კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ნორვეგიის დედოფალი მანანა ზარიძის მიერ შექმნილ სამკაულს ატარებს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე მანანა ზარიძე შვიდი წელია, რაც ულამაზეს ხელნაკეთ სამკაულს ქმნის. თვითნასწავლმა დიზაინერმა ეს საქმიანობა საქველმოქმედო მიზნით დაიწყო, თუმცა შემდეგ იმდენად გაიტაცა „ქვებით ხატვამ“, რომ  მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დიზაინერი ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (2012-2017 წლებში), მამუკა ციხელაშვილის მეუღლეა. დიპლომატიური მისიის ფარგლებში, ქალბატონი მანანა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქ ოსლოში და სწორედ იქ დაიწყო ხელნაკეთი სამკაულის შექმნა. უშუალოდ მანანა ზარიძის ჩართულობით მრავალი პროექტი განხორციელდა, რაც ნორვეგიაში ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობას ემსახურებოდა.
– აქამდე თუ გქონიათ შეხება ხელოვნებასთან და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
– როგორც ყველა ბავშვი, მეც დავდიოდი ხელოვნების სკოლაში, მაგრამ მას მერე  ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი აღარ მქონია. სიმართლე გითხრათ, ჩემი ნაკეთობები რა მიმართულებას მიეკუთვნება, არც ვიცი. თბილისში გამართული გამოფენის შემდეგ მხატვრებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის „ფერწერა ქვებით“, რომელსაც სამკაულის დანიშნულება აქვს. თავდაპირველად სამკაულის შექმნა საქველმოქმედო მიზნით დავიწყე.  ტყავზე ვქარგავ ნატურალური ქვებითა და ბისერებით. ვცდილობ, თითოეულ ნაკეთობაში რაიმე ძველი ნივთი გამოვიყენო, რომელსაც ახალ სიცოცხლეს ვძენ. ოსლოში ხშირად დავდიოდი ძველი ნივთების ბაზრობაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი „მშრალ ხიდს“ ვსტუმრობ  და ვეძებ ისეთ დეტალებს, რომელსაც ჩემი სამკაული მოიხდენს. ნაკეთობის შექმნაში იმხელა შრომა იდება, რომ უბრალო მასალის გამოყენება არც კი ღირს.
– როგორია მუშაობის პროცესი? რამდენი სამკაული გაქვთ შექმნილი?
– შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ 25 ნაკეთობა შევქმენი. წარმოიდგინეთ, რა დროსა  და ენერგიას მოითხოვს თითოეული ნაკეთობა. ერთ სამკაულზე თვეობით ვმუშაობ. ჩემთვის მუშაობის პროცესი ძალიან შრომატევადია, მაგრამ სასიამოვნო. სამკაულის წინასწარი მონახაზი არ არსებობს. ნაკეთობა მუშაობის პროცესში იღებს საბოლოო სახეს. საბოლოო შედეგს ჩემი ხასიათი და განწყობა განაპირობებს. ერთი ნაკეთობა მაქვს, რომელიც გიშრის ქვებითა და შავი ბისერით არის მოქარგული. მასში მზის სხივები შეინიშნება. ამ სამკაულს „ნორვეგიული მზე“ დავარქვი. მოგეხსენებათ, ნორვეგიაში, ზამთრის პერიოდში მზე იშვიათად ამოდის და ჩემი ეს ნამუშევარი სწორედ წელიწადის ამ დროს მივუძღვენი. ეს ერთადერთი ნაკეთობაა, რომელსაც სახელი აქვს.
– რა ღირს თქვენი სამკაული და ვის შეუძლია მისი ტარება?
– ამ ეტაპზე ჩემი ნაკეთობა მხოლოდ საქველმოქმედო  მიზნით არის გაყიდული ან გასაჩუქრებული ჩემთვის ძვირფასი და პატივსაცემი ხალხისთვის.სწორედ ნორვეგიის დედოფალი იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც ვუსახსოვრე ჩემი სამკაული – სამეფო ტახტზე ასვლის 25–ე წლისთავთან დაკავშირებით. მისი უდიდებულესობისგან მიღებული მადლობის წერილი ჩავთვალე ჩემი ნაკეთობის პირველ აღიარებად. სამომავლოდ თუ ჩემი სამკაულის გაყიდვას გადავწყვეტ, მისი ტარება შეეძლება ყველას, ვის გემოვნებაშიც ის ჩაჯდება. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ყოველდღიურად გამოსაყენებელი აქსესუარი. ეს უფრო თავდაჯერებული, შემდგარი ქალის სამკაულია.
– როგორი იყო ოსლოში ცხოვრება?
– ოსლოში ოჯახთან ერთად ხუთი წელი გავატარე. მეუღლე გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში. მას წილად ხვდა პატივი, გაეხსნა საქართველოს საელჩო ქალაქ ოსლოში. იყო ელჩის მეუღლე, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რაც პირველ რიგში, გულისხმობს შენი ქვეყნის უკეთ წარმოჩენას საზღვარგარეთ და ასევე, მჭიდრო კონტაქტს შენს თანამემამულეებთან. სწორედ, ამ მიზნით დავაარსე საქართველოს საელჩოს შენობაში პირველი ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ბავშვები ქართულ ენას, ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას სწავლობდნენ. ეს მათ ეხმარებოდა, არ დაეკარგათ კავშირი ქართულ ფესვებთან.
– სამეფო ოჯახთან გქონდათ ურთიერთობა?
– დიპლომატიური ეტიკეტის მიხედვით, ნორვეგიაში ახლად დანიშნული ელჩებისთვის ნორვეგიის სამეფო ოჯახი გაცნობით ვახშამს მართავს. ამ ღონისძიებას ელჩი მეუღლესთან ერთად ესწრება. სწორედ ასე მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა ნორვეგიის მეფესთან და დედოფალთან. ასევე, გვქონდა პატივი, სამეფო ოჯახს ყოველწლიურ საშობაო ვახშამზე შევხვედროდით.
– რას ეხება წიგნი, რომელიც სკანდინავიელი მკითხველისთვის შექმენით?
– ეს წიგნი არის ნორვეგიაში ჩვენი მოღვაწეობის ლოგიკური დასასრული, რომელიც ეძღვნება ნორვეგიელ ხალხს და იქ გატარებულ დაუვიწყარ წლებს. წიგნი გათვლილია სკანდინავიელ მკითხველზე. მასში თავმოყრილია ქართული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო და საქართველოს ღირსშესანიშნაობები. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არის პირველი ორენოვანი (ქართულ-ნორვეგიული) წიგნი საქართველოს შესახებ და არის ჩვენი ქვეყნის „სავიზიტო ბარათი“ სკანდინავიაში და პირველ რიგში, ნორვეგიაში. როგორც ამ წიგნის ავტორისთვის, პირველი აღიარება ნორვეგიის მეფისგან მიღებული მადლობის წერილია.

скачать dle 11.3