№26 რა შემოთავაზება მიიღო გიორგი გილიგაშვილმა „ჰოლივუდიდან“ და რა თანხის სანაცვლოდ სთხოვდნენ მას წვერის გაპარსვას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ცოტა ხნის წინ გიორგი გილიგაშვილი, სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად, „ჰოლივუდს“ სტუმრობდა, სადაც ბევრი საინტერესო შეხვედრა ჰქონდა და სამშობლოში დიდი მოლოდინებით დაბრუნდა, რომლის შესახებაც თავად გიამბობთ.
გიორგი გილიგაშვილი: მე და ჩემი მეგობრები „ჰოლივუდში“ ნიკოლოზ ხომასურიძის თაოსნობითა და კომპანია „ქართული ფილმის“ ეგიდით წავედით საქართველოს წარსადგენად. მე და ლაშა კანკავა ჩოხებით ვიყავით შემოსილები, რამაც დიდი ყურადღება დაიმსახურა. „ჰოლივუდში“ იყო „ვორნერ ბრაზერსისა“ და „პარამაუნთ ფიქჩერსის“ პრესკონფერენცია – მსოფლიო პროდიუსერთა გილდიისთვის. ამ პრესკონფერენციაზე ჩვენ მიწვეული სტუმრები ვიყავით და წარვადგინეთ როგორც ქართული ფილმი, ისე საკუთარი თავები, მსახიობის რანგში. შესაძლებელია, იქ რომელიმე მსოფლიო მასშტაბის პროდიუსერმა დაგინახოს, მეორე დღიდან კი შენი ცხოვრება შეიცვალოს და სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდე. ჩვენმა ხილვამ მათში დიდი გაოცება გამოიწვია. იქ იყო დენი დევიტო, მაიკლ დუგლასი... მეგობრებმა მითხრეს, რატომ არ გადაიღე მათთან ერთად ფოტოებიო (იცინის). ეს ყველაფერი იქ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, შეიძლება, გვერდით შარლიზ ტერონმა ჩაგიაროს, მელ გიბსონმა გამოიაროს და სიმართლე გითხრათ, მათ უფრო უნდოდათ ჩვენთან ფოტოს გადაღება, ვიდრე ჩვენ, რადგან ასე განსხვავებულები დაგვინახეს. ყველას „სამეფო კარის თამაშებიდან“ ვეგონეთ გადმომხტრები და ვუხსნიდი, რომ ეს ქართული ნაციონალური სამოსი იყო, რომ ჩვენი სამშობლო ძალიან დიდი ისტორიისა და კულტურის მქონეა, რომ ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ და რომ ჩემი წვერი ნამდვილია, რაც ძალიან აკვირვებდათ (იცინის). თავიდან ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ წვერს რომ ეხებოდნენ და მის სინამდვილეში რწმუნდებოდნენ, უკვე სხვა რამეებსაც იჯერებდნენ. ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა და ხვალ-ზეგ შეიძლება აბსოლუტურად სხვა დარბაზში გვიხილოთ. შევხვდით „სამეფო კარის თამაშების“, „ავატარის“ პროდიუსერებს, როგორც ვთქვი, „ჰოლივუდის“ წამყვანი პროდიუსერების პრესკონფერენცია იყო. ნიკოლოზის ერთ-ერთმა პროექტმა, რომელიც „ჯინსების თაობას“ ეხება, გაიმარჯვა და საუკეთესო ხუთეულში შევიდა. მსოფლიოს ხუთ წამყვან პროდიუსერს შორის აღმოჩნდა და მათგან რომელიმეს პროექტი უნდა დაფინანსდეს. ნიკოლოზით ძალიან მოიხიბლნენ და ამ დღეებში საბოლოო შედეგებს ველოდებით. თუ ნიკოლოზის პროექტი გაიმარჯვებს, ფილმის გადაღების სრულ პასუხისმგებლობას ისინი იღებენ. თუმცა, ჩვენ სხვა პროექტით – „საქართველოთი“, ვიყავით წასულები, რომელიც მოიცავდა ქართულ ცეკვას, სიმღერას, ღვინის ისტორიას... გვინდა, ეს ყველაფერი ერთ ფილმში გავაერთიანოთ და მსოფლიოს ვანახოთ. იმდენად დიდი მოწონება დავიმსახურეთ, რომ კიდევ ერთ კონფერენციაზე მიგვიწვიეს. რაც შეეხება პიროვნულ დიალოგებს, რადგან ჯერ არ ვიცი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ საოცრად მნიშვნელოვან ხალხთან შეხვედრას, მათი გაჟღერებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ერთი ვიცი, ჩემი ბავშვობის ინგლისურის პედაგოგი უნდა ვნახო, რომ მეტად გავიწაფო ლაპარაკში. მშვენიერებთან სასაუბრო ინგლისური ვიცი, მაგრამ „ჰოლივუდში“ შეიძლება, უფრო მეტი დამჭირდეს (იცინის).
– „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებთან შეხვედრაც გავიხსენოთ.
– დენი დევიტო უსაყვარლესი ადამიანია. იმდენად გაფაციცებით მიყურებდა და მიღიმოდა, მივესალმე, თან, ხანჯლით ვიყავი. მგონი, ქართველი იქ არასდროს ყოფილას ხანჯლით (იცინის). მე უპრობლემოდ დავდიოდი პაპიჩემისეული ხანჯლით, რადგან ალბათ, ყველას ბუტაფორია ეგონა. იქიდან მალიბუს პლაჟზე გავედით, ლას-ვეგასში გამოვისეირნეთ, ნიუ-იორკშიც ვიყავით.
– ლას-ვეგასსა და ნიუ-იორკშიც ჩოხითა და პაპისეული ხანჯლით იყავით?
– დიახ, მშვენიერო, ბევერლი ჰირლზეც. თუმცა იქ უფრო არ უკვირთ. სრულიად შიშველი გოგონები დადიოდნენ, წინ ამერიკის დროშა ეხატათ და შემომთავაზეს, ფოტო ხომ არ გინდა, ხუთ დოლარადო და მე ვეუნებოდი: ხომ არ გინდათ, ჩოხა მოგახუროთ-მეთქი?! (იცინის). ჩემ გვერდით, „ბეტმენი“ და „სპაიდერმენი“ დასეირნობდნენ და ისინიც მეუბნებოდნენ, ხუთ დოლარად ფოტო ხომ არ გინდაო – ასე რომ, არავის არაფერი გაჰკვირვებია. ერთმა მკითხა, შენ რომელი ფილმის პერსონაჟი ხარო?! (იცინის) თუმცა, სამართალდამცველებს რომ გავეჩერებინე, როგორც მეუბნებოდნენ, პრობლემები შემექმნებოდა. მიდი და აუხსენი მერე, მე ქართველი ვარ და ეს ხანჯალი პაპამ დამიტოვაო (იცინის).
– ამ მოგზაურობაში თავდაგადასვლებიც იქნებოდა.
– როდესაც ჩავედი, უსაყვარლესი მოცეკვავე კატია კლიშნა მოვინახულე და ისე მოხდა, რომ ჩემს სიმღერაზე – „მიყვარდა“, ვიდეოკლიპი გადავიღეთ ნიუ-იორკში, ლას-ვეგასში, მაიამიში. ცოტა ისე ჟღერს ეს ყველაფერი, რომ ვერც ვიფიქრებდი (იცინის). საინტერესო კადრები გამოვიდა, რომელიც უკვე მონტაჟდება და მალე მზად იქნება. ლოს-ანჯელესში ბარში შევედით. წინ მშვენიერი შემხვდა, გავუღიმე და მივესალმე. წვერს რომ შეხედა, მეკითხება, მღვდელი ხარო? არა-მეთქი. აბა, ამხელა წვერი რად გინდაო? მე ვფიქრობ, რომ მიხდება-მეთქი. არა, არ გიხდებაო. მინდა, სასმელზე დაგპატიჟოო. ვუთხარი, ჩვენს ქვეყანაში ქალები არ ეპატიჟებიან სასმელზე, მე დაგპატიჟებ-მეთქი და დაინტერესდა, რომელი ქვეყნიდან ხარო? საქართველოდან-მეთქი, ვერ მიხვდა. მერე კავკასია ვუხსენე და – „ხვანჭკარა“?! აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა სომელიე იყო და „ხვანჭკარა“ მისი საყვარელი ღვინო ყოფილა. მერე მეხვეწებოდა ას დოლარს მოგცემ, ოღონდ წვერი გაიპარსეო. ძალიან მესიმპათიურები და სახეს წვერში რატომ მალავო (იცინის). ნახევარზე მეტი გაბრუებული დადის. არავინ თქვას, იქ ყველა იღიმისო. არავინ იღიმის გულწრფელი ღიმილით, ყველა გაბრუებულია რაღაც საშუალებებით და ამიტომ აქვთ ვითომ გაღიმებული სახეები. სხვათა შორის, ერთმა პოლიციელმა მითხრა, მაგარი ხმალი გაქვს, მაგრამ ფრთხილად იყავი, ვინმე არ მოკლაო (იცინის). ერთი წამითაც კი არ დაუშვია, რომ მე ნამდვილი ხმალი მქონდა.
– ბოლოს პირადი ცხოვრების ამბებიც მაინტერესებს.
– კვლავ არავის არ მოვწონვარ, მშვენიერო, რა გავაკეთო?! მეც ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება. არც „ჰოლივუდში“ წასვლამ მიშველა (იცინის). ჩემი გულის კარი ღიაა. თუმცა, მგონი, საკმარისად ღია არაა. ვერ გეტყვით, ჩემი ამპარტავნების ბრალია თუ ჩემი წვერის გამო არ მოვწონვარ გოგოებს (იცინის).
– სხვა გოგოსაც უთქვამს მსგავსი რამ?
– იმ გოგონამ ეს რომ მითხრა, მე ვუთხარი, ორას დოლარს მოგცემ და თავი დანამებე-მეთქი და კარგიო (იცინის). სხვებსაც უთქვამთ, რა არის ამხელა წვერი, რად გინდა. გოგო რომ ნაწნავს ჩაუგდებს სატრფოს ამოსაყვანად, შენ წვერი ხომ არ უნდა ჩაუგდოო – ხშირად მეხუმრებიან ხოლმე უცნობი თუ ნაცნობი მშვენიერები. შენ წვერი რომ არ გქონდეს, კარგი ბიჭი იქნებოდი. სარკე არ გაქვსო? რაც უნდა გასაკვირი იყოს, მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ ხოლმე (იცინის). გემოვნების ამბავია, მე ვფიქრობ, რომ კაცს წვერი უნდა ამშვენებდეს. არა ამსიგრძე, რამხელაც – მე. ეს სიგიჟეა, მაგრამ ეს ჩემი სიგიჟეა. რაც შეეხება გოგონებს, მათ გულები აქვთ ჩარაზული. არ ვიცი, რატომ. რომ ვიცოდე, ხომ გავხსნიდი. თუმცა, პრინციპში, არა, გოგონებს რას ვერჩი, საოცრად თბილები არიან. მაგრამ სულ ვამბობ, ყველა მშვენიერი მთავაზობს ზღვას სიყვარულისას და მე ოკეანე მსურს. ალბათ, ამაშია საქმე, რომ ზღვა არ მყოფნის. სიყვარული მე სხვანაირად მესმის და ვერ გეტყვით, ასე დავიმარხები, ამ ფიქრებით და ვერ შევეყრები ჩემს სატრფოს. თუ შევეყრები და არც „ჰოლივუდი“ დამაინტერესებს და აღარც „ბოლივუდი“ (იცინის). მე სიყვარულს ცოტა სხვა სიმაღლიდან ვუმზერ და ისე მინდა განვიცადო, როგორც მწამს.