№26 ფარმაცევტული თაღლითობა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჯერ მხოლოდ საღამოს ექვსი საათი იყო, დეკემბრის სუსხიანი საღამო იდგა და უკვე ბინდდებოდა. ვერცხლისფერი „იქს-5“ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდის ქვეშ იყო გაჩერებული. მძღოლი კი სიგარეტს აბოლებდა. „ბეემვეს“ „ჯიპის“ მარჯვენა, წინა კარი მკვეთრად გაიღო. სალონში მუქსათვალიანმა მამაკაცმა შეიხედა და მოულოდნელობისგან შემცბარ მძღოლს უთხრა:
– შეიძლება, დავჯდე?
– ვინ ხართ? – ჰკითხა მოულოდნელობისგან დაბნეულმა მძღოლმა.
მუქსათვალიანი მძღოლის გვერდით მოთავსდა და კარი მიხურა. შემდეგ სიგარეტი ამოიღო და მძღოლს უთხრა:
– სანთებელა გაქვთ?
– სიგარეტზე მოკიდება გინდათ? –პკითხა „ბეემვეს“ მძღოლმა.
– სანთებელა გაქვთ? – გაიმეორა ახალმოსლმა.
– ასანთით მოკიდებას არ იკადრებთ?
მუქსათვალიანს გაეცინა და მიუგო:
– არა, ჩემო კარგო. მე მხოლოდ სანთებელით ვუკიდებ და თანაც „რონსონის“ ფირმის.
– ალბათ, ოქროს კორპუსიანით, ხომ? – თქვა „ბეემვეს“ მძღოლმა. მუქსათვალიანს გაუღიმა და დაამატა, – ხომ სწორად ვთქვი პაროლი, არაფერი შემშლია?
– დიახ. აბსოლუტურად სწორად, – მიუგო ახალმოსულმა „ბეემვეს“ მძღოლს და დააყოლა, – იქნებ მართლა მომიკიდოთ. ცეცხლი გამითავდა.
„ბეემვეს“ მძღოლმა მუქსათვალიანს „რონსონის“ სანთებელიდან მოუკიდა და უთხრა:
– ეს მართლა ოქროსკორპუსიანი „რონსონია“. ბერლინში ვიყიდე და განსაკუთრებულად ვუფრთხილდები.
ახალმოსულმა კვამლი გამოუშვა. „ბეემვეს“ მძღოლს თავი დაუქნია. ცელოფნის პაკეტში მოთავსებული ხვეული მისცა და უთხრა:
– აქ, ოცი ათასი დოლარია და შეგიძლიათ, დაითვალოთ. „ტავარი“ გადმომეცით.
„ბეემვეს“ მძღოლმა მუქსათვალიანს ცელოფნის პაკეტი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო. გაუღიმა და უთხრა:
– გენდობი, ჩემო კარგო, – შემდეგ წელიდან ქამარი მოიხსნა, მისცა და დააყოლა, – აი, მიიღეთ თქვენი „ტავარი“.
მუქსათვალიანმა „ბეემვეს“ მძღოლს ქამარი გამოართვა და მისი საგულდაგულოდ დათვალიერება დაიწყო. მოულოდნელად კი მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა: „ბეემვეს“ მძღოლს ორჯერ თავში ესროლა და ადგილზევე მოკლა. შემდეგ მისი ჯიბიდან ცელოფნის პაკეტი ამოიღო და ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. მანქანიდან გადმოვიდა და ჩქარი ნაბიჯებით გაშორდა იქაურობას, ასიოდე მეტრში გაჩერებულ „ოპელში“ ჩაჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა...
„ბეემვეში“ მოკლული მძღოლის ტელეფონი კი განუწყვეტლივ რეკავდა, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ იყო...
***
ზურამ კიდევ ერთხელ დარეკა მობილურზე, ბოლომდე დაელოდა და პასუხი რომ ვერ მიიღო, გოგონას უთხრა:
– ეთო, საყვარელო, გული მიგრძნობს, რომ რაღაც უბედურებაა ჩემს თავს და სასწრაფოდ უნდა წავიდე. ზალიკოს ვურეკავ და არ მპასუხობს.
– დამშვიდდი, ძვირფასო. შეიძლება, არ ესმის, ან რაიმე დელიკატური საქმითაა დაკავებული და ვერ გპასუხობს, – ღიმილით მიუგო გოგონამ.
– გამორიცხულია, – თავი გააქნია ზურამ და დაამატა, – ზალიკო ჩემ მაგივრად გავგზავნე ერთ საქმეზე და არანაირი დელიკატური საქმე არ აქვს.
– რა საქმეზე? – შეშფოთდა გოგონა
– „კაროჩე“, შენი მანქანა უნდა წავიყვანო და მალე მოვალ. გასაღები მომეცი, – უთხრა ზურამ ეთოს და ხელი გაუშვირა.
გოგონამ თვალი თვალში გაუყარა ყმაწვილს და მიუგო:
– ძალიან აღელვებული ხარ, ზურიკო და მარტო ვერსად გაგიშვებ. მეც წამოგყვები, თანაც, საჭესთან დავჯდები.
ყმაწვილმა ხელი ჩაიქნია და კარისკენ გაემართა. გოგონა მას უკან მიჰყვა, კარი გამოიკეტა, კიბეებზე დაეშვა და როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, ვერცხლისფერი „მერსედესი“ ადგილიდან დაძრა და ზურაბს ჰკითხა:
– სად წავიდე, ზურიკო?
– დიღმის ხიდთან, – თქვა ყმაწვილმა და სიგარეტი გააბოლა.
ათიოდე წუთის შემდეგ დანიშნულების ადგილზე მივიდნენ. ეთომ „მერსედესი“ „ბეემვეს“ უკან გააჩერა. წყვილი მანქანიდან გადმოვიდა და გაჩერებულ „ჯიპს“ რომ მიუახლოვდნენ, ზურაბმა ჯერ მოკლულს მოჰკრა თვალი და შეცბა. შემდეგ თვალებში ბინდი ჩაუდგა, გონება დაკარგა და დაეცა.
***
გონებამიხდილი ზურაბ მერკვილაძე „ბეემვეში“ მოკლული ზალიკო მერკვილაძის ტყუპისცალი იყო. ეთო გიგაური კი – ზურაბის თანაკლასელი და საცოლე. ეთო პროფესიით ექიმი იყო და მის საქმროს რომ გული წაუვიდა, არ დაბნეულა. ზურაბს მან ყვრიმალები დაუზილა და მოასულიერა. საკინძე გაუხსნა, წამოაჯინა და ტროტუარზე ხეს მიაყრდნო. მხოლოდ ამის შემდეგ დარეკა მობილურზე და თავის ძმას, ზაზა გიგაურს უთხრა:
– ზაზა, სად ხარ?
– სამსახურში. რა იყო, ეთო? – მიუგო ძმამ.
– მე და ზურიკო დიღომში ვართ. დიღმის ხიდის ქვეშ. მისი ძმა, ზალიკოა მოკლული... შეგიძლია, მოხვიდე?
– ხელი არაფერს ახლოთ. ხუთ წუთში მოვალ, – უთხრა ზაზამ ეთოს და ტელეფონი გათიშა.
ეთო შოკში მყოფ ზურაბს მიუბრუნდა და უთხრა:
– ზურიკო, ზაზას დავურეკე და მალე მოვა. გამაგრდი...
***
სულ რამდენიმე წუთში ზაზა გიგაური დიღმის ხიდთან იყო. მანქანა მოწყვეტით დაამუხრუჭა და გადმოვიდა. მან ჯერ ქალ-ვაჟს გადახედა, შემდეგ „ბეემვე“ გულდასმით დაათვალიერა, თავის დას და მის საქმროს მიუბრუნდა და უთხრა:
– აბა, თანამიმდევრულად მომიყევით, რა მოხდა.
ზურაბი კვლავ შოკში იყო. ლაპარაკი არ შეეძლო და ეთომ ძმას უთხრა:
– ზურიკო ჩვენთან იყო სახლში. ბარში უნდა წავსულიყავით. გასვლის წინ ზალიკოს დაურეკა და რომ არ უპასუხა, მითხრა, რაღაც უბედურებააო. შემდეგ აქ წამოვედით და ასეთი ამბავი დაგვხვდა.
ზაზა გიგაურმა სიგარეტი გააბოლა. შემდეგ ჩაიცუცქა და შოკში მყოფ ზურაბს უთხრა:
– ზურიკო, ძმაო, შენი ძმა მოკლულია. სავარაუდოდ, შენც საქმის კურსში ხარ და იქნებ თქვა, რა მოხდა?
ზურაბმა თავში ხელების ცემა დაიწყო, თან იმეორებდა, ჩემი ბრალია, ჩემი ბრალიაო... ეთომ ხელი მოხვია და დაწყნარება დაუწყო. ზაზამ კი სასიძოს უთხრა:
– კარგი, ძმაო. რადგან არ გინდა, მოგვიყვე, რა მოხდა, მე მეტს აღარ გთხოვ, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ პოლიცია გამოვიძახო და მათთან მოგიწევს ახსნა-განმარტების მიცემა.
ზურაბმა ხელი ასწია, რითაც ზაზას ანიშნა – პოლიციის გამოძახებისგან თავი შეიკავეო. შემდეგ კვლავ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისევ გონება დაკარგა...
ამჯერად ზურაბ მერკვილაძის მოსულიერებას ბევრად მეტი დრო დასჭირდა და და-ძმა, ცოტა არ იყოს, შეშინდა. ხოლო როდესაც ზურაბი გონს მოვიდა, ზაზამ მომავალ სიძეს უთხრა:
– წამოდი, ზურიკო, ჩემს მანქანაში წამოწექი. ცუდად ხარ და „სასწრაფოს“ გამოვიძახებო.
ზურაბმა თავი გააქნია და ზაზას უთხრა:
– არაა საჭირო. კარგად ვარ. სიგარეტი მომაწევინე.
ზაზამ ზურაბს სიგარეტი მისცა, მოუკიდა კიდეც და თან, ყურადღებით აკვირდებოდა, ისევ ცუდად არ გახდესო. ზურაბმა კი სიგარეტი ბოლომდე „ჩაკლა“ და ნამწვავი გარეთ გადააგდო. საცოლის ძმას ნაღვლიანი მზერა მიაპყრო და უთხრა:
– ზაზა, ძამიკო, ზალიკოს ადგილზე ახლა მე უნდა ვიყო და შემთხვევით ვარ გადარჩენილი.
– რატომ, რა მოხდა? – ჰკითხა ზაზამ და დააყოლა, – მოყოლა თუ არ შეგიძლი, მაშინ მოგვიანებით იყოს. ახლა კი პოლიციასა და სასწრაფოს გამოვიძახებ.
– არა. არაა საჭირო სასწრაფოს გამოძახება, გული აღარ წამივა, – თქვა ზურაბ მერკვილაძემ და დაამატა, – ეს საქმე კი უფრო თქვენი, უშიშროების კომპეტენციაა და პოლიციის გამოძახება საჭირო არ უნდა იყოს.
– კეთილი. თუ ასეა, მაშინ მე მომიყევი, რაშია საქმე, – უთხრა ზაზამ ზურაბს და გააბოლა.
ზურაბი ტროტუარიდან წამოდგა, გაიარ-გამოიარა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და და-ძმას უთხრა:
– კარგი, მოგიყვებით: ბერლინში, სადაც მე ფარმაცევტულზე ვსწავლობ, ვინმე გიუნტერ დიცი ცხოვრობს. გიუნტერი ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერია და ეს კომპანია, ქართულ საწარმოსთან ერთად, თბილისშიც ფუნქციონირებს. გიუნტერი და მე შევთანხმდით, რომ როგორც კი მე დიპლომს ავიღებ, მის კომპანიაში, ბერლინში დავიწყებ მუშაობას მაღალი ანაზღაურებით. შემდეგ კი საქართველოში, ამ კომპანიის მთავარ წარმომადგენლად დავინიშნები. ერთი სიტყვით, გიუნტერს კარგად ვიცნობ. ამ ორიოდე კვირის წინ გიუნტერმა რესტორანში დამპატიჟა. სხვათა შორის, ბერლინის ყველაზე ძვირად ღირებული რესტორანია და გამიკვირდა. გერმანელები ქართველებივით ხელგაშლილები არ არიან, ანგარიში უყვართ და ამიტომ. მოკლედ, შუა ვახშმის დროს გიუნტერმა მითხრა:
– ზურაბ, ოცი ათასი დოლარის გაკეთება გინდა?
– მე მხრები ავიჩეჩე და მივუგე:
– რატომაც არა, – შემდეგ კი დავაყოლე, – ეს პატარა თანხა არაა და მის მოსაპოვებლად რა უნდა გავაკეთო-მეთქი?
გიუნტერ დიცს გაეცინა. არაყი დამისხა და ორივემ დავლიეთ. შემდეგ მითხრა:
– ცოტათი კანონი უნდა დაარღვიო.
– მაინც, როგორ? – ვკითხე მე.
– ზურაბ, ხომ იცი, რომ თბილისში ჩვენი კომპანიის ერთობლივი ფილიალი ფუნქციონირებს? – მკითხა დიცმა.
– კი. მერე რა? – მივუგე მე.
– რა და ის, რომ ამ საწარმოში მინდა, არალეგალურად ჩაიტანო წამლების დასამზადებელი ნედლეული. საბაჟო გადასახადი ორასი ათასი დოლარი გამოდის, ხოლო თუ შენ მას უფასოდ გადაიტან, ოცი ათას დოლარს, ანუ ათ პროცენტს გადაგიხდით და მე მგონი, ცუდი ფასი არ უნდა იყოს. რას იტყვი, ცუდი წინადადებაა?
ცუდი წინადადება ნამდვილად არ იყო, მაგრამ გიუნტერ დიცს მაინც ვკითხე:
– რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი?
– რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს და გამორიცხული არაა, რომ საბაჟოებზე გაიშიფრო. ასეთ შემთხვევაში ჩემი სახელი არ უნდა ახსენო და თქვა, რომ თითქოს ეს მასალა მოიპარე და საქართველოში აპირებდი მის რეალიზაციას. ოცი ათას დოლარად გაწყობს ასეთი კომბინაცია? – მკითხა გიუნტერმა, რაზეც თანხმობა განვუცხადე.
– მერე? – იკითხა ზაზა გიგაურმა.
– მერე ის, რომ გიუნტერ დიცმა იმ კურიერის მობილურის ნომერი მომცა, ვისთვისაც უნდა დამერეკა და შეხვედრის ადგილზე შევთანხმებოდი. შეხვედრისას, მისთვის ქამარში ჩაწყობილი ნედლეული გადამეცა, ოცი ათასი დოლარი ამეღო და დავშორებოდი... შეხვედრის ადგილი აქ, დიღმის ხიდთან დავთქვით, – თქვა ზურაბმა და თავი ხელებში ჩარგო.
– მერე? – იკითხა ზაზამ.
ზურაბმა კი ეთოს შეხედა და ზაზას უთხრა:
– მერე ის, რომ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე ეთომ დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი, რადგან სერიოზული სალაპარაკო ჰქონდა. უარი ვერ ვუთხარი. ზალიკოს, ჩემს საცოდავ ტყუპისცალს, ვთხოვე, შეხვედრაზე ჩემ მაგივრად წასულიყო. ზალიკო კი... – ზურაბმა „ბეემვესკენ“ გაიშვირა ხელი და ქვითინით დააყოლა, – ზალიკო კი მოკლეს.
ზურაბ მერკვილაძე გულამოსკვნილი ქვითინებდა და თავში ხელებს იცემდა. ეთო კი საქმროს ეხვეოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა. ზაზა გიგაურმა ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა და როდესაც სასიძო ოდნავ დამშვიდდა, უთხრა:
– ზურიკო, ძმაო, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და მართალი ხარ, მეც ვფიქრობ, რომ ეს მკვლელობა პოლიციის კი არა, ჩვენი უწყების კომპეტენციაა და უშიშროებამ უნდა გამოიძიოს. ამიტომ, ახლა მე ჩვენებს დავუკავშირდები და აქ მოვიყვან. შენ კი ეცადე, რომ დამშვიდდე და უშიშროების გამომძიებელს სრულყოფილი ჩვენება მისცე.
ზურაბ მერკვილაძემ ცრემლები მოიწმინდა და ზაზას უთხრა:
– მიდი, გამოიძახე შენები...
***
მას მერე, რაც უშიშროების სამსახურმა დიღმის ხიდის ქვეშ მომხდარი მკვლელობის გამოძიებას მიჰყო ხელი და ეს საქმე კაპიტან ზაზა გიგაურს დაავალა, ოცდაოთხი საათი გავიდა. ზაზა მისმა უშუალო უფროსმა, გერმანე კალაძემ გამოიძახა კაბინეტში და უთხრა:
– აბა, კაპიტანო, რა სიახლეებია, ზაალ მერკვილაძის მკვლელობის საქმეში?
გიგაურმა წამოდგომა დააპირა, ფეხზე მდგომს უნდოდა მოეხსენებინა უფროსისთვის, მაგრამ კალაძემ ანიშნა, დაჯექიო და ზაზამაც დაიწყო:
– ბატონო გერმანე, მკვლელობა ჩადენილია მაყუჩმორგებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან და ეტყობა, პროფესიონალი მოქმედებდა. შემთხვევის ადგილზე მკვლელის ვერანაირ სამხილს ვერ მივაკვლიეთ. აშკარაა, სუფთად მუშაობდა. სამაგიეროდ, დავადგინეთ იმ მობილურის ნომრის მფლობელი, რომლითაც ზურაბ მერკვილაძე კურიერსა და ამავდროულად, ქილერს შეხვედრაზე შეუთანხმდა.
– და, ვინაა ის? – იკითხა კალაძემ.
– ვინმე ჟანა ბაბუაძე, – მიუგო ზაზა გიგაურმა პოლკოვნიკს.
– ესე იგი, ქილერი ქალია?
ზაზას გაეღიმა და პოლკოვნიკს მიუგო:
– არა, ბატონო გერმანე. ბაბუაძეზე მხოლოდ მობილურის ნომერია გაფორმებული, ხოლო სავარაუდო მკვლელი, იგივე კურიერი, 37 წლის თემურ კიკვაძეა.
– ეგ ვინღაა?
– ვინ და ჟანა ბაბუაძის საყვარელი. საგულისხმო კი ისაა, რომ კიკვაძე და ბაბუაძე თბილისში მდებარე ფარმაცევტული საწარმოს თანამშრომლები არიან. ბაბუაძე მდივანია, ხოლო თემურ კიკვაძე კი – დაცვის სამსახურის უფროსი, – უთხრა გიგაურმა კალაძეს.
პოლკოვნიკმა კაბინეტში გაიარ-გამოიარა. სიგარეტი გააბოლა და ზაზა გიგაურს უთხრა:
– რას იტყვი, კაპიტანო, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს?
ზაზა გიგაურმა კალაძეს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– რამდენიმე ვერსია მაქვს, ბატონო გერმანე, – თქვა გიგაურმა.
– კონკრეტულად?
– მოდი, ჯერ რაღაც-რაღაცებს დავაზუსტებ და მერე უფრო ჩამოყალიბებულად გეტყვით, – თქვა ზაზა გიგაურმა და დაამატა, – საერთო ჯამში კი ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მსხვილი ფარმაცევტული თაღლითობა ტრიალებს.
კალაძემ კოპები შეკრა და ხელქვეითს უთხრა:
– თაღლითობა?
– დიახ, – გაეღიმა კაპიტანს.
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები აიჩეჩა პოლკოვნიკმა.
– კეთილი, ბატონო გერმანე. მოდი, აქ მძიმეს დავსვამ. გავარკვევ და მთავარ ვერსიას გეტყვით. სულ ცოტა დრო მჭირდება ამისთვის, – თქვა გიგაურმა.
– მაინც, რამდენი?
– ხვალ დილამდე.
– კეთილი. ასე იყოს. ხვალ დილით კი უკვე სამოქმედო გეგმა უნდა მედოს მაგიდაზე, – თქვა პოლკოვნიკმა. კაბინეტში გაიარ-გამოიარა და დაამატა, – ძარცვა-ყაჩაღობას ნამდვილად არ ჰგავს. დიდი დანაშაულის სუნი მცემს. სხვა, რა ზომებია მიღებული?
გაგრძელება შემდეგ ნომერში