კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ვინ იყო ქართველი თავადი, რომელმაც იმპერიის საგანძური გადაარჩინა და რომელი ფილმი გადაიღეს მის გმირულ საქციელზე

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  პეტერბურგელები დღემდე მადლიერებით იხსენებენ ქართული არისტოკრატიის ბრწყინვალე წარმომადგენელს, ზამთრის სასახლის კომენდანტს, თავად ივანე რატიშვილს, რომელმაც 1917 წლის მძიმე დღეებში ორჯერ გადაარჩინა ზამთრის სასახლეში არსებული ერმიტაჟის განძეული: პირველად – თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დროს, მეორედ კი – იმავე წლის ოქტომბრის შეიარაღებული გადატრიალებისას. მისი ცხოვრების გზა გამუდმებით დაბრკოლებებით იყო სავსე, თუმცა, თავადი რატიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა ღირსებით, წესიერებით, კეთილშობილებით, გამბედაობითა და სიმამაცით.
  ივანე რატიშვილი 1868 წელს ქალაქ ორიოლში, პოლკის ოფიცრის, დიმიტრი რატიევის ოჯახში დაიბადა. 10 წლის ასაკში მშობლებმა ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს. შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის საკავალერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, მისივე თხოვნით, სამუშაოდ კავკასიაში გადმოიყვანეს. სამხედრო სამსახური 1890 წელს დაიწყო მეფის რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო ნაწილში, ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული.
დიდუბის იპოდრომზე საჩვენებელი შეჯიბრების დროს, რომელშიც ივანე რატიშვილი თავისი ესკადრონით მონაწილეობდა, მისმა ცხენმა თავი ვერ შეიკავა და დაეცა. მან სერიოზული ტრავმა მიიღო და მთელი წელი სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ბოლოს იძულებული გახდა, სამხედრო სამსახურიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით გადამდგარიყო. მერე საფრანგეთში გაემგზავრა და პარიზის სამხატვრო აკადემიაში (Academie des Beaux-arts) ლექციების კურსი მოისმინა. იქიდან პეტერბურგში დაბრუნდა. მალე მუშაობა დაიწყო რუსეთის განათლების სამინისტროში და როგორც სახვითი ხელოვნების მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ზამთრის სასახლის სამმართველოში გადაიყვანეს.
ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში ივანე რატიშვილს იმპერატორის კარზე სამსახური ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თავადსა და მისი ოჯახის წევრებს გადასახლება მიუსაჯეს და რომ არა განათლების სახკომის, ანატოლი ლუნაჩარსკის ქომაგობა, სასტიკი სასჯელი არ ასცდებოდათ.
გაზეთმა „ზარია ვოსტოკამ“ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-40 წლისთავზე მკითხველებს ის ისტორია მოუთხრო, რომელმაც თავის დროზე იხსნა რატიშვილების ოჯახი გარდაუვალი სიკვდილისგან:
  „25 ოქტომბერს, როდესაც სამეფო კარის სამინისტროს ყველა ხელმძღვანელი პანიკურად გარბოდა, ერთადერთმა მან არ მიატოვა პოსტი. მისი ხელმძღვანელობით, დაცვის წევრმა გრენადერებმა ყველაზე ძვირფასი ნივთები სარდაფის სეიფებში ჩაზიდეს. საგანძურის კართან, რომლის ადგილსამყოფელიც სასახლეში ძალიან ცოტამ თუ იცოდა და სადაც სხვა ძვირფასეულობასთან ერთად მეფის ხელისუფლების ატრიბუტები – 185-კარატიანი ცნობილი ბრილიანტი „ორლოვით“ შემკული სამეფო სკიპტრა, იმპერატორის გვირგვინი და „დერჟავა“ ინახებოდა. მან მცველად თავისი 16 წლის ვაჟი და ორი ყველაზე საიმედო გრენადერი დააყენა. როდესაც სასახლეში მოიერიშე რაზმები შეიჭრნენ, ივანე დიმიტრის ძემ კონტაქტი დაამყარა ანტონოვ-ოვსეენკოსთან. ჯარისკაცები და მატროსები განცვიფრებულები შეჰყურებდნენ ტანმაღალ პოლკოვნიკს, რომელსაც სასახლეში დარჩენა გაებედა და თავისუფლად იკვლევდა გზას უსასრულო დარბაზებსა და დერეფნებში. სწორედ მოიერიშეებისა და გრენადერებისგან გახდა ცნობილი პოლკოვნიკის კეთილშობილური და პატრიოტული ქმედების შესახებ…“
  გავრცელებული ცრუ ვერსიის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს კრეისერმა „ავრორამ“ ზამთრის სასახლეს ფუჭი ჭურვები ესროლა, თავად რატიშვილის ქალიშვილი ოლგა ამბობდა, კრეისერმა ნამდვილი საბრძოლო ცეცხლი გახსნაო. გოგონა იმ მომენტში სასახლეში ყოფილა და საკუთარი თვალით უნახავს, როგორ შევარდა ჭურვი ალექსანდრე მესამის კაბინეტში, რომელმაც მთელი კედელი დაანგრია.
  რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ლენინი ზამთრის სასახლეს ეწვია. ივანეს დანახვისას კი გაკვირვებით ჰკითხა მას: როგორ, შენ ცოცხალი ხარ? როცა სიტუაციაში გაერკვა, მერე უთხრა: არ მეგონა, თუ თავადებიც დაგვეხმარებოდნენო. ლენინმა პირადად გადაუხადა მას მადლობა და ზამთრის სასახლისა და პეტროგრადის ყველა სასახლისა და მუზეუმის მთავარ კომენდანტად დანიშნა. იგი იყო ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც დაიმსახურა მიმართვა „ამხანაგო თავადო“. მას ასე თავად ლენინი მიმართვადა.
  ივანე რატიშვილს მერეც არაერთხელ მოუწია ახალი ხელისუფლების დავალებების შესრულება. 1919 წელს სწორედ ის აცილებდა შემადგენლობას, რომელსაც სახელმწიფოს ოქროს მარაგი პეტროგრადიდან მოსკოვში გადაჰქონდა. მან ამ დავალებასაც წარმატებით გაართვა თავი, მიუხედავად იმისა, რომ მატარებლის გაძარცვა სცადეს, არავინ იცოდა ოქროთი და ანტიკვარული ნივთებით დატვირთული ხუთი მატარებლის გასვლის დრო და მარშრუტი. განძის დაცვის საქმეში მის გმირულ საქციელზე რამდენიმე ფილმია გადაღებული. მათგან ყველაზე ცნობილია „მარადისობის ელჩები“.
  რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ევროპაში სამოგზაუროდ წასულმა მომავალი მეუღლე გაიცნო – იმპერატრიცა ალექსანდრას ფრეილინა, კნიაჟნა ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შვილთაშვილი. ჯვარი თბილისში დაიწერეს. ცხოვრებით კი ხან თბილისში ცხოვრობდნენ, ხანაც – პეტერბურგში. მალე შვილები შეეძინათ: ვაჟი – დიმიტრი და ქალიშვილი – ოლგა. თუმცა, მათი ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. ჯერ მეუღლე მიაბარა მიწას, ხოლო ათი წლის შემდეგ – ვაჟი დიმიტრი, რომელიც მდინარე მოსკოვში დაიხრჩო.
რუსეთის იმპერიის საგანძურის მცველმა და გადამრჩენელმა სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. თავიდან ჩაიკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობდა, პატარა ბინაში.
  საბჭოთა ხელისუფლება მოწყალედ ექცეოდა ივანე რატიშვილს. პენსიაც კი დაუნიშნა, რომლის დიდ ნაწილს გაჭირვებულ ნათესავებსა და მეგობრებს უნაწილებდა. საკუთარი ისტორიის მოყოლა არ უყვარდა. მასზე მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში, მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ქართულმა პრესამ სამეფო საგანძურის გადარჩენაში მისი ღვაწლის შესახებ დაწერა. სიცოცხლის ბოლოს ივანე რატიშვილს საბურთალოზე, ყაზბეგის გამზირზე მისცეს ოროთახიანი ბინა, სადაც 1958 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3