№25 საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა და მისი მკურნალობის გზები – საინტერესო რჩევები რამაზ ჩარექიშვილისგან
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტის, მედიცინის დოქტორის, „კარაპს მედლაინის“ ენდოსკოპიურ-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, საქართველოს გაერთიანებული ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონ რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის განვითარება საქართველოში. გამორჩეული პროფესიონალი და პაციენტების საყვარელი ექიმი ამჯერად საშვილოსნოს კვანძოვან მიომაზე, მისგან გამოწვეულ პრობლემებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრა.
– ბატონო რამაზ, რა არის საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა და რა კავშირშია ის შვილოსნობასთან?
– საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია რეპროდუქციული ასაკის (16-დან 50 წლამდე) ქალბატონებში. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, ეს დაავადება გაახალგაზრდავდა და 23-25 წლის გოგონებშიც გვხვდება. მისი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა, ხშირად ქალბატონების 80-მა პროცენტმა, არც კი იცის, რომ ეს დაავადება აქვს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ის ყველანაირი სიმპტომატიკისა და კლინიკის გარეშე მიმდინარეობს.
– რა განლაგების კვანძები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?
– კვანძი საშვილოსნოზე სხვადასხვა განლაგებისაა, შეიძლება იყოს ზედაპირული, იგივე სუბსეროზული კვანძი, რაც საგანგაშო არაა თუ ის სოლიდურ ზომებს არ აღწევს. არის საშვილოსნოს კუნთოვან შრეში განლაგებული-ინტრამულარული კვანძი, რომელიც გარკვეულ საფრთხეს ქმნის თავისი ზომებიდან გამომდინარე. როგორც წესი, თუ კვანძი 3 სანტიმეტრს აღემატება, ქირურგიული ჩარევის საგანი ხდება. კუნთოვან შრეში განლაგებული კვანძის პირობებში ქალი შეიძლება დაფეხმძიმდეს, მაგრამ საშვილოსნოში ნაყოფი კვანძთან ერთად ვერ განვითარდება. რასაკვირველია, არსებობს ერთეული შეთხვევები, რაზეც არ შეიძლება საერთო სტატისტიკის აგება, ამიტომ ასეთი კვანძი, როგორც წესი, საოპერაციოა და ფეხმძიმობა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს. არსებობს სუბმუკუზურად განლაგებული კვანძი. ის საშვილოსნოს ღრუშია და როგორი მცირე ზომისაც არ უნდა იყოს, თავისი კლინიკური ნიშნები აქვს: სისხლდენა, გახანგრძლივებული მენსტრუაცია, მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი. ამ შემთხვევაში კვანძის გამოტანა მხოლოდ ქირურგიული ჩარევით ხდება. მაგრამ მთელი პრობლემა კვანძის ქირურგიული მკურნალობით არ მთავრდება, რადგან როდესაც ქირურგიული გზით ვინარჩუნებთ საშვილოსნოს, ვსპობთ დაავადების შედეგს და არა გამომწვევ მიზეზს. ამიტომ, ბუნებრივია, ოპერაციის შემდგომ, როდესაც კვანძი დაითესება და მივიღებთ პასუხს, თუ რა სახის კვანძთან გვქონდა საქმე, საჭირო და აუცილებელია სათანადო პროფილაქტიკური ჰორმონალური მკურნალობა, რათა არ მივიღოთ უჯრედოვან დონეზე არსებული კვანძის ნასახის ზრდა და განვითარება.
– რა ხდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოში კვანძის არსებობის შემთხვევაში ქალი დაფეხმძიმდა?
– ასეთ დროს ფეხმძიმობის პირველი სამი თვის განმავლობაში ქალის საკვერცხეები გამოყოფს ზუსტად იმ ჰორმონალურ სპექტრს, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც პარალელურად, განაპირობებს ამ კვანძის ზრდას. ამიტომ, როგორც წესი, ფეხმძიმობის პირველ სამ თვეში კვანძი ზომაში იმატებს, ეს კი, ბუნებრივია, იწვევს ფეხმძიმობის შეწყვეტას და შედეგად ვიღებთ შეწყვეტილ ფეხმძიმობასა და გაზრდილ კვანძს. ამიტომ, როდესაც ინტრამურალური კვანძის ზომა 3 სანტიმეტრს აღემატება, საჭიროა მისი ქირურგიული მკურნალობა. კვანძის მოცილების შემდეგ – 3 თვიდან ერთ წლამდე ქალს ეკრძალება ფეხმძიმობა, რათა საშვილოსნოს მიეცეს ამოკვეთილ უბანზე ნორმალურად შეხორცების საშუალება, რომ შემდგომში აიტანოს ფეხმძიმობა და არ მივიღოთ გართულება, რასაც „ნაკერზე გადახსნას“ უწოდებენ.
– რა საფრთხეს უქმნის ქალის შვილოსნობას მუცელკვეთა ოპერაციები?
– დღეს 90 პროცენტში ქირურგიული ჩარევა, მათ შორის კვანძების მოსაშორებლადაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ლაპარასკოპიულად. ვფიქრობ, როდესაც გვაქვს ენდოსკოპიური მეთოდის საშუალება, ახალგაზრდა ქალბატონებში მუცელკვეთა ოპერაციები ქირურგის მხრიდან არასწორი მიდგომაა. მუცელკვეთა ოპერაციის შემდეგ ვითარდება შეხორცებითი პროცესი, ამ პროცესში, დიდი ალბათობით, ქალის კვერცხსავალი მილებიც ხვდება, რაც მათ დახურვას იწვევს. გამოდის, რომ ერთ საქმეს ვშველით და მეორეს ვაფუჭებთ.
– რა განსაკუთრებული პროფესიონალიზმი სჭირდება ქირურგს გინეკოლოგიაში?
– ქირურგმა ზოგად ქირურგიაში რომ დაუშვას შეცდომა, პაციენტს ადგილზე გაურთულდება და საავადმყოფოდან ვერ გაწერს, გინეკოლოგიაში ასე არ არის, ქირურგმა რამე რომ „გაახალტუროს“, მაგალითად, საკვერცხეზე კისტის ოპერაციის დროს მხოლოდ დაცალოს და კისტის კაფსულა არ ამოიღოს, პაციენტი სტაციონარიდან გაეწერება კისტის გარეშე და მადლობასაც იტყვის, მაგრამ ორ თვეში ის კისტა ისევ ხელახლა განუვითარდება. არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე კვანძია, ქირურგი იღებს ზოგ მათგანს და პაციენტს უხსნის, რომ ის კვანძი, რომელიც დატოვა, რთული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საშვილოსნოს დაკარგვას გამოიწვევდა. რეალობაში, ქირურგმა ვერ შეძლო იმ კვანძის ამოღება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს საშვილოსნოზე განლაგებული კვანძი (საუბარი მაქვს კეთილთვისებიან კვანძებზე), რომლის ამოღებაც არ შეიძლება, თუ ქირურგი კვალიფიციურია.
იცით, რომ თითოეულ პაციენტს ვატან ოპერაციის ვიდეომასალას – ეს არის იურიდიული სამედიცინო დასტური იმისა თუ როგორ იმუშავა ქირურგმა. პაციენტს ხელთ აქვს ჩვენგან წაღებული ვიდეომასალა, რომლის განხილვაც ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დონეზეა შესაძლებელი. ეს ჩემი კრედოა. ამით იქმნება გამჭვირვალობა და ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის.