№27 სწორად დაგეგმეთ წონის დასაკლები დღეები
არსებობს ისეთი პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია წონაში დაკლებისთვის. ბევრი შუადღის შემდეგ საკვებს კატეგორიულად არ მიირთმევს. არადა, მთავარია, ამ დროს ცოტა ჭამოთ, თანაც, ადვილად მოსანელებელი და მსუბუქი საკვები. რაც შეიძლება, ბევრი ივარჯიშოთ და მეტი ენერგია დახარჯოთ. გახდომის მსურველებმა უმჯობესია, დიეტა მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეს დაიცვან. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ მთვარის ფაზებს, იკვებეთ სწორად და ასე დაგეგმეთ დღეები წონის დასაკლებად. მაგალითად, დიეტის დაცვა კარგია ხუთშაბათს. თუ ეს გიჭირთ, შეეცადეთ საკვების მიღებისგან საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი. ასევე, შეამოწმეთ, ხომ არ ცხოვრობთ ან მუშაობთ გეოპათოგენურ ზონაში. თუ ასეა, მაშინ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ინტერიერი და ამით წონის პრობლემასაც ადვილად დაარეგულირებთ.
ვერძის ნიშნით დაბადებული გურმანია და უკეთესი იქნება, თუ დიეტას სპორტით ჩაანაცვლებს. უნდა შეარჩიოთ ისეთი დიეტური საკვები, სადაც ჭარბად იქნება ცილები, ნახშირწყლები და ვიტამინები. უნდა მოერიდოთ ცხიმიან საჭმელს.
გურმანი კუროებისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვება, ცომეულის გარეშე და კვირაში ორი დღე ფიტნესცენტრში ვიზიტი.
ტყუპების ნიშნით დაბადებულებმა, შიმშილის დასაკმაყოფილებლად კვების რაციონში რაც შეიძლება მეტი პროტეინის შემცველი პროდუქტები უნდა ჩართონ, მაგალითად, თევზი, ყველი და კვერცხი.
კირჩხიბებისთვის პრობლემას სწრაფად ჭამა წარმოადგენს. რაციონში შეიტანეთ ნაკლებკალორიული პროდუქტები, დაკავდით ცურვით, დღის ბოლოს კი მიიღეთ მცენარეული ჩაი, თაფლთან ერთად.
მეფურად კვებას მიჩვეული ლომისთვის ეფექტური იქნება თევზეულის მიღება, იმუნიტეტის ასამაღლებლად კი – ციტრუსები. დიეტის დროს ლომებისთვის აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულატორები – ვაშლი და ბოსტნეული.
ქალწულებმა კარგად იციან თითოეული საკვები პროდუქტის კალორიების შემცველობა, ერთმანეთისგან არჩევენ სასარგებლო თუ მავნე ნივთიერებებს. მათზე ყველაზე უკეთესად მაინც ფიზიკური აქტივობები, იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები მოქმედებს. მოერიდეთ მძიმე საკვებს, ყავასა და ალკოჰოლს.
მგრძნობიარე სასწორები ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ და ხშირად დიეტისას სახიფათო უკიდურესობებს მიმართავენ. უმჯობესია, ყურადღება ორგანიზმში ბალანსის დაცვასა და შლაკების გამოდევნაზე გაამახვილოთ. თქვენთვის სასარგებლოა სტაფილო, ბარდა, სიმინდი და ფაფები.
მტკიცე ხასიათი მორიელებს საშუალებას აძლევს, გაუძლონ ცდუნებას. ფორმის შენარჩუნებისთვის ქოლესტერინის შემცველი პროდუქტები ხილ-ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ, ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისთვის კი, კარგია ზღვის პროდუქტები და იოგურტი.
მშვილდოსნებისთვის კარგია ზღვის პროდუქტების დიეტა და მსუბუქი ეგზოტიკური საკვები. თუმცა უნდა მოერიდონ ჩინურ და ტაილანდურ სამზარეულოს, რადგან მშვილდოსნების ღვიძლზე ცხარე და ცხიმიანი საკვები ცუდად მოქმედებს. უმჯობესია, რაციონში მწვანილები, სტაფილო, მზესუმზირა და კარტოფილი შეიტანოთ.
თხის რქებმა იციან კვების ბალანსი და ამიტომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება ნაკლებად აწუხებთ. თუმცა, ხშირად აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ამიტომ უნდა მოერიდოთ ცხიმიან საკვებს, შეზღუდოთ ალკოჰოლი და მიეძალოთ მინერალურ წყალს.
მერწყულებს უყვართ ექსპერიმენტები, მათ შორის, კვებაშიც. მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, დღის განმავლობაში მიირთვან ვიტამინებითა და მინერალებით სავსე საკვები.
რომანტიკული თევზებისთვის მნიშვნელოვანია წონის შენარჩუნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხშირად აღენიშნებათ ენდოკრინული დაავადებები, ამიტომ, უნდა მიიღონ იოდისა და ცილების შემცველი პროდუქტები: ხორცი, ყველი და კვერცხი. ასევე, სასარგებლოა სალათები, ლობიო, ბოსტნეული და ხილი.