№25 რა კავშირშია პირად ენერგიასთან საწოლი და რა ნივთების დადება არ შეიძლება მის ქვეშ
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
რა უნდა ჩემოდანს მატარებელში?! ჩემოდანი ვიცი მე ტახტის ქვეშო, – ალბათ გახსოვთ ზურიკელას რეპლიკა ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ტახტის თუ საწოლქვეშ ყოფილა მისი ადგილი. საწოლი ხომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ჩვენი ფსიქოემოციური განწყობის შეცვლა შეუძლია, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად და ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ უშუალოდ საწოლზე, არამედ იმაზეც, რა დევს მის ქვეშ და ზედ. არადა, უმეტესობას აქვს ჩვევად, რაღაც შეინახოს ან დამალოს საწოლქვეშ. შესაბამისად, ნეგატიურ ძალთა მაგიური ზემოქმედება რომ თავიდან ავიცილოთ, კარგია, თუ გავერკვევით, როგორ მოვიქცეთ – რა დავდოთ მის ქვეშ თუ ზედ და რა – არა. ამ ყოველივესთან დაკავშირებით სათანადო რჩევებს მოგვცემს, ფენ-შუის სისტემის სპეციალისტი, ქალბატონი თამარ ი.
– რა გავლენას ახდენს ჩვენზე საწოლქვეშ დადებული ნივთები?
– საწოლი ის ადგილია, სადაც ჩვენი ცხოვრების მესამედს ვატარებთ. შესაბამისად, ყველაფარი, რაც კი მას უკავშირდება, ასევე კავშირშია ჩვენს პირად ენერგიასთან. ამიტომ, ყველაფერმა, რაც კი შეიძლება, იყოს საწოლზე თუ მის ქვეშ, შეუძლია, გაზარდოს ან საერთოდ შთანთქოს ჩვენი ენერგია. ექსპერტების მტკიცებით, ჩვენი ქვეცნობიერი უკეთ მუშაობს და უფრო მეტ ენერგიასაც გამოიმუშავებს, როცა საკუთარ საწოლზე გვძინავს. მაგრამ, ამ დროსაც შეიძლება, დაგვერღვეს სიმყუდროვე, თუ არ გავითვალისწინებთ ფენ-შუის რეკომენდაციებს. ეს სისტემა სასტიკად კრძალავს საწოლქვეშ რაიმეს დადებას. თუმცა, არის გამონაკლისიც და სანამ უშუალოდ მასზე მოგახსენებდეთ, დავიწყოთ იმით, რომ სივრცე საწოლის ქვეშ ღია უნდა იყოს ნებისმიერი ენერგიის ნაკადისთვის, რომელიც ღამის განმავლობაში თანაბრად უნდა მოეფინოს მთელ სხეულს. ენერგია თავისუფლად უნდა ცირკულირებდეს ჩვენ ქვემოდანაც და ზემოდანაც. ამ დროს კი ნივთები საწოლქვეშ პირთამდე სავსეა უარყოფითი ენერგიით, რომელსაც ჩვენი სახეული ხარბად ისრუტავს.
– და ყველა ნივთი უარყოფით ენერგიას აფრქვევს?
– მართალია, ყველაფერი, რაც კი საწოლქვეშაა მოქმედებს ჩვენს ენერგეტიკულ მატრიცაზე, მაგრამ გააჩნია, როგორ?! ზოგიერთი მათგანის ზეგავლენა დადებითია, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ. ახლა კი იმ ნივთების შესახებ, რომელთა საწოლქვეშ შენახვა პოტენციურად ახდენს ზეგავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე, ბედზე, პირად ურთიერთობებსა და პროგრესზე. ამიტომ, ასეთი ნივთები არავითარ შემთხვევაში არ გააკაროთ საწოლქვეშა სივრცეს. უპირველესად იქაურობას მოაშორეთ ყველაფერი, რაც კი უსიამოვნო მოგონებებს აღძრავს, ფოტოები და საჩუქრები ყოფილი შეყვარებულისგან. ეს ნივთები ცუდად იმოქმედებს თქვენს ახალ რომანტიკულ, სასიყვარულო ურთიერთობებზე. სიცოცხლისუნარიანობას აქვეითებს ნახმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ანუ ყველაფერი, რაც ძველი და ჭუჭყიანია. ავადმყოფობას იწვევს ნებისმიერი სახეობის მკვდარი, ანუ გამხმარი ან დამჭკნარი მცენარე; ხოლო გაჯეტები, რომელთაც დიდი ხანია, აღარ იყენებთ, თქვენს ცხოვრებაში შიშს შემოიტანს. ასე რომ, უმჯობესია, სივრცე საწოლქვეშ იყოს სუფთა და თავისუფალი. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის გამონაკლისიც – საწოლის ქვეშ შეგვიძლია, შევინახოთ მხოლოდ სკივრი.
– რატომ მაინცდამაინც სკივრი?
– ის, როგორც ფენ-შუის კონკრეტული ინსტრუმენტი, განსაზღვრულია პატრონის მიზნებისა და სურვილების განსახორციელებლად და მას ჩვენი ქვეცნობიერი „მე“ გახსნის. სკივრი უნდა იყოს საუკეთესო ხარისხის, რომ მეტ-ნაკლები ენერგეტიკული ვიბრაცია გამოიწვიოს. სასურველია, სკივრს ბრტყელი სახურავი ჰქონდეს, რომ უფრო უსაფრთხო და სტაბილური იყოს, ეგრეთ წოდებული, ღია ტიპის ენერგიისთვის. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თქვენ რა გინდათ, რომ მიიღოთ.
– მნიშვნელობა აქვს, რა მასალის იქნება სკივრი?
– დიახ. მაგალითად, ხის მასალას ზრდისა და აქტივაციის უნარი აქვს. თუ სკივრი ოქროს ან მისი იმიტაციისგანაა დამზადებული, ანდა, მასალა ვერცხლია და ქვებითაა მოჭედილი, გაზრდის თქვენს კეთილდღეობას. კერამიკის ზანდუკი გპირდებათ, რომ ყურადღება და მზრუნველობა არ მოგაკლდებათ.
– რა უნდა ჩავდოთ სკივრში?
– სანამ მასში რამეს ჩადებთ, უპირველესად საკუთარ თავს ჰკითხეთ: რამ შეიძლება, რომ გაგაბედნიეროთ? – მთელი იდეა ისაა, რომ მოიძებნოს ნივთები, რომლებიც იმ ბედნიერი მომენტების სტიმულირებას მოახდენს, ცხოვრებაში რომ გინდათ, გქონდეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენვე არჩევთ ელემენტებს გარკვეულ გრძნობათა სტიმულირებისთვის. შესაბამისად, თუ ბარაქასა და ფულს ელტვით, სკივრში უნდა იყოს ფულის სხვადასხვა ბანკნოტი, ძვირფასი სამკაულები, ოქრო, მონეტები და კრისტალები. თუ სიყვარულისკენ ისწრაფვით, ყუთში ჩააწყვეთ წითელი სანთლები, არომატული საცხები და ეთერზეთები. გაითვალისწინეთ, რომ ძვირფასეულობათა სკივრი ყოველ სამ თვეში უნდა შეამოწმოთ და გადაახალისოთ. სკივრის გარდა, საწოლქვეშ ასევე შეგიძლიათ, შეინახოთ ქაღალდზე ჩამოწერილი სურვილები ან ისეთი ნივთი, რაიმე დადებითის სიმბოლო რომაა. მაგალითად, ღია ბარათი ვარდების გამოსახულებით მოიზიდავს საჩუქრებსა და თაყვანისმცემლებს. თუ სამსახურს ეძებთ, საწოლქვეშ დადეთ, ეგრეთ წოდებული, „სივი“ და ცალკე ფურცელზე ჩამონათვალი იმისა, როგორი სამსახური გჭირდებათ. საწოლქვეშ ჩავარდნილი ბალიშის ბუმბული კი იმის ნიშანია, რომ ბედი კარზე მოგდგომიათ. მაქმანებიანი წყვილი წინდა, ან მამაკაცის, ასევე, წყვილი წინდა თუ ჰალსტუხი სტიმულია იმისა, რომ პაემანი გქონდეთ საოცნებო მამაკაცთან. მთავარია, წინდები იყოს წყვილად, თან ახალი და არავითარ შემთხვევაში, დაზიანებული. ნახვრეტებიანი და ისიც ცალი წინდა კარგს არაფერს გიქადით. ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ ყულაბა ან ქილა მონეტებით.
– ქვეშაგების გარდა, საწოლს ზემოდან ბალიშები აწყვია, მასაც აქვს რაიმე დატვირთვა?
– ბალიში ცოლქმრული სიყვარულის მცველია. თუმცა, გააჩნია, რა ქსოვილისგანაა ის დამზადებული. გობელენის ბალიში, რომელზეც სურათი ნათელ ფერებშია ამოქარგული, გიცავთ საყვარელ ადამიანთან განშორებისგან, უფრო ყურადღებიანს ხდის პარტნიორს თქვენ მიმართ. თუ ბალიშზე ყვავილებია მოქარგული, ეს ჯანმრთელობის საწინდარია; სურათზე გამოსახული ადამიანები ნიშნავს, რომ ხიფათისგან დაცული იქნებით, ხოლო პეიზაჟი ან დასახლებული ადგილები ნაქარგზე წარმატებული წამოწყებაა.