№25 წარმატებული ქართველი მოცეკვავის – მიშიკო ბრეგვაძის საერთაშორისო აღიარება
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

მიშიკო (მიშო) ბრეგვაძე: ცეკვა 12 წლის ასაკში დავიწყე. იმდენად გამოვიჩინე თავი, რომ სამ თვეში ძალიან მნიშვნელოვან კონცერტზე გამიყვანეს. ჩემს ანსამბლთან ერთად ბევრი წარმატება მქონდა, მაგრამ გუნდური წარმატება არ მაკმაყოფილებდა. მინდოდა, ჩემი სახელი დამოუკიდებლად გაჟღერებულიყო მსოფლიოს დიდ სცენებზე და ის წარმატება, რასაც მოვიპოვებდი მხოლოდ ჩემი დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგი ყოფილიყო.
– ლათინოამერიკულ ცეკვებში გადასვლიდან ძალიან მალე შეძელით მსოფლიოს დიდი სცენების დაპყრობა. ამისთვის, ალბათ, ბევრს მუშაობდით.
– ერთი წელი მოვანდომე ლათინოამერიკული ცეკვების შესწავლას და მეორე წლიდან ქართული კონკურსების დონეზე უკვე სერიოზული განაცხადების გაკეთება დავიწყე. ცეკვაში ვდებ მთელ დროსა და ენერგიას, თუმცა, ჩემთვის ეს იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ არასდროს ვგრძნობ დაღლას. რაც უფრო მეტი წარმატებული გამოსვლა მაქვს, მით უფრო მეტს მოვითხოვ საკუთარი თავისგან.
– არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე ხართ და ყველგან იწვევთ ჟიურის აღტაცებას, თქვენს მოსწავლეებსაც სერიოზული მიღწევები აქვთ...
– პირველი კონკურსიდან რომ დაიწყო წარმატებები, დღესაც გრძელდება. გარკვეული პერიოდი იტალიაში ვცხოვრობდი, ბავშებთან ვმუშაობდი, ვიყავი კლასიკური ბალეტის ინსტრუქტორი და სამეჯლისო სპორტული ცეკვების ქორეოგრაფი. საქართველოში მოგვიანებით დავბრუნდი და ჩემს ქვეყანაში გავაგრძელე მოღვაწეობა. ბევრი კონკურსის ფინალისტი ვარ და ჩემი მოსწავლეებიც, რომელთა დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა, წარმატებით ასპარეზობენ მსოფლიო დონის შეჯიბრებებზე, რაც ძალიან მეამაყება.
– ბევრი შემოთავაზება გაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მაქვს მოწვევები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან და ასე შემდეგ. ბევრი ქვეყანა მთავაზობს, ვიყო მათი ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე. სამომავლო გეგმებში ისევ ბევრი შრომაა ჩემპიონის ახალ-ახალი ტიტულებისთვის.