კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 „კრიმინალური“ სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც იმ სიზმრებში, რომლებსაც ხშირად ხედავდა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ დათო უყვარდა. რაც საკუთარი თავი ახსოვდა, ეს ცისფერთვალება ბიჭი ყოველთვის მის გვერდით იყო. ჯერ ერთად თამაშობდნენ, მერე ბაღში წავიდნენ ერთად... ბაღიდან – სკოლაში და ერთ დღეს მიხვდა – დათუნას გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა. მათი ურთიერთობა ჩვეულებრივ მეგობრობაზე გაცილებით მეტი იყო. რაღაც ძალიან სერიოზულის, ძლიერი გრძნობის დასაწყისი...
  ახალგაზრდა კაცმა ორივე ხელი ჩაავლო საჭეს დს სიჩქარეს მოუმატა. თავდაჯერებული იერი ჰქონდა, აშკარად კმაყოფილი იყო საკუთარი თავით.
– კარგად დადის შენი მანქანა. მშვენივრად მისრიალებს. უხმაუროდ... მომწონს, კარგად „კრეფს“. ვერც გრძნობ სიჩქარეს.
– ნელა იარე, ახალი ნაწვიმარია. თან უკვე  საკმაოდ ბნელა.
– ნუ გეშინია, შენგან განსხვავებით, სტაჟიანი მძღოლი ვარ.
– რა კარგი საღამო იყო, – გვანცას ბედნიერების ნაპერწკალი აენთო თვალებში. რაღაცნაირად შეხედა ბიჭს, თითქოს დიდი საიდუმლო ჰქონდა გასამხელი.
– მამაშენს კვირას დაველაპარაკები. დედაჩემთან ერთად მოვალ. ბევრი ხალხი არ გვინდა. ოჯახური სადილი საკმარისი იქნება. პირველად ხომ არ შეხვდებიან ერთმანეთს. ესეც არ იქნებოდა საჭირო, მაგრამ ოფიციალური სახე უნდა მივცეთ, ხალხი რომ არ ვალაპარაკოთ.
გვანცა განაბული იჯდა, გაღიმებული. უკვე კარგად ჩამობნელდა. ქალაქამდე სამი-ოთხი კილომეტრი რჩებოდა. კერძო აგარაკებს გასცდნენ. მანქანა დიდი სისწრაფით შევარდა მოსახვევში. გვანცამ ხმადაბლა წამოიკივლა.
– გეხვეწები, ცოტა ნელა იარე...
– ხომ გითხარი, ტყუილად ნერვიულობ, ჩემთან როცა ხარ, არ უნდა გეშინოდეს.
– ვიცი, მაგრამ სიფრთხილე არ გვაწყენს. ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება...
– ნერვიულობა არავისთვის შეიძლება, – საჭესთან მჯდარი ახალგაზრდა კაცი ზედმეტად თავდაჯერებული იყო და არც უფიქრია ქალის სიტყვების აზრს ჩასწვდომოდა – ქორწილზე რომ ჯერ არ უნდა ვიფიქროთ, ამაზე უკვე შევთანხმდით, ხომ ასეა?
– ჰო, მაგრამ... – ამოიოხრა გვანცამ.
– არავითარი მაგრამ... არც ფული მაქვს, ქორწილი რომ გადავიხადო, არც დრო. ახლა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
– რა თქმა უნდა, შენ ხომ ოჯახს ქმნი, უფრო სწორად, ოჯახს ერთად ვქმნით.
– ეგ  არ მიგულისხმია. ჩვენ შორის განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, ერთად ვიწყებთ ცხოვრებას და ამას საჯაროდ ვამბობთ. აი, ჩემი კარიერა კი ძალიან მნიშვნელოვანია. ფრთხილად უნდა ვიყო და არაფერი შემეშალოს.
– მესმის, მაგრამ ქორწილი ხელს რაში შეგვიშლის. ისე ვნატრობდი, თეთრი კაბა ჩამეცვა... ტორტს თავად გამოვაცხობდი – ყველაზე ლამაზს და განსაკუთრებულს. ფულიც მაქვს. მამაჩემმა თქვა, რომ ჩვენი ქორწილისთვის მზად არის, ის ფული დახარჯოს, რომელიც საცხობის განახლებისთვის ჰქონდა გადადებული. მაგის გაკეთება მომავალ წელსაც შეიძლებაო.
– მომისმინე, არაფრის დახარჯვა არ არის საჭირო, ზუსტად ამ დღეებში ჩემი უმცროს პროკურორად დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყდეს. ქორწილის დრო არ არის, ყოველ შემთხვევაში, ახლა.
– და, როდის იქნება ეგ დრო? – წყენით ჩაილაპარაკა გვანცამ.
– არ გვინდა. უკვე ხომ ყველაფერზე შევთანხმდით: ნუ გავიფუჭებთ ამ მშვენიერ საღამოს, – გაღიზიანდა ახალგაზრდა კაცი.
– ძალიან ჩქარა მიდიხარ, ფრთხილად! აქ დასახლებული უბანია.
– ჭკუას ნუ მარიგებ, ძალიან გთხოვ. გვანცა, რა გემართება, ჩვენ ხომ უსიტყვოდაც გვესმის ერთმანეთის, ახლა რა გჭირს? ნუთუ ქორწილი და თეთრი კაბა ჩვენს ბედნიერებაზე მნიშვნელოვანია.
– არა, რა თქმა უნდა.
– მაშინ საკამათოც არაფერია.
– ჰო, რა თქმა უნდა. ღმერთო, როგორი წვიმაა.
– მერე რა, წვიმა როდის აქეთ გახდა პრობლემა. ბოლო დროს რაღაც ძალიან ემოციური გახდი.
– მართლა ვნერვიულობ, – ამოიოხრა გვანცამ და საქარე მინას მიაშტერდა. წვიმა ძლიერდებოდა და მინის საწმენდები სულ სწრაფად მოძრაობდნენ. გვანცა აუხსნელმა მოუსვენრობამ შეიპყრო. ისეთი განცდა დაეუფლა, რომ აუცილებლად რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. უნდოდა, დათოსთვის კიდევ ერთხელ ეთქვა, სიჩქარეს დაუკელიო, რომ მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა. გაისმა საშინელი ღრჭიალი და შეჯახების ყრუ ხმა.
– ღმერთო, ეს რა იყო? დათო, რას დაეჯახე?
– დამშვიდდი, – ფერდაკარგულმა დათომ ოფლით დასველებული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა, – მგონი, ძაღლს გავკარით. ნუ გეშინია, მანქანა ძალიან არ გაფუჭდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე გავაკეთებ.
– გააჩერე მანქანა, უნდა ვნახოთ, მართლა ძაღლი იყო თუ არა. იქნებ... იქნებ ადამიანს დაეჯახე? – გვანცას ხმა აუკანკალდა.
– გეყოფა, ისტერიკა საჭირო არ არის. კარგი, გავაჩერებ, მივალ და ვნახავ. ოღონდ, დამპირდი, რომ ამ პანიკას აღარ გააგრძელებ, – დათომ მანქანა გზიდან გადააყენა და მკვეთრად დაამუხრუჭა. შეშფოთებას უკმაყოფილებით ფარავდა.
– ასეც არ შეიძლება: გასაგებია, რომ უსიამოვნო შემთხვევაა, მაგრამ ამისთანა ამბავი არ უნდა ატეხო. აი, მივდივარ, რომ შენი მოთხოვნა დავაკმაყოფილო.
– ჰო, მიდი, ნახე... თუ ადამიანია, უნდა დავეხმაროთ. დროზე ვუშველოთ. ღმერთო, რა საშინელება...
– გაჩუმდი! – იყვირა მოთმინებადაკარგულმა დათომ. მანქანის კარი გააღო და გადავიდა.
მოლოდინის წუთები უსასრულოდ გაგრძელდა. გვანცა გაფითრდა და უკვე მთელი სხეულით კანკალებდა. როცა დათო მანქანაში დაბრუნდა, ერთიანად სველი იყო. წვიმის წყალი სახეზე ჩამოსდიოდა. ტუჩები გალურჯებოდა და თვალებში კი შიში ჩაბუდებოდა.
– რა იყო? – მაშინვე ჰკითხა ქალმა.
– არაფერი. ხომ გეუბნებოდი. ხედავ, რა დღეში ჩამაგდე. ახლა შეიძლება, გავცივდე. სულ სველი ვარ.
– დარწმუნებული ხარ, რომ იქაურობა კარგად შეამოწმე?
– გვანცა, გეყოფა! ამაზე ლაპარაკი უნდა დასრულდეს. დაივიწყე. მანქანას ხვალვე მივიყვან გასაკეთებლად.
გვანცამ თვალები დახუჭა. საკუთარ თავზე გაბრაზდა, რომ მისი ახირების გამო დათოში ეჭვი შეეპარა. „ეტყობა, მართლაც ძაღლი იყო“, – გაიფიქრა და ძაღლიც შეეცოდა. ემოციამ ისე დაღალა, სახლში მისვლისთანავე საწოლში ჩაწვა და დაიძინა. არც ტელევიზორი ჩაურთავს და არც ის გაუგია, რა მოხდა სინამდვილეში...
  დათომ კარი თავისი გასაღებით გააღო. ქალს არ ეძინა და დათომ ეს იცოდა. არასდროს იძინებდა, სანამ შვილი სახლში არ დაბრუნდებოდა. იჯდა და ელოდებოდა. შეეძლო, მთელი ღამე გაეთენებინა.
– დაგაგვიანდა, სად იყავი? – ხმა ზუსტად ისე მკაცრად ჟღერდა, როგორც ბავშვობაში. დედა ძალიან უყვარდა, მაგრამ მისი გვერდით ყოფნა ანერვიულებდა. ფიქრებს თავს ვეღარ უყრიდა. ასაკის განცდასაც კარგავდა.
– ხომ იცი, სადაც ვიყავი და ვისთან ერთადაც. რა ჩვევა გაქვს ამ უაზრო შეკითხვების დასმის.
– რატომ არ მიჯერებ. რატომ არასოდეს მიჯერებ? ფუნთუშების მცხობელი რატომ უნდა მოგყავდეს ცოლად?! შენს მომავალზე როგორ არ ფიქრობ. ხვალ-ზეგ, როცა მთავარი პროკურორი გახდები, მცხობელი ცოლი სად უნდა გამოაჩინო?
– დედა, ხომ გაგაფრთხილე... ჯერ ერთი, გვანცა კონდიტერ-დეკორატორია, თანაც, მე ის მიყვარს. წავედი, უნდა დავიძინო. ხვალ გვიან მივდივარ. იმედი მაქვს ბეჭდის ყიდვა არ დაგვიწყებია.
– არ დამვიწყებია, – ჩაილაპარაკა ქალმა უკმაყოფილოდ, – ოჰ, როგორ არ მინდოდა ეს ყველაფერი.
– დედა... ისედაც თავი მტკივა, – მოიღუშა დათო, – უნდა დავიძინო. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს. თუ გიყვარვარ, გვანცას თბილად მოექეცი. ვერ ვხვდები, რა გემართება. ამდენი წელია, ჩვენი ოჯახები მეგობრობენ, გვანცას ბავშვობიდან იცნობ.
– ჰო, ვიცნობ. სწორედ მაგიტომ მინდოდა შენთვის ცოლად სხვა, – ჩაილაპარაკა მანანამ.
დათომ ხელი ჩაიქნია და საძინებელში გავიდა. კარი ღია დატოვა. გაიგონა, როგორ ჩართო ქალმა ტელევიზორი. უკვე იძინებდა, რომ ტელეწამყვანის ერთმა ფრაზამ ბოლომდე გამოაფხიზლა. ფეხზე შეშლილივით წამოხტა, ოთახში გამოვარდა, გაოცებულ დედას პულტი გამოგლიჯა ხელიდან და უკან გადაახვია. როცა ინფორმაცია სრულად მოისმინა, პულტი ხელიდან გაუვარდა. იატაკზე ჩაიკეცა და დაიღმუვლა.
– ღმერთო, დათო, შვილო! რა მოგივიდა? რა ხდება? – შეშინებული მანანა ვერაფერს მიხვდა. შვილის სახის გამომეტყველებამ და არაბუნებრივმა სიფერმკრთალემ დააფრთხო. სამზარეულოში გაიქცა და წყლით სავსე ჭიქით მობრუნდა.
– გამომართვი, დალიე. მითხარი, რა ხდება. ცუდად ხარ? სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?
დათო იატაკზე იჯდა. თვალებდახუჭული, გამალებით სუნთქავდა. მისი ტვინი ავტომატურად მუშაობდა: „რა მოხდება ახლა, რა მოხდება? ყველაფერი წყალში იყრება. ვიღუპები. იქნებ რამე საშუალება იყოს, იქნებ იყოს“. – ერთბაშად წამოხტა. ჭიქას ხელი გაჰკრა. წყალი დაიღვარა.
– არ იტყვი, რა გჭირს? ნუ გადამრიე, ამოიღე ხმა!
– უნდა წავიდე, ახლავე უნდა წავიდე.
– კი მაგრამ, სად მიდიხარ, რა ხდება? ჭკუიდან ნუ შეიშალე?
– დედა, თავი დამანებე. ახლა ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს. მერე მოგიყვები ყველაფერს, როცა დავბრუნდები, თუ საერთოდ დავბრუნდი.
მანანამ წამოიკივლა. შვილს უკან გამოუდგა, მაგრამ მისი შეჩერება ვერ შეძლო.
– რას ამბობ? გავგიჟდები. დათო, სად მიდიხარ? – აღმოხდა ღონემიხდილს. უცებ რაღაც გაახსენდა. ტელეფონს მივარდა. დარეკა, ზარი გადიოდა მაგრამ არავინ პასუხობდა. ახლა სხვა ნომერზე დარეკა. აშკარად გაუმართლა, ცოტა გვიან, მაგრამ უპასუხეს.
– ვახტანგ, მანანა ვარ. გვანცას მინდა, დაველაპარაკო. არ ვიცი მშვიდობაა თუ არა. სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ. უნდა გააღვიძო. ძალიან მეშინია.   დათო სახლიდან წავიდა. არ ვიცი, სად და რატომ. იქნებ გვანცამ იცოდეს.
ვახტანგი შვილთან შევიდა. გვანცას მშვიდად ეძინა. ძილში იღიმოდა და საყვარელ ბავშვს ჰგავდა. შუბლზე ჩამოშლილ ჯიუტ კულულზე მიეფერა და მხარზე ფრთხილად შეახო ხელი...
***
  დათომ ქუჩაში გაჩერებული მანქანა შედარებით განათებულ ადგილას გადააყენა და ყურადღებით დაათვალიერა. მძღოლის მხარეს ბამპერი ოდნავ იყო შეჭყლეტილი და სისხლი ეცხო. პანიკამ მოიცვა. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, იქვე, ეზოში შევიდა, ონკანი მოუშვა, დაასველა და ისევ მანქანასთან დაბრუნდა. სისხლს გამალებული წმენდდა. „იქ კამერები არ ყოფილა... ბამპერი ნებისმიერ ადგილზე შეიძლებოდა დაზიანებულიყო. იქნებ ვერავინ გაიგოს სიმართლე. იქნებ გადავრჩე... თუმცა, მანქანა ხომ ჩემი არც არის. რატომ წამოვიყვანე, მე რატომ წამოვიყვანე? არა, ვერ დავუშვებ, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყაროს. გამოსავალს ვიპოვი... ჰო, რა თქმა უნდა. შეუძლებელია, გამოსავალი არ არსებობდეს. მანქანა უკვე იქ არის, სადაც უნდა იყოს. ახლა გასაღები რჩება. გვანცას, ალბათ, სძინავს. არა უშავს, ავალ და ვახტანგს დავუტოვებ.
 გვანცას გაუჭირდა ძილიდან თავის დაღწევა. მერე, ერთბაშად გააცნობიერა, რომ მამა ტყუილუბრალოდ არ გააღვიძებდა და შეშფოთებულმა იკითხა:
– რამე მოხდა?
– არ ვიცი, მანანამ დარეკა. დათო სადღაც წავიდაო და ნერვიულობს. მაპატიე, რომ გაგაღვიძე. იქნებ დაელაპარაკო.
გვანცა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა. მიუხედავად იმისა, რომ მანანას ბავშვობიდან იცნობდა, ამ, ერთი შეხედვით, კეთილგანწყობილი ქალის მიმართ თბილი გრძნობები ვერ გაუჩნდა. შეიძლება, იმიტომ, რომ მანანა მამამისს დაუფარავად ეპრანჭებოდა. გვანცას დედა ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როცა გოგონა რვა წლის იყო და მას შემდეგ ვახტანგი ზრდიდა. ის დედაც იყო და მამაც. ცოლის შერთვა აღარ უფიქრია. მანანას „თავდასხმებს“ თავაზიანი ღიმილით პასუხობდა. არაჩვეულებრივი, დარიჩინიანი ფუნთუშების ცხობა იცოდა. მათ პატარა საწყობს მთელი ქალაქიდან აკითხავდნენ ამ ფუნთუშის „ფანები“. გვანცაც იქვე იყო. მამა ცომს მისცემდა ხოლმე. გოგონაც უცნაური ფორმის ორცხობილებს აკეთებდა და ფუნთუშებთან ერთად გამოსაცხობ ტაფაზე დებდა. მამასთან ყოფნა მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. მანანა ამ იდილიას ურღვევდა...
– გვანცა, დათო მოვიდა.
– დათო? აქ მოვიდა? აქ არის? – გვანცამ სწრაფად ჩაიცვა ხალათი და მისაღებ ოთახში გამოვიდა. შეხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა.
– უნდა დაგელაპარაკო, – თქვა დათომ და მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
– მე გავალ, ჩაის მოგიმზადებთ, – ვახტანგმა შვილს ანიშნა, აქვე ვიქნებიო და სამზარეულოში გავიდა.
– რა მოხდა?
 დათომ სახე ხელისგულებში ჩარგო, – არც ვიცი, როგორ გითხრა... გვანცა, საშინელება მოხდა.
– რაც უნდა იყოს, თქმა სჯობს, თანაც სიმართლის... ჩვენ ხომ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. შენი სახის გამომეტყველება მაშინებს.
– ტელევიზორისთვის არ გიყურებია?
– ტელევიზორი რა შუაშია? – გაოგნდა გვანცა.
– ანუ, არაფერი იცი, საერთოდ არაფერი? დედაჩემი უყურებდა და უცებ გავიგონე, რაც მოხდა იქ, გზაზე.
– ღმერთო! – აღმოხდა გვანცას, – შენ ვიღაცას დაეჯახე, მე კი მომატყუე.
– გვანცა, მომისმინე, მე მართლა არ მინახავს იქ ის გოგო. არ მინახავს, თორემ არ დავტოვებდი. გეფიცები, არ გავიმეტებდი.
– ღმერთო, ღმერთო... – გვანცამ ტელევიზორი ჩართო, ხელი უკანკალებდა, როცა გადამრთველით უკან ახვევდა პროგრამას.
  ... მძღოლი ავარიის ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს. დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობენ. პაციენტი კონტაქტური არ არის. პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონია და შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის ის. დამნაშავე მძღოლისა და ავტომობილის ძებნა გრძელდება...
– დათო, ეს შენ დაეჯახე მას. ჩვენ ის მივატოვეთ და სასიკვდილოდ გავიმეტეთ. მომატყუე, როცა მითხარი, რომ იქ არავინ იყო. ეს როგორ... როგორ გააკეთე?
– გვანცა, მომისმინე, იქ მართლა არავინ მინახავს, იქ არავინ ყოფილა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. შენ ხვდები, რა მელის?
გვანცამ ცრემლიანი თვალები მიაპყრო.
– როგორ გგონია, გადარჩება? იქნებ გადარჩეს.
დათომ ამოიოხრა.
– გვანცა... გიყვარვარ?
– რას მეკითხები? რა თქმა უნდა, მიყვარხარ. მაგრამ...
– არა, არა... მათქმევინე. თუ გვიპოვეს, ანუ თუ მოვიდნენ, უნდა თქვა, რომ საჭესთან შენ იჯექი. მანქანა შენია. ეს უბედური შემთხვევა იყო. შენ შეძლებ ამის დამტკიცებას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3