კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 თემურ ბაბლუანი: არასდროს მქონია ბევრი ფული და არც მინდა, რომ მქონდეს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: თემური.
გვარი:  ბაბლუანი.
პროფესია: რეჟისორი.
– ბავშვობის მოგონება...
– შვიდ წლამდე სვანეთში ვცხოვრობდი და ძალიან კარგად მახსოვს ის დრო. მახსოვს დათვებს რომ ვუყურებდი. მახსოვს, მხედრები ცხენებით რომ ჩამოიქროლებდნენ, თოფები რომ ეკიდათ და ნანადირევი ჯიხვები და არჩვები მოჰქონდათ. ნახატებივით იყო ეს ყველაფერი. ულამაზესი. მამაჩემს ცხენი ჰყავდა, მარღია ერქვა იმ ცხენს, დიდი ცხენი იყო. მამა ექიმი იყო, დადიოდა ცხენით ავადმყოფებთან, ხშირად მიჰყავდათ და ხანდახან მეც წამიყვანდა ხოლმე. მე წინ ვიჯექი ცხენზე, პალტოშემოხვეული, თავი მქონდა ამოყოფილი და ვიყურებოდი აქეთ-იქით. მერე თბილისში გადმოვედით. აქ უკვე სხვანაირი ცხოვრება იყო. ძალიან არ მინდოდა წამოსვლა და დიდხანს განვიცდიდი.
– თქვენი პროფესია რამ განაპირობა?
– ადრე იურიდიულზე ვსწავლობდი, თავი დავანებე. ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობდი, თავი დავანებე. აგრონომიულზე ჩავაბარე, მაგრამ არ მივსულვარ, მერე ჩავაბარე თეატრალურზე და დავამთავრე. ასე გამოვიდა. ჩემი მეუღლე გავიცანი და არსად წასვლა აღარ მომინდა.
– ცხოვრების ყველაზე მნიშნველოვანი შეხვედრა...
– ჩემს მეუღლესთან, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში, პირველ კურსზე გავიცანი. საღამო იყო, სავსე იყო დარბაზი. მღეროდნენ, სკეტჩებს აჩვენებდნენ. დავიღალე. ამ დროს გამოაცხადეს, რომ ვიღაც წაიკითხავს ლექსს. არ მაინტერესებდა და გარეთ გავედი სიგარეტის მოსაწევად. უცებ გავიგონე ძალიან მაგარი ოვაციები. ვა, რა წაიკითხა-მეთქი ასეთი იმ ვიღაცამ, რომელიც გამოაცხადეს. მივბრუნდი და ვხედავ, ვიღაც გოგო ზის აღელვებული, მივხვდი ეს იყო. ვკითხე: ცუდად ხომ არ ხარ – არაო. ვკითხე: შენ ხარ ის, ვინც ლექსი წაიკითხა? – არ მიპასუხა. მერე მითხრა, ძალიან არ მომეწონე, გაუპარსავი, გაღეღილი იყავიო. მსახიობები, საერთოდ, თავისებურები იყვნენ, მით უმეტეს დამწყებები.
– სიზმრების გჯერათ?
– სიზმარს მნიშვნელობას ვანიჭებ. მე კი არა, სულა – იყო ერთი ასეთი რომის იმპერატორი. მისი ფრაზაა: „არაფერი არ არის ისეთი ნამდვილი, როგორიც სიზმარიო“. ის იმპერატორი იყო და ასეთი აზრი ჰქონდა და მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, „მომენტ“, ვეთანხმები.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ღალატის გარდა – კი. ღალატის პატიება არ გამოდის, ჩემთვის შეუძლებელია. ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალში“, პირველ ქართვულ იურიდიულ დოკუმენტში ბევრი რამ არის ჩამოთვლილი და განმარტებული:  „მოღალატე“ – მოღალატეს ჩვენ არაფერს არ ვუსჯით, ის ყველაფრის ღირსია“. მეც ვეთნხმები, მართალია.
– სამაგიერო თუ გადაგიხდიათ?
– სამაგიერო არის ორნაირი: კარგს თუ გაგიკეთებს და ცუდს თუ გაგიკეთებს. კარგი თუ გაგიკეთა ადამიანმა, შენ ვალში ხარ. თუ ცუდი გაგიკეთა კაცმა, სერიოზულად დაგაზარალა, შენ კი აპატიე, მაგაში ცუდი არაფერია. მამა თავისებური და კეთილი კაცი იყო. არ მახსოვს, ვინმეზე გაბრაზებულიყოს. მე მამაჩემისთანა კარგი კაცი ვერა ვარ. ერთი თანამშრომელი ჰყავდა – მნე, რომელიც სულ უჩიოდა. ერთხელ მოვდივართ და გზად მორღვეული ღობე დაინახა. მეუბნება, ეს იმ კაცის ღობეა, მოდი, შევუკეთოთო... შევაკეთეთ და მითხრა: ეს კაცი მთელ სოფელს სძულს, შეკეთებულ ღობეს რომ ნახავს, ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ჩავარდება – სულ იმის ფიქრში იქნება, ვინ შეაკეთაო. ვუთხარი, ჭკვიან კაცად არ ჩათვლის ამ ღობის შემკეთებელს-მეთქი. იფიქრებს, ვიღაცამ შეცდომით შეაკეთაო. მახსოვს, ეწყინა, თუმცა არაფერი უთქვამს...
– როდის ხართ სევდიანი?
– ჩემი ცოლი ახლა არის პარიზში და მარტო ვარ სახლში, სულ არეულ-დარეული მაქვს ყველაფერი. ერთი ჩემი ნათესავი სვანი მოვიდა. დილით გამაღვიძა. ვილაპარაკეთ და მე ვუთხარი: ჩემი ცოლი მაგრად მომენატრა-მეთქი. იმან მიიხედ-მოიხედა და მითხრა: აბა, რა იქნება, რას ჰგავს აქაურობაო. ვიღაც რომ მაგრად მომენატრება, ძველი სასიამოვნო ამბავი რომ გამახსენდება, შეიძლება, სევდამ გამკრას.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარული თვითონ მთლად ნორმალური მდგომარეობა არ არის, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. სიყვარულს აქვს პასუხისმგებლობა და ერთი რამ: რომ გიყვარს, იმას პატივს უნდა სცემდე. ჩვენ, ქართველებს, გვახასიათებს: უყვარს, გიჟდება, თავს გაწირავს, მაგრამ წესიერად არ ექცევა. უფრო ღირსეულად მოქცევა გვმართებს. ეგეთი რამ მეც მაკლდა და გამოვასწორე.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში...
– მეუღლე არის მთავარი და გადამწყვეტი ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, კაცი არის ისეთი, როგორი ცოლიც ჰყავს! როდესაც კაცს სახლში მისვლა გიხარია, მგონი, აღარაფერზე უნდა ილაპარაკო, ოღონდ შენი მისვლაც უნდა უხაროდეთ.
– დრო და სიყვარული...
– რაც ნამდვილია, იმას დრო ვერ გააუფერულებს, პირიქით, დრო სიყვარულს განამტკიცებს.
– ეჭვიანი ხართ?
– არ ვარ ეჭვიანი, მაგრამ თუ ადამიანს რამე შევატყვე, მაშინ დავფიქრდები ხოლმე.
– რისი გეშინიათ?
– რამდენი რამისაც გინდა, იმდენი რამის მეშინია. არ მიყვარს გაუგებარი სიტუაციები, იძაბები კაცი.
– ფულის მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში?
– არასდროს მქონია ბევრი ფული და სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ მქონდეს.
– პოლიციასთან პრობლემები გქონიათ?
– თქვენ გინახავთ სვანი, პოლიციასთან პრობლემა რომ არ ჰქონდეს? გოგოს გამოც ხშირად მიჩხუბია, მაგრამ უფრო ჩემი ძმაკაცების გოგონების გამო.
– ტიპური სვანი ხართ?
– მე სვანი კაცი ვარ. ბებიაჩემი, ბაბუაჩემი და მისი ძმები რასაც თვლიდნენ, რომ ის არის მართალი, ის ყველაფერი, ოთხმოცი პროცენტი მაინც, ჩემთვის ცხოვრების წესია.

скачать dle 11.3