კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 მსჯავრდებული ქალის დღიური

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24(963)
  კაცმა, რომელიც, ჩემდა საუბედუროდ, მომავალში მამაჩემი გახდა, დეიდა-მამიდა-ბიცოლებში გამოთქვა თავისი სურვილი. ისინიც დატრიალდნენ და, ნაცნობის ნაცნობის ნაცნობებისგან სულ რამდენიმე დღეში მიაგნეს ჩემს მომავალ დედას, ანუ ქალს, რომელმაც გათხოვებიდან სამი წლის თავზე მშვა. ჩემი მომავალი მშობლები ერთმანეთს გააცნეს და, რადგან აღმოჩნდა, რომ ორივეს აწყობდა ერთმანეთი, ერთი თვის შემდეგ დაქორწინდნენ კიდეც. როგორც ვიცი, მშვიდობიანი ურთიერთობაც ჰქონიათ, მამაჩემის მყრალი და მომთხოვნი ხასიათის მიუხედავად. მაგრამ, ალბათ, ეს მშვიდობა დედაჩემის მოთმენისა და მოთმინების ხარჯზე ხდებოდა, რადგან ასეთ ფუფუნებაში ცხოვრებას შიმშილსა და გაჭირვებაში გაზრდილი გოგო ვერაფრით ვერ შეელეოდა, თუნდაც ქმარს ყოველდღე ჯოჯოხეთის ცეცხლში გაეტარებინა. ეს იცოდა მამაჩემმა და ცოლი თავისი ხუშტურების მონად აქცია. ოდნავი წინააღმდეგობის გაწევის კი არა, გაფიქრების შემთხვევაშიც კი კარისკენ გაიშვერდა თითს და ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებოდა: დაბრუნდი იმ შენს აყროლებულ მიწურში და ჭამე დაობებული სალაფავი შენს მათხოვარ მშობლებთან ერთადო. ისევ სიღარიბეში დაბრუნების შიშით დედაჩემი ამასაც ყლაპავდა და ქმარს აბსოლუტურად ყველაფერს უსრულებდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო არა ფიზიკური შიში (როგორც ვიცი, მამაჩემი არასდროს შეხებია ხელით), არამედ ძვირფასი ტანსაცმლის, კომფორტის, მანქანით მომსახურების, ბრილიანტებისა და დელიკატესების, ანუ ყოველგვარი მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვის შიში. და ამ შიშს ანაცვალა დედაჩემმა ყველა და ყველაფერი, მათ შორის შვილებიც.
  ზემოთ ვთქვი, ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო-მეთქი. ჩემი მშობლების ქორწინებიდან ჩემს ჩასახვამდე სრულმა ორმა წელიწადმა გაიარა მემკვიდრის მოლოდინში, მაგრამ დედაჩემი არ ორსულდებოდა. სად არ ატარეს, ვისთან არ უმკურნალეს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ბოლოს ერთ ექიმს მამაჩემისთვის უთქვამს, თქვენც უნდა ჩაიტაროთ ანალიზები, შეიძლება, თქვენ იყოთ მიზეზიო. ამან მამაჩემი განარისხა, მაგრამ ექიმმა დაუყვავა: დიდი ალბათობით, უფრო შესაძლებელია, არა თქვენი უნაყოფობა, არამედ თქვენი და თქვენი მეუღლის არათავსებადობა, რისი მოგვარებაც შესაძლებელია, ოღონდ გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთო. ამ სიტყვებს მამაჩემი დაუმშვიდებია, უმკურნალია და მკურნალობის დასრულებიდან ცხრა თვის თავზე მეც მოვევლინე ქვეყანას.
  მაშინ ექოსკოპია ჯერ არ არსებობდა და ამიტომ არ იცოდნენ, ბიჭი დაიბადებოდა თუ გოგო, მაგრამ მამაჩემი ისეთი დარწმუნებული ყოფილა, გვარის გამგრძელებელი უნდა გამიჩნდესო, რომ სხვებიც დაარწმუნა. დედაჩემს მშობიარობა რომ დაეწყო, მამაჩემის მთელი საძმაკაცო და სანათესავო სამშობიაროს ეზოში იყო თურმე თავშეყრილი, შამპანურს შამპანურზე ხსნიდნენ და მომავალ გვარის გამგრძელებელს ადღეგრძელებდნენ. იყო ერთი მხიარულება, სიმღერა, გადაძახილი, მაგრამ როცა მახარობელი მისულა და უთქვამს, გოგონა გაჩნდაო, ჯერ სიჩუმეს დაუსადგურებია, მერე კი მამაჩემი ისე ისტერიულად აბღავლებულა – არაო, რომ სხვა მშობიარე ქალების ნათესავებს ჰგონებიათ, ან დედა გარდაიცვალა ან ბავშვიო და ტირილი დაუწყიათ. მაგრამ როდესაც გაუგიათ მამაჩემის ისტერიკისა და მრისხანების მიზეზი, ერთ ხნიერ კაცს უკითხავს, მერამდენე გოგოაო. როცა უპასუხეს, პირველია, მაგრამ ბიჭი უნდოდაო, მისულა მამაჩემთან, რომელიც „არას“ ყვირილიდან დედაჩემის გინებაზე იყო გადასული, შემოუტრიალებია და ისეთი დაურტყამს ცხვირში მუშტი, უარესად აუღრიალებია, ოღონდ ამჯერად, თურმე, „ვაი დედას“ გაჰყვიროდა მოულოდნელობისა და ტკივილისგან.
  მამაჩემი ჩემი გაჩენის წამიდანვე ვერ მიტანდა, რადგან ბიჭი არ ვიყავი. იმ უცნობი ხნიერი კაცის მუშტმა, რომელსაც ჩემი გამოსარჩლების ფუნქცია ჰქონდა, უკუშედეგი გამოიწვია – სამუდამოდ შემიძულა. დარწმუნებული ვარ, მაშინვე სანაგვეში მომისროდა, თავისი ძმაკაცები და ნათესავები რომ არ ყოფილიყვნენ იქ.
  ჩემი მშობლები იძულებულები გახდნენ, სახლში წავეყვანე, მაგრამ, როგორც მოგვიანებით მეზობელმა მითხრა, სულ უპატრონოდ ვიყავი მიგდებული, სულ ვღნაოდი – ან მშიოდა, ან მწყუროდა, ან ჩასველებული ტანსაცმელი მაწუხებდა თურმე. სულ თოთოს, დედაჩემი მარტოს მტოვებდა (მეზობელს ეტყოდა ხოლმე, მე გავდივარ და ბავშვს დახედე ხოლმეო), თვითონ კი მაღაზიებში მიდიოდა ახალი ტანსაცმლისა და ძვირფასეულობის საყიდლად.
რადგან ფული ჰქონდათ, უბანში პატივს სცემდნენ და მათთან დამეგობრებას ცდილობდნენ. როგორც ვიცი, „კარგი ოჯახიც“ ერქვათ, ცხადია, ისევ და ისევ ფულის დამსახურებით.
  დედაჩემი არასდროს დაინტერესებულა, საიდან ჰქონდა მამაჩემს ამდენი ფული. რომ წამოვიზარდე, სოფელში ყოფნისას ერთმა ქალმა მითხრა, დედაშენს ჰკითხე, ათასი დოლარი მჭირდება სასწრაფოდ და რამდენად მომაპროცენტებსო.
  იმ მომენტში კი დავიბენი და გაოცებულმა ვუპასუხე. დედაჩემი ფულს არ აპროცენტებს-მეთქი, მაგრამ ქალს გაეცინა: შენი მშობლები ფულსაც აპროცენტებენ, ბინებსაც უყიდიან იმათ, ვინც დროულად არ უბრუნებს თანხას და კიდევ რაღაც-რაღაცებითაც ვაჭრობენო. რა იყო ეს „რაღაც-რაღაცები“, ვერ მივხვდი და კარგა ხანს ვერც გავარკვიე, რადგან ჩემს მშობლებთან არ მქონდა ისეთი სიახლოვე, ამგვარი კითხვები დამესვა. მაშინ 15-16 წლის ვიყავი და ძალიან განვიცადე ეს ამბავი. გამოვტყდები, რომ დიდად არ ვგიჟდებოდი მშობლებზე, ხშირად ვერც კი ვგრძნობდი, რომ მათი შვილი ვიყავი და ეჭვი არ მეპარებოდა, რამე რომ მომსვლოდა, ვთქვათ, დავკარგულიყავი, ძებნასაც არ დამიწყებდნენ, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა.
  6 წლის ვიყავი, ნანატრი ვაჟი რომ გაუჩნდათ. მაშინ მითხრა ნასვამმა მამაჩემმა, კარგად დაიმახსოვრე, მთელი ცხოვრება ამისი მსახური უნდა იყო. თუ ურჩობას გაგვიწევ, შენც შენი დების გზას გაგაყოლებო. ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა, რადგან დები არასდროს მყოლია. ძალიან გვიან გავიგე, რომ ჩემი დაბადებიდან დაახლოებით ორი წლის თავზე დედაჩემს ტყუპი გოგო გაუჩენია. მამაჩემს წინასწარ დაუჭერია თადარიგი – ვაითუ ისევ გოგო გაჩნდესო (თუ გოგო გაჩნდებოდა, იქვე გააშვილებდნენ, თუ ბიჭი – სახლში წამოიყვანდნენ) და ცოლი შორეულ რაიონში წაუყვანია მოსალოგინებლად. ტყუპი გოგოს გაჩენამ კინაღამ ჭკუიდან შეშალა. სამშობიაროში მედპერსონალს უთხრა, გარკვეული მიზეზების გამო ბავშვებს ვერ წავიყვანთო და ბებიაქალს თანხაც დაუსახელა, რის საფასურადაც დათმობდა შვილებს. თავი იმით უმართლებია ცოლ-ქმარს, რომ უკიდურესი მატერიალური გასაჭირი ჰქონდათ, სახლში კი მძიმე ავადმყოფი, დამბლადაცემული შვილი ჰყავდათ და კიდევ ორი ბავშვის რჩენასა და გაზრდას ვერ შეძლებდნენ. ფულიც იმ ბავშვის სამკურნალოდ და მოსავლელად გვინდა, თორემ ამას როგორ ვიკადრებდითო, – ცრემლებიც კი გადმოუყრია დედას.
  ეს ისტორია რომ გავიგე, უკვე სკოლა მქონდა დამთავრებული. მაშინ გავიფიქრე, მე კიდევ გამიმართლა, რომ არ გამაშვილეს, საწყალი ჩემი დები კი, ვინ იცის, სად არიან-მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ მე კი არა, მათ გაუმართლა – გამზრდელი მშობლები, ალბათ, ღვიძლი შვილებივით ზრდიდნენ და ზრუნვასა და სიყვარულს არ აკლებდნენ. მე კი ვინ ვიყავი? –  საკუთარ ოჯახში სამადლოდ შეფარებული უუფლებო მონა. სკოლაშიც იმიტომ შემიყვანეს, რომ მეზობლებს რამე არ ეთქვათ. სიმართლე რომ ვთქვა, შვილის ასეთი სიძულვილი ზღაპრებშიც არ წამიკითხავს და ყველაზე საშინელ ფილმშიც კი არ მინახავს.
  პირველი კლასიდან თავს ვიკლავდი და ღამეებს ვათენებდი მეცადინეობაში (წიგნებს ყიდულობდნენ ჩემთვის, ოღონდ ნახმარს, ეგრეთ წოდებულ მეორადს. ამასაც იმიტომ აკეთებდნენ, რომ ბავშვებსა და მშობლებს არ მოხვედროდათ თვალში). საუკეთესო მოსწავლე ვიყავი არა მარტო კლასში, არამედ მთელ სკოლაში. მედალზეც წარმადგინეს, მაგრამ ვერ ავიღე, რადგან საუკეთესო მოსწავლეებსაც სჭირდებათ პატრონი, რომელიც მე არ მყავდა. ეს ამბავი დიდად არ მწყენია, რადგან მე მედლისთვის კი არა, იმის გამო ვიკლავდი თავს სწავლით, რომ კარგი გოგო ვყოფილიყავი, მშობლებისთვის თავი მომეწონებინა და ერთი თბილი ან საქებარი სიტყვა მაინც გამოემეტებინათ, მაგრამ ამაოდ.
  სანამ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ გვერდებს გადავშლი, ერთსაც ვიტყვი: ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ისიც გავიგე, რომ დედაჩემი (მამაჩემის დავალებით) ნარკოტიკებს ყიდდა, ოღონდ, თავიანთ უბანში არც მევახშეობას ეწეოდნენ და არც ბარიგობდნენ – ავტორიტეტს არ იფუჭებდნენ. ხუმრობა ხომ არ იყო – მამაჩემი ლექტორი გახლდათ, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი, დედა კი – სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილე. ეს ორივე თანამდებობა, მათი გაგებით, კარიერის პიკი იყო, რაც მოფრთხილებასა და გაფრთხილებას საჭიროებდა. გარეთ მამაჩემი დარბაისელი კაცის როლს თამაშობდა, ყველაფერი რომ იცის და ყველას ჭკუის დარიგების უფლება აქვს. მეზობლებისთვის წესიერი და ჭკვიანი კაცის ეტალონი იყო, ცოლ-შვილისთვის კი – დესპოტი. გამონაკლისი მხოლოდ ჩემი ძმა გახლდათ, რომელსაც მამაჩემი დაბადების წამიდან ისე ანებივრებდა და ატუტუცებდა, საბოლოო ჯამში ერთი თავგასული, თავკერძა, ჯიბიდან გავარდნილი და ნამუსგარეცხილი ბიჭი შერჩათ ხელში. აჩიკოს ასეთ კაცად ჩამოყალიბებაში დედაჩემსაც არანაკლები წვლილი მიუძღოდა.
  დედაც, თავისი ქმრის მსგავსად, გარეთ კდემამოსილი, ღირსეული ქალი იყო, სტატუსიანი ქმრის სტატუსიანი ცოლი (როგორც თვითონ ეგონა). სიღატაკეში დაბადებული და გაზრდილი, იფერებდა სიმდიდრეს, ბრჭყალებით იყო ჩაფრენილი ქონებაზე, მაგრამ სხვასთან თავს ისე იჭერდა, თითქოს შვილებზე გადამკვდარი დედა ბრძანდებოდა. ეკლესიაშიც კი დადიოდა, მოძღვარიც ჰყავდა და აღსარებასაც აბარებდა, მაგრამ წარმომიდგენია, რა ტყუილებს იგონებდა.
  ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ეს ყველაფერი გამოსდიოდათ. არ ვიცი, როგორ ახერხებდნენ ამას, მაგრამ მთელ უბანში კაცი არ იყო მათზე აუგის მთქმელი.
  თუმცა ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდა, სანამ ჩემმა ძმამ გარდატეხის ასაკს მიაღწია.
პირველი ქურდობა აჩიკომ 13 წლისამ ჩაიდინა და რადგან წყლიდან მშრალი ამოვიდა (მე დამაბრალა, მშობლებმაც დაუჯერეს და, შესაბამისად, საყვედურიც კი არ უთხრეს), არაერთხელ გაიმეორა ეს „საგმირო“ საქციელი.
ცოლიც და ქმარიც, თითქოს ერთმანეთის ჯინაზე ცდილობდნენ, მეტად გაერყვნათ და გაეთახსირებინათ თავიანთი ნებიერა, რასაც ის მშვენივრად იფერებდა და დედის რძესავით ირგებდა.
  სანამ პატარა იყო, ჩემს ძმას ნამდვილად გულწრფელად ვუყვარდი, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, მშვენივრად ხედავდა და ხვდებოდა ჩემდამი მშობლების დამოკიდებულებას და თვითონაც არ მაკლებდა ხელს.
  15 წლისამ, ერთ-ერთი ქურდობის დროს, მამაჩემის უჯრაში იმ ადამიანების სია იპოვა, რომლებსაც ფული პროცენტით ჰქონდათ წაღებული. რვეული გადააქსეროქსა და მშობლების შანტაჟზე გადავიდა: თუ ყოველ მოთხოვნაზე იმდენ ფულს არ მისცემდნენ, რამდენიც უნდოდა, ამ ჩანაწერების მათ სამსახურებში „გაბაზრებით“ ემუქრებოდა. დედ-მამამ იცოდა, რომ მათი სანაქებო ვაჟკაცი ნამდვილად იყო ამ მუქარის შემსრულებელი და მონებივით ემორჩილებოდნენ მის ხუშტურებს. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება მაშინ მოხდა, როცა ერთ დღეს აჩიკომ ფულისა და დედის ოქროულობის ძებნაში მთელი სახლი გადაქექა და ერთ პატარა სეიფს მიაგნო. რატომღაც სეიფი ჩვეულებრივი გასაღებით ჩაკეტილი აღმოჩნდა, გასაღები კი საწერი მაგიდის უჯრაში იდო და აჩიკომაც ადვილად შეძლო მისი გახსნა (როგორ დაემართა მამაჩემს ასეთი გაუფრთხილებლობა, გაოგნებული ვარ, თუმცა, ალბათ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო – ჩემს მშობლებს ყველა შეცდომა და ყველა ბოროტება სრულად დაუბრუნდათ). აჩიკო აშკარად განსაკუთრებულად დიდი თანხის ან უნიკალური სამკაულის ნახვას ელოდა, მაგრამ ის მომცრო სეიფი მთლიანად გამოტენილი აღმოჩნდა „დოზებად“ დაფასოებული ნარკოტიკებით (რომლით – არ ვიცი). 16 წლის ბიჭს კი, თანაც ასეთ ავარდნილსა და ხელიდან წასულს, მეტი რა უნდოდა: მაშინვე აიღო რამდენიმე  შეკვრა, იმავე დღეს გააკეთებინა გასაღების ასლი და ამაყად გასწია უბნის ნაძირლებისკენ. იმის კეთება, რასაც ჩემი მშობლები ჩუმად და მალულად ახერხებდნენ, აჩიკომ აშკარად დაიწყო. მალე მთელმა უბანმა, პოლიციის განყოფილების ჩათვლით, იცოდა, რომ აჩიკო ბარიგაც იყო და მომხმარებელიც. ერთადერთი, რასაც ჩემი ძმა არ ამხელდა, ნარკოტიკებით მომარაგების წყარო იყო. იმის გამო კი არა, რომ მშობლების „ჩაშვება“ არ უნდოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წამალი და ფული არ შემოლეოდა (ნაწილს თვითონ მოიხმარდა, ნაწილს ყიდდა).
  მშობლები უკვე ვეღარ აკონტროლებდნენ შვილს, ვერც სეიფში მოთავსებული პაკეტები გადამალეს საიმედო ადგილას და, შედეგად, აჩიკომ ნელ-ნელა მთლიანად გამოცალა სამალავი. შედეგად, მამაჩემს ნარკოტიკების მომწოდებლის უზარმაზარი ვალი დაედო და, რომ არ მოეკლათ, ბინებიც გაყიდა. თავიანთთვის  ერთი კარგი ბინა დაიტოვეს საბურთალოზე, ჩემთვის და აჩიკოსთვის კი (მე მხოლოდ მომვლელად მოვიაზრებოდი) ოროთახიანი გაურემონტებელი „ხრუშჩოვკა“ იყიდეს დიღმის მასივში – ვითომ უბანს მოაშორეს შვილი, მაგრამ ეს რაღას უშველიდა. ნათქვამია, თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო, ისე მოხდა. თავისი ძმაკაცები და „კლიენტურა“ ყოველდღე აკითხავდნენ ახალ მისამართზე, მაგრამ აჩიკოს „ქერის ორმო“ აღარ არსებობდა და თვითონაც დიდ გასაჭირში იყო.
  აჩიკოს ხშირად აკავებდა პოლიცია, მაგრამ მშობლები ყოველთვის ახერხებდნენ მის გამოყვანას და ამის გამო კიდევ ახალ ვალებს იდებდნენ.
ამდენი ნერვიულობით მამაჩემს ძალიან შეერყა ჯანმრთელობა. მუშაობას ორივემ დაანება თავი – ორივეს სამსახურში გაიგეს ამ „სპეტაკი ოჯახის“ რეალური საქმიანობის შესახებ და იქ აღარ დაედგომებოდათ. მათი მთავარი შემოსავლის წყარო – მევახშეობა და ბარიგობა – დაიშრიტა, ამიტომ ახალი წყაროს პოვნა გახდა საჭირო. ჰოდა, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ეს წყარო მე ვყოფილიყავი. ვერ ვიტყვი, რომ მთლად „პანელზე“ გამიშვეს, მაგრამ არანაკლებ ვერაგული გეგმა მოიფიქრეს (სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი, მათგან რომელი იყო იდეის ავტორი). ერთ დღესაც, დამიბარეს, დამსვეს, თვითონ წინ დამისხდნენ და მითხრეს:
– მალე 26 წლის გახდები (გამიკვირდა, ჩემი ასაკი და დაბადების დღე რომ ხსომებიათ). უკვე გასათხოვარი ქალი ხარ. მოგეხსენება, რა დღეშიც არის ჩვენი ოჯახი. ამ ასაკს ისე მიაღწიე, არასდროს არაფერი შეგხებია, ყველაფერი  მზამზარეული გქონდა მორთმეული. ჰოდა, გეყოფა მუქთამჭამელობა, შენც უნდა იფიქრო ჩვენზე (ამ ყველაფერს დედა მეუბნებოდა).
– რა გავაკეთო? – ვკითხე მორჩილად.
– უნდა გათხოვდე! – ლამის მიყვირა მამამ.
– კი მაგრამ, ჩემი გათხოვება რას შეცვლის, ან ასე უცებ ვის უნდა გავყვე? – დამაბნია მოულოდნელი წინადადების გაგონებამ.
– შეცვლის, თუ დაგვიჯერებ. ქმარს ჩვენ მოგიძებნით ხოლმე. პრინციპში, უკვე მოგიძებნეთ.
სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის სულერთი იყო, გავთხოვდებოდი თუ ისევ მათ მონად დავრჩებოდი, ამიტომ არაფერი მიკითხავს, მაგრამ, ეს „ხოლმე“ რას ნიშნავდა, ვერ მივხვდი და ამან ცოტათი დამადარაჯა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3