№26 ჰიტლერი სტალინის გამო მუსოლინის მიწასთან ასწორებდა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ იოსებ სტალინი ნებისმიერ თავის ქმედებას საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივ ინტერესებს უქვემდებარებდა და არავის აძლევდა უფლებას, ეს ინტერესები შეელახა. ხოლო გაკადნიერებულთ კი ყოველთვის საკადრისად პასუხობდა და საამისოდ ნებისმიერ ხერხს იყენებდა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ივანე მარიანოვსკი წერს: „იოსებ სტალინი საკმაოდ მკაცრი იყო თავის პოლიტიკურ ვარიაციებში და დიდი ჰუმანურობით, მით უმეტეს, ალტრუიზმით, ნამდვილად არ გამოირჩეოდა. თუმცა, ყოველთვის ცდილობდა, დაეცვა ზოგადად მიღებული საერთაშორისო-დიპლომატიური თამაშის ნორმები. მაგრამ საკმარისი იყო, საბჭოთა ბელადს ვინმესთვის მისი გაცურების, გაბითურების მცდელობა შეენიშნა, რომ სტალინი აბსოლუტურად დაუნდობელი ხდებოდა ოპონენტების მიმართ და ყველა საშუალებას იყენებდა მის მოსაშთობად...
მას მერე, რაც ჰიტლერმა პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბა და ევროპის თანამიმდევრულ „გადაყლაპვას“ მიჰყო ხელი, აშკარა გახდა, რომ დიდი ომი საბჭოეთთან დროის ამბავი იყო და სტალინმა დროის რაც შეიძლება დიდხანს გაწელვის ტაქტიკა აირჩია, რომ ჰიტლერის აგრესიის დასახვედრად ღირსეულად მომზადებულიყო. მით უმეტეს, რომ ჰიტლერული გერმანიის მილიტარიზაციას აქტიურად უწყობდა ხელს ამერიკის შეერთებული შტატები და ერთი მხრივ, მდიდრდებოდა მათ სამხედრო შეკვეთებზე, მეორე მხრივ კი, საბჭოეთთან ომისკენ უბიძგებდა, რომ ამით დიდი სარგებელი ენახა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი ინტუიციითაც გრძნობდა, შემდეგ კი დაზვერვამაც დაადასტურა, რომ ადოლფ ჰიტლერთან სწორედ ამერიკელებს ჰქონდათ საიდუმლო გარიგება და რომ ფაშისტებს ჩვენ წინააღმდეგ დიდი ომისთვის ამზადებდნენ. სტალინი სერიოზულ საგონებელში იყო ჩავარდნილი. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა და ქვეყანა დაჩქარებულად, მაგრამ ხარისხიანად შენდებოდა, სტალინი დარწმუნებული იყო, რომ მას ამ აღმშენებლობის პროცესს შეაწყვეტინებდნენ და სწორედ ამაზე დარდობდა. მაისის ერთ დღეს, როდესაც სტალინთან კაბინეტში ვიმყოფებოდი, მან მითხრა:
– რაც უფრო მეტს ვფიქრობ საერთაშორისო პოლიტიკაზე და სიტუაციას ვაანალიზებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ აქტიურ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო, თანაც დაუყოვნებლივ.
– რას გულისხმობ, კობა? – ვკითხე სტალინს.
– ჩვენს მტრებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას თუ არა, მცირედი ბზარის გაჩენას მაინც. საჭირო და აუცილებელია, რომ გერმანიასა და იტალიასთან საქმიანი კონტაქტები დავამყაროთ. შეძლებისდაგვარად თოთეულ მათგანს ჩვენი თამაში ვათამაშოთ და ერთმანეთისადმი ნდობა შევურყიოთ.
– რთულია, – ვთქვი მე. სტალინმა კი მოკლედ მოჭრა:
– მაგრამ აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელი.
სტალინის სქემის მიხედვით, იტალიის დახმარებით ჰიტლერთან რაც შეიძლება ახლო, საქმიანი ურთიერთობები უნდა დაგვემყარებინა და დაბალანსების პოლიტიკისთვის მიგვეღწია. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა, რომში გავმგზავრებულიყავი, ბენიტო მუსოლინის შევხვედროდი და სტალინის გზავნილი გადამეცა.“
სტალინის გზავნილი იტალიელი დუჩესთვის ფარული შეხვედრის შეთავაზება იყო და საბჭოთა ბელადმა ფაშიზმის ფუძემდებელი, „მამა“ თავისთან არაოფიციალურად მიიწვია. მუსოლინიმ ეს შეთავაზება მიიღო და 1938 წლის 25 ივნისს იტალიელი დიქტატორი საიდუმლოდ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში. მიხეილ თევდორაძე იხსენებდა: „ბენიტო მუსოლინის ჩამოსვლის შესახებ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა ვიცოდით და ამისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით. ოცდახუთი რიცხვი შაბათი იყო. აფხაზეთში ვიმყოფებოდით, სტალინის გაგრის აგარაკზე და მნიშვნელოვანი სტუმრის საიდუმლოდ მიღებისთვის ყველაფერი მზად გვქონდა. მუსოლინი სოხუმის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა და მას მხოლოდ და მხოლოდ ორი ერთგული პირადი მცველი ახლდა, თუ არ ჩავთვლით სპეციალური სამხედრო თვითმფრინავის ხუთკაციან შემადგენლობას. ერთი სიტყვით, სოხუმში სულ რვა ადამიანი ჩამოფრინდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი იქვე დავტოვეთ, მათ ჩვენი კოლეგები უწევდნენ მასპინძლობას. მუსოლინი და მისი ორი მცველი კი დაჯავშნულ „ზილში“ ჩავსვით და მე და ჩემი კოლეგა ტუკოვი ვაცილებდით. უკან კი დაცვის ორი მანქანა მოგვყვებოდა. აგარაკზე დილის 11 საათზე მივედით. სტუმარს თავად სტალინი გამოეგება და მაგრად ჩამოართვა ხელი. შემდეგ კი სადილზე მიიწვია. წინასწარ შეთანხმებული პროგრამით, მუსოლინი 26 ივნისს, საღამოს უნდა გავფრენილიყო უკან“.
ამ თითქმის ორდღიანი, გასაიდუმლოებული ვიზიტის დროს სტალინი თითქმის გვერდიდან არ მოსცილებია მუსოლინის, საბჭოთა ბელადი მასთან ინტენსიურ, ძალიან საქმიან საუბრებს ატარებდა. როგორც მოგვიანებით ვიაჩესლავ მოლოტოვმა თავის დღიურებში ჩაწერა, ბელადმა მუსოლინის ჰიტლერთან შუამდგომლობა სთხოვა. მოლოტოვი წერდა: „მართალია, მე ამ შეხვედრებს არ ვესწრებოდი, რაც ტაქტიკური მოსაზრებით იყო გამოწვეული, მაგრამ მოგვიანებით სტალინმა დაწვრილებით მომიყვა ყველაფერი. სტალინმა დუჩეს ჰიტლერთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება სთხოვა და მუსოლინიმ მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამაში. სამაგიეროდ კი, სტალინი მუსოლინის შეჰპირდა, რომ ნებას დართავდა ციმბირში, ოქროს საბადოებზე იტალიელი ოქროს მომპოვებლები დაეშვა და ერთობლივი საწარმოები აეშენებინათ. ამ სფეროში იტალიელებს დიდი წარმატებები ჰქონდათ...“
სტალინმა იტალიელებს მართლაც ააშენებინა იმ პერიოდისთვის მოწინავე ტექნოლოგიური ოქროს მომპოვებელი საწარმოები, მაგრამ სულ მალე კინწისკვრით გაყარა იქიდან. დუჩეს მეშვეობით ჰიტლერთან კავშირის დამყარება კი სტალინმა დროის მოსაგებად გამოიყენა. მოგვიანებით, ჰიტლერი, სწორედ, მუსოლინის აბრალებდა ომის გადაწევას და მიწასთან ასწორებდა მას. ერთი სიტყვით, სტალინმა მოხერხებულად გააცურა ორი ფაშისტი დიქტატორი და ამით პოლიტიკურად ისარგებლა.“