№26 როგორ ეხმარებოდა სამშობლოს მსოფლიოში ცნობილი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი და როგორ ებრძოდა ის რუსეთს
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
1921 წლის თებერვლის დღეებში, როცა საქართველოს დედაქალაქს ბოლშევიკური რუსეთის მეთერთმეტე არმია უტევდა, თბილისელებმა კოჯრის გზაზე შენიშნეს მოხუცი კაცი, რომელსაც შაშხანა გაედო მხარზე და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ეს კაცი გახლდათ 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც იმ სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად მიეშურებოდა, რომლის სახელმწიფოებრიობის აღდგენასაც მან თითქმის მთელი სიცოცხლე მოახმარა.
მსოფლიოს, ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსათვის ვარლამ ჩერქეზიშვილი ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად იგი მსოფლიო ანარქიზმის ელიტას მიეკუთვნებოდა. ვარლამ ჩერქეზიშვილის, ან როგორც მას უფრო იცნობდნენ – „ჩერქეზოვის“, ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები; არსდებოდა ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები; ქართველი მოღვაწის ნაწერები ხშირად ქვეყნდებოდა მსოფლიოს მრავალ ენაზე.
ვარლამ ჩერქეზიშვილი 1846 წლის 15 სექტემბერს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში დაიბადა. 1866 წელს შევიდა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში. სწავლის პერიოდში დაუახლოვდა მოსკოვის ახალგაზრდების რადიკალურ წრეებს, რომლებსაც მონარქიის მოსპობა და რუსეთის სოციალური გარდაქმნა სურდათ. აქტიურად მონაწილეობდა იუშტინ-კარაკოზოვის საიდუმლო რევოლუციურ ორგანიზაციაში. 1866 წლის აპრილში, 20 წლის ასაკში, ვარლამ ჩერქეზიშვილი რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, გაასამართლეს და რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ის კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ჩაება რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. 1867-1868 წლებში ვარლამ ჩერქეზიშვილი სტუდენტთა რევოლუციურ წრეს ხელმძღვანელობდა. 1869 წლიდან სერგეი ნეჩაევის რევოლუციური ორგანიზაციის – „ნაროდნაია რასპრავას“ აქტიური წევრი ხდება. 1871 წელს ნეჩაეველთა გახმაურებულ პროცესზე გაასამართლეს და 5 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, ჯერ ტიუმენში გააგზავნეს ეტაპით, ხოლო შემდეგ – ტომსკში. ხუთწლიანი გადასახლების ვადა ვარლამ ჩერქეზიშვილს 1876 წელს უმთავრდებოდა და ამის შემდეგ შეეძლო, ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებას დაბრუნებოდა, მაგრამ რუსეთის თვითმპყრობელობასთან შერიგება მისთვის წარმოუდგენელი იყო. 1876 წლის 20 იანვარს იგი გადასახლებიდან გაიქცა და გეზი ევროპისკენ აიღო, იმავე წლის გაზაფხულზე ლონდონში ჩავიდა. აქედან დაიწყო ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრება...
ვარლამ ჩერქეზიშვილი მფარველობდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, არალეგალური გზით კი საქართველოსაც ხშირად სტუმრობდა. 1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ ფურცლებზე დაიბეჭდა ლონდონიდან გამოგზავნილი წერილი სათაურით: „ხვნა-თესვისა და მეურნეობის საკითხი ინგლისში“. წერილს ხელს აწერდა ვინმე W.Vasiani. ამ დღიდან მოყოლებული 1893-1902 წლების „ივერიაში“ ვარლამ ჩერქეზიშვილმა „ვაზიანის“ ფსევდონიმით ასამდე სტატია თუ ფელეტონი გამოაქვეყნა. წერილები გაჯერებული იყო ანარქისტული და იმ დროისათვის მეტად პროგრესული იდეებით. აღსანიშნავია, რომ ის გახდა ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ეროვნულ საკითხებში და რომ სწორედ მან დააკავშირა ილია ჭავჭავაძე და იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია მარჯორი უორდროპთან.
1877 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი ანარქისტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში შევიდა და ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი აქტიური მოღვაწე გახდა. 1879 წელს მონაწილეობდა ევროპაში პირველი ანარქისტული გაზეთის, „ლა რევოლტეს“ გამოცემაში. 1882 წელს ლიონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ საფრანგეთში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში ყველაზე ცნობილი ევროპელი ანარქისტების დევნა დაიწყო. ბევრი მათგანი თითქმის ექვსი წლის განმავლობაში სხვა სახელით იმალებოდა, ზოგიერთი ცნობით, „აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში“.
1888 წლიდან ვარლამ ჩერქეზიშვილი იღებს მიწვევას თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის, პეტრე კროპოტკინისგან და სახლდება ლონდონში, ამიერიდან ისინი კვლავ უბრუნდებიან საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის წარმართვის პროცესს, რომელშიც ვარლამ ჩერქეზიშვილი უფრო პრაქტიკოს-ორგანიზატორის როლს ასრულებდა. ამავე დროს ვარლამ ჩერქეზიშვილი არ წყვეტდა კავშირს სამშობლოსთან. მან დიდი დახმარება გაუწია არჩილ ჯორჯაძესა და მის თანამოაზრეებს 1903 წელს პარიზში გაზეთ „საქართველოსა“ და მისი ფრანგული დამატების La George-ს გამოცემაში. 1904 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლა. ამ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა აგრონომიულ საკითხზე და მხარი დაუჭირა საქართველოს ავტონომიის იდეას. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს, ის საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დააარსა გაზეთები „ნობათი“ და „მუშა“.
ვარლამ ჩერქეზიშვილმა იცოდა, რომ ევროპელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს. მან გადაწყვიტა მოემზადებინა სამართლებრივი დოკუმენტები, რომელსაც ხელს მოაწერდნენ ქვეყნის ყველა ფენის წარმომადგენლები. ამ მიზნით 1906-1907 წლებში ის სამშობლოში ჩამოვიდა და ენერგიულ საქმიანობას შეუდგა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა „ქართველი ხალხის პეტიცია“, რომელსაც ხელს აწერდა 2 000-ზე მეტი ადამიანი. პეტიცია გაეგზავნა და წარედგინა ჰააგის მეორე სამშვიდობო კონფერენციას. ეს იყო პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც მართალია, არ განხილულა, მაგრამ დაისვა და გახმაურდა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პრობლემა.
ანარქისტული მოძრაობის მოღვაწენი ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგნი იყვნენ. ვარლამ ჩერქეზიშვილი წარმოადგენდა იშვიათ გამონაკლისს, ვინაიდან თავდადებით იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. მისი პირველი წერილი გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დარღვევების შესახებ 1888 წელს ინგლისურ ჟურნალ „ტაიმში“ გამოქვეყნდა. 1895 წელს პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალ „მეცხრამეტე საუკუნეში“, დაიბეჭდა ვარლამ ჩერქეზიშვილის ვრცელი სტატია: „საქართველოს ხელშეკრულებები რუსეთთან“. ის ასაბუთებდა, რომ 1783 წელს საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასთან, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით საქართველოს უნარჩუნდებოდა სახელმწიფოებრიობა. 1801 წელს რუსეთმა უკანონოდ გააუქმა ქართული სახელმწიფო და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ ქართველ ხალხს ჰქონდა ისტორიული უფლება, რომ საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით აღედგინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და მას ამ მიმართულებით უნდა ებრძოლა.
ვარლამ ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაში და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა.
1919 წელს პარიზში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა ვარლამ ჩერქეზიშვილის წიგნი – „საქართველო. მისი ტრადიციები და პოლიტიკური უფლებები“. ამ ნაშრომით იგი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე კვლავ წარსდგა, როგორც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამცველ-დამსაბუთებელი.
1918 წელს, 40 წლის შემდეგ, ვარლამ ჩერქეზიშვილი სიხარულით დაბრუნდა სამშობლოში, იყო საქართველოს ეროვნული კრების წევრი ესერების პარტიიდან. მის თანამედროვეთა გადმოცემით: „1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები დამოუკიდებელ საქართველოს უტევდნენ, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად“. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ის საბოლოოდ გაიხიზნა სამშობლოდან. გარდაიცვალა 1925 წლის 18 აგვისტოს და ლონდონში დაკრძალეს. გრიგოლ რობაქიძე წერდა: „იყო ერთი თავადი, ანარქისტი და მამულიშვილი – ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელსაც ქართული კარგად არ ეხერხებოდა. იცოდა ინგლისური, ფრანგული, რუსული... სიკვდილის წინ მას ყველა ეს ენა დაავიწყდა და ქართულად დაიწყო ლუღლუღი“.