№27 რა დამხმარე ოპერაცია მოიფიქრა ბერიამ ატომური შპიონაჟის წარმატებისთვის
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ოპერაცია, რომელზეც ლეგენდარული პავლე სუდოპლატოვი მოგვითხრობს, ანუ – „ნაცისტებზე ნადირობა“, კრეატიული დაზვერვის თვალსაჩინო ნიმუში, შედევრი იყო და ის ბერიას გენიამ შექმნა. გეგმის მიხედვით, ეს ოპერაცია გაქცეული ნაცისტების მოძიებას, ჩამოყვანასა და მათ დასჯას ითვალისწინებდა. ოპერაცია შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დაზვერვებთან ერთად დაიგეგმა და ისინი საბჭოთა უშიშროებასთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ცვლიდნენ ინფორმაციებს და ერთობლივ ოპერაციებსაც ატარებდნენ. სხვათა შორის, ამ ერთობლივმა ქმედებებმა 2 ათასზე მეტი ნაცისტი ბოროტმოქმედი გამოააშკარავა და მათ საკადრისი სასჯელიც მიიღეს. ოპერაციის სტრატეგიული დანიშნულება კი სულ სხვა იყო. ნაცისტებზე ნადირობის პროცესში საბჭოთა მზვერავებს, რა თქმა უნდა, შეხება ჰქონდათ თავიანთ ამერიკელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან. ძაღლის თავიც სწორედ აქ იყო დამარხული. ერთობლივი ანტიფაშისტური აქციების დროს დაახლოებულ მზვერავებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები უყალიბდებოდათ და სწორედ ამ მომენტს იყენებდნენ სპეციალურად საამისოდ მომზადებული „ჩეკისტები“. ისინი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით თავიანთი კოლეგების გადაბირებას ახორციელებდნენ და საბჭოეთზე ამუშავებდნენ. მიზანი კი ერთი იყო – ატომურ სამუშაოებზე გასვლა და ამას „ჩეკისტები“ უდიდესი ოსტატობით ახერხებდნენ. პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ამ ოპერაციას მრავალსვლიანი კომბინაცია ჰქონდა. ლაიტმოტივი კი – ებრაული პატრიოტიზმი იყო. ეს კი ასე იშიფრებოდა: ებრაული წარმოშობის საბჭოთა მზვერავებს თავიანთ კოლეგა-თანამემამულეებზე ებრაული პატრიოტიზმის კუთხით უნდა მოეხდინათ ზემოქმედება და ამგვარად მიეღწიათ ატომურ საიდუმლოებამდე. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომბინაციამ ათასი პროცენტით გაამართლა. ჩვენი დაზვერვა ცოლ-ქმარ როზენბერგებზე გავიდა და სწორედ ისინი გვაწვდიდნენ ყველაზე ძვირფას ინფორმაციებს ატომურ ბომბზე. მართალია, მოგვიანებით ისინი ჩავარდნენ და ამერიკულმა მთავრობამ სიკვდილით დასაჯა, რაც ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ...“
გაქცეულ ნაცისტებზე ნადირობა, რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო და სასარგებლო საქმე იყო, მაგრამ მთავარი მიზანი საბჭოთა ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და სწორედ იქითკენ მიისწრაფოდნენ ბერიას ხელქვეითები. მთელ ამ ისტორიაში ნიშანდობლივი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ ბერიას გეგმით ჩამოყალიბდა ებრაული ეროვნების საერთაშორისო სადაზვერვო-დივერსიული სინდიკატი, რომელსაც საბჭოთა დაზვერვა წარმატებით, ძალიან დიდი ეფექტურობით იყენებდა. სხვათა შორის, როდესაც სტალინის ჩანაფიქრით, ებრაული სახელმწიფო შეიქმნა, ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა ისრაელის დაზვერვის ბურჯი შეადგინა. მანამდე კი, სანამ ებრაელები ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას აწარმოებდნენ, ამ ადამიანებმა ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს მომავალი სახელმწიფოს შესაქმნელად. მართალია, მათ სტალინი და საბჭოთა დაზვერვა უწევდა დახმარებას და კოორდინაციას, მაგრამ მთავარი მაინც ეროვნული იდეა იყო და ეს იყო ებრაელებზე ზემოქმედების მთავარი ხაზიც და მამოძრავებელი სტიმულიც... პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ვინც ფიქრობს, რომ უძლიერესი ებრაული დაზვერვა ცარიელ ადგილზე ან თავისთავად ჩამოყალიბდა, ის რეალურად ვერ აზროვნებს. „მოსადს“ საბჭოთა დაზვერვის დიდი დახმარებით ჩაედგა სული და მის ჩამოყალიბებაშიც კარგა ხანს ვეხმარებოდით. შემდგომ კი უკვე მათ თავადვე „გაქაჩეს“. ებრაულ იდეას გაჰყვნენ. ეს კი ძალიან დიდი რამაა და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ იდეის დიდი სტიმულის მიმცემი სწორედ ლავრენტი ბერია იყო, რომელმაც ებრაელების ეს თვისება საბჭოეთის სასიკეთოდ გამოიყენა და შემდეგ მის განვითარებას შეუწყო ხელი...“