№25 სად ეძინა მიხეილ ჯავახიშვილს ილია ჭავჭავაძის სისხლიან ბალიშზე
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად. ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე. ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი. იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.“ – ასე აფასებს ნოდარ დუმბაძე დიდ მწერალს, მიხეილ ჯავახიშვილს, რომელმაც ვფიქრობ, ილიას სისხლიან ბალიშზე თავის დადებით ილიას ბედი გაიზიარა. ეს დღიურები მოგითხრობთ პრინციპში მისი ცხოვრების ერთადერთ ეპიზოდზე, დაჭერიდან – დახვრეტამდე, მას სხვა ცხოვრება ხომ არც ჰქონია.
...1937 წლის ზაფხულში, დაჭერამდე არც თუ დიდი ხნით ადრე, მიხეილ ჯავახიშვილი მწერალთა კავშირის ბაღში ალექსანდრე გომიაშვილსა და გიორგი შატბერაშვილს შეხვედრია და უთქვამს, ჩემი საქმე ცუდად არის, წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე: აი, ასე, როგორც ახლა მე თქვენთან ვზივარ ამ ბაღში და ვსაუბრობ, ამავე ბაღში ვიჯექი და მწერლებთან ერთად ვსაუბრობდი. უეცრად ვესტიბიულიდან შემოვიდა კურკა, ჩვენი კურკა, გრიგოლ ორბელიანი, კიბეებთან გაჩერდა და შორიდან დამიძახა, ეი, ტოკლიკიშვილო, მოდი აქ. მე მაშინვე წამოვდექი და უკან გავყევიო. გაოცებულ გიორგი შატბერაშვილს უკითხავს: ბატონო მიხეილ, ტოკლიკიშვილი ვინ არისო. მეო, – უპასუხია მიხეილს. საქმე კი ის გახლავთ, რომ მწერლის წინაპრები თავიდან ჯავახიშვილები ყოფილან, მაგრამ ერთ-ერთ ჯავახიშვილს კაცი შემოჰკვდომია, ქართლიდან ქიზიყში გაქცეულან და იქაური გვარი, ტოკლიკიშვილი აუღიათ. მიხეილი ერთხანობას ადამაშვილის გვარსაც ატარებდა. სხვათა შორის, მომავალი კლასიკოსი დაბადებიდანვე ხიფათიანი ყოფილა და ბავშვობაში სიკვდილს რამდენჯერმე გადარჩენილა. ერთხელ, მაშინ 6-7 წლის ყოფილა, ტყეში სასეირნოდ წასულა, უცებ თვალი მთაში მიმავალი მეცხვარეებისთვის მოუკრავს და თან გაჰყოლია. მეცხვარეებს ბავშვი გვიან შეუმჩნევიათ და უკან დაუბრუნებიათ, მაგრამ მიხას გზა დაბნევია. უფიქრია, ღამეს ტყეში გავათევო და ძველ საწნახელში მოკალათებულა. მერე, მგლის ყმუილი გაუგია და ხეზე ამძვრალა. მძინარე მიხა ერთ-ერთ გლეხს უპოვია. მშობლებს ბავშვის დანახვა გახარებიათ, მაგრამ მაინც დაუტუქსავთ. მწერალი ჯიუტიც ყოფილა. თვითონაც აღიარებდა, თურმე, მე რომ გავჯიუტდებოდი, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ გამწევდაო. ილიას მკვლელობას კლასიკოსი ასე გაიხსენებს: „ბოროტმოქმედება იმდენად საზარელი იყო, რომ ჯერ არ დავიჯერეთ. არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, სხვებმა დამასწრეს და ლოგინები დაირიგეს, დარჩა მხოლოდ ერთი ბალიში, ილიას სისხლით მოსვრილი ბალიში, რომელიც მოკვლის დროს ზურგს უკან ედო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს გავბედე: ის ბალიში კაკლის ქვეშ წყაროსთან დავდე, ზედ ცხვირსახოცი დავაფარე და ფსიქიურად დატანჯულმა და ფიზიკურად დაქანცულმა მამლის ყივილისას ძლივს ჩავიძინე...“
1935 წელი. კრემლი. მიხეილ ჯავახიშვილს სტალინი შრომის წითელი დროშის ორდენით აჯილდოვებს. ამ ცერემონიაზე მწერალი სერგო ორჯონიკიძეს აწყდება და მადლობას უხდის, მე რომ ცოცხალი ვარ და მწერალი გავხდი, ეს თქვენი დამსახურებააო. ორჯონიკიძე გაოცებულია, ვერ ხვდება, მადლობას რატომ უხდიან. მერე სერგოს ვიღაც უხსნის, ეს ის კაცია, 1924 წელს დახვრეტას რომ გადაარჩინეო. ამბობენ, იმ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მიხეილს სიცოცხლე ამიტომ აჩუქაო.
...1936 წელი. საქართველოში უკვე დაძაბული სიტუაციაა. დღე არ გავა, ვინმე არ დაიჭირონ. პარალელურად, ბერია ინტელიგენციასთან დაახლოებასაც ცდილობს. მიხეილი აღშფოთებას ვერ მალავს. ლავრენტი პავლოვიჩის ცოლი, ნინა კლასიკოსს ოპერაში ხვდება და საყვედურობს, ბატონო მიხეილ, ლავრენტის ძილის წინ „არსენა მარაბდელს“ ვუკითხავ, თქვენ კი არ გვკადრულობთო. სხვათა შორის, მიხეილის კაბინეტიდან ბერიას სახლი ჩანდა. შინ დაბრუნებულ მიხეილს მეუღლე, ელენე ურჩევს: კაცო, ხედავ, რა დროა და შენც რომ არ დაგიჭირონ, ბერიასთან მიდიო. კლასიკოსი ისევ ჯიუტობს – მაგას გუნდრუკს ვერ ვუკმევ, მე ვერ გამიმეტებენო.
მეტეხის პლატოზე წმიდა შუშანიკის ეკლესიაა. ეს ტაძარი ბერიას რატომღაც „თვალში არ მოსდის“ და დანგრევას უპირებს. ინტელიგენციის ნაწილი აღშფოთებულია, მიხეილ ჯავახიშვილი და დიტო შევარდნაძე ბერიასთან მიდიან. უვიცი და უმეცარი ხარ, ასეთი ძეგლების დანგრევა არ შეიძლებაო, – უთქვამს ბერიასთვის მიხეილს. მამას დაჭერის საბაბი, ალბათ, სწორედ ეს გახდაო, – ვარაუდობს მიხეილის უმცროსი ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი.
1937 წლის აგვისტოს დასაწყისში მწერალი ცოლ-შვილს დასასვენებლად ქვიშხეთში აგზავნის, მერე, თვითონაც ჩადის. ღამეა. მიხეილი და უფროსი ქალიშვილი, ქეთო ეზოში სხედან, ცაში იყურებიან. ანაზდეულად ვარსკვლავი მოსწყდება და უსასრულობაში ჩავარდება, ეს ამბავი ქეთოს ავად ენიშნება. დილის 6 საათზე „ჩეკადან“ ორი კაცი მოვა, მთელი ოჯახი წამოიშლება. 8 წლის რუსუდანი და ქეთოს 3 წლის ვაჟი, რამაზიც გაიღვიძებენ. მიხეილი ხმას არ იღებს. ქეთო „ჩეკისტებს“ მივარდება: ეს უსამართლობაა, ამასაც რომ იჭერთ, ვიღა დაგრჩებათო. სახლიდან გასვლამდე მიხეილი ჯიბიდან სოჭის საგზურს ამოიღებს და ქეთოს სთხოვს, რომ მწერალთა კავშირს დაუბრუნოს. იმ საღამოს მიხეილის ცოლ-შვილი თბილისში ბრუნდება, მაგრამ ბინა დალუქული ხვდებათ. „ჩორნი ხოდით“ აივანზე ადიან და სამ თვეს, ოქტომბრამდე სწორედ იქ ცხოვრობენ. სხვათა შორის, მიხეილმა ცოლი რომ მოიყვანა, ერთხანობას ეკატერინე გაბაშვილის სახლში ქირით ცხოვრობდა. მერე, 1913 წელს, ელბაქიძის ქუჩაზე გადმოვიდნენ. თავიდან ეს ბინაც ნაქირავები ჰქონდათ. მერე, გადაიფორმა.
„ჩეკისტები“ შემოდგომამდე აღარ გამოჩენილან. ოქტომბერში მოსულან, ბინისთვის ლუქი მოუხსნიათ და აღწერა დაუწყიათ. მიხეილის ცოლს, ელენეს კარგი გემოვნება ჰქონია, ანტიკვარული ნივთებიც ჰყვარებია. „ჩეკისტებს“ ანტიკვარები სულ ცალკე გადაულაგებიათ, ექსპერტს უნდა შევამოწმებინოთო. თურმე, დავალებული ჰქონიათ, ანტიკვარები „ჩეკას“ ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახში მიეტანათ. მწერლის არქივი აბაზანაში შეუტანიათ და „ვანაში“ ჩაუყრიათ. სამუშაო მაგიდა უჯრებიანად წაუღიათ, ოჯახს მიხეილის ტანსაცმელიც არ დაუტოვეს. ჯავახიშვილის ბინაში შებარგება ბევრს სდომებია და ამ თემაზე მწერალთა კავშირში განხილვაც გამართულა. სწორედ იმ დროს კრიტიკოს შალვა რადიანს ცოლი შეურთია და უპირატესობა მისთვის მიუნიჭებიათ. ბატონი შალვასთვის „ზევით“ უკითხავთ, თუ ხელს გიშლიან, მიხეილის ცოლ-შვილს ამ ერთი ოთახიდანაც გავასახლებთო. არაო, მოკლედ მოუჭრია კრიტიკოსს. ჩვენი ბედი, რომ რადიანები შემოვიდნენო, ამბობს მწერლის ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი. კლასიკოსი 1937 წლის 30 სექტემბერს, სოღანლუღში დაუხვრეტიათ, მიხეილისთვის ტყვია ჯალათ შაშონკინს უსვრია.
მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია დახვრეტიდან 17 წლის მერე მოხდა. ინაურმა მწერლის ქალიშვილებს სპეციალური მოსაწვევები გაუგზავნა, „ტროიკის“ სასამართლოს დაესწარითო. მიხეილის ცოლი ქალბატონი ელენე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ქმრის დაპატიმრების მერე, როგორც მისი ქალიშვილი რუსუდანი ამბობს, ქუჩაში ერთხელაც აღარ გასულა.
გასული საუკუნის 20-30-იან წლებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რელიეფურად გამოკვეთილი დისიდენტი მწერალი იყო, რომელმაც ვერ მიიღო ახალი, საბჭოთა წყობა როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითად. „რა ვქნა, შეკვეთით წერა არ შემიძლიაო“.
მიხეილ ჯავახიშვილისთვის ციხე, პატიმრობა უცხო არ იყო. ჯერ კიდევ მეფის მთავრობის დროს იყო გამომწყვდეული მეტეხის ციხეში. ეს პატივი არც საბჭოთა მთავრობამ დააკლო.
20-იანი წლების მწერლის მძიმე სულიერ განწყობას კარგად გამოხატავს მის მიერ დავით სულიაშვილისადმი მიწერილი წერილი: „ძმაო დავით, მე აქ ცხოვრება არ შემიძლიან. ჩემი გასვლა საქართველოდან ჩემი მეორედ დაბადება იქნება. ამ საქმეში დამეხმარე, სამაგიერო მომთხოვე და მიმსახურე. გარწმუნებ, ძმაო დავით, გარეთ უფრო მეტს და თავისუფლად დავწერ, ესე იგი, მცირედ სარგებლობას მოვუტან ჩემს სამშობლოს. აქაური ამბები? არავითარ გაზეთს აღარ ვკითხულობ, ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე, ჭორიკანობა და გულგატეხილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცენით და მოვიღუნეთ. ეს არის და ეს“.
განგებას თუ ბედისწერას კი უკვე გადაწყვეტილი აქვს მიხეილ ჯავახიშვილის ბედი. ის ლაბა ხარივით მუხლჩაუხრელი შრომობს, შრომობს და თან, უჩინარ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მოგვიანებით მწერალი იტყვის: „ჩემი საიდუმლო მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია“.