№25 წარმატებული უროლოგი ზაზა მეზვრიშვილი – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უროლოგი ზაზა მეზვრიშვილი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით გამოირჩევა. სტაჟირება ევროპის სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა, 2011 წლიდან კი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია და ყოველდღიურად იბრძვის პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ზაზა მეზვრიშვილი: სამედიცინო ოჯახიდან არ მოვდივარ, მაგრამ ამ პროფესიას დიდი ხიბლი აქვს, რის გამოც გადავწყვიტე ექიმობა. ექიმად უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ჩავმოვყალიბდი, სადაც 1988 წლიდან ვმუშაობ. ეს დაწესებულება ყოველთვის იყო და რჩება ლიდერად ჩვენს დარგში. ის პრაქტიკულად ერთადერთი სამეცნიერო ინსტიტუტია, რომელიც გადარჩა, პირვანდელი სახე შეინარჩუნა და თავისი პროფილით განაგრძო მუშაობა. რთულ, 90-იან წლებშიც, როცა დაფინანსების არანაირი წყარო არ არსებობდა და საავადმყოფომდე ძალიან ცოტა პაციენტი მოდიოდა, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული აქტივობა ყოველთვის მაღალი იყო. ეს იმ კოლექტივის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩეოდა და რა თქმა უნდა, კლინიკის ხელმძღვანელის – აკადემიკოს ლაურ მანაგაძის. მან, შეიძლება ითქვას, ფანჯარა გაჭრა ევროპაში და მისი დახმარებით ჩემი თაობის უროლოგები ვიყავით პირველები, რომელთაც საშუალება მოგვეცა, საექიმო გამოცდილება დასავლურ კლინიკებში მიგვეღო.
– რა მოგცათ ევროპაში სტაჟირებამ?
– რა თქმა უნდა, ევროპული საუნივერსიტეტო კლინიკები უმაღლესი სტანდარტებისაა. შესაბამისად, დაინტერესებული ადამიანისთვის იქ ყოველთვის არის ის სივრცე, სადაც შეიძლება უახლესი სამეცნიერო ინფორმაციისა თუ კლინიკურ-პრაქტიკული ჩვევების მიღება, რომელიც შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის უაღრესად გამოსადეგია. ამასთან ერთად, კონტაქტი ევროპასთან – ეს არის ადამიანური ურთიერთობები, კავშირი დასავლელ კოლეგებთან, რაც ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია.
– რომელია ყველაზე ხშირი ონკოლოგიური დაავადებები უროლოგიაში?
– ყველაზე ხშირია პროსტატის კიბო, შემდეგ მოდის შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო, უფრო იშვიათია სათესლე ჯირკვლისა და ასოს კიბო.
– როგორია ონკოლოგიურ დაავადებათა სიხშირე ასაკის მიხედვით?
– ონკოლოგიურ დაავადებათა უმეტესობის სიხშირე ასაკთან ერთად მატულობს. თუმცა, ზოგიერთი დაავადება ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. ურო-ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ასეთია სათესლე ჯირკვლის კიბო. როგორც აღვნიშნეთ, ის შედარებით იშვიათ სიმსივნეებს მიეკუთვნება, მაგრამ იმის გამო, რომ ძირითადად, 20-40 წლის ასაკში ვითარდება, ახალგაზრდა მამაკაცთა ყველაზე ხშირ ავთვისებიან დაავადებას წარმოადგენს. მისგან განსხვავებით, პროსტატის კიბო, რომელიც მამაკაცთა ყველაზე ხშირი პათოლოგიაა არა მარტო ურო-ონკოლოგიურ დაავადებებს, არამედ, საერთოდ, ყველა ავთვისებიან სიმსივნეს შორის, ახალგაზრდებში უკიდურესად იშვიათად გვხვდება. მისი სიხშირე ასაკთან ერთად მკვეთრად იზრდება და 50 წლის ასაკის მამაკაცებში პროსტატის კიბოს არსებობის რისკი 40 პროცენტს აღწევს, ხოლო ასაკის შემდგომ მატებასთან ერთად კიდევ უფრო იმატებს. ეს თითქოს შემაშინებლად მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ამ დაავადების უცნაურობა ისაა, რომ შემთხვევათა უდიდეს ნაწილში ის იმდენად ნელა პროგრესირებს, რომ დაავადებულთა მხოლოდ ერთი მეხუთედი იგებს სიცოცხლეში ამ დიაგნოზის შესახებ. დანარჩენი ოთხი მეხუთედი ისე კვდება სხვა დაავადებით, რომ მათში პროსტატის კიბო ვერც კი ასწრებს გამოვლინებას და შემდგომი მძიმე შედეგების მოტანას.
– როგორია ამ დაავადების სიმპტომატიკა?
– დაავადება საწყის ეტაპზე უმეტესწილად შარდვის პრობლემების გაჩენით ვლინდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის პროსტატის კიბოს არ ნიშნავს.
უფრო ხშირად ეს სიმპტომები ჩვეულებრივი ადენომის ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი დაავადების დროს გვხვდება. პროსტატის კიბოს შორსწასული და მეტასტაზირებული შემთხვევების დროს კი კლინიკური სურათი უფრო მძიმეა, შეიძლება, გამოხატული იყოს ტკივილი და სხვა პრობლემები. საგულისხმოა, რომ პროსტატის კიბოს აღმოჩენა სიმპტომების გაჩენამდეცაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაბამისი კვლევების ჩატარება დაავადების ადრეული დიაგნოსტირების მიზნით.
უფრო ხშირად ეს სიმპტომები ჩვეულებრივი ადენომის ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი დაავადების დროს გვხვდება. პროსტატის კიბოს შორსწასული და მეტასტაზირებული შემთხვევების დროს კი კლინიკური სურათი უფრო მძიმეა, შეიძლება, გამოხატული იყოს ტკივილი და სხვა პრობლემები. საგულისხმოა, რომ პროსტატის კიბოს აღმოჩენა სიმპტომების გაჩენამდეცაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაბამისი კვლევების ჩატარება დაავადების ადრეული დიაგნოსტირების მიზნით.
– როგორც აღნიშნეთ, სათესლე ჯირკვლის სიმსივნე ახალგაზრდების დაავადებაა. რა შეიძლება ითქვას მის გამომწვევ მიზეზებზე?
– ერთ-ერთი კარგად ცნობილი რისკ-ფაქტორია შეკავებული სათესლე ჯირკვალი, ანუ ისეთი მდგომარეობა, როდესაც სათესლე ჯირკვალი მდებარეობს მაღლა, საზარდულში ან მუცლის ღრუში და არ არის ჩამოსული სათესლე პარკში. ეს საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა: ახალშობილთა დაახლოებით 10 პროცენტს ერთი ჯირკვალი არ აქვს ჩამოსული. თუმცა, პირველი წლის განმავლობაში მათი დიდი ნაწილი ჩამოდის და 1 წლის ასაკში მხოლოდ 1 პროცენტს რჩება ჩამოუსვლელი. ამის შემდგომ სათესლეს თავისით ჩამოსვლის შანსი უკიდურესად დაბალია, ამიტომაც ოპერაციული ჩამოტანა 1-დან 2 წლამდე ასაკში უნდა დაიგეგმოს. კატეგორიულად არასწორია მიდგომა სქესობრივ მომწიფებამდე მოცდისა. ასეთ დროს, წლების განმავლობაში შეკავებულ სათელე ჯირკვალში სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილებები ყალიბდება.
– რამდენად ხშირია ფატალური შედეგი სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს?
– სათესლე ჯირკვლის კიბო საკმაოდ მაღალი ავთვისებიანობის მქონე დაავადებაა. ის განვითარების ადრეულ ეტაპებზევე მეტასტაზირებს, რის გამოც ადრეულ წლებში პაციენტთა დიდი უმრავლესობა იღუპებოდა. 70-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, რომელთაც განაპირობეს შედეგების მკვეთრი გაუმჯობესება და დღეისათვის დაავადების სიკვდილიანობა 10%-მდეა შემცირებული. ზოგადად, ონკოლოგიაში მეტასტაზირებული დაავადების არსებობისას მედიცინა უმეტესწილად სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის იბრძვის. სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს კი მიზანი პაციენტის განკურნებაა, რაც ხშირად მეტასტაზირებულ შემთხვევებშიაც მიიღწევა.
– მოდით, არაონკოლოგიურ საკითხებსაც შევეხოთ. მამაკაცის უროლოგიური პრობლემები რამდენად შეიძლება, გახდეს უშვილობის მიზეზი?
– უნაყოფობა შემთხვევათა 20-30 პროცენტში მხოლოდ მამაკაცთა მიზეზითაა განპირობებული. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია ძალზე გავრცელებული უროლოგიური პათოლოგია ვარიკოცელე ანუ სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რაც მამაკაცთა 15 პროცენტში გვხვდება და ზოგჯერ სპერმის წარმოქმნის ანუ სპერმატოგენეზის დათრგუნვას განაპირობებს. შესაბამისად, ამ დაავადების მქონე მამაკაცებში უშვილობის პრობლემა სტატისტიკურად უფრო ხშირია. ვარიკოცელეს მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაციული ჩარევის შედეგად სპერმოგრამის მაჩვენებლების გაუმჯობესება შემთხვევათა 70 პროცენტში აღინიშნება.
– რა იქნება თქვენი გზავნილი ჟურნალის მკითხველისთვის, რომელსაც შეიძლება, პრაქტიკული ღირებულება ჰქონდეს?
– ალბათ, ამგვარი ღირებულება ექნება რეკომენდაციას, რომელიც მოსახლეობაში სამედიცინო ინფორმაციის დეფიციტით განპირობებულ პრობლემას შეეხება. მაგალითად, არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა ეწოდება. ის უხშირესად სქესობრივი მომწიფების ასაკში გვხვდება და უკიდურესად იშვიათია 25 წლის შემდეგ. მას ახასიათებს უეცარი, ძლიერი ტკივილი, რა დროსაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ აქ საათებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს და სასწრაფო წესით ჩატარებული ოპერაცია სათესლე ჯირკვლის გადარჩენის ერთადერთი შანსია. სამწუხაროდ, ხშირია დაგვიანებული მომართვის შემთხვევები, როდესაც ქირურგიულ ჩარევას სასურველი შედეგის მოტანა უკვე აღარ შეუძლია.
– თქვენი ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე – მაკა დუმბაძე და შვილები – მანანა და ნინო. უფროსი – მანანა დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე გიგი მამალაძე და პატარა გოგლა – ჩემი შვილიშვილი. ოჯახი მაქსიმალურად მიდგას გვერდით და ვფიქრობ, მათ დიდი როლი აქვთ ჩემი კარიერის ჩამოყალიბებაში.