№25 წარმატებული ყბა-სახის ქირურგი – მერაბ დეკანოსიძე თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
ყბა-სახის ქირურგი, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბატონი მერაბ დეკანოსიძე თავისი საქმის უბადლო პროფესიონალიზმით, პაციენტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. შეიძლება, არ იცით, რომ ექიმი მერაბ დეკანოსიძე არაჩვეულებრივ ლექსებს წერს, რისთვისაც 2014 წელს საგამომცემლო სახლმა „ქართულმა ელიტამ“ „წლის პოეტის“ საპატიო წოდება მიანიჭა. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე და 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა. ბატონი მერაბი 1999 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სტომატოლოგიის განხრით.
2013 წლიდან მუშაობს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს (ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფო) ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსად.
ბუნებით გამოუსწორებელი რომანტიკოსი სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებასა და ფიზიკური ძალების აღდგენას თავისუფალ დროს მდინარის, ტბის ნაპირთან ან ტყეში დასვენებით ახერხებს. შეყვარებულია ზღვაზე და შვებულების დროს საათობით უსმენს მის ხმიანობას. ვერ იტანს სიცრუესა და ორპირობას, უპასუხისმგებლობასა და ფუქსავატობას. უყვარს საკუთარი საქმე და ახარებს ყოველი შემთხვევა, როდესაც ადამიანებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას შეძლებს.
მერაბ დეკანოსიძე: 1971 წლის 26 დეკემბერს დავიბადე, დავამთავრე თბილისის 57-ე საშუალო სკოლა და 1989 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. ბებიაჩემი – ქეთევან მანჯგალაძე სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპული სტომატოლოგიის კათედრის გამგე იყო. მე მისი ბოლო გამოშვების სტუდენტი ვიყავი. 1994 წელს ჩავირიცხე კლინიკურ ორდინატურაში და ორწლიანი სწავლის შედეგად მომენიჭა ყბა-სახის ქირურგად მუშაობის უფლება. მუშაობა დავიწყე წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში. წელს, 4 ოქტომბერს 25 წელი შესრულდება, რაც ამ კლინიკაში ვმუშაობ. 2013 წლიდან ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი ვარ.
– ვინ შეგიწყოთ ხელი პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?
– ჩემი პროფესიული არჩევანი იმ ატმოსფერომ განაპირობა, რაც ოჯახში იყო. ბავშობიდან მქონდა გააზრებული, რომ მედიკოსები კეთილშობილურ საქმეს ემსახურებოდნენ. ბებიას ძალიან უნდოდა, რომ თერაპიულ სტომატოლოგიას გავყოლოდი, მაგარმ ამ მიმართულებასთან ხასიათში ცოტა შეუთავსებლობა მქონდა, რადგან სადაც მაღალი რისკი, დაძაბულობა და სტრესი არ არის, იქ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. ჩემი ხასიათისთვის ქირურგია უფრო მისაღები იყო.
– ძირითადად, რა პრობლემებით მოდიან თქვენთან და რა რეკომედაციებს აძლევთ მათ?
– ყველაზე ხშირად ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის მიზეზი მოუვლელი პირის ღრუა, საიდანაც ვრცელდება ინფექციები, ჩირქდება, სივდება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, როდესაც ადამიანებს რამე აწუხებთ, ყველა გარშემო მყოფის არაკომპეტენტურ რჩევას ითვალისწინებენ და ყველაზე ბოლოს, უკვე გართულებული მდგომარეობით მოდიან ექიმთან. პრობლემა აუცილებლად იჩენს თავს, თუმცა, მას არავინ აქცევს ყურადღებას, ერთ დღესაც ორგანიზმს ამოუვა ყელში და მოგვცემს სიგნალს. ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს ითმენენ, ექიმთან მისვლას აყოვნებენ და უკვე ათასნაირი გართულებებით მოდიან.
ძალიან ხშირია ყბა სახის მიდამოს ანთებითი დაავადებები. აუცილებელია, ექიმმა იცოდეს სიმართლე პაციენტისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მავნე ჩვევების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ჩარევას სხვა გართულების რისკები აქვს. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, ტოქსიკური ოსტეომიელიტით დაავადებული პაციენტები ხშირად ჩივიან, რომ კბილის ამოღების მერე დაეწყოთ პრობლემები, სინამდვილეში, როდესაც კბილი ძვლოვან ქსოვილს მოსცილდა, გამოვლინდა შიშველი ნეკროზული უბანი. რა შეახორცებს მას და როგორ განვითარდება ახალი ქსოვილი?! როდესაც ხვდება ნერწყვი და საკვები, იწყება ლპობითი პროცესი და ჩნდება სუნი. როგორც არ უნდა ეცადოს პაციენტი და რამდენი საღეჭი რეზინიც არ უნდა დაღეჭოს, სპეციფიურ სუნს ვერ გაიქრობს.
ნებისმიერი დაავადების დროს გამოსავალი დროული დიაგნოსტიკაა, თუ არ მიაქცევთ ყურადღებას და დროულად არ მიაკითხავთ ექიმს, შესაძლოა, ლეტალურ შედეგამდე მივიდეთ. ნებისმიერ ჩარევას შეიძლება, გართულება მოჰყვეს, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობისაც.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– მე ვფიქრობ, მედიცინაში წარმატებისთვის დაუღალავ შრომასთან ერთად საჭიროა განსაკუთრებული გულისხმიერება თითოეული პაციენტის მიმართ. შენამდე მოსულ ყველა ადამიანს ისეთი ყურადღებით უნდა მიუდგე, როგორც პირველ პაციენტს. რაც უნდა წარმატებული და პოპულარული ექიმი გახდე, როგორც კი ჩათვლი, რომ „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, სამყაროს შემოქმედი აუცილებლად გაჩვენებს, რომ მუხუდოს მარცვლის ოდენაც არ ხარ.
ზოგადად, დაუფასებელი პროფესია გვაქვს – მილიონ პაციენტს რომ უშველო და ერთთან ვერ მიიღო სასურველი შედეგი, ის ერთი ისეთ სიტუაციას შეგიქმნის, რომ პროფესიის არჩევანს განანებინებს.
– არაერთი ტიტული გაქვთ, ალბათ, სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა თქვენს შრომას ხალხი აფასებს.
– 2018 წელს ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად, რჩეულ ექიმებში დამასახელეთ. ეს ჩემთვის მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. 2014 წლიდან, პატრიარქის კურთხევით, საგამომცემლო სახლი „ქართული ელიტა“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ნიჭით დაჯილდობულ, განსხვავებული პროფესიის ადამიანებს მოიძიებს და ერთ-ერთი მეც გახლდით, გავიმარჯვე ნომინაციაში – „ქართული ელიტის წლის პოეტი“ – ჩემს სათქმელს ლექსების წერით გამოვხატავ და თან სიამოვნებას ვიღებ.
კიდევ ერთი ჯილდო მაქვს – 2015 წელს ბიზნესის განვითარების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ კლინიკის განვითარებაში, ქირურგიული ბლოკიდან ყველაზე დიდი წვლილი მქონია შეტანილი, მაშინ გადმომცეს მედალი „პროფესიული წარმატებისთვის“. ძალიან სასიამოვნოა, როცა უცხო ადამიანები გიფასებენ ნაღვაწს.
– ოჯახი გაგვაცანით.
– ჩემი შვილი – გიორგი დეკანოსიძე, რომელიც გიორგობის თვეს, გიორგობა დღესაა დაბადებული, უკვე 23 წლისაა და ისიც მედიცინას ეუფლება. ამჟამად სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მეხუთე კურსზეა.
– პაციენტების საყვარელი ექიმი ხართ, განსაკუთრებული მიდგომა გაქვთ მათთან?
– ექიმთან მოსული პაციენტი ისედაც ნერვიულობს და შეძლებისდაგვარად, პირველ რიგში, დაძაბულობა უნდა მოუხსნა, მაქსიმალურად სიმშვიდის ატმოსფერო შეუქმნა. პაციენტის განწყობისთვის ხშირად გვიწევს „გიჟობანას“ თამაშიც. პაციენტთან მე ჩემი მიდგომები მაქვს. ისინიც ცდილობენ, თავისებურად გამოხატონ კეთილგანწყობა. ერთმა პაციენტმა უჩინარი კაცის ნიღაბი მაჩუქა, რომელსაც ოპერაციებზე ვიკეთებ. მახსოვს, ძალიან დატვირთული დღე იყო, 11 ოპერაცია მქონდა. პაციენტებს წინასწარ შეთანხმებით ვეკითხები: ოპერაცია რომელი ნიღბით გაგიკეთო-მეთქი. ერთ შემთხვევაში გამომრჩა შეთანხმება და ოპერაციის მერე პაციენტის დედა მეკითხებოდა, რა ნარკოზი გაუკეთეს ჩემს შვილს, ამბობს რაღაც ფილმში ვიყავიო. ალბათ, რომ დამინახა თავი ფილმში ეგონა. ჩემი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობ, პაციენტებს გულისხმიერად დავხვდე.