№27 შუნტირების ახალი მეთოდი და სარქვლის პლასტიკა – მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდები ლევან ქარაზანიშვილისგან
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
კარდიოქირურგი 25-წლიანი ევროპული გამოცდილებით, ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი – ლევან ქარაზანიშვილი, სხვადასხვა სირთულის გულის ოპერაციებს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ატარებს. 15 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია და გადარჩენილი სიცოცხლე ლევან ქარაზანიშვილის მთავარი დამსახურებაა. შუნტირების თანამედროვე მეთოდზე, სარქვლის პლასტიკასა და გულის დაავადებების თავიდან აცილების გზებზე თავად ლევან ქარაზანიშვილი გვესაუბრა.
– ბატონო ლევან, რას გულისხმობს შუნტირების თანამედროვე მეთოდი?
– შუნტირების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით ერთი განაკვეთით შესაძლებელი ხდება პაციენტს ოპერაცია მომუშავე გულზე სრული არტერიული სისხლძარღვებით ჩაუტარდეს. რაც ნიშნავს, რომ ოპერაცია ფეხზე განაკვეთის გარეშე კეთდება. შუნტირების ახალი მეთოდით ხდება გულმკერდის შიგნითა არტერიების მობილიზება და მათი საშუალებით ახალი სისხლძარღვოვანი ქსელის შექმნა.
არტერიები, რომელთა მობილიზებაც ხდება, შესაბამისობაშია გულის არტერიებთან – ანუ არტერია არტერიაში „კერდება“. აღნიშნული მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტი ბევრად უფრო კარგ შედეგს იღებს, რაც ოპერაციის ხარისხისა და ეფექტურობის ჭეშმარიტი ინდიკატორია. თუმცა, არსებობს პაცინტების კატეგორია, რომლებთანაც თანამედროვე მეთოდით ოპერაციის ჩატარება ვერხერხდება და სტანდარტულ შუნტირებას მივმართავთ. შუნტირების ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა საქართველოში და არამარტო ჩვენს ქვეყანაში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მომართვიანობა ამ საკითხზე პაციენტების მხრიდან საკმაოდ მაღალია.
– რა უპირატესობა აქვს მას სტანდარტულ, ვენურ შუნტირებასთან შედარებით?
– სტანდარტული შუნტირების ოპერაციისას ვენას ფეხიდან იღებენ. ზოგადად, ვენაში წნევა დაბალია, შესაბამისად, როცა მას არტერიულ პოზიციაშივაყენებთ, ნაკლებ „სიცოცხლისუნარიანი“ ხდება. თანამედროვე მეთოდით ჩატარებული შუნტირების ოპერაციისას (სრული არტერიული შუნტირების დროს) კი ხდება გულ–მკერდის შიგნითა არტერიების მობილიზება. ამასთან, არტერიული სისხლძარღვი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. შედეგად, შუნტირების თანამედროვე მეთოდით ჩატარებული ოპერაცია ძალიან ეფექტურია, პოსტოპერაციული პერიოდიც უფრო
ხანმოკლეა და პაციენტს ფეხის მიდამოში დამატებითი ჭრილობები არ აღენიშნება.
ხანმოკლეა და პაციენტს ფეხის მიდამოში დამატებითი ჭრილობები არ აღენიშნება.
– რა ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს შუნტირების თანამედროვე მეთოდის გამოყენების დროს?
– შუნტირების თანამედროვე მეთოდის გამოყენების დროს ასაკი მკაცრად განსაზღვრული არ არის. ძირითადად, 35 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანები მოგვმართავენ. არც ზედა ასაკობრივი ზღვარი გვაქვს განსაზღვრული – ოპერაცია 87 წლის პაციენტისთვისაც გაგვიკეთებია, რომელმაც შესანიშნავად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ეს პაციენტი დღესაც მშვენივრად გრძნობს თავს.
– რას გულისხმობს სარქვლის პლასტიკა და რა შემთხვევაში უკეთდება ის პაციენტს?
– გულის სარქვლის დაზიანების, გულის შეძენილი მანკების დროს, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება დაზიანებული სარქვლის შეცვლა ბიოლოგიური ან მექანიკური სარქვლით, თუმცა, აგრეთვე, სარქვლოვანი აპარატის ნაკლოვანებისა და არაშევიწროვების დროს შესაძლებელია, მოხდეს ამ სარქვლის შეკეთება-პლასტიკა იმ ქსოვილების ხარჯზე, რომლებისგანაც ჩვენი გული შედგება.
– რა სირთულის ოპერაციაა სარქვლის პლასტიკა და გვიწევს თუ არა ამის შემდეგ ცხოვრების წესის შეცვლა?
– ჩვენს გულში არის რამდენიმე სარქველი, ყოველი სარქვლის შეკეთება დიდ ქირურგიულ გამოცდილებასა და კოორდინირებულ გუნდურ მუშაობას მოითხოვს. სირთულის მიხედვით, აორტის სარქვლის შეკეთება ურთულეს ოპერაციად ითვლება. შემდეგ საფეხურზე გამოვყოფდი მიტრალურ და სამკარედა სარქველს. სარქვლის პლასტიკის ოპერაცია პაციენტისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ოპერაციის შემდეგ ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. არ ხდება პროთეზირება ანუ უცხო სხეულის ჩაკერება.
– პრევენციის რა საშუალებები არსებობს გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
– საკმაოდ რთულია კონკრეტული რჩევების მიცემა, რადგან ეს დაავადებები შეიძლება, გარკვეულწილად, არასწორი ცხოვრების წესით ან გენეტიკური თუ სხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული. იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები ავიცილოთ თავიდან, გირჩევთ, პერიოდულად ჩაიტაროთ გამოკვლევები და დროულად მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.