კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რამდენჯერ აღმოჩენილა გიორგი გოგეშვილის სიცოცხლე საფრთხეში ექსტრემალური მოგზაურობისას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიორგი გოგეშვილს სოციალურ ქსელში აქტუალურ თემებზე გადაღებული სახალისო ვიდეოებით, ასევე, მოგზაურობისას გადაღებული ექსტრემალური ფოტოებითა და ვიდეოებით იცნობენ, რაც თანამედროვეობაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათი გადაღება დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
  გიორგი გოგეშვილი: მოგზაურობა შიდა ტურებით დავიწყე. პირველად თუშეთში წავედი და მივხვდი, რომ ასეთი გასვლები ადამიანს იმხელა ენერგიით ავსებს, რომ ერთწლიან გამოფიტვას უნაზღაურებს და საოცრად დადებით ემოციებთან ასოცირდება. ამიტომ ამის შემდეგ მოგზაურობის შანსს ხელიდან აღარ ვუშვებ. რაც შეეხება ექსტრემს, მისი სიყვარული, კონკრეტულ პერიოდში, რაღაცისადმი ემოციური მიზიდულობაა, რაც ჩემს შემთხვევაში, ექსტრემალური სპორტის სახეობებით დაიწყო და გართობის ექსტრემალური სახეებით გაგრძელდა. მანქანებით დავიწყე, შემდეგ სპორტულ მოტოზე გადავედი, მერე მთის მოტოზე, პარაშუტით გადმოხტომაც ვსინჯე, მაგრამ ისიც, როგორც ყველაფერი, მალე მომბეზრდა და ახლა ექსტრემალური მოგზაურობა მიზიდავს. რაც შეეხება მოგზაურობისას გადაღებულ ექსტრემალურ ვიდეოებს, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, გულწრფელად რომ ვთქვა, ვიდეოში ადვილია რაღაც იმაზე საშიშად წარმოაჩინო, ვიდრე რეალურადაა. თუმცა, სად ეკრანზე რომ უყურებ და სად მართლა რომ ზიხარ ასეთ ადგილას.
– რეალურად სახიფათო ისტორიები არ გადაგხდენია?
– ექსტრემალურად წარმოსაჩენი კადრის პოვნა ყველგან შეგიძლია, მათ შორის თბილისშიც, თან, ისეთ ადგილას, ვიღაც რომ შეხედავს და ვერაფრით მიხვდება, რა არის იქ ექსტრემალური (იცინის). ექსტრემალურ სიტუაციებში, ძირითადად, მარტო დავდივარ
ხოლმე. არ მინდა, წახალისება გამომივიდეს, მაგრამ, რეალურადაც აღმოვჩენილვარ ძალიან სახიფათო ადგილას. ზოგადად, ხიფათის ძირითადი მიზეზი არასათანადო ინფორმირებულობა და მოუმზადებლობაა. მე ძალიან მოუმზადებელი და თანაც, ცუდ პერიოდში წავედი უძირო ტბაზე. ამერია გზაც, დროც და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. თურმე, იქ დილის ექვს საათზე უნდა წახვიდე, რომ შუადღის 12-მდე  ჩახვიდე. მე საღამოს წავედი და ღამის თორმეტზე ჩავედი, მაგრამ თან სხვაგან. აღმოვჩნდი ისეთ ადგილას, სადაც რომ გაიყინო, სანამ თოვლი არ გადნება, ანუ აგვისტომდე ვერავინ გიპოვის. სულ ორჯერ ვარ იქ ნამყოფი და ორივეჯერ არასწორად დავგეგმე. მეორედ ველოსიპედით წავედი და გზაში მივხვდი, რომ იქ ველოსიპედით წასვლა ნიშნავს, რომ მიგაქვს დიდი რკინის ნაგლეჯი, რომელიც ზურგით უნდა ათრიო, იმიტომ, რომ შესაბამისი გზა არსადაა. რადგან პირველად ღამით ვიყავი, გზა კარგად ვერ შევისწავლე და ეს ამიტომაც დამემართა. გამოცდილი მოგზაურისთვის ეს ადგილი, ალბათ, არც ისე საშიშია, მაგრამ მოყვარულისთვის, თან, როცა აბსოლუტურად მარტო ხარ, არასაკმარისად მომზადებული – რთულია. რომ მიდიხარ, ჯერ გაუვალი ტყე გხვდება, მერე – ქვა-ღორღი, თოვლი და ყინვა. უნდა გადაიარო გაყინულ წყალზე, რომელიც შეიძლება, ჩაგიტყდეს და თუ ეს მოხდა, სანამ ბოლომდე არ გადნება თოვლი ვერ გიპოვიან, ვერც კი ივარაუდებენ, რომ შეიძლება, იქ
ვიღაც იყოს. არ იჭერს ტელეფონი და დახმარებასაც ვერ ითხოვ. ფანარიც დამიჯდა და მხოლოდ მთვარის შუქის იმედად მივდიოდი. ღამის თორმეტ საათზე ავედი, მაგრამ იქ დარჩენა შეუძლებელი იყო, კარავი კი მქონდა წაღებული, მაგრამ საძილე ტომარა დამრჩენია და იმ პირობებში აუცილებლად გავიყინებოდი. მინუს ორ გრადუსში ოთხი სველი მაისური მეცვა, შორტი და ბოტასი. იმ დღეს მეგონა, რომ უკან ცოცხალი ვეღარ დავბრუნდებოდი. აქედან თუ ექვსი საათი მოვანდომე გზას, უკან საათნახევარში ჩამოვედი, სირბილით – სხვა გზა არ მქონდა, გავჩერდებოდი თუ არა ვიყინებოდი, მაძაგძაგებდა და შესუნთქული ჰაერი ცხვირში მეყინებოდა.
– არ გაგიჩნდა სურვილი, სამუდამოდ დამშვიდობებოდი ექსტრემალურ მოგზაურობას?
– ეგ სურვილი ხშირად მიჩნდება (იცინის). მეორე დღეს რომ ჩამოვაღწიე და ფეხზე დავიხედე, ფრჩხილები ამძვრალი მქონდა... თუშეთთან მაკავშირებს ძალიან მაგარი ისტორია: მოვდიოდით მე, ჩემი და და მეგობარი. ძალიან მიყვარს თუში ხალხი, საოცარი ადამიანები არიან, მაგრამ იქ მოგზაურობისას ერთი რაღაც უნდა იცოდე: თუშს რომ ჰკითხავ – რაღაც სად არისო, შეიძლება, ოთხი საათის სავალზე იყოს, მაგრამ გეტყვის, აქვეაო და არ უნდა დაიჯერო (იცინის). მოკლედ, საწვავი გაგვითავდა და მწყემსს ვკითხეთ, ახლომახლო ხომ ვერ ვიშოვიდით. აგერ, პირველივე მოსახვევში ერთს გაფუჭებული მანქანა ჰყავს, რად უნდა იმას ბენზინი, მიდით და მოგცემთო, გვითხრა. ჩემი და მანქანაში დავტოვეთ და წავედით. იმდენი ვიარეთ ხელცარიელების უკან მობრუნებას აზრი არ ჰქონდა და ბარემ მივდივართ და მივდივართ წინ, მაგრამ ეს ბარემ არასდროს მთავრდება და მიუხედავად იმისა, რომ ოთხი საათი გავიდა, პირველივე მოსახვევი არადა არ გამოჩნდა. ამასობაში დაღამდა და გაწვიმდა. ვართ ცერზე, ასე ეძახიან იმ ადგილს, სადაც ყველაზე დაბალი ტემპერატურაა და ისეთი წვიმა წამოვიდა, მანამდე რომ პატარა, საყვარელ ნაკადულს ვუყურებდით, ახლა დიდ ნიაღვრად იქცა და გზა მიაქვს. გზა აღარ ჩანს, მაგრამ ჭექა-ქუხილის სინათლეზე ვხედავთ, საით უნდა წავიდეთ. მივდივართ, ვჩერდებით და ველოდებით შემდეგ გაელვებას. უკვე ძალიან ცუდად ვართ, ხუთი საათი გავიდა ამ პირობებში და მხოლოდ იმიტომ ვაგრძელებთ გზას, რომ არ წავიქცეთ, რადგან გაჩერება ამას ნიშნავს. ხან გამამხნევებელ სიმღერებს ვმღერით, ხან ვლოცულობთ, ხან რაღაცებს ვიხსენებთ, რომ გონება არ დავკარგოთ. უცებ ვხედავთ, ორი ნათელი წერტილი გვიახლოვდება, გავჩერდით, „ნივა“ მოგვიახლოვდა და შიგნიდან გვეძახიან: სწრაფად დაჯექით, სანამ სულ არ წაიღო წვიმამ გზებიო. ვუყურებთ ცხრა კაცი მაინც ზის მანქანაში და სად უნდა დავჯდეთ? საბარგულშიო, მიგვასწავლეს. გვეგონა გვეჩვენება, მაგრამ მანქანიდან ჩემი და იძახის, დაჯექით, დაჯექით, მეც აქ ვარო. ამ ადამიანებს გზაზე გამოუვლიათ, ჩემს დას უთქვამს, რაც მოხდა და ისიც წამოუყვანიათ, აქ რომ დარჩე, მანქანიანად წაგიღებს ნიაღვარიო. ჩავსხედით საბარგულში, მაგრამ ისეთი გზა იყო, მძღოლი მომენტებში აჩერებდა  და ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, თქვენ ჩამოდით, ამ ადგილას მარტო გადავალ, თუ დაღუპვაა, რაღა მთელი ოჯახი ამოვწყდეთო, მაგრამ შენ რომ საბარგულში ზიხარ, ვეღარ აწუხებ ადამიანს, მეც ჩამოვალო (იცინის). როგორც იქნა, გამოვიარეთ ეს გზა, გადავრჩით და უცებ ვგრძნობ,
ფეხი დამისველდა. რა არის გასაკვირი, ალბათ წყალი შემოვიდა-მეთქი, მაგრამ ვუყურებ წითელია, თან  თბილი. ჩემი მეგობარიც იგივე დღეშია – წელს ქვემოთ წითლები ვართ. მძღოლს ვეუბნებით, მგონი სადღაც ფეხი გავიჭერით, სისხლი მოგვდის-მეთქი და გვპასუხობს: არა, არა. მანდ დაკლული ძროხა დევს, იმაზე ზიხართ, მშვიდად იყავითო (იცინის).
– სხვა ქვეყანაშიც აღმოჩენილხარ ასეთ თავგადასავალში?
– ჩინეთი საოცრად კონტრასტული ქვეყანაა. რაღაცებში ნამდვილი კატასტროფაა, რაღაცებში იმდენად წინ არიან, რომ ფიქრობ, ვერასდროს დავეწევითო. ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქში წავედით. იქამდე ძალიან კარგად ვიმგზავრეთ კომფორტული  მატარებლით, მაგრამ იქიდან სხვა მატარებელში აღმოვჩნდით. არჩევანი არ გვქონდა და მხოლოდ ფეხზე დგომის ბილეთები შეგვხვდა. რა პრობლემაა, გვგონია, როგორი მატარებლითაც ჩამოვედით, ისეთივეთი წავალთ უკან და რა მოხდა, თუ ფეხზე მოგვიწევს დგომა?! მაგრამ, რომ წარმოიდგინოთ, როგორი იყო ეს მატარებელი, რამდენიმე სიტუაციას აღვწერ: ვაგონში ისეთი ჭედვა იყო, ტუალეტთან რომ გათავისუფლდა ადგილი – დასაჯდომი კი არა, დასადგომი, ერთი ამბავი ატყდა, ვინ დაიკავებდა. როგორი სიბინძურეა, ვერ წარმოიდგენთ – ტუალეტიდან კანალიზაცია შიგნით, მატარებელში გადმოდის. იატაკი სველია და ყარს. თუ სადმე ჩამოჯდომა მოახერხე, პრობლემა არაა, წინიდან ვინმემ რომ ფეხი გადმოგადოს, აქ „ყველაფერი მოსულა“. გვერდით ქალმა რომ მშობიარობა დაიწყო, არავის გაჰკვირვებია. ორ სკამზე რომ ვერ დაეტია, ვიღაცის დიდი ჩანთა მიადეს სკამებს და ასე ამშობიარეს. ოთხი დღე ყოფილა გზაში და ისე მოხდა, მე გადავჭერი იმ ჩინელი ბავშვის ჭიპლარი (იცინის). ყველაზე ცუდი მგზავრობა იყო, რომელიც დღეს ძალიან კარგად მახსენდება. შვიდი საათი ვიყავით ამ პირობებში. ესეც ჩინეთია და ისიც, რომელიც საოცრად განვითარებულია.
  ჩინეთში თუ სახეზე წვერი გაქვს, ყველა ცდილობს, შეგეხოს და შენთან სურათი გადაიღოს – პერიფერიულ ტურისტულ ქალაქებში სანახაობა ხარ. ჩოხა
მეცვა და ისე ვსეირნობდი. იქ არავინ იცის საქართველოს შესახებ. მიჩვეული ვარ, როცა ვუხსნი ჩემი ქვეყნის შესახებ, სტალინი უნდა ვუხსენო, კომუნისტები არიან, სტალინი უყვართ და ასე უფრო ხვდებიან. ჰოდა, ერთმა მითხრა, რა კარგი სამოსი გაცვიაო. ვუთხარი ნაციონალური რომ იყო, მაგრამ საქართველო არ მიხსენებია, მაინც ვერ გაიგებს-მეთქი. კი, ვიცი რომ კავკასიურია, უფრო მეტიც, ისიც ვიცი, რომ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოაო, ჩინელი მეუბნება, შოკში ჩავვარდი  (იცინის).
– სახიფათო ვიდეოების ისტორია როგორია?
– ცხრაჯვარი ჩვენი ქვეყნის ძალიან საინტერესო და ულამაზესი ადგილია, სხვა ქვეყნის სანახაობებს არაფრით ჩამოუვარდება. თუმცა, საშიშიცაა და იქ დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამ ვიდეოს რომ ვიღებდი, ქარი იყო და სანამ მე ეკრანს ვუყურებდი, ისე დამიბერა, მეგონა, ვიღაცამ მკრა ხელი და სრულიად შემთხვევით გადავრჩი. ვთქვი, რომ მსგავს რამეს აღარასდროს გავიმეორებდი. იქიდან რომ ჩამოდიხარ, მერე აცნობიერებ, რომ ამის გაკეთება სისულელე იყო. რომ გადავარდე, ვერც გიპოვიან. დაბლა რომ იხედები, თვალსაც ვერ აწვდენ, გადარჩენის შანსი არ გაქვს. დღეს დაზღვევის გარეშე მსგავსი ვიდეოს გადაღება მართლა ვერ წარმომიდგენია. ერთ წამში შეიძლება, მთელი ცხოვრება შეგეცვალოს – ან საერთოდ ვერ გადარჩე ან საშინლად დასახიჩრდე, რასაც ვეღარ გამოასწორებ.
– გარდა ექსტრემალური ვიდეოებისა, სოციალურ ქსელში სახალისო და თანამედრვეობისთვის აქტუალურ პრობლემებზე გადაღებული ვიდეოებითაც გიცნობენ. პროფესიით ვინ ხარ?
– დამთავრებული მაქვს „ბიზნესი და მართვა“, ახლა სარეკლამო კომპანია მაქვს და კლიენტებს ძირითადად, მარკეტინგში ვეხმარები. თუმცა, ახლა ძალიან მიზიდავს ფსიქოლოგია და ვფიქრობ, მეორად პროფესიად ავირჩიო ან რამდენიმეწლიან მოგზაურობაში წავიდე, მაგრამ არა დასასვენებლად. მინდა, რამდენიმე წლით სხვადასხვა ქვეყანაში ვიცხოვრო და ვნახოთ, რა იქნება.

скачать dle 11.3