№27 როგორ ვებრძოლოთ ჭარბი და სუნიანი ოფლის გამოყოფას
ნინო კანდელაკი ანი რევია
ზაფხულის დადგომასთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბი ოფლის გამოყოფის პრობლემა ჩნდება. ოფლს საოფლე ჯირკვლები გამოყოფს, აორთქლებისას სხეულის ზედაპირს აგრილებს და ორგანიზმს გადახურებისგან იცავს. ოფლთან ერთად, ორგანიზმიდან წიდებიც გამოიყოფა.
ჭარბი ოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი, შეიძლება, გამოწვეული იყოს ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰორმონალური დისბალანსის, მენოპაუზის შედეგად და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ადამიანი ჯანმრთელია და მაინც ზედმეტად ოფლიანობს, მაშინ, ეს შესაძლოა ტანსაცმლის ან საკვების ბრალი იყოს. ცხელ ამინდში მოერიდეთ შემოტმასნილი, სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს, ასევე, ძნელად გადასამუშავებელი საკვების, მწარე, მჟავე და ცხარე პროდუქტების მიღებას. ჩაიცვით მხოლოდ ბამბის, სელის ან აბრეშუმის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი და მიირთვით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. გასაგრილებლად, ტკბილი, გაზიანი სასმლის ნაცვლად, დალიეთ მინერალური წყალი. არ არის სასურველი ბევრი ყავა, რადგან ის ოფლიანობას მოგიმატებთ.
ზოგადად, ოფლთან საბრძოლველად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა. სიცხეში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება თმასა და ტანზე, ამიტომ, ცხელ ამინდში, აუცილებელია დილა-საღამოს იბანაოთ და გამოიყენოთ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები. ოფლის მკვეთრი სუნის მოსაცილებლად უმჯობესია ბურთულიანი ან მშრალი ანტიპერსპირანტი, რადგან დეზოდორანტი აქრობს სუნს, მაგრამ არ ამცირებს ოფლიანობას. ანუ, მის შემადგენლობაში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც სპობს მიკროორგანიზმს და მათთან ერთად, ოფლის სუნს. დეზოდორანტი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა გამოიყენოთ.
ოფლის სუნის გასაქრობად ყველაზე მარტივი საშუალებაა ჩვეულებრივი, საკვები სოდა. გახსენით სოდა წყალში, დაასველეთ დოლბანდი და წაისვით იმ ადგილებში, სადაც ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ. ეს პროცედურა აუცილებლად დაბანისა და გაპარსვის შემდგომ ჩაიტარეთ და იღლიაში სისველისა და უსიამოვნო სუნისგან მთელი დღის განმავლობაში იქნებით დაცული.
ანტიპერსპირანტი საგრძნობლად ამცირებს ოფლის გამოყოფას. ის შეიცავს ალუმინს, მარილებს, თუთიას, რომლებიც ავიწროებენ საოფლე ჯირკვლების სადინარებს და ხელს უშლიან ოფლის გამოყოფას. მისი გამოყენებისას იღლიის კანი მშრალია. რაც შეეხება მიკრობებს, მათ ანტიპერსპირანტი არ ებრძვის. მისი მოხმარება უმჯობესია დილით, შხაპის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა და მისი მთლიანად შეჩერება არ შეიძლება. ამიტომ ანტიპერსპირანტი დღეში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ და არავითარ შემთხვევაში – ფიზიკური დატვირთვის დროს. ხშირად დაასვენეთ კანი, რომ საჭირო დოზით გამოყოს ოფლი და სახლში ყოფნისას მხოლოდ ჩვეულებრივი ჰიგიენური საშუალებები გამოიყენეთ, მაგალითად, საბავშვო ტალკი. ასევე, ნუ გამოიყენებთ სხვა სქესისთვის განკუთვნილ დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტებს, ვინაიდან ქალისა და მამაკაცის იღლიის ქვეშ PH-ის სხვადასხვა დონეა.
ოფლის საწინააღმდეგო ხსნარები კი თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ:
* ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა და 3 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი, დაამატეთ 4 სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი და რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ჭურჭელში და წაისვით იღლიაში, დაბანილ კანზე სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე.
* 3 სუფრის კოვზ გვირილას, რომელიც აფთიაქში იყიდება, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. მიღებული ხსნარით გაიწმინდეთ იღლიები და დღის განმავლობაში უსიამოვნო სუნისგან დაზღვეული იქნებით.