№27 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: მიყვარს ცხელი წყლით ბანაობა. მითხრეს, რომ ასე კანს გამოვაშრობ და ცუდია. როგორი ტემპერატურის წყლით სჯობს დაბანა ზაფხულის ცხელ დღეებში, რომ კანისთვის საზიანო არ იყოს?
პასუხი: ზაფხულში, დაბანამდე, აუცილებელია წყლის ტემპერატურის დარეგულირება, რომ წყალი არც ძალიან ცხელი იყოს და არც ძალიან ცივი. ზედმეტად ცხელი წყალი აზიანებს კანის დამცავ ფენას და აშრობს დერმის ზედა ფენას, ხოლო ცივი წყლით დაბანა კი კანზე დაგროვილ ჭუჭყს ვერ აშორებს. მისაღებია გრილი და სასიამოვნო ტემპერატურა.
კითხვა: მინდოდა სახის დასაბანი ქაფის ყიდვა და მაღაზიის კონსულტატმა გოგონამ მირჩია გელი ცხიმიანი კანისთვის. რამდენად მისაღებია მისი მოხმარება ყოველდღიურად?
პასუხი: სახის დასაბანი გელის, ქაფის ან სპეციალური რძის სწორად შერჩევა მარტივი საქმე არ არის. მით უმეტეს, როდესაც მაღაზიებში ასეთი მრავალფეროვანი არჩევანია. საჭიროა, იცოდეთ ყოველი პროდუქტის დანიშნულება. მაგალითად, სახის დასაბანი ქაფი და რძე არბილებს კანს და იდეალურია როგორც მშრალი, ისე მგრძნობიარე კანისთვის. გელი კი ღრმად წმენდს, შეიცავს მჟავებს, შესანიშნავია ცხიმიანი კანისთვის. მჟავის შემცველი საშუალებებით სარგებლობა ნუ შეგაშინებთ, განსაკუთრებით, თუ პრობლემური ან ძალიან ცხიმიანი კანი გაქვთ.