№27 რა რეაქციები აქვთ დამთვალიერებლებს გელა ცენტერაძის ეზოში შექმნილი ზღაპრული სამყაროს ხილვისას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
გურიის სოფელ ნატანების მკვიდრი სამოცი წლის გელა ცენტერაძე პირველია საქართველოში, ვინც ტოპიარს მიჰყო ხელი და მისმა რკინის კონსტრუქციისა და ხელოვნური ბალახის საფარველით შექმნილმა მულტფილმის გმირებმა დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
გელა ცენტერაძე: ეს ყველაფერი შვილიშვილის თხოვნით დავიწყე. პირველად მთხოვა, ქოხი გამიკეთეო, ხომ იცით, გოგონების ამბავი. გავუკეთე და მერე მითხრა: მინდა, რომ ქოხთან რამე ცხოველი იდგესო და ცხენი გავუკეთე. ძალიან მოეწონა მასაც, სხვებსაც და ამ საქმემ მეც ძალიან გამიტაცა. ეს ყველაფერი ორი წლის წინ დავიწყე და ახლა უკვე თითქმის ყოველდღიურად, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამით ვარ დაკავებული.
– მსგავს სამუშაოსთან აქამდე გქონიათ შეხება?
– მსგავსი აქამდე არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მოვინდომე და გავაკეთე. მერე ინტერნეტში ვნახე სხვისი გაკეთებულები. საქართველოშიც მინდოდა, მენახა ვინმე ამ საქმის მცოდნე, დავკავშირებოდი და მეკითხა, როგორ მუშაობდნენ, მაგრამ ვერავინ ვნახე. რუსეთსა და უკრაინაში კი არიან, მაგრამ მათ ფირმები აქვთ და ალბათ, თავიანთი ტექნიკის საიდუმლოებებს არ გათქვამენ. ამიტომ ყველაფერი მე თვითონ მოვიფიქრე. თავიდან ძალიან ვწვალობდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა და ვერც ვერავის ვეკითხებოდი.
– რა პროფესიის ხართ, რამდენად ახლოს ხართ ამ საქმესთან?
– სამთო ინჟინერი ვარ, არ ვიცი, რამდენად ახლოსაა, მგონი, ნაკლებად. ამის გარდა, სპეციალური ცოდნა არ მაქვს. თუმცა, პატარა რაღაცებს ყოველთვის ვაკეთებდი. სახლიც ჩემი ხელით ავაშინე, ტელევიზორებისა და კომპიუტერების შეკეთებაც შემიძლია. ადრე გასართობად რაღაცებს ვძერწავდი, მაგრამ ასეთი დიდი ფიგურები არასდროს გამიკეთებია. თავიდან, როცა არ იცი, რა უნდა გააკეთო, ძალიან რთულია. დაახლოებით, ოცი დღე მოვუნდი პირველ ქოხს. ძალიან შრომატევადი პროცესია. ჯერ კონსტრუქცია უნდა გააკეთო და რკინით დაამაგრო. მაგალითად, ცხენს ფეხები უნდა ჰქონდეს მაღალი, რომ კონსტრუქციას გაუძლოს. მერე კონსტრუქციაზე მავთულით კარკასი უნდა გამართო, ანუ სასურველი ფორმა მისცე, რაზეც ხელოვნური ბალახი მაგრდება. მოედნიდან აღებული ძველი ბალახი მქონდა შემორჩენილი და ის გამოვიყენე. ეზოში
მეყარა და ვიფიქრე, ლამაზი გამოვიდოდა. მერე ინტერნეტში რომ ვნახე, აღმოჩნდა, რომ რუსეთსა და უკრაინაში ასეთი ფიგურებისთვის ზუსტად ამ ბალახს იყენებენ.
მეყარა და ვიფიქრე, ლამაზი გამოვიდოდა. მერე ინტერნეტში რომ ვნახე, აღმოჩნდა, რომ რუსეთსა და უკრაინაში ასეთი ფიგურებისთვის ზუსტად ამ ბალახს იყენებენ.
– ათიანში გაგირტყამთ.
– ხატვა მაინცდამაინც არ ვიცი, მაგრამ ინტერნეტში ვნახულობ სურათებს, იქიდან ვიხატავ და შემდეგ იმის მიხედვით ვაკეთებ. სამოცი წლის ვარ, ოცი წელია, სამსახურს თავი დავანებე, პატარა მაღაზიაგვაქვს, ჩემი მეუღლე მუშაობს. სოფელში ვცხოვრობთ და სოფლის სამუშაო გვაქვს, იმას რომ მოვრჩები ხოლმე, მერე ამას ვაკეთებ. ძირითადად, იმას ვაკეთებ, რასაც ბავშვები მთხოვენ – მულტფილმების გმირებს. გოგო 12 წლისაა, ბიჭი – 15-ის. ეს საქმე რომ დავიწყე, ორი წლით პატარები იყვნენ. თავიდან არ მითქვამს, რას ვაკეთებდი. დასრულებული რომ ნახეს, ყველას ძალიან მოეწონა და გაუხარდა, განსაკუთრებით შვილიშვილებს. ყველაფერი მოვუწყვე ქოხში: შუქი შევიყვანე, ტელევიზორი დავუდგი, კომპიუტერი და მთელ დროს იქ ატარებდნენ. გოგო, სანამ პატარა იყო, ღამეებს იქ ათენებდა, იქ თავის დაქალებთან ერთად თამაშობდა. საკმაოდ დიდია, პატარა სახლივით, ლოგინიც აქვთ შიგნით და მაგიდაც. შემფასებლებიც შვილიშვილები არიან. გოგოს ყველაფერი მოსწონს, ბიჭი კრიტიკულია. კრიტიკოსიც საჭიროა. ყოფილა შემთხვევა, სანახევროდ გაკეთებული დამიშლია და თავიდან დამიწყია კეთება შვილიშვილის რჩევების გათვალისწინებით. ხატვა ჩემზე უკეთ იცის, რაღაცებში უკეთ ერკვევა და მის აზრს აუცილებლად ვითვალისწინებ.
– ორ წელიწადში რამდენი ფიგურა შექმენით და როგორი რეაქცია აქვს ხალხს მისი ხილვისას?
– ორმოცამდე ფიგურას მოვუყარე თავი. ამ საქმეს ტოპიარი ჰქვია. ჩემი სახლის წინ გზა გადის და გამვლელ-გამომვლელი ხედავს, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა შემოდის. ათვალიერებენ მოსწონთ და უხარიათ. ყველა ინტერესდება. მოდიან, ბავშვები მოჰყავთ, შემთხვევითაც და სკოლებიდან ორგანიზებულადაც – ექსკურსიებზე. ეზო სულ ბავშვებითაა სავსე. რა ჯობია მათ გახარებას.
– რა გეგმები გაქვთ?
– მინდა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მივიღო მონაწილეობა და თუ დამაფინანსეს, მერე მასშტაბებსაც გავზრდი. რასაც ვაკეთებ, ხარჯებთანაა დაკავშირებული. სახლში რაც მქონდა, ის რესურსი ამოვწურე და ახლა ყველაფერი საყიდელი მაქვს: რკინა, მავთული, ბალახი... ათასი რამეა საჭირო. შენობაც მინდა გავაკეთო, სადაც ნორმალურად მუშაობას შევძლებ. ინდმეწარმედ დავრეგისტრირდი და ჩემი ნამუშევრების შეძენა ხალხს შეუძლია, მაგრამ რადგან მსგავსი რამ პირველად გამოჩნდა საქართველოში, მისი ფასი არ იციან. ბატონმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა ფოტოები და მას შემდეგ ბევრმა დამირეკა, მაგრამ ფასზე რომ მიდის საქმე, მეორეჯერ აღარ რეკავენ. ფასები ზომების მიხედვითაა, ერთ სპილოს ერთი თვე ვაკეთებდი, ზოგს ათი დღე სჭირდება, ზოგს – ოცი. უკრაინისა და რუსეთის ფასები რომ ვნახე, ძალიან მაღალი იყო და ჩვენთან ვინც ყიდვით ინტერესდება, ეტყობა, ის არ უნახავთ. თუმცა, ვხედავ, რომ ძალიან ბევრს უნდა. ხუთასი ლარიდან იწყება ფასი – ათი დღის ნამუშევარს ამდენად ვაფასებ, ეს მინიმალურია.
– არ გაგიჭირდებათ გასხვისება?
– ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა. რომც მოვიდეს კლიენტი, არ ვიცი, როგორ გავატან. ერთი პარტია გავყიდე, სასტუმრომ წაიღო ხუთი-ექვსი ფიგურა და ძალიან გამიჭირდა დათმობა.