№25 რატომ თქვა უარი სტალინმა 60 მართლმადიდებლური ტაძრის დანგრევაზე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ამხანაგებო, მართალია, დიდი წარმატებები გვაქვს და ამერიკას კუდზე ვაზივართ, მაგრამ ჯერჯერობით მათ ძალიან ჩამოვრჩებით, თუნდაც იმით, რომ ამერიკის მთავარი ქალაქები თანამედროვედ და სუფთად გამოიყურებიან, მოსკოვი კი დღემდე დიდი, ტალახიანი სოფელია და წითელი მოედნის გარდა, უცხოელ სტუმრებს სხვას ვერაფერს შევთავაზებთ. ამიტომ ამ მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორება აუცილებელია და ჩვენი დედაქალაქის განვითარება-განაშენიანების გეგმა უმოკლეს დროში უნდა გვქონდესო.
მე მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი ვიყავი და ეს პრობლემა, უპირველესად, მე მეხებოდა. ამიტომ, სტალინისგან რომ წამოვედი, ამ თემაზე საგანგებო თათბირი მოვიწვიე...“
ერთი კვირის შემდეგ სტალინმა თავის კაბინეტში უკვე გაფართოებული თათბირი გამართა და პირველად გამოაცხადა დედაქალაქში მეტროს მშენებლობის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ. კაგანოვიჩის რეკომენდაციით, თათბირზე მოყვანილ არქიტექტორს, ბორის მიხეილის ძე იოფანს კი დედაქალაქის განაშენიანება-განვითარების გენერალური გეგმის წარმოდგენა დაავალა და საამისოდ სამი კვირის ვადა მისცა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ბორის იოფანი უდავოდ ნიჭიერი არქიტექტორი და უმაღლესი პროფესიონალი იყო, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილი მოსკოვის განაშენიანება-განვითარების პროექტი სტალინმა დაიწუნა. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ იოფანის პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო 60 მართლმადიდებლური ტაძრის დანგრევა, რაზეც სტალინმა კატეგორიული უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ ეს ქვეყნის ისტორიის დანგრევაც იქნებოდა...“
მოლოტოვი ამ ისტორიას „პერესტროკის“ დროს იხსენებდა, თუმცა არასრულად და სტალინის უახლოესმა თანამებრძოლმა მთავარი მომენტი დამალა. კერძოდ კი ის, თუ რა უთხრა სტალინმა იოფანს. ეს სცენა თავის დღიურებში თვალნათლივ აქვს ასახული ლაზარ კაგანოვიჩს, რომელიც წერს: „მე, რა თქმა უნდა, სტალინზე ადრე გავეცანი იოფანის გეგმას და იმ სამოცი ტაძრის დანგრევის აუცილებლობაშიც არ მეპარებოდა ეჭვი. არ მეგონა, თუ სტალინი ამის სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა, თანაც ამას იმ ფორმით გამოხატავდა, რითაც მან იოფანს მიმართა... როდესაც ბორის მიხაილოვიჩმა სტალინს ტაძრების დანგრევის შესახებ უთხრა, სტალინმა მას ისეთი გამჭოლი მზერა მიაპყრო, რომ მე ტანში გამაცია. შემდეგ წამით მე შემომხედა, მაგრამ მხოლოდ წამით. იოფანს კი უთხრა:
– თქვენი ეს გეგმა არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიის დანგრევის მცდელობაა, რასაც, რა თქმა უნდა, არაფრით დავუშვებთ, არამედ სიონისტური გეგმის ნაწილიც და ეს უკვე ღალატზე მეტია. ხოლო, თუ როგორ ვსჯით მოღალატეებს, ალბათ, კარგად იცით.
იოფანი თითქოს ჰაერში ჩამოეკიდა, უაზრო თვალებით იყურებოდა...“
მოგვიანებით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე თავად 84 წლის ბორის იოფანი უყვებოდა ახლობლებს:
„სტალინის სიტყვებზე ენა ჩამივარდა, მუხლები ამიკანკალდა და ცივმა ოფლმა დამასხა. ერთ ადგილზე გავქვავდი. იგივე მდგომარეობაში იყო კაგანოვიჩიც, რადგან ხუმრობა ხომ არ იყო, 30-იან წლებში სიონიზმის ბრალდება სიკვდილით ისჯებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სტალინის კაბინეტიდან ლუბიანკის სარდაფში გადამიყვანდნენ. მოგვიანებით ლაზარ მოისეევიჩმა (კაგანოვიჩმა) მითხრა, რომ ისიც ზუსტად ასეთ დღეში იმყოფებოდა...“
მათი შიშის მიუხედავად, სტალინმა არც იოფანს ახლო ხელი და არც კაგანოვიჩს. თუმცა, მოსკოვის განვითარების გეგმის შემუშავება სხვებს დაავალა და ეს გეგმა ვლადიმირ სემიონოვმა და სერგეი ჩერნიშევმა შეიმუშავეს, რომელიც დიდი წარმატებით განხორციელდა. ბელადს უსაქმოდ არც იოფანი დაუტოვებია – სტალინმა მას მოსკოვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობის დაპროექტება დაავალა. მოგვიანებით ისინი აშენდა და დღემდე ამშვენებენ რუსეთის დედაქალაქს...
ცნობილი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც სტალინთან ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ჩამოვიდა, მათ აღრთოვანება ვერ დამალეს განახლებული მოსკოვის ხილვით და სტალინური აღმშენებლობის ნიმუში უწოდეს.“