№25 როდის არ უნდა დაკარგოს ზომიერების შეგრძნება ცოლ-ქმარმა ურთიერთობაში
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

მაკა (37 წლის): რატომ ხდება, რომ ცხოვრობ საყვარელ ადამიანთან, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც ჩნდება. ალბათ, ბევრი ქალი ყოფილა ჩემს მდგომარეობაში. საპირისპირო სქესის წარმომადგენლისგან ყურადღება ყველას გვსიამოვნებს. სწორედ ამ დროს ვგრძნობთ, რომ გვაფასებენ. გვიხარია, რომ კვლავაც სასურველი და მიმზიდველი ვართ. გათხოვებიდან გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, სურვილი გიჩნდებათ, ამაში სხვამაც დაგარწმუნოთ.
– ალბათ, ქმრებს ავიწყდებათ, ცოლიც რომ ქალია და მათ კომპლიმენტების მოსმენა სურთ.
– საქმეც ესაა. ავიწყდებათ ან ივიწყებენ. არადა, ჩვეულებრივი ამბავია – გეტყვიან კომპლიმენტს და თვითშეფასება მაშინვე გემატება. მაგრამ, ძვირფასო ქალბატონებო, არ დაგავიწყდეთ: თუ ცდილობთ, რომ ყურადღება და კომპლიმენტები მეუღლის გარდა სხვისგან მიიღოთ, ეს ძვირად დაგიჯდებათ.
– რატომ, რა არის ამაში სახიფათო?
– გეტყვით. როდესაც ახლო ურთიერთობას ამყარებთ საპირისპირო სქესთან, დროთა განმავლობაში მასზე ემოციურად დამოკიდებული ხდები. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. ეს ასუსტებს თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის კავშირს. შეიძლება ითქვას, რომ მეუღლეს იმ სიყვარულს ართმევთ, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის.
– ვითომ ასეთი მძიმეა ეს ამბავი? ბევრ ქალს და ასევე, კაცს ჰყავს საპირისპირო სქესის მეგობარი, მაგრამ პრობლემები არ უჩნდებათ.
– ცდებით. პრობლემა აუცილებლად გაჩნდება, თუ არ ჰკითხავთ საკუთარ თავს: „რას მაძლევს ეს ურთიერთობა ისეთს, რასაც მეუღლე ვერ მომცემდა?“ ვიცი, უმრავლესობა რას მიპასუხებს – ყურადღებას! დიახ, ნამდვილად დგება ქორწინებაში მომენტები, როცა შეიძლება, თავი მეუღლისგან მიტოვებულად იგრძნოთ, ან იფიქროთ, რომ საკმარისად არ გაფასებთ, ან რაღაც გადაუჭრელი კონფლიქტის გამო იყოთ განაწყენებული. შესაძლოა, თქვენი მეუღლე გულს ზოგჯერ ძალიან გტკენთ და თუ ასეთ დროს ყურადღებას სხვისგან გრძნობთ, ეს ძალიან გსიამოვნებთ. მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ თუ ადამიანი დაქორწინებულია და სხვასთან იწყებს რომანტიკულ ურთიერთობას, ამან შეიძლება, ოჯახი დანგრევამდე მიიყვანოს. თავს ნუ მოიტყუებთ. როდესაც საპირისპირო სქესთან ახლო ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება, იმაზე დაიწყოთ ფიქრი, თუ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, მასზე რომ დაქორწინებულიყავით. მას მეუღლეს ადარებთ და ეს ცუდია. როცა საქმე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობას ეხება, დასადგენია საზღვრები. მე ძალიან ცოტა დამაკლდა ღალატამდე. მაგალითად, ნამდვილად ძალიან შემეშალა, როცა ერთ ასეთ „მეგობრთან“ ვლაპარაკობდი ჩემსა და მეუღლეს შორის არსებულ პრობლემებზე. არც ის იყო სწორი, რომ მასთან ერთად კაფეში წავედი. საბედნიეროდ, მალევე შევატყვე, რომ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობა სხვა სახეს იღებდა. მივხვდი, რომ ჩემი ოჯახი გაცილებით ღირებული იყო. გადავწყვიტე, იმის ნაცვლად, რომ მიზეზები მომეძებნა ამ არასწორი ურთიერთობის გასამართლებლად, მეუღლეს ამოვდგომოდი მხარში და ჩვენი ქორწინების გადარჩენაზე მეზრუნა. შეშინებულმა სასწრაფოდ შევწყვიტე ურთიერთობა. ახლა ვცდილობ, კიდევ უფრო დავუახლოვდე მეუღლეს და ის, რაც მაკლია, მისგან მივიღო. დარწმუნებული ვარ, სწორად ვიქცევი.