კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ მიაჩნია „გირჩს“, რომ სავალდებულო-სამხედრო სამსახური არის მონობა და მიჰყავთ თუ არა ჯარში მხოლოდ უბედურები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თითოეული ადამიანი იღებს იმას, რასაც ირჩევს და, თუ ეზოთერიკოსებს დავუჯერებთ, არანაირი ვალდებულება არ არსებობს, ყველაფერი ჩვენი არჩევანია: ზნეობაც, უზნეობაც, წესიერებაც, უწესობაც, მათ შორის, ჯარში წასვლაც, დეზერტირობაც, გმირობაც, ღალატიც და მისთანანი. „გირჩის“ დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, რომელმაც დიდი არეულობა შეიტანა ამ ჩვენს ისედაც არეულ პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ყოფაში, გვესაუბრება სავალდებულო-სამხედრო სამსახურზე.
– თქვენც იმეორებთ ფრაზას, რომ იყიდება ყველაფერი სინდისის გარდა და სინდისს რატომ ვერ გავყიდი, სხეულის შემადგენელი ნაწილი არაა?
– სინდისი არაა სხეულის შემადგენელი ნაწილი. ის გაქვთ ან არ გაქვთ. თუ გაქვთ, იმის გაყიდვა შეუძლებელია, თუ არ გაქვთ, ვერაფერს გაყიდით.
– „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის ცნობას რომ იღებენ, ისინი რას ყიდიან?
– ისინი არაფერს ყიდიან, თავისუფლებას ყიდულობენ, მაგრამ ძალიან იაფად. თავისუფლება სახელმწიფოსგანაც შეგიძლია, იყიდო 2 000 ლარად. უბრალოდ, მათ ურჩევნიათ, ჩვენთან მოვიდნენ.
– ყოველთის ვერ იყიდიან 2 000 ლარად. გადავადება მუდმივი არ არის.
– 25 წლის ასაკის შემდეგ ჯარში სამსახურს 2 000 ლარად ვეღარ გადაივადებთ, მაგრამ იმ ასაკის შემდეგ ქვეყნიდან გარბიან.
– და თქვენ თქვენი ცნობებით აკავებთ ქვეყანაში?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ისედაც წუმპე ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ადამიანებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს არ ახარებს, დავეხმაროთ.
– ასეთ აპოკალიპტურ სურათს რატომ ხატავთ?
– ასეთი აპოკალიპტური სურათია ქვეყანაში და იმიტომ. როდესაც ამ ქვეყანაში იბადები, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, განათლების სისტემა, ფაქტობრივად, განადგურებს და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მიგათრევს „ვიშკაზე“, სადაც უნდა დაიცვა ვიღაცის საპატიმრო დაწესებულება.
– იმიტომ დააფუძნეთ თქვენი სკოლა, რომ თავისუფლება მისცეთ მათ?
– სახელმწიფო გაგდებს ცხოვრებაში, სადაც არაფერია, არანაირი პერსპექტივა და ამას გიკეთებს საკუთარი სახელმწიფო, ამიტომაც გარბიან ახალგაზრდები. ისინი რაციონალური ახალგაზრდები არიან. ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი, ეს ქვეყანა მათი არ არის და გარბიან. ჩვენ ვცდილობთ, მათ ავუხსნათ, რომ ეს არის მათი ქვეყანა და მათ ეს ქვეყანა უნდა შეცვალონ. დღეს ეს არის საბჭოთა ქართველების ქვეყანა, მაგრამ, როგორც კი მათი ქვეყანა გახდება, უფრო მეტად შეუყვარდებათ, არც არავინ გაიქცევა და ბევრად უფრო პატრიოტებიც იქნებიან.
– მოქალაქე არის თავისუფალი ადამიანი, სახელმწიფოს მიმართ არანაირი ვალდებულება არ აქვს, მაგრამ სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას კრიმინალისგან, მტრისგან, უმკურნალოს, უზრუნველყოს უფლებების დაცვა.
– ვინ გითხრათ, თითქოს მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს ასეთი ვალდებულებები აქვს?! ჩვენ ფულს ვიხდით ამაში, ის ახალგაზრდა, პურს ყიდულობს თუ ჩაის, იხდის გადასახადებს და ამით აფინანსებს პოლიციის სერვისსაც, თავდაცვის სერვისსაც და კიდევ სხვა რაღაცებსაც.
– დავუშვათ, გვჭირდება N რაოდენობის პროფესიული ჯარი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად, არ მოგროვდა ამდენი მსურველი პროფესიულ ჯარში, რას ვაკეთებთ?
– ესე იგი, მეტი უნდა გადავიხადოთ. შეუძლებელია, არ მოგროვდეს. თქვენ გინდათ, წარმოიდგინოთ ჰიპოთეტური რეალობა, რომ არმიაში 100 000 კაცი უნდა იყოს, ვიხდით 10 000 ლარს თვეში და ვერ ვაგროვებთ 100 000 კაცს?! თუ ვერ ვაგროვებთ, ეს ნიშნავს, რომ, თუ ის რისკი დადგა, რა რისკისთვისაც ეს ჯარი გვჭირდება, წაგებული გვაქვს.
– ჩემი აზრით, ერთ მომენტს არ აქცევთ ყურადღებას: როდესაც პროფესიულ ჯარზე ვლაპარაკობთ, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, რომ 10 000 ლარს მისცემენ, მისი ფიზიკური მონაცემები გარკვეულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
– ბევრს თუ გადაიხდით, აარჩევთ იმ უნარებისას, რომლებიც გჭირდებათ.
– როგორც მე ვიცი, არ გვყავს ჩვენ ამ ასაკის ამდენი მოსახლეობა, ანუ ადამიანური რესურსი არ გვაქვს.
– თუ ჩვენ თავის დაცვა გვინდა, თავდაცვის ბიუჯეტი უნდა იყოს მეტი და ამ ფულს რომ დავხარჯავთ, არ დაგვჭირდება, ვიღაცას ქეჩოში წავავლოთ ხელი და ჯარში წავიყვანოთ.
– გავიგე: ფული უნდა გადავუხადოთ.
– დიახ და საუკეთესო ტექნიკა უნდა ვიყიდოთ, რომლითაც თავს დავიცავთ. თუ მართლა თავდაცვა გვინდა, ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს, და ასეთმა გაჭირვებულმა ქვეყანამაც კი, თუ მდიდარი ქვეყანა აშშ გადავიდა დაქირავებულ სისტემაზე, იმიტომ რომ სავალდებულო გაწვევა ძვირი ჯდება, ეს უნდა გაიაზრო. წაიკითხო წიგნები და მიხვდე, რომ სავალდებულო არის ძვირი. ნებაყოფლობითი არის იაფი და თუ თავდაცვა გვინდა, ფული უნდა გადავიხადოთ, გავხადოთ ნებაყოფლობითი და ჯარში ჭკვიანი ადამიანები წავიყვანოთ. თქვენ კი გინდათ, რომ გამოვაცხადოთ მობილიზაცია, მთელი საქართველო, კაციან-ქალიანად, გამოვიდეს „კალაშნიკოვით“ და გგონიათ, რომ ასე თავს დავიცავთ. ვერ დავიცავთ, დაგვადუღებენ.
– ვერ დავგადუღებენ. თქვენ გამართავთ აქციას, როგორიც გამართეთ საოკუპაციო ხაზთან და შეეშინდება მტერს...
– სინამდვილეში, „გირჩია“ ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას.
მაგრამ, თქვენი ლოგიკით, გამოდის, რომ ისრაელის მოქალაქეები მონები არიან, რადგან სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიან?
– ისრაელთან შედარება, ჩემი აზრით, შეუსაბამოა, რადგან ისრაელში რა ფულსაც  უხდიან ჯარისკაცებს და რა ბენეფიტებიც იქაა, აქაც რომ იყოს, მთელი საქართველო ჯარში იქნება.
– მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურია და წვევამდელები საომარ ადგილებშიც მიჰყავთ, თუ არ არის ერთადერთი შვილი, დედას შეუძლია, მისი ზურგში გაგზავნა მოითხოვოს (მკითხველისთვის: ისრაელში ყველა გოგონა და ვაჟი, რომლებიც მიაღწევენ 18 წლის ასაკს, მიდის ჯარში, რითვისაც ისინი ბავშვობიდან ემზადებიან. ვაჟები მსახურობენ 36 თვეს, გოგონები – 24 თვეს. ყოველთვიურად ისინი იღებენ სიმბოლურ ანაზღაურებას – 1 000 შეკელს, რაც, მინიმალური ხელფასის მეოთხედია, ჯიბის ხარჯებისთვის. ჯარში სავალებულო სამსახურისგან თავის არიდება, თუ არ ხარ ავად ან სხვა ობიექტური მიზეზი არ გაქვს, სამარცხვინო მოვლენად ითვლება. ამასთან, ჯარმოვლილ ახალგაზრდებს სახელმწიფო გამოუყოფს თანხას სწავლის გასაგრძელებლად უმაღლეს სასწავლებელში ან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. თანხა ეძლევათ მათაც, ვინც ალტერნატიულ სამსახურს გადის, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე ჯარმოვლილს).
– ისრაელი ერთ ჯარისკაცზე ხარჯავს 100 000 დოლარს, თუ ჩვენც ამდენს დავხარჯავთ, წავა ყველა.
– მაგრამ იქ ჯარში სამსახური, უპირველესად, ღირსების საქმეა.
– აქაცაა ღირსების საქმე.
– თქვენი „ცნობების“ არსებობის ფაქტი და მათ ამღებთა რაოდენობა ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას?
– თქვენ გგონიათ, იმ ხალხს არ უყვარს სამშობლო, მშობლები?!
– მე არაფერი მგონია.
– ისინი ხედავენ, როგორი სისტემაცაა და არ უნდათ.
– მესმის, ჩვენთან ცუდი სისტემაა, მაგრამ გამოთქვან პროტესტი, რომ უკეთესი გახდეს და რაღაც ასწავლონ ჯარში.
– უბრალოდ, არ უნდათ. მაგალითად, ჩემთან მოდის ადამიანი, რაგბისტი, ამბობს, მინდა, ვითამაშო რაგბი...
– რაგბისტსაც აუღია თქვენი ცნობა?
– რაგბისტებსაც, ფეხბურთელებსაც, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც აქვთ აღებული ჩვენი ცნობები.
– არ გინდათ, გამოაქვეყნოთ სიები?
– არა. არ გამოვაქვეყნებთ.
იქნებ თქვენთან ცნობების ამღებები მორალს უკითხავენ სხვებს, რომ ჯარში წასვლა აუცილებელია, არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ?
– მოგიყვებით ისტორიებს: თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, უთხრა თავისი დეპარტამენტის უფროსს, აქ რომ ვარ, იქნებ ჩამითვალოთო. ვერ ჩაგითვლითო, მიჰყავდათ პენიტენციურ სისტემაში ქონგურაზე დასაყენებლად და ჩვენ გადავარჩინეთ. დარჩა და სამსახურიც შეინარჩუნა.
  ჩვენთან იყო მოსული ვაჟი, რომელიც სწავლობდა საავიაციო უნივერსიტეტში, სადაც ჩაბარება რთულია და მთელი ცხოვრება სამხედრო პილოტობაზე ოცნებობდა. რომ დაამთავრა, გაიწვიეს და სიხარულით წავიდა, უთხრა, რომ პილოტი იყო, რამდენი საათი ჰქონდა ნაფრენი... არ გვაინტერესებს, შენ სად გინდა, სადაც გაგიშვებთ, იქ უნდა წახვიდეო. ისიც კოშკურაზე უნდა დაეყენებინათ და ამიტომ აიღო ჩვენი საბუთი.
– დაუჯერებელ ამბებს ყვებით, რაზეც თავდაცვის სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს, აუცილებლად.
– ვაჟია შოტლანდიელი, უფრო ზუსტად დედა ჰყავს შოტლანდიელი, მამა –  ქართველი. გაიზარდა შოტლანდიაში, მოეწონა ეს ქვეყანა, დარჩა და გაიწვიეს ჯარში. მოვიდა ჩვენთან – ყურები რომ მაქვს გახვრეტილი, მეთაური ყოველდღე დედას მაგინებსო. ეს არის ადამიანი, რომელმაც ისწავლა ქართული, მოქალაქეობა მიიღო და ჯარში წავიდა... და უამრავი ასეთი ისტორიაა. თქვენ არ გესმით თავისუფლების არსი.
– ჩემს გონებრივ მონაცემებში გეპარებათ ეჭვი თუ საბჭოური აზროვნების ეჭვი გაქვთ?
– თქვენს თავში დალაგებული გაქვთ რაღაც პრიორიტეტები, მე ვფიქრობ, არასწორად. რაღაც ღირებულებებს, რომლებიც, ჩემი აზრით, არ არის მნიშვნელოვანი, აყენებთ უფრო მაღლა, ვიდრე თავისუფლებაა.
– ის, რასაც თქვენ ყვებით, ტრაგედიაა და მახინჯი სისტემის შედეგი, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ამას თქვენი ცნობა გამოასწორებს?
– დიახ.
– მაგრამ ამ მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო.
– მანკიერება არის სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მიჰყავთ ყველაზე უბედურები და ეს დაიცავს ქვეყანას?!
– მანკიერია ისეთი გაწვევა, როგორიც ახლაა. კანონში არის უამრავი საშუალება, რომ ჯარში არ წახვიდე, თქვენ ლაპარაკობთ თავისუფალ ადამიანებზე, რომლებსაც, რატომღაც, არ შეუძლიათ, გამოიყენონ კანონი თავისი უფლებების დასაცავად.

скачать dle 11.3