№27 რის მოლოდინში ატარებენ ქრისტიანები მთელ ცხოვრებას და როდის აძლევს ღმერთი ადამიანს სიღარიბეს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დღეს ქართველებს განსაცდელებით სავსე ცხოვრება გვაქვს, თითქმის ყველა სფეროში ვაწყდებით არაერთ პრობლემას. ასეთ დროს ხშირად გვავიწყდება უფლისთვის დახმარების თხოვნა, ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთხელ გადამოწმება, რათა საკუთარ შეცდომებს კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ქრისტეშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე საბერძნეთში, ბრძენთა საკრებულოში გონიერი, ბრძენი, განსწავლული ადამიანები შეიკრიბნენ და დასვეს კითხვა: რისგან შეიძლება მეტი განათლების მიღებაო. ზოგმა თქვა ფილოსოფიისგან შეიძლებაო, ზოგმა – რიტორიკისგანო, ზოგმა – ტრიგონომეტრია დაასახელა. ბოლოს ერთ ჩუმად მყოფ ბრძენ ადამიანს ჰკითხეს: შენ რას გვეტყვიო. მან ასეთი პასუხი გასცა: როცა უკეთურების ჩადენას გადავწყვეტ, მაშინ ვიღებ ყველაზე მეტ განათლებასო. ამიტომ დავდივართ ეკლესიაში, რომ უკეთურება შევწყვიტოთ და მეტი სიკეთე გავაკეთოთ, მეტი სიმშვიდე, სიყვარული. მთელი ცხოვრების განმავლობაში უფალთან ურთიერთობით უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდები ვიყოთ, ნაკლები უკეთურება ჩავიდინოთ, ნაკლები ბოროტება. მეტი სიყვარული, სიკეთე, თავმდაბლობა და სიბრძნე იყოს ჩვენში. სამოთხეში დამკვიდრება ადამიანის წმიდანობას ნიშნავს. ადამიანი მადლით ხდება წმიდანი. ჩვენც დედაეკლესიის წიაღში ვცდილობთ, მივაღწიოთ განღმრთობას. წმიდანებმა კი დახმარება, მეოხება უნდა აღმოგვიჩინონ. შევევედროთ წმიდანებს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს სიმშვიდემ. ღმერთმა აგვარიდოს კიდევ ერთი განსაცდელი. თუ მთელი სულითა და გულით ვილოცებთ, ღმერთი აგვაცილებს განსაცდელს. მოციქულებს განსაკუთრებით პეტრეპავლობის მარხვაში უნდა ვევედროთ. მართლმადიდებელი ქრისტიანები არავის წინააღმდეგები არ არიან, გარდა ცოდვისა. ხშირად ვამბობთ: ცხოვრებაში არაფერი იცვლებაო. შეცვალე შენი თავი, ცხოვრება და შენ გარშემო ბევრი რამ შეიცვლება.
– როგორ უნდა შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი თავი? რას ვაკეთებთ ყველაზე ხშირად არასწორად?
– ათონელი მამები გვარიგებენ ქართველ მართლმადიდებლებს, წუხან ჩვენს მდგომარეობაზე. თუ გინდა, ადამიანს დაეხმარო, ყველი და პური კი არ უნდა გაუგზავნო, არამედ სიბრძნე და საკუთარი გამოცდილებიდან უნდა მისცე რჩევები. ასეთია ათონელი მამის დარიგებები: რას ვითხოვთ და რას ვიღებთ. არქიმანდრიტი წერს: „ვითხოვე უფლისგან ძალა, რათა წარმატებებისთვის მიმეღწია, მაგრამ მივიღე უძლურება“. პავლე მოციქული გაიხსენეთ: როცა ვარ უძლური, მაშინ ვარ ძლიერიო. როცა მიხვდები, რომ უძლური ხარ, მაშინ ევედრები უფალს: უფალო, შემიწყალე... უფალო, დამეხმარე... მაშინ ხარ ძლიერი, როცა საკუთარ თავში შენს უძლურებას აღმოაჩენ. „კვლავ ვთხოვე ძალა და სირთულეები მივიღე, რათა გადამელახა ის“. კიდევ ითხოვა ძალა, მაგრამ უფრო მეტი სირთულე მიიღო და უფრო მეტი ძალა, რომ ეს სირთულეები გადაელახა. ღმერთი, სირთულეებთან ერთად, ძალასაც აძლევს ადამიანს, რომ ეს სირთულეები გადალახოს. „ვითხოვე უფლის სიბრძნე, მაგრამ მან პრობლემები მომცა, რათა ისინი გადამეწყვიტა.“ ადამიანი, როცა პრობლემებში ვარდება, უნდა მოიქექოს ტვინი და გადახედოს წმიდანების ცხოვრებას. ამ დროს ბევრი რამ გაახსენდება. „ვითხოვე უფლისგან ეკონომიკური მდგომარეობა და მან შრომისუნარიანობა მომცა.“ ჩვენ ხომ ვიცით: მომეცი, მომეცი, გამამდიდრე და მან მოგვცა შრომის უნარი – ხელი გაატოკეო. „ვითხოვე უფლისგან გამბედაობა და მან საფრთხეები მომივლინა მე“. საფრთხეებში ადამიანი უნდა იყოს გამბედავი და უნდა ითხოვოს უფლის დახმარება. „ვთხოვე უფალს სიყვარული და მან მომცა რთული ადამიანები, რათა მათ დავეხმარო.“ როცა სიყვარულს ვეძებთ ან ვინმე გვიყვარდება, გვგონია, რომ ის ყველაზე კარგი ადამიანია. ამ დროს შეიძლება, ყველაზე უხასიათო და რთული პიროვნება იყოს. შენი სიყვარული მაშინ გამომჟღავნდება, როცა იცი, რომ ეს ადამიანი ძალიან რთულია და მაინც გიყვარს, მასთან ერთად აპირებ ცხოვრებას ან უკვე შექმნილი გაქვს ოჯახი. ჩვენ გვგონია, რომ სიყვარული ვარდისფერია, თეთრი რაში, ძვირფასი მანქანა, სახლი, მაგრამ სიყვარული ის არის საერთოდ, რომ ვერ უგებთ ერთმანეთს, განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანია, მაგრამ მაინც მასთან ერთად ყოფნა გინდა და მასთან ერთად ადიდებ ღმერთს. ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული. „ვთხოვე უფალს სიხარული, მან კი მომცა შანსი, რომ გამომეყენებინა”.
– ეს რას ნიშნავს, მამაო?
– იმას, რომ ჩვენ გამზადებული სიხარული გვინდა, მაგრამ ღმერთი გვაძლევს შანსს, რომ ეს სიხარული გვქონდეს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჩვენ ლანგარზე დადებული სიხარული გვინდა, მაგრამ თუ ამ შანსს, მომენტს გავუშვებთ, ვერ ვეღირსებით სიხარულს. როგორც წმიდანებმა არ გაუშვეს ხელიდან მომენტი და წმიდანები გახდნენ. მაგრამ ჩვენ როგორ ვიცით ხოლმე: შანსი არ არის, შანსი არ არისო და ველოდებით სხვა რაღაცებს. როგორ არ არის შანსი, შანსს ღმერთი გაძლევს და არ უნდა გაუშვა ხელიდან, თორემ მერე მთელი ცხოვრება მის მოლოდინში იქნები. „დიდი საქმეების საკეთებლად უფალს ჯანმრთელობა ვთხოვე, მაგრამ მან საქმის უკეთ საკეთებლად ინვალიდობა მომცა“. ძალიან ბევრი უნარშეზღუდული ადამიანი მინახავს, რომლებმაც თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისწავლეს ასე ცხოვრება და ბევრ რამეს მიაღწიეს. როცა ადამიანი ყველანაირად მოწესრიგებულია, არანაირი ფიზიკური პრობლემა არ აქვს, ის ზარმაცია. მაგრამ როდესაც ადამიანი გარკვეულ შესაძლებლობებს არის მოწყვეტილი, ის უფრო ბევრ რამეს აკეთებს. „ვითხოვე უფლისგან სიმდიდრე, რათა ბედნიერი ვყოფილიყავი და მან სიღარიბე მომცა, რომ დავბრძენებულიყავი.“ ჩვენ ხომ ყველას სიმდიდრე გვინდა. სიღარიბეში ადამიანი ძალიან გონიერია, ყველაფრის ფასი და ყადრი იცის. „ვთხოვე უფალს ძალაუფლება, იმისთვის, რომ ადამიანებს განვედიდებინე, მაგრამ უძლურება მომცა, რომ ღმერთის საჭიროება მეგრძნო.“ ქართველებს ხომ განდიდება, ეპისკოსპოსობა, მღვდლობა, დირექტორობა, უფროსობა გვინდა. ღმერთი არ გვაძლევს ამას, რადგან ამაში განგვადიდებენ და განდიდებული ადამიანი დაივიწყებს ღმერთს. „ვთხოვე უფალს ყველაფერი, რათა სიცოცხლეში გამეხარა. მან კი მომცა სიცოცხლე, რომ ყველაფრით გავიხარო.“ სიცოცხლე მთავარი საბოძვარია, რაც ღმერთმა მოგვცა და თუ სიცოცხლე გვექნება, მერე გავიხარებთ ყველაფრით. და ბოლოს ასე ამთავრებს: „რაც ვითხოვე, არაფერი მომცა, რაც მსურდა, ვერაფერი მივიღე, თუმცა, მივიღე ყველაფერი, რაც ნამდვილად მჭირდებოდა.“ ანუ ითხოვა ყველაფერი, რაც არ სჭირდებოდა და მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. ჩვენ ხშირად არ ვიცით, რა უნდა ვითხოვოთ. ამიტომ, რაც მოგცათ ღმერთმა, დასჯერდით იმას და მადლობა გადაუხადეთ. ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, სიცოცხლით დავტკბეთ. გვიხაროდეს, თუ ვართ უძლურებაში, უპოვარებაში. არცერთი შანსი არ გავუშვათ ხელიდან ბედნიერებისა, სიყვარულისა და სიხარულისა.