მუზეუმებში შესულმა სტუმრებმა იციან, რომ „კაზაკი მოჯირითეები“ არა რუსები, არამედ ქართველები იყვნენ.
– რა ისტორიებია შემონახული გურულ მოჯირითეებზე ამერიკაში?
– ამერიკიდან მშობლიურ ლანჩხუთში დაბრუნებული მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილი, ნათესავებსა და მეგობრებს ეუბნებოდა: „მე განთქმული კაცი ვიყავი ამერიკაში. როცა მოვკვდები, ჩემი სახელი იქ ეხსომებათ“. მისი ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: დღეს ამერიკის საისტორიო წყაროებში უამრავი დოკუმენტია, რომელიც ეგრეთ წოდებულ ,,რუს კაზაკებს”, იგივე ქართველ მხედრებსა და ამერიკულ შოუებსა და ცირკებში მათ მონაწილეობას ეძღვნება. ისტორიას, ასევე, შემორჩა რამდენიმე მოჯირითის ნამდვილი სახელიც, როგორც წესი, შოუებში ბევრს გამოგონილი სახელები ჰქონდათ – ამერიკელებს მათი გამოთქმა უჭირდათ, ესენია: ივანე მახარაძე, ველიკო კვიტაიშვილი, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი, დიმიტრი მგალობლიშვილი, დათა ქაჯაია, დიმიტრი ცინცაძე და ლუკა ჩხარტიშვილი. „ცხენზე ტრიუკების კეთება ამერიკულ როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა (კოვბოებმა) ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში“, – წერდა „ველური დასავლეთის“ განთქმული მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი. მას არაერთი ცნობილი ცხენოსანი ეთანხმებოდა. მათი შოუები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დედოფალმა ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორთა სასახლეში მოისურვა. წარმოდგენის დროს პრინცი ჰენრი დედას, დედოფალ ვიქტორიას, გერმანულად შეეკითხა: „დედა, თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ნამდვილი კაზაკები არიან?“ იქვე მდგომმა შოუს მენეჯერმა პრინცს უპასუხა: „მომიტევეთ, სერ, მაგრამ რასაც და ვისაც აქ ხედავთ, ყველაფერი ნაღდია”. რა იცოდა მისმა აღმატებულებამ, რომ რუსი კაზაკების მაგივრად მის წინაშე ბახველი და ლანჩხუთელი გლეხები ჯირითობდნენ.
– რატომ ეძახდნენ მათ კაზაკებს და როგორ მოხვდნენ პირველად ამერიკაში?
– გურულ მხედრებს შორის ხუთი ქალბატონიც იყო. მათ, სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის გახლდათ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა. ასევე, შოუს მეპატრონეები პრესაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ გურულები რუსეთის კავკასიის მთების სამხრეთ ნაწილიდან იყვნენ და მიეკუთვნებიან კაზაკების დიდ ოჯახს, ზაპოროჟიელებს. თითქოს ისინი პირადად რუსი მეფის ნებართვით იყვნენ გამოშვებულნი ქვეყნიდან. პირველად გურულები ევროპაში, კერძოდ კი ინგლისში, 1892 წელს მოხვდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის წყალობით, რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებდა გამოცდილ ცხენოსნებს და მისმა წარგზავნილებმა რუსეთის იმპერიაში არჩევანი მხოლოდ გურულებზე შეაჩერეს. ლონდონში გურულები შეუერთდნენ ბაფალო ბილის Wild West show – ველური დასავლეთის შოუს, ხოლო 1893 წელს კი ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ. გრაფაში ,,პროფესია” გურულების გვარების გასწვრივ წერია მხედარი, შემდგომ დეკლარაციებში კი ხელოვანი, მსახიობი. გურულები „რუსი კაზაკების“ სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე. მათი უცხოეთში წასვლის მთავარი მიზეზი ეკონომიური სიდუხჭირე გახლდათ. ისინი ყოველთვე გარკვეულ ანაზღაურებას იღებდნენ, 50 დოლარის ფარგლებში. ეს კი ღარიბი გლეხისთვის იმ დროს არც თუ ისე ცოტა იყო.
– თავად გურული მოჯირითეები რას ამბობდნენ მათ ამერიკულ ცხოვრებაზე?
– გურულ მოჯირითეებზე, რომელთაგან ბევრი თბილისშიც კი არ იყო ნამყოფი, დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი ამერიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მხედრები აღტაცებულები იხსენებდნენ შტატებს. მოჯირითე ნიკოლოზ ჭყონია სახლში გამოგზავნილ წერილში წერდა: „პატივისცემა ნამეტანი გვაქვს. თელი ჩემგან არ ეიწერება და უკანასკნელს გეტყვი მარმარილოს ქვის ჩეჩმები (საპირფარეშო) გვაქვს, იმოდენა სიმდიდრე ყოფილა“. კირილე ხოფერიას თქმით, ისინი ცხოვრობდნენ მრავალსართულიან სახლებში, ადიოდნენ მოძრავი ოთახებით, რამაც გურულები გააოგნა. ის იგონებდა ქუჩების არაჩვეულებრივ სისუფთავესა და წესრიგს. ქუჩაში იმდენი სადენია გაჭიმული, ჩიტები რომ დაფრინავენ, ეჯახებიან და მკვდრები ცვივიან მიწაზე, – წერდა მოჯირითე გიორგი ჩხაიძე.
– საქართველოში დაბრუნება შეძლეს?
– საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკებმა გურულებს გზა გადაუკეტეს დასავლეთისკენ. ვინც საზღვრის იქითა მხარეს იმყოფებოდა, უკან აღარ ისურვა დაბრუნება და დროთა განმავლობაში, ამერიკელებში აითქვიფა. იყო ტრაგიკული შემთხვევებიც, ზოგი მათგანი შოუს დროს ცხენიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. კარგი დღე არ დაადგათ სამშობლოში დაბრუნებულ მოჯირითეებს. ბოლშევიკებმა ბევრი დააპატიმრეს, ზოგი გადაასახლეს – ამერიკის შპიონი ხარო. მხედრები თავისი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად ანადგურებდნენ და წვავდნენ ფსევდომამხილებელ მასალებს – ფოტოებს, წერილებს... ამის გამო უამრავი მასალა სამუდამოდ დაიკარგა. ბოლშევიკების დროს მათ რთული პერიოდის გადატანა მოუწიათ. ივანე მახარაძეს კარგი ცხენი ჰყოლია და უთქვამთ, რომ ეს ულაყი მათთვის მიეცა, რაზეც უარი განუცხადებია. სანაცვლოდ შვილი გადაუსახლეს. მასზე დარდს ვეღარ გაუძლო და მალევე დაიღუპა. ცინცაძე გამუდმებით ამერიკას აქებდა და თურმე, ხელწერილი დააწერინეს, რომ ამერიკას საერთოდ აღარ ახსენებდა. სახლში მისულს გული გაუსკდა. ხუთი ქალბატონიდან ორმა ოჯახი ამერიკაში შექმნა ქართველ მოჯირითეებზე. ისინი იქვე დასახლდნენ და აღარ დაბრუნებულან.
– „მანჰეტენელ“ მშვიდობაძეზე რას გვეტყვით? როგორ აღმოჩნდა მისი სურათი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კედელზე?
– ნიუ-იორკის სახლის კედელზე გამოსახული ნახატის ფოტო გამომიგზავნა ჩემმა უფროსმა შვილმა სალომემ, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნიუ-იორკში, საემიგრაციო პუნქტში ემიგრანტებს ფოტოებს უღებდნენ. ერთ-ერთი ჩინოვნიკი, შერმანი, დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით და საინტერესო ტიპაჟებს იღებდა. როგორც ჩანს, გურული მხედრები, მათი ჩაცმულობით, ძალიან მოსწონდა და ბევრი ფოტო ჰქონდა. კვლევის დროს ერთ-ერთ ოჯახში მის გადაღებულ ფოტოს გადავაწყდი, რომელსაც მშვიდობაძე ეწერა, სახელი არ იყო მითითებული. როცა სალომეს გამოგზავნილი ნახატის ფოტო ვნახე, მაშინვე ვიცანი, რომ მასზე მშვიდობაძე იყო გამოსახული.