კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ზურაბ ცინცქილაძე: არასწორი გადაწყვეტილება მიმიღია ჩემი კეთილშობილების გამო

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ზურაბი.
გვარი: ცინცქილაძე.
– ბავშვობიდან განსაკუთრებულად მახსოვს...
– მახსოვს, სიცხე მქონდა. კეჟერა ფხალის ფურცელი დამადო ბებიამ შუბლზე და „ცახოცით“ მაგრად წამიკრა თავი – „’აფერი არაა, ბებია, მაი, ცოცხალ კაცს სიცხე ხან აგიწევს, ხან დაგიწევს, ხან დაგახველებს, ხან დაგაცხინკებს“ და რომ არ გამეგონა, თავისთვის იტყოდა: „გლახა არაფერი შეამთხვიო ჩემ ბაღანას, ღთიშობელო და მის სიგძე სანთელს დაგინთებ, მარიამობას“... მას შემდეგ არც დაცემინების შემშინებია, არც დახველების და არც სიცხის აწევ-დაწევის. წნევისა და ნევროზის შესახებ, მაშინ არაფერი უთქვამს ბებიას. 28 აგვისტოს, ადრე დილით გამაღვიძებდა: ადექი, ბებია, დაწოლილს ხომ არ გაგზომავ, არ ვარგა მაიო და ათი ნომერი ძაფით სიმაღლეში გამზომავდა, – გამეზარდა ჩემი კვერცხება ბიჭიო, – მეტყოდა, წუღებს გაიხდიდა, ტოპსიკაში ჩააწყობდა და ფეხშიშველი გადავიდოდა ეზოდან, არ ვიცოდი, სად მიდიოდა, არც ვეკითხებოდი და არც მიჩიოდა. მერე გავიგე, დიდობაში – ჯიხეთის მონასტერში მიდიოდა, თურმე, შეპირებისამებრ ჩემსიგრძე სანთელს ჩამოაქნევინებდა იქაურ მონაზვნებს და ბებიის ლოცვით, ვებარებოდი მარიამის კალთას.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ჩემი პროფესია ისევ ბავშვობიდან მოდის, როცა ვნახე ფილმი „მაია წყნეთელი“ და როცა გავიგე, რომ ესენი არტისტები არიან, მერე მომინდა მეც არტისტობა. მეორე კლასში ვიყავი, ტელევიზორი ახალი შემოსული იყო, იქ ვნახე ეს ფილმი და რომ დამიწყია ტირილი, ბებიას უთქვამს, ესენი არტისტები არიანო. გავჩუმებულვარ, თურმე. გაშტერებული ვიყავი, რას ნიშნავს ეს არტისტი? ისინი, ბებია, მართლა კი არ კვდებიან, ცოცხლები არიანო. ამან გადამაწყვეტინა, რომ მეც გავხდარიყავი მსახიობი.
– ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ...
– ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ, რომ იყოს სხვისთვის. ეს თვისებაა ყველაზე მეტად დასაფასებელი. იმდენად დიდია ადამიანი, რამდენადაც ის სხვისთვისაა. ხშირად ვიმეორებ ავთანდილის ანდერძიდან: „მას რა ვარგო?“... შესაბამისად, მისი რგება არის ჩემი სიმდიდრე და ეს არის ჩემი კრედო.
– მეშინია...
– როცა რაღაც მტკივა, წუხილში ვარ, იქ არ მეშინია. როცა კარგად ვგრძნობ თავს, მაშინ მეშინია. იმიტომ რომ ვიცი, ეს ბედნიერება წამიერია, წარმავალია.
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერა – ეს არის სწავლება. ჰოროსკოპი არის უცხო სიტყვა. ქართულად იგივე „შობათმეტყველება“. ესე იგი, მნიშვნელოვანია. შობათმეტყველება – როდის დაიბადე, შესაბამისი ბედი დაგყვება... ბედის ვარსკვლავი. აჭარაში იტყვიან – ასე ეწერა, მისი ბედი ყოფილაო. ესე იგი, სადღაც წერია და მე ამისი მჯერა და თან ვსწავლობ. ბედისწერის შეცვლაც შესაძლებელია. ბედი მოქმედებს იმაზე, ვისაც მისი შეცვლისთვის არ უზრუნია. ჩვენ შეგვიძლია, ბედზე მაღლა დავდგეთ. მე ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ. ეს რას ნიშნავს? იგივე მზე არის კირჩხიბი. „აჰა მზეო, გეაჯები, შენ უმძლესთან მძლეთა მძლესა“, – რუსთველი ბრძანებს. აჰა, რა რანგში აჰყავს. მე რომ დავიბადე, მზე იყო კირჩხიბის ზოდიაქოში.
– როგორია თქვენთვის წარმატებული ადამიანი?
– წარმატებული ადამიანი ჩემთვის არის კეთილშობილი ადამიანი. წარმატებულობა პირობითია. ზოგი რაშია წარმატებული, ზოგი – რითი. წარმატებულია ადამიანი, როგორც წმიდა სწავლებაში წერია „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“, ანუ თავის საქმეში წარმატებული. სიტყვა „თავადი“ ნიშნავს, ვინც თავად იქმს საქმესა კეთილსა, ის არის თავადი და არა ის, ვისაც სისხლი ცისფერი აქვს. უწინ ხომ არ იტყოდნენ ეს წარმატებული ადამიანიაო, თავადიაო, იტყოდნენ.
– აძლიერებს თუ არა ადამიანს ცხოვრებისეული მარცხები?
– მარცხი გამოცდილებას გაძლევს. მე რომ თვალი გადავავლო ჩემს ცხოვრებას, არასწორი გადაწყვეტილება მიმიღია ჩემი კეთილშობილების გამო. ბინა დავკარგე სხვის გამო. მეგობარმა მითხრა: მჭირდება, რაღაც დამემართა და ბინა ჩავუდე ბანკში. მეგობრები მეუბნებიან, ეს როგორ მოგივიდაო? მე მათ ვპასუხობ: მე მეკითხებით, მე როგორ მომივიდა სიკეთის გაკეთება? წადით, ესა და ეს კაცია და მას ჰკითხეთ, მას როგორ მოუვიდა-მეთქი. ხანდახან სიკეთეს აკეთებ ადამიანი და ვიღაც გეუბნება: რას გადაყევი, არ იცი, რომ არ დაგიფასებსო? ასეთი ხშირად მომსვლია, მაგრამ მე ჩემსას არ ვიშლი.
– შეიძლება, ადამიანს თვალდახუჭული  ენდო?
– მე არ შემიძლია, არ ვენდო ადამიანს. არ ვენდო, უკვე ნიშნავს, გარდავიცვალე. უნდობლად ცხოვრება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მე გამოცდილებაც მაქვს, ახლაც რომ მოვიდეს ადამიანი და რაღაც მითხრას, შეიძლება, მომხიბლოს.
– სიზმარი ეს არის...
– ფილოსოფოსს უთქვამს, სიზმარი პატარა სიკვდილიაო. სიზმარში ჩვენ ვხვდებით, რომ სულს არასდროს სძინავს და არც კვდება.
– როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიყვარული?
– ერთმანეთისთვის უნდა იყოთ. ჩემი მეუღლის ბებიამ თავიდანვე ერთი რჩევა მომცა: „არასდროს ერთდროულად არ გაბრაზდეთ“.
– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
– სიყვარული და ვნება სხვადასხვაა. სიყვარული ვნების ერთ-ერთი დარგის შემადგენელი ნაწილია. ვნებაც წესრიგიანია. არსებობს საღვთო წესი: ქალისა და კაცის ერთად მისვლა ერთმანეთთან იმ საღვთო წესის აღსასრულებლად. საღვთო წესია ეს, რომ შექმნას ღვთის სახედ და ხატად. ღმერთს ემსგავსოს. როგორც ღმერთმა შექმნა და თქვა: შენ ხარ ხატი და მსგავსი ჩემი, ასევე, კაცი დააჯილდოვა და როგორც ღმერთს, მასაც შეუძლია, თავის მსგავსი შექმნას. ეს არის საღვთო წესი. ვნება, როცა კაცი ქალთან მიდის, რომ შექმანს თავის მსგავსი, არის საღვთო წესის ვნება. ეს შესაძლებელია, ნებისმიერთან განახორციელოს, მაგრამ ეს უკვე წესრიგის დარღვევაა.
– ქალი ჩემთვის არის...
– ქალის გარეშე სრულყოფილი ვერ ვიქნები. ქალი და კაცი ერთია. ერთობა ამას ჰქვია – ერთად ყოფნას. გართობა ჰქვია, რომ ცალ-ცალკე არიან. გართობა საეშმაკოა, ერთობა საღმრთო.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– აპატიებ და შენც გაპატიებენ. უმთავრეს ლოცვას მივაქციოთ ყურადღება: მომიტევე ჩემი ცოდვები ისე, როგორც მე მივუტევებ. ღმერთი როგორ მიხვდეს, რომ მოგიტევოს შენი ცოდვები? შენგან გამომდინარე – შენ რამდენს მიუტევებ, იმის მიხედვით.
– როგორია ლამაზი ქალი თქვენთვის?
– ქალს უხდება სინაზე, სიმორცხვე, კდემამოსილება. ქართული ანდაზაა: „კაცის სიმორცხვე ქალამნად ღირს, ქალისაო – ქალაქად“.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– არავის არ ურჩევია, მაგრამ მე თვითონ მივხვდი, რომ ყველაზე კარგი წამალი არის სიმშვიდე. „სიშვიდე“ ეს შვიდთან არის დაკავშირებული და ამ ცოდნამ მიმიყვანა აქამდე, მშვიდად რომ ხარ, შენ უკვე შვიდთან კავშირში ხარ. ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ სიშვიდეში მიდის, ანუ სამოთხეში – შვიდი და ოთხი.
– ფაქტი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად გახსენდებათ.
– მე ბათუმში ვიყავი, ჩემი მეუღლე სახლში იყო და ტელევიზორს უყურებდა. მოსულა 14 პოლიციელი, ეს ბინა თქვენი არ არისო, გამოუშვიათ გარეთ და კარები ჩაუკეტიათ. კინაღამ შევიშალე. როგორ მოვქცეულიყავი? ყველა სიკეთე დამავიწყდა და მინდოდა, ყველა დამეხოცა, მაგრამ ცოტა ხანში გადამიარა. კიდევ კარგი, არ დავხოცე.
– უფალს რომ პირისპირ შეხვდეთ, რას ეტყოდით?
– თუ ეს ბედნიერება მექნება, არაფერს ვეტყვი, იმიტომ რომ იქ არაფერს ამბობენ. იქ არ ლაპარაკობენ, იქ ენა არ არის, იქ ტკივილი, სიცივე არ არის. იქ არაფრის თქმა არ დაგჭირდება. რამდენჯერ ყოფილა, მეუღლეები შეხედავენ ერთმანეთს და უსიტყვოდ რამდენ რამეს ეუბნებიან. ეს არის საუფლო. იქ არ ამბობენ, იქ არის დუმილი, ჩრდილი, ნათელი და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3