№27 ზაფხულის ინფექციური დაავადებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ზაფხულის დადგომასთან ერთად, თავს იჩენს მრავალი ინფექციური დაავადება, მაგალითად, სხვადასხვა ნაწლავური ინფექცია, რომლებიც დასვენების ტკბილ დღეებს გვაშხამებს. ზოგადად, ამ სეზონზე ადამიანის დაინფიცირების რისკი დიდია, რადგან სითბო და წყალი ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელებას.
ამ სეზონზე ყველაზე ხშირი ნაწლავური ინფექციებია, თუმცა ვირუსული ინფექციებისგანაც არ ვართ დაზღვეული – არსებობს ენტეროვირუსული ინფექციების მთელი ჯგუფი. ეს ყველაფერი გამოხატულია ერთი სიმპტომით – ნაწლავთა აშლილობით, ანუ კუჭის გახშირებული მოქმედებით. სამედიცინო ენაზე ამას დიარეა ჰქვია. მას შეიძლება, ახლდეს ცხელება და ღებინება ან საერთოდ არ გამოიხატოს დამატებითი სიმპტომებით. დაავადება გრძელდება ერთი ან რამდენიმე დღე. თუ გახშირებული კუჭის მოქმედება 5-6 დღე გაგიგრძელდათ, თვითმკურნალობას არ დასჯერდეთ და მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობას შედეგი აქვს მაშინ, როცა ზემოთ ნახსენები ყველა სიმპტომი ერთ ან ორ დღეში გაივლის და ადამიანი დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გადის კუჭში. გართულებულ სიტუაციებში, თუ ექიმი დროულად არ ჩაერია, ძალიან ცუდი რამ ხდება – გაუწყლოება და შოკი. ადამიანს შეუძლია, იმდენი სითხე დაკარგოს, რა წონაც აქვს. თუ მის წონაზე მეტი სითხე იკარგება, ორგანიზმი კი ვერ იღებს სითხეს, მაშინ ვითარდება დეჰიდრატაციული შოკი.
ნაწლავური ინფექცია ზაფხულის ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა. არ არის ადვილად გადასაჭრელი პრობლემა და უყურადღებობით, მისგან გამოწვეული მიზეზებით შეიძლება ადამიანი დაიღუპოს კიდეც.
ასეთ სიტუაციებში განსაკუთრებით მისახედია ბავშვები, რომლებსაც ასაკთან შედარებით, მეტი წონა აქვთ. თუ მოზრდილი ადამიანისთვის დღეში 2–3 ლიტრი სითხის მიღება პრობლემა არ არის, ბავშვისთვის შეიძლება პრობლემატური ოყოს. მსგავს მდგომარეობაში არიან მოხუცები. მათ უფრო ხშირად აქვთ ასეთი მომენტები, რაც დაკავშირებულია მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობასთან. მათი კუჭ-ნაწლავი არასტაბილური და არამდგრადია. სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება, იყოს დაზიანებული და დარღვეული, რაც კიდევ ცალკე პრობლემას ქმნის. ამიტომ, ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ ინფექციებს.
აუცილებლად უნდა მიიღოთ სითხე, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ნაწლავური სინდრომი და გაჩნდა თუ არა მსგავსი პრობლემა. ზაფხულში, როცა ცხელა, ადამიანი ისედაც კარგავს სითხეს ოფლის სახით, რომლის შევსებაც აუცილებელია. სითხეებში არ იგულისხმება გაზიანი სასმელები. მიიღეთ წყალი და ნატურალური წვენები.