№26 ნანა ნებიერიძე ერთადერთ მამაკაცს ელოდება
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ნანა ნებიერიძე ის ადამიანია, რომელიც ყველგან და ყოველთვის ფორმაშია, ყურადღებას იპყრობს და თავისი შარმით, მიმზიდველობითა და თბილი ბუნებით, ნებისმიერ ადამიანს აყვარებს თავს. მიუხედავად ამისა, მის გვერდით საყვარელი მამაკაცი არ დგას თუმცა, სჯერა რომ ის აუცილებლად გამოჩნდება.
ნანა ნებიერიძე: ზაფხულის პერიოდი ძალიან მიყვარს, რადგან 21 ივნისს ვარ დაბადებული და გარდა ამისა, წელიწადის ეს დრო, სითბოსთან, დასვენებასთან, პოზიტივთან და არდადეგებთან ასოცირდება. გარდა იმისა, რომ ყოველ ზაფხულს წლები მემატება, ახალი შეხედულებებით ვხვდები და ჩემში ახალი ემოცია შემოდის. ასე რომ, ყოველ ამ სეზონზე, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
– ყველაფერ ამას, ექსტრემი, ფლირტი და ახალი სასიყვარულო ემოციაც ხომ ახლავს თან?
– არასდროს ვეძებ და „ვჩალიჩობ“, მაგრამ თუ ფლირტი და სიმპათია სპონტანურად, თავისით მოდის, რატომაც არა? ამისთვის სეზონი, ადგილი და გარემო, სულ არ არის აუცილებელი (იცინის). არ დამავიწყდება, ავსტრალიაში ყოფნის დროს ბულვარში ვიჯექი, ვისვენებდი და ნაყინს ვჭამდი. გავიხედე, ჩემ გვერდით ზის ულამაზესი, უსიმპათიურესი ავსტრალიელი ბიჭი. ისიც ნაყინს მიირთმევს. მიხვდა, რომ მომეწონა და მივხვდი – მასაც მოვეწონე. თან, ნაყინს ვჭამდით და თან ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. ვიგრძენი ის ენერგეტიკა, რაც ქალსა და მამაკაცს შორის უნდა გაჩნდეს. მკითხა, ტურისტი ხარო? ვუპასუხე: არა, წყალში მხტომელი, სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპონატის შეჯიბრებაზე ჩამოვედი-მეთქი. თვალები ჭყიტა: ვაუ, რა მაგარიაო და გავაბით საუბარი. კარგა ხანს ვისაუბრეთ და ისე დავცილდით ერთმანეთს, არც მე გამოვართვი ტელეფონის ნომერი და არც მას უკითხავს. დღემდე მწყდება გული, რომ ის ადამიანი გავიცანი და მალევე, რამდენიმე წუთში, დავკარგე. ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელდა. მის გვერდით იმდენად კომფორტულად ვიგრძენი თავი, დამავიწყდა, რომ მისთვის რაიმე საკონტაქტო ინფორმაცია გამომერთმია. რაც შეეხება ექსტრემალურ სიტუაციას, სულ ვამბობ: არასდროს შევსწრებივარ, მაგრამ რომ დავინახო, ვინმე წყალში იხრჩობა და შველა უნდა, რაც უნდა ღელვა იყოს, მზად ვარ, თავი გავწირო.
– ახლახან ესპანეთში იყავი. ეს საქმიანი ვიზიტი იყო თუ, უბრალოდ, დასვენება. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად გნახეს და მათ გვერდით როგორ აღმოჩნდი?
– ესპანეთში, საქმიანი ვიზიტით ვიყავი. მადრიდში ტარდებოდა ჩემპიონატი წყალში ხტომაში და მსაჯად ვიყავი მიწვეული. ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან სპორტსმენები და მათი მსაჯები. სხვათა შორის, მადრიდში გავხდი ევროპის ჩემპიონი და ეს ქვეყანა ჩემთვის სხვა გრძნობებთან და სიყვარულთან ასოცირდება. მე გახლავართ საერთაშორისო მსაჯი და ამიტომ დამპატიჟეს. მაქსიმალურად ვცდილობ, როცა უცხოეთში ჩავდივარ, იმ ქვეყნის ყველა ღირსშესანიშნაობა ვნახო და ბევრი ვისეირნო ფეხით. კოლიზეუმთან ახლოს ვცხოვრობდი, სადაც კორიდა ტარდებოდა. ყოველთვის მინდოდა ხარებთან ბრძოლის ხილვა „ლაივში“, თუმცა, საშინელება ვნახე. ეს მათი ტრადიციაა, კულტურა, ისტორია, მაგრამ ჩემთვის – მიუღებელი, როცა ამხელა პუბლიკის წინაშე კლავ ცხოველს. ვერ გეტყვით იმ ემოციას, რაც განვიცადე. კი ბატონო, გამიგია, წამიკითხავს, ტელევიზიით მინახავს, მაგრამ იქ მოხვედრილს სრული შოკი დამემართა. ეს ესპანელებისთვის სერიოზული აზარტია, თუმცა, ბარსელონაში ეს ბიზნესი დახურეს, მადრიდში კი, ჯერ კიდევ არსებობს. ჩემ წინ სამეფო ოჯახის სამი წევრი იჯდა და საოცარი ემოციითა და აზარტული შეძახილებით ადევნებდა თვალ-ყურს ბრძოლას, მე კი ჯერ ვერ მივხვდი, რა მოხდა, მერე ხარების საცოდაობით ემოცია მომიზღვავდა, ცუდად გავხდი და გიჟივით ვტიროდი. ყველა მე მიყურებდა. იქიდან დაშოკილი და გულნატკენი წამოვედი.
– იქ ყოფნის დროს სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც სიმპათიურ მამაკაცთან ხარ გადაღებული და ხმაც გავრცელდა, თითქოს შენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა. ეს სიმართლეა?
– უამრავი ნაცნობ-მეგობარი მამაკაცი მყავს და როგორც კი მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს დავდებ, ეგრევე იწყება ჭორები: ნანა ნებიერიძეს ახალი სიყვარული გამოუჩნდა (იცინის). ესპანეთში საქმიან შეხვედრაზე ვიყავი და იქ დამხვდა ჩემი მოსკოველი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვვარჯიშობდი და 20 წელია, არ მინახავს. ჩვენი მეორე მეგობარი კი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და 28 წელი არ მინახავს, იქ ყოფილა, სოციალურ ქსელში ჩვენი ფოტო ნახა, შეგვეხმიანა და ესპანურ რესტორანში შევიკრიბეთ. მივირთვით ღვინო, ბევრი ვილაპარაკეთ, გავიხსენეთ ახალგაზრდობა და რომ ვუთხარი, ბებია ვარ-მეთქი, გადაირივნენ, ყბა ჩამოუვარდათ (იცინის). მითხრეს: კარგი სპორტსმენი რომ იყავი და წარმატებას მიაღწევდი, ვიცოდით, მაგრამ შენს ბებიობას ვერ წარმოვიდგენდითო. ასე რომ, ესპანეთში საყვარელ მამაკაცს კი არ ჩავაკითხე, საქმეზე ვიყავი და შემთხვევით, წლების უნახავი მეგობრები ვნახე. და, თუ მამაკაცის გვერდით მნახეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მისი საყვარელი ვარ.
– შენს მეგობრებს შენი ბებიობა რომ გაუკვირდათ, ის არ შეიმჩნიეს, ასეთი ლამაზი, წარმატებული და შემდგარი ქალი საყვარელი მამაკაცის გარეშე, მარტო რომ ხარ?
– არ უკითხავთ. ჩემი აზრით, დარწმუნებულები არიან, რომ გვერდით უნდა მყავდეს ან მყავს მამაკაცი. ზოგადად, ყველას ასე ჰგონია. ვერ დავმალავ, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მე იმ ერთადერთს, უკანასკნელ მამაკაცს ველოდები, რომელიც ჯერ არ ჩანს. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება.
– დრო რომ გადის?
– დროის არ მეშინია, წავიდეს, მე წლების მატება ვერაფერს დამაკლებს. ახლა უფრო ჯანზე ვარ, „ვიდზე“ და გაცილებით თამამი, ვიდრე წლების წინ (იცინის). ახლა იწყება ყველაფერი, სულ სხვანაირი მოლოდინი და განცდა მაქვს. ბევრი იმასაც მეკითხება, „ყველაზე ძლიერში“ რატომ მიიღე მონაწილეობაო. ეს ჩემი ცხოვრება და გამოწვევაა. ამ პროექტში ბევრი რამ ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, ჯარისკაცივით, რეჟიმში ვიცხოვრე და ეს პროექტი ჩემთვის სიახლე არ იყო. მაინც ბევრი რამ ვისწავლე. ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ უფრო ძლიერი, ამტანი, ლოგიკური და გაწონასწორებული ქალი ვარ. ჩემი ოჯახი და განსაკუთრებით, შვილიშვილი – ალექსანდრე მგულშემატკივრობდა. რომ მიყურა, რა სიძნელეები გადავლახე, ბაღში მივიდა და გამოაცხადა: ბებიაჩემი გოგო, ჯარში წავიდაო. ისეთი ამაყი იყო და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.