№27 რა იწვევს ნაადრევ სიბერეს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ჩვენ არ შეგვიძლია დაბერებაზე პასუხისმგებელ გენებზე ზემოქმედება, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აჩქარებს დაბერებას და მათი გავლენის შემცირება ყველა ქალს შეუძლია:
ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება
ალერსიანი მზე არც ისეთი კეთილგანწყობილია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის მიმართ, ულტრაისფერი სხივების გავლენით კანი უხეშდება, ეშვება და ნაოჭდება – ამ მდგომარეობას „მზის ელასტაზი“ – ფერმერების, მეზღვაურების და გარუჯვის მოყვარულთა დაავადება – ეწოდება. თუ მზის ზემოქმედება 5 წუთზე მეტს გრძელდება, იწვევს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას, აზიანებს კანის დამცავ სისტემას. კოსმეტოლოგების აზრით, ნაადრევად დაბერების ნიშნების 90 პროცენტი მზის გავლენით ჩნდება, მხოლოდ 10 პროცენტია ორგანიზმის ბუნებრივად დაბერების გამო. ამიტომ მინიმუმამდე დაიყვანეთ მზით დასხივება, ასევე, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.
მოწევა
ნიკოტინი არის მეორე მტერი. მწეველები უფრო ასაკოვნად გამოიყურებიან, ვიდრე არამწეველები. მათ 82 პროცენტით მეტი ნაოჭი აქვთ. სიგარეტი შეიცავს ენზიმს, რომელიც ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას. შესაძლოა „ტუჩი+სიგარეტი“ მეტად სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ ის დამღუპველად მოქმედებს პირის გარშემო კანზე. ნიკოტინი, ასევე, უარყოფითად მოქმედებს ფილტვებზე, გულზე, ტვინზე. სიგარეტის მოწევით ჩნდება დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აჩქარებენ დაბერების პროცესს. ასე რომ, თავი დაანებეთ მოწევას და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა დიდხანს.
ქრონიკული უძილობა
ძილის ეკონომია ნიშნავს ორგანიზმისთვის აღდგენის შესაძლებლობის მოსპობას, სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას. 23 საათის შემდეგ აქტიურდება ჩვენი იმუნური სისტემა, იწყება რეგენერაციის ფაზა. ცუდი ძილი არის გაღიზიანების, უყურადღებობის, დამატებითი სტრესისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მომატებული რისკი. ამიტომ ყური დაუგდეთ საკუთარ ბიორიტმს.
ცხიმი მუცელზე
წელის მიდამოში არსებულ ცხიმი არ აღიქვათ, როგორც მხოლოდ კოსმეტიკური ნაკლი. მუცელზე არსებული ცხიმი განსაკუთრებულია, თავისებური ქიმიური ფაბრიკაა, რომელიც მაღლა სწევს შაქრის, ქოლესტერინისა და წნევის დონეს. იმ ქალების სისხლძარღვთა სისტემა, რომელთა წელის გარშემოწერილობა ნორმას აღემატება, დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება. სისხლში შაქრისა და ლიპიდებისთვის განმსაზღვრელია წელის გარშემოწერილობა და არა წონა. იმ ადამიანსაც კი, რომლის წონაც ნორმის ფარგლებშია, შეიძლება ჰქონდეს პატარა მუცელი. აუცილებლობისას გახდით ან შეინარჩუნეთ წონა, ეცადეთ ცხიმი კარდიოვარჯიშით დაწვათ.
სტრესი
როცა სტრესი ქრონიკული ხდება, კორტიზოლის გამომუშავება იმატებს. ეს ჰორმონი აიძულებს კუნთებს, შეიკუმშოს, მუცელს – ზომაში მოიმატოს, შაქრის დონე და არტერიული წნევა გაიზარდოს. კორტიზოლი ასევე უარყოფითად მოქმედებს კანზე, აშრობს მას. მოდუნდით (მედიტაცია, იოგა, ტაი-ჩი, ცურვა, სეირნობა ან სექსი – აირჩიეთ თქვენი გემოვნებით). დაძაბულობის მოხსნა შეგიძლიათ არომაზეთებიანი აბაზანით.
საკუთარი აუცილებლობის შეგრძნება
ადამიანის ტვინი და სხეული სინქრონულად მუშაობს, როგორც კი ტვინი გადაწყვეტს, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, ორგანიზმიც მაშინვე იწყებს ამ მითითების შესრულებას. მოძებნეთ ობიექტი, რომელზეც იზრუნებთ. შესაძლოა, ეს იყოს სხვა ადამიანი, ცხოველი ან ოთახის მცენარეც კი.