№26 მარწყვი ბევრ დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სპეციალისტები დიაბეტის დროს მარწყვის კვების რაციონში ჩართვას გვირჩევენ. ის დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. მარწყვი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, კარგია უმადობის დროს. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს. მარწყვი დადებითად მოქმედებს ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის მუშაობაზე. ის რეკომენდებულია ართრიტების, პოდაგრის (ნიკრისის ქარები), სახსრების ტკივილისას. მარწყვს კეთილმოქმედი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, უმკლავდება სტრესებს, გაღიზიანებადობას, უძილობას, აუმჯობესებს განწყობას.
მარწყვს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი თვისებებიც აქვს, ის აფერხებს დაბერების პროცესს. ამიტომ, აქტიურად გამოიყენება კოსმეტიკაში. იმის გამო, რომ მარწყვი შეუცვლელია კანის გასახალისებლად, ის სახისა და კანის სხვადასხვა ნიღბებისა და ნელსაცხებლების შემადგენლობაშიც შეაქვთ.
მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. პირველ რიგში, სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი, ანდა სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. მათ მარწყვით მკურნალობამდე ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია. დიეტოლოგებმა გამოთვალეს: მარწყვის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად რომ ვისარგებლოთ, მისი მწიფობისას 10 კილოგრამის შეჭმა უნდა მოვასწროთ. 100 გრამი კენკრა კი უარყოფით ემოციებს ანეიტრალებს. საზოგადოდ, მარწყვი ადამიანს იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვის კიდევ ერთი ღირსებაა ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. მათში შემავალი მინერალები – რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი – კი ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი მოსამაგრებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი – ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების დაკრეფა მცენარის ყვავილობის პერიოდში ჯობს. ამ დროს მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ.
ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდით და მახვილა ჭიით ინვაზიის დროს. ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვების ამპლიტუდას, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა, აგრეთვე, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს. მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც, სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს.