№26 რა სასწაულები ხდება დირბის დედათა მონასტერში და როგორ უსრულდებათ მომლოცველებს სანუკვარი სურვილები
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი რუის-ურბნისის ეპარქიას მიეკუთვნება და შიდა ქართლში, ქარელის რაიონის სოფელ დირბში მდებარეობს. სწორედ აქ არის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ფრესკა - დირბის ღვთისმშობელი, რომელიც ორსულთა, უშვილოთა და სნეულთა შემწეა. ის არის წყარო მრავალი სასწაულის. მონასტერში დირბის ღვთისმშობლის განსადიდებლად შეიქმნა პარაკლისი და დაუჯდომელი, რომელიც ყოველდღიურად დღის სამ საათზე აღევლინება. ყოველ უშვილო წყვილს, ორსულ ქალბატონებს, სიმსივნით დაავადებულებსა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს, მონასტერში ურჩევენ, რომ დაესწრონ ღვთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც ილოცონ თავიანთი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად... უფრო დაწვრილებით დირბის დედათა მონასტრის ისტორიისა და სასწაულების შესახებ, მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია ნატალია ხახუტაშვილმა გვიამბო: დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მეათე საუკუნეშია აშენებული. ის ერთ-ერთია იმ ისტორიულ და სულიერ კერათაგან, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში აღდგა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევითა და დაუღალავი შრომის შედეგად. 2003 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარსა და სამრეკლოს. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა მეთოთხმეტე საუკუნის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება, რომელიც მეცამეტე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში – მათ შორის, საქართველოშიც.
– რას ეთმობა მხატვრობის ძირითადი ციკლი და დაზიანებულია თუ არა ფრესკები?
– მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა ,,იოსების ყვედრება”, სადაც გამოსახულია დედობრივი სითბოთი სავსე „დირბის ღვთისმშობელი“ – მიდგომილი. სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, კარგადაა შემონახული ორსული ღვთისმშობლის გამოსახულება. როგორც ამბობენ, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად, სწორედ, თითქმის უვნებელი, დირბის ღვთისმშობლის ფრესკა გამოჩნდა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელსა და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღვთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. რესტავრაციისას მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია: დირბის ღვთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებსა და ორსულებს შეეწევაო... მართლაც, მეუფე იობის სიტყვა აღსრულდა: დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღვთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ, მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება, ოღონდ მადლიერებით აღსავსე თვალებით. ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება, თანამედროვეობის ახალ, თვალსაჩინო სასწაულად მივიჩნიოთ. აღნიშნული ტაძარი თავისი ისტორიით იერუსალიმის წმიდა მიწას უკავშირდება.
– მონასტერი ცნობილია, როგორც უშვილოთა შემწე ტაძარი...
– დიახ, „დირბის ღვთისმშობელი“ არის წყარო მრავალი სასწაულისა. ხალხის განსაკუთრებული სიყვარულისა და მის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულის გამო, ყოველწლიურად აღინიშნება დირბის ღვთისმშობლის ხსენების დღე – 13 აგვისტო, როცა ტარდება სადღესასწაულო წირვა. მას მრავალი მორწმუნე ესწრება, მოდიან უშვილო წყვილები, ეზიარებიან. ასევე ხდება დირბის ღვთისმშობლის შემწეობით დაბადებულ ბავშვთა დალოცვა, ზიარება. მრავალი მათგანი უდიდესი მადლიერებით ბრუნდება უკან. მონასტერში დაცულია რამდენიმე ასეული ადამიანის ჩანაწერი, რომლებიც შვილიერების სასწაულს, უსაფრთხო ორსულობასა და მშობიარობას სწორედ დირბის ღვთისმშობელს უკავშირებენ. უშვილო წყვილთა შემწეობის მიზნით, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მონასტერში იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. სარტყელს ქსოვენ მონაზვნები, რა თქმა უნდა, ლოცვით. სარტყელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაძარში, დირბის ღვთისმშობლის ხატთანაა განთავსებული და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი მორწმუნეებისთვის გადაცემა. სარტყლის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღვთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.
– არაერთი სასწაულის მომსწრე იქნებით... ბევრი ადამიანი მოდის მოსალოცად?
– ასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მოდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც. სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები გვწერენ მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.
მომლოცველთა ჩანაწერები მართლაც ძალიან ბევრია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც დირბის დედათა მონასტერში ინახება:
„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის. გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას... მადლობა თქვენ.“
„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე.
„ოთხი წელი არ გვყავდა შვილი, სულ ვლოცულობდით და უფალს შევთხოვდით გულმოწყალებას. 2019 წლის 31 მარტს მოვილოცეთ დირბის დედათა მონასტერი. დავესწარით პარაკლისს. მე და ჩემი მეუღლე ვატარებდით სარტყელს და შევთხოვდით უფალს შვილს. დაახლოებით ერთ თვეში შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველას გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და გირჩიოთ ამ სასწაული ადგილის მოლოცვა“.
„დიდება უფალს! მე და ჩემს მეუღლე ბავშვს თითქმის 8 წელი ველოდით. გამოკვლევების მიხედვით, შვილის ყოლის არანაირი სირთულე არ იყო, მაგრამ შვილი არ გვეძლეოდა. ძალიან მინდოდა, მომელოცა მონასტერი, მაგრამ გამუდმებით დაბრკოლებებს ვაწყდებოდი და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე. მინდოდა, მელოცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატთან, მაგრამ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა – როდის დავბრუნდებოდი, არ ვიცოდი და ამიტომ გადავწყვიტე, ხატი შემეძინა და თან წამეღო. თანაც, წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი იყო ჩემს ოჯახში დაბრძანებული. გამგზავრებამდე სხვადასხვა საეკლესიო ნივთების შესაძენად მაღაზიაში წავედი, სადაც მამაოც იყო და (არ ვიცი რომელი ტაძრიდან) გამყიდველს ესაუბრებოდა. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა შევარჩიე. მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხატი ვერ ვიპოვე და გამყიდველს მივმართე. მამაომ მიმითითა, რომ ეს არ არის ხატი, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტია ფრესკიდან და ცალკე ხატად შეძენა არ შეიძლებაო. მეც გამოვტრიალდი და წამოვედი. თუმცა ამ მაღაზიაში არც ჰქონდათ ხატი, მამაოს მითითების გათვალისწინებით სხვაგანაც აღარ მიძებნია. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში, ერთ-ერთ არხზე ვუყურე გადაცემას, რომელშიც მიდგომილი ღვთისმშობლის ხატზე იყო სიუჟეტი. ძალიან დამწყდა გული, რომ მაშინ უცნობ მამაოს ვენდე და ხატი არ შევიძინე. სიუჟეტის ბოლოს, კომპიუტერის ეკრანზე აღბეჭდილ ხატს ხელით შევეხე და გულწრფელი ცრემლი წამსკდა, კარგა ხანს ასე გულამომჯდარი ვტიროდი. გავიდა არც ისე დიდი დრო და დღე-დღეზე პატარას ველოდებით. უფალმა და დედაღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ“, – წერს მაია.