კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ მოკლა ავ-გიორგიმ მამა, რატომ არბევდა ქართლს და რა ბედი ეწია სამაგიეროდ მას

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1505 წელს, ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის გარდაცვალების მერე, ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი – დავით მეათე.
  1509 წელს იმერეთის მეფე შეიჭრა შიდა ქართლში და გორი დაიკავა, თუმცა, დროებით. მალე იმერეთში ოსმალები შეიჭრნენ, აიღეს ქუთაისი. იმერეთის მეფე იმერეთში დაბრუნდა.
ქართლის ბაგრატიონთა შტო მიიჩნევდა, რომ მთელი საქართველო მათ ეკუთვნოდათ, რადგან უფროსი მათი შტო იყო. მათ მიაჩნდათ, რომ კახეთისა და იმერეთის სამეფოები მათ ნათესავებს ჰქონდათ მიტაცებული.
  მაგრამ, სხვა განსაცდელი დაატყდა თავს ქართლის სამეფოს. კახეთში მეფობდა ალექსანდრე პირველი, გიორგის ძე. მეფე გიორგი, ქართლის მეფის, დავითის მამის, კონსტანტინეს ბიძა, კახეთისთვის გიორგი პირველად იწოდება, მანამდე ის ერთიანი საქართველოს მეფე იყო და გიორგი მერვედ იწოდება.
ალექსანდრე კახთა მეფე მშვიდობისმოყვარე ყოფილა და ერიდებოდა მეზობლებთან კონფლიქტს. ვახუშტი ბაგრატიონი ალექსანდრე მეფეს დადებითად ახასიათებს: ყოფილა მშვენიერი ვაჟკაცი, მოწყალე და მშვიდობისმოყვარე. მას ორი ძე ჰყავდა – გიორგი და დიმიტრი. ტახტის მემკვიდრე გიორგი მოუსვენარი ადამიანი ყოფილა და მამას სთხოვდა ქართლის დაკავებისთვის ვიზრუნოთო. კეთილ მეფე ალექსანდრეს ძმათაშორისი სისხლისღვრა არ უნდოდა. ბატონიშვილი უმცროს ძმაზე ეჭვიანობდა და ოცნებობდა, ტახტი მალე ჩაეგდო ხელში. ერთხელაც, 1511 წელს, კამათის დროს მეფისწულმა გიორგიმ მამა, მეფე ალექსანდრე მოკლა. შემდეგ ძმას თვალები დათხარა, კახეთიდან გააძევა და დაიწყო ქართლის რბევა. ამისთვის მას ხალხმა ავ-გიორგი შეარქვა. ალბათ, ცოდვით დამძიმებულს, ავ-გიორგის შეწირულობა გაუღია სვეტიცხოვლისთვის და მამის მოსახსენიებლად აღაპის დაწესება მოუთხოვია.
  დავით მეფე იყო „კაცი ლმობიერი, მშვიდი და მოშიში ღმრთისა.“ ვერ შეძლო მან გამკლავებოდა კახეთის მეფის აგრესიას. იმერეთის საზღვრამდე არბევდა ავ-გიორგი ქართლის მეფის სამფლობელოს. ეს რბევა ხალხის ძარცვას ნიშნავს. იგი, ისე იქცეოდა, როგორც დამპყრობელი ირანელები. არადა, გარს ორი დიდი იმპერია შემოგვხვეოდა. მოკავშირე არ გვყავდა. მაჰმადიანურ ოკეანეში ვიყავით მოქცეული. იმის მაგიერ, მეფე-მთავრებს მტერთან გამკლავების ერთიანი გეგმა ჰქონოდათ, პირიქით, ქართლს უტევდნენ.
ერთხელაც, ქართლში მორიგი ლაშქრობისას, ავ-გიორგის თვით მეფე დავითი შეუმწყვდევია ატენის ციხეში. ვერ აიღო ავ-გიორგიმ ციხე და გაეცალა, რბევა-რბევით გადავიდა თავის სამეფოში.
  დავით მეფის ძმები ქმედით ზომებს ითხოვდნენ მეფისგან: „ჩვენს წინაპარს წაართვეს კახეთი და ახლა ავ-გიორგის სურს ქართლიც წაგვართვას. შეტევაზე გადავიდეთო“. მაგრამ მეფემ უარი თქვა. არ უნდოდა სისხლისღვრა ქართველთა შორის.
  მაშინ მეფის ძმამ, ბაგრატმა თავის გვირგვინოსან ძმას, დავით მეათეს „გამოსთხოვა მუხრანი საუფლისწულოდ და არაგვისა და ქსნის-ხევნი მთიულ-მოხევითურთ – თვისსა მორჩილებასა ქვეშე“.  ბაგრატი მეფეს კახეთის სამეფოდან მომავალ საფრთხესთან გამკლავებას შეჰპირდა. გახდა სადროშოს მეთაური და „აღაშენა ციხე მტვერისა“ – ქსნის ციხე. სადაც უნდა გამაგრებულიყო ავ-გიორგის შემოსევების დროს და იქიდან ეწარმოებინა საპასუხო ქმედება. ასე ჩამოყალიბდა მუხრანის საუფლისწულო-საბატონო. პირველი მუხრანბატონი გახდა ბაგრატი.
  ავ-გიორგიმ არ მოიშალა ქართლზე თავდასხმები. შეაგროვა ჯარი და მიადგა ქსნის ციხეს. სამი თვე ალყაში ჰყავდა ციხეში გამაგრებული ბაგრატ უფლისწული. ქსნის ციხის აღება ადვილი არ არის. მაღალ, კლდოვან მთაზეა აგებული. მით უმეტეს, ბაგრატ მუხრანბატონი კარგად იყო მომზადებული. ბლომად ჰქონდა მომარაგებული წყალიც და საკვებიც.
  ალყის დროს, ერთხელაც, დაცინვის მიზნით, გაუგზავნა ავ-გიორგიმ ერთი დოქი ღვინო ბაგრატს და შეუთვალა: „მეფის ძე ხარ და ალბათ, ღვინო მოგენატრაო“. როცა მიართვეს ბაგრატ უფლისწულს ავ-გიორგის გამოგზავნილი ღვინო. მას სამაგიეროდ კახთბატონისთვის ახალი ორაგული გაუგზავნია და შეუთვლია: „დიდი ხანია, დგახარ ქსნის პირას და ორაგული ვერ დაგიჭერია. აჰა, ეს მიირთვი და წადი შენს ქვეყანაშიო“. ამბობენ, ქსნის ციხეს ჰქონია საიდუმლო გვირაბი, რომლითაც ციხეში საკვები შეჰქონდათ, გვირაბი მდინარე ქსნის ნაპირზე გადიოდა და თურმე, თევზაობაც შეეძლოთ ციხიონის წარმომადგენლებსო. სინამდვილეში, ქსნის ციხეში დიდი აუზები იყო წყლისთვის, და ალბათ, თევზებიც ჰყავდათ იქ გაშვებული და ბევრი სხვა საკვებიც მოემარაგებინათ.
  მიხვდა ავ-გიორგი, რომ ციხე კარგად იყო მომარაგებული და ციხიონთა გატეხვას ასე ადვილად ვერ შეძლებდა. კახელთა ჯარიც დაღლილიყო ერთ ადგილზე ამდენი დგომისა და ქართლის რბევისგან. გაემართა კახთა მეფე კახეთისკენ, თან ჩაფიქრებული ჰქონდა, დაესვენა და მერე ისევ შემოსეოდა ქართლს.
  გარკვეული პერიოდის მერე კვლავ შეკრიბა ჯარი და შემოესია ქართლს, ილაშქრა ზემო ქართლში, დაარბია და გამარჯვებული ბრუნდებოდა უკან, კახეთისკენ.
  ბაგრატ მუხრანბატონმა შეკრიბა ჯარი და ჩაუსაფრდა ავ-გიორგის ძალისსა და ჭაპურს შორის, ხევში. პირდაპირი შეტევა არ ინება და მარჯვე შემთხვევას ელოდა.
  კახთა ბატონმა თავისი ლაშქარი წინ გააგზავნა, რადგან დატვირთული იყვნენ ნაძარცვით, ქართველებისთვის წართმეული ქონებით. თვითონ კახთა მეფე ჩამორჩა და მცირერიცხოვანი ამალით ნელ-ნელა, ნადირობა-ნადირობით მიდიოდა და „არავისი ფიქრი ჰქონდა“.
  როცა ავ-გიორგი ჩასაფრებულ ბაგრატს მიუახლოვდა, შეუტია მუხრანბატონმა და შეიპყრო კახეთის მეფეც და მისი ჯარისკაცებიც.
ავ-გიორგი ქსნის ციხეში გამოკეტეს. ბაგრატ მეფისწულმა შეატყობინა თავის გვირგვინოსან ძმას, შევიპყარით ავ-გიორგიო. მეფე დავითს ძალიან გაუხარდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მარბეველი მეზობელი მათ ხელში იყო და კახეთის მხრიდან რბევა აღარ იქნებოდა. ხალხი აღარ დაზარალდებოდა, არც მსხვერპლი იქნებოდა. მოისვენებდა ქართლი. გარდა ამისა, გაჩნდა შანსი ქართლისა და კახეთის გაერთიანებისა, რაც პროგრესული მოვლენა იქნებოდა.
რამდენიმე ხანში ავ-გიორგი მოკვდა ქსნის ციხეში. „ხანსა მცირედსა მოკუდა ავ-გიორგი; და რომელნიმე იტყვიან დაარჩვესო, და რომელნიმე იტყვიან თავისის დღით მოკუდაო. აღაშენა მცხეთას მცირ ეკლესია მთავარ-ანგელოზისა ჩრდილოთ კერძო და მუნ დამარხეს. და მიერითგან იტყვიან კახთ ბატონნი, რომე მცხეთა სამარხო არისო ჩვენიო“.
  ქართლის პოლიტიკოსებმა ქართლ-კახეთის გაერთიანებისთვის დაიწყეს ზრუნვა. ავ-გიორგის ჰყავდა ვაჟი, ლევანი და დაიწყეს ლევანის ძებნა.

скачать dle 11.3