კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ დაუპატიმრეს ნანა მესხს 15 წლის ასაკში დედა და როგორ დარჩა ის ძმასთან ერთად დამწვარ სახლში, დედისა და მამის გარეშე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  „...მოთხოვნილი განაჩენი – უმკაცრესი... დამდგარი განაჩენი – კიდევ უფრო მკაცრი!!!.. გაოგნებული პროკურორი ქალის ცრემლიანი თვალები დღესაც ახსოვთ იქ მყოფ ადამიანებს... მოგვიანებით ქალაქში ხმა დაირხევა, რომ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკის იშვიათი მაგალითი იყო... იშვიათი სისასტიკის მაგალითი... „გმირობა“... და-ნარჩენობა... ასე მგონია, უნიჭო სპექტაკლს ვესწრებიო, მშვიდი ღიმილით თქვა ლამაზმა ქალმა და შვილებს გადახედა... გოგოც და ბიჭიც ღირსეულად იდგნენ, თუმცა დედის გულს არ გამოეპარა მათ მზერაში შეპარული დაბნეულობა... თქვენ ხომ ჩემი შვილები ხართ? სისუსტე არ შეგვფერის! ეს დროებითია, მალე ისევ ერთად ვიქნებითო... დედის სიტყვებს ლოყაზე სილის გაწვნის ეფექტი აღმოაჩნდა...“ ეს სიტყვები ცნობილი კომპოზიტორის, ნანა მესხის ბიოგრაფიული ჩანაწერების მეექვსე ამბავია. მშვენიერი, მხიარული, მუდმივად ხალისიანი, მოღიმარი კომპოზიტორის თვალებს ძალიან ბევრი ენით აუწერელი და დაუჯერებელი სირთულე, განსაცდელი აქვს ნანახი, გამოვლილი, განცდილი... თუმცა სანამ მისი წარსული ცხოვრების შესახებ დავიწყებთ საუბარს, გეტყვით, რომ ნანა სამთვე-ნახევრის ტკბილი და ლამაზი გოგონას, ნიცას დედაა, რომელმაც დედიკოს თვალებს კიდევ მეტი სიხარული, სიკეთე  და ბევრი ლამაზი სხივი შემატა.
  ნანა მესხი: ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ნიცას დაბადების წუთიდან შეიცვალა. როგორც კი დაიბადა, იმ მომენტიდანვე მქონდა განცდა, რომ აქამდე არ მიცხოვრია, რომ ორივე ერთად მოვდივართ მთელი ცხოვრება. დედიკოს გარეშე ვერ ძლებს და სულ მეძებს, მიცინის, მზერით დამდევს. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ მე ხომ მამსგავსებენ, მაგრამ დედაჩემსაც ამსგავსებენ, რომელიც ძალიან ლამაზი ქალი იყო. ჩემში აღმოვაჩინე, რომ დაუსრულებლად ვეფერები, რადგან მე სწორედ ასეთ ოჯახში გავიზარდე. დედა სულ მეძახდა: ნაკო, დედიკო... აღმოვაჩინე, რომ ჩემს „გოჭიკოსაც“ დედა სიტყვებით ვეფერები. ვუმღერი, თან მასზე მოგონილ ტექსტს ცნობილ მუსიკებს ვადებ ხოლმე და ისე უჩუყდება გული, თვალებზე ცრემლები ადგება და ტირილს იწყებს. რამდენჯერმე ნათლიებს დავუტოვე, ერთმანეთზე უკეთესი 7 ნათლია ჰყავს და როდესაც სახლში დავბრუნდი, მოწყენილი დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მხიარული ბავშვია ასეთ დროს არ მიყურებს ხოლმე, მიბრაზდება. 2-3 საათით რომ ვტოვებ,  ნახევარი საათი მჭირდება, რომ ჩემკენ მოვახედო. რომ ვაკოცებ, მოვეფერები, მერე შემომირიგდება ხოლმე.
– მამაც ჩართულია ბავშვის გაზრდაში?
– მამიკო ბედნიერია და მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ნიცას ყველაზე მაგარი და ყველაზე ვაჟკაცი მამა ჰყავს.
– ვინც შენ გიცნობს, ვისაც შენთან ჰქონია ან აქვს ურთიერთობა, ვერ წარმოიდგენს, რომ საკმაოდ მძიმე ცხოვრება გაქვს გამოვლილი, დიდი ტრაგედიებით სავსე. მომიყევი შენი ოჯახის შესახებ.
– დიდ სიყვარულში ვიზრდებოდი, არაჩვეულებრივი ბებია-ბაბუა მყავდა. ვასო ფრანგიშვილი – დედაჩემის მამა, ინჟინერი, გამომგონებელი იყო, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მისი ნახაზები მუზეუმებში იყო გამოფენილი: ტუშით ხაზავდა სახაზავის გარეშე. დედა ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი იყო, მეცნიერებათა კანდიდატი, ლექციებს კითხულობდა და პირველი ქართველი  ქალი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რომელმაც საგანში – „მექანიზმებისა და მანქანების თეორია“ – ხარისხი დაიცვა. ისიც ფანტასტიკურად ხაზავდა და საოცარი ორატორული ნიჭი ჰქონდა. მამა სამთო ინჟინერი იყო, უკარგესი ადამიანი, ყოფილი მოჭიდავე, ფიზიკურად ძალიან ძლიერი. მერვე კლასში ვიყავი, როდესაც მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა. ეს იყო პირველი დიდი დარტყმა, თუმცა მანამდე, 10 თვით ადრე, ბაბუა – მამაჩემის მამა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე, მაგრამ წინ უფრო დიდი განსაცდელი გველოდა. მახსოვს, აგვისტო იყო. ვაჟაზე ვცხოვრობდით, მამამ ჩამოგვაცილა მე, ჩემი ძმა – ბიძინა, დედა, თავად სამსახურში წავიდა და ნახევარ საათში გარდაიცვალა. ჩემი ძმა უკვე დიდი იყო, მე მაქსიმალურად ამარიდეს ყველაფერი. დედის ცრემლი არ მინახავს. სამნი დავრჩით ნახევრად გარემონტებულ სახლში, რომელიც დაახლოებით 5 თვეში დაგვეწვა. მეექვსე სართულზე ვცხოვრობდით და ჩვენს ზემოთ, ეგრეთ წოდებული, საშრობი იყო. ერთ-ერთმა მეზობელმა საკუთარ სახელოსნოში გააჩინა ხანძარი, იქ უნდოდა ბინის გაკეთება. იფიქრა ხანძრის შემდეგ ჭერს აწევდა და შემდეგ სრულფასოვან ბინას გააკეთებდა. იმ დღეს ძლიერი ქარი იყო და ჩვენს სახლსაც მოედო. დედას მამას გარდაცვალების შემდეგ სტენოკარდიული შეტევები ჰქონდა ხოლმე. ხშირად იწვა, წამლებს სვამდა. იმ დღესაც იწვა და ეძინა. ჩემი ძმა გასული იყო, მე გვერდით კორპუსში ვიყავი, მეგობართან. ჩვენი მეზობლის ბიჭმა, იურა სიმონიანმა კარი ჩამოიღო, რომ დედა გაეღვიძებინა, რადგან შეიძლებოდა, ბოლისგან გაგუდულიყო. ჩამოიყვანეს დედა ეზოში. სამივე ვიდექით და ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჩვენი ბინა. რატომ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება დედის მიამართ? გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი დედა იყო, მსგავსი სიძლიერის  მამაკაციც არ შემხვედრია. დედაჩემი მშვიდი სახით იდგა და გვეუბნებოდა: მთავარია, ჩვენ ვართ ცოცხლებიო. შეგვრცხვა, რამე  გვეთქვა. მთელი სამეზობლო მოგვეხმარა, საოცარი ხალხი იყო. ვედროებით ეზიდებოდნენ წყალს, უზარმაზარი ტბა იდგა ჩვენს ბინაში. ცოტა ხანი ვერ გავჩერდით, შემდეგ ერთ ოთახში გავაგრძელეთ ცხოვრება. მაგრამ ყველაზე საშინელი რამ წინ გველოდა, დედა სამ კვირაში დააპატიმრეს.
– რისთვის დააპატიმრეს?
– წინა დღეს უახლოესი მეგობრები, პროფესორები მოვიდნენ დედასთან და უთხრეს: აშკარად რაღაც იგეგმება შენ წინააღმდეგო. დედას გაუკვირდა, რადგან ვერ წარმოედგინა, ვის შეიძლებოდა მის წინააღმდეგ დაეგეგმა რამე, რადგან ყველას ძალიან უყვარდა. ვერ იპოვიდი სტუდენტს, ვინც მასზე ცუდს იტყოდა. მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირში მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადდა. საქართველო იმ დროს იყო ქვეყანა, რომელიც ამ კუთხით ყველაზე კორუმპრიებული იყო. გამოცხადდა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ვინც ამას შეუწყობდა ხელს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ აწინაურებდნენ. შევარდნაძის რეზოლუციამ, მისმა თავის მოწონებამ, რის შემდეგაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი სხვა ოჯახის ტრაგედიას დაუდო საფუძველი. ამაში კი ორმა ადამიანმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, დედას მექრთამეობა დააბრალეს. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგანი ცნობილი პიანისტი ქალის მამა იყო, მეორე დედასთან კათედრაზე მუშაობდა. მანამდე სხვებს მოუსინჯეს კბილი, თუმცა იქ არ გაუვიდათ. დედა უწესიერესი ქალი იყო, ფული ცხოვრებაში არ აუღია. ეს გააკეთეს იმ დროს, როდესაც დედა ფიზიკურად არ დადიოდა უნივერსიტეტში, ცუდად იყო და სახლში იწვა. ააგორეს ინფორმაცია, რომ საოცრად მდიდრები ვიყავით.  ჩვენს სახლში გამომძიებლები რომ მოვიდნენ და ნახეს, დამწვარ სახლში, ერთ ოთახში ვცხოვრობდით, გაგიჟდნენ. გვითხრეს, რომ დედასთან გასაუბრება სურდათ, მოწმის სახით უნდა წაეყვანათ განყოფილებაში. იმ დღეს დედა იწვა, სიცხე ჰქონდა და ჩემმა ძმამ უთხრა: მე წამოვიყვან ჩემი მანქანითო. დღემდე ვერ მოუნელებია, ჩემი მანქანით როგორ ჩავაბარე დედაო. მოუწყვეს 4-საათიანი დაკითხვა და იქვე აიყვანეს პატირმობაში. თითქოს მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ეს იყო 16 თებერვალს.  ორი თვე ტანსაცმელი არ გამიხდია – არც ღამე, არც დღე. ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა და მეგონა, უცებ დამირეკავდნენ, მეტყოდნენ, ჩქარა, წაიყვანეთო და არ მინდოდა, დრო დამეკარგა. პირველად მაისში ვნახე, სასამართლო პროცესზე. დედა, რომელიც იყო პუტკუნა, უცებ, ვხედავ 40 კილო აქვს დაკლებული, თმა გაჭაღარავებული, იმ შავი სამოსით, რომლითაც წაიყვანეს. ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება. ბადრაგი, რომელსაც დედა მოჰყავდა, ტიროდა, რადგან მთელმა თბილისმა იცოდა, რა ხდებოდა. შესვენებაზე დედასთან შეგვიყვანეს. დედას ამ შეხვედრებზე წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი და 3-4 სასაცილო ისტორია მომზადებული, რომ ჩვენ არ გვეგრძნო, რამდენად ცუდად იყო. გვაცინა, ყველაფერი კარგად იქნებაო. მის თვალზე ცრემლი არ დამინახავს. სასამართლო პროცესი ძალიან მძიმე იყო. სამ დღეს გაგრძელდა. დედას წინააღმდეგ ჩვენება რამდენიმე სტუდენტმა მისცა, რომლებიც პროვინციიდან, გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ. პარტკომში დაემუქრნენ: გაგრიცხავთო...  და მათაც დედას დაადეს ხელი. იქვე გადათქვეს, მაგრამ მეორე დღეს ისევ გადმოათქმევინეს. ყველა მიხვდა, რომ ეს თეთრი ძაფით ნაკერი საქმე იყო. რაც შეეხება სასჯელს, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა იურისპრუდენციაში. პროკურორი ქალი იყო და მან მინიმალური სასჯელი მოითხოვა: 8 წელი, რადგან ეცოდებოდა, იცოდა უდანაშაულო იყო. მოსამართლემ კი, რომელიც  ცნობილი სამედიცინო გვარის წარმომადგენელია, იმ დროს ცნობილი მექრთამე იყო და დღემდე აგრძელებს ადვოკატის საქმიანობას, რადგან ფული ვერ აიღო ჩვენგან, სასჯელი მოუმატა და 10 წელი მიუსაჯა. ამ დროს დედა იდგა მშვიდად  და აქეთ გვამშვიდებდა: არ დავინახო ყურების ჩამოყრა, უხასიათოდ ყოფნა, ვიბრძოლებთ და მალე გამოვალო. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან მძიმე წლები. ჩემმა ძმამ საოცრებები ჩაიდინა. მას დააწვა კისერზე ყველაფერი. დედის დაპატიმრების შემდეგ სამსახურიდან მომენტალურად გამოუშვეს. არაფერს თაკილობდა, ფიზიკურად მუშაობდა, რომ ჩემთვისაც მოეხედა და პატიმარი დედაც შეენახა, რაც იმ დროს განსაკუთრებულად რთული იყო. დედა მატროსოვზე, ქალთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს. იმ დროს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პავლე გილაშვილი იყო, ძალიან წესიერი ადამიანი და ბაბუაჩემის, ნასტუდენტარი. მე და ბაბუა შევედით მასთან, მაშინვე მიგვიღო და გვითხრა: ყველაფერი ვიცი და მხოლოდ ის შემიძლია, რომ  2 წელი ჩამოვაკლო. შეწყალების კომისიამ დედას ორი წელი ჩამოაკლო აბსოლუტურად დამსახურებულად, შემდეგ ამნისტია შეეხო და  ციხიდან თითქმის 6 წლის შემდეგ გამოვიდა. ციხეში მას ყველა უდიდეს პატივს სცემდა – პატიმრები, მენეჯმენტი. ქალბატონოთი მიმართავდნენ. იქ ისე უყვარდათ, ცუდად რომ ხდებოდა, უვლიდნენ, ფეხებსაც კი ბანდნენ. რამდენჯერმე ძალიან ცუდად გახდა, ორჯერ ჩავარდა კომაში, კლინიკური სიკვდილიც ჰქონდა. არაერთხელ დაგვირეკეს: კვდება და წაიყვანეთო. მიუხედავად იმისა, რომ ეს 6 წელი ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, ბევრი სერიოზული საქმე გავაკეთე. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემი ძმაც დადგა ფეხზე. ყველა მნიშვნელოვან კონცერტში ვმონაწილეობდი, ფილარმონიის სცენაზე გამოვდიოდი, იმ პერიოდში შესრულდა ესტრადაზე ჩემი სიმღერები. ყველაფერს დედას გამო ვაკეთებდით, მუდამ გვახსოვდა მისი სიტყვები:  თუ თქვენ ოდნავ მაინც რამე კუთხით უკან დაიხევთ ან შეგელახებათ განწყობა, ვიზუალი, აზრები შეგეცვლებათ ცხოვრებაზე, მე ამას ვიგრძნობ და იმ დღეს მოვკვდებიო. ჩვენი წარმატებები რომ არა, დედა ვერ იცოცხლებდა… 20 მაისს გამოვიდა დედა ციხიდან, ძალიან შერყეული ჯანმრთელობით, მაგრამ მაინც ხალისიანი. იმ წუთიდან დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრება. არ ვსაუბრობდით ამ თემაზე და დავიწყებას მივეცით. ამის მერეც ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა და რომ არა ჩემი ძმა, რომელიც ორივეზე ზრუნავდა, იმ სიტუაციებიდან ვერ გამოვძვრებოდით. დედამ 20 წელი იცოცხლა, ბოლო 5 წელი ცუდად იყო, ინსულტი დაემართა და მე და ჩემი ძმა ვუვლიდით. ბოლო წუთამდე ღიღინებდა, დადებით ენერგიებს აფრქვევდა. მიუხედავად ბევრი ახლობლის ღალატისა, სირთულეებისა, ის არასდროს გაბოროტებულა, ისევე, როგორც ჩვენ. თუმცა, ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდში. მე ნიცას აუცილებლად მოვუყვები მის ამბავს. ვასწავლი, რომ უნდა იყოს უღალატო, არასდროს გაბოროტდეს და მაქსიმალურად ბევრი სიკეთე აკეთოს. მისი ამქვეყნად დაბადებაც დედას დათესილი სიკეთის დაბრუნებაა ჩემთვის.

скачать dle 11.3