№25 რატომ აღმოჩნდნენ ირანი და თურქეთი საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში კორექტულები და როგორ იზრდება საქართველოს ფასთან ერთად მისი საფრთხეებიც
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
აშშ-მა ირანისკენ ავიამზიდები დაძრა, ირანმა კი საზღვრები გაამაგრა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას დაგვპირდა. რაკი ასეთ გადაწყვეტილებას სპონტანურად არ იღებენ, როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტი დიდი ხნის წინათ არსებულ გეგმას მიჰყვება. სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენ აშშ-ს მხარეს ვართ, იმისდა მიუხედავად, მხარეები ერთმანეთს ესვრიან დამიზნებით თუ მოკავშირეების ხელით მოაგვარებენ საქმეს. აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ მოსალოდნელ ახალ ომსა და პროცესში საქართველოს ჩართულობის ხარისხზე.
აკაკი ასათიანი: მე ვფიქრობ, რომ ომამდე საქმე არ მივა და ამერიკის მოქმედების მიზანია ირანის დაშოშმინება, მისი მოქცევა მსოფლიო წესრიგში, რაშიც აშშ თავის ლიდერობას გულისხმობს. მათი ამოცანა, ძირითადად, ეს არის. აქამდე მუქარით და ახლა უკვე ფიზიკურადაც მოქმედებენ. 10 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღებას აწვდიან, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდაა გადაკიდებული ირანთან. ძველთაძველი ამბავია სპარსელებისა და არაბების მტრობა. ირანი ერთ-ერთი იშვიათია, რომელმაც აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და უკვე მერამდენედ. მსოფლიოს პირველი იმპერია შექმნეს, დაეცა, აღდგა პართიის სახით, მაგრამ ისიც დაემხო; მეშვიდიდან მეთხუთმეტე საუკუნემდე სახელმწიფო არ ჰქონიათ და აღდგა ისეთ ძლიერ სახელმწიფოდ, როგორიც იყო სეფიანთა ირანი. ერთი ძალიან კარგი ამერიკელი მწერალი წერდა ბუშ-შვილს, რომელმაც, ასევე, დააპირა ირანზე იერიშის მიტანა: გაითვალისწინე, 80 მილიონი კაცია, მოჰყვებათ პატრიოტიზმი, გაუძლეს უამრავ რამეს. მაინც აღდგნენ და ომის გაჩაღების მსგავს სისულელეს ნუ ჩავიდენთ, ეს ერაყი არ არისო. მართლაც. ერაყი ხელოვნული წარმონაქმნი იყო და ჩვენზეც არ აირეკლა ის ომი, მით უფრო, რომ იქ მოშალა ის სახელმწიფო, რომელსაც შეიძლებოდა, შური ეძია ჩვენზე. სხვათა შორის, სადამ ჰუსეინს ჰკითხეს, რას იტყვი, საქართველო რომ უჭერს მხარს ამერიკასო და უპასუხა, რა უნდა ვთქვა კაცზე, შევარდნაძე იგულისხმა, რომელიც თავის ხალხსაც კი არ უყვარსო. მას მანიაკალური დიქტატორული გადახრები ჰქონდა, რაც არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ მისმა სასამართლო პროცესმა დაამტკიცა, რომ ღირსების გრძნობა ნამდვილად ჰქონდა და ამერიკელებიც გაკვირვებულები იყვნენ, იმიტომ რომ ისინი აღმოსავლეთს არ იცნობენ.
– ვიცით, რომ ერაყის კამპანიისას, სანამ კოალიციის ჯარებს ბრიტანელი სარდალი არ დაუნიშნეს, სამხედრო ოპერაცია წარუმატებლად მიდიოდა. იმედია, ახლა მაინც უკვე იციან, როგორია აღმოსავლეთი ომში.
– დიახ, ბრიტანელები იცნობენ აღმოსავლეთს... ბრიტანეთი, სულ ცოტა, ექვსი საუკუნეა ამ საქმეს ეწევა. მანამდე რიჩარდ მეექვსეც შეეხო აღმოსავლეთს და სალადინი მთელი ევროპისთვის დარჩა კეთილშობილებისა და რაინდული ღირსების მაგალითად და მართლაც ასე იყო. ნამდვილად გამორჩეული ადამიანი იყო. უზენაესი საბჭოს არაოფიციალური დელეგაცია ჩავედით აშშ-ში, ოფიციალურად მიგვიღეს სენატორებმა, მინისტრებმა. ვიცე-პრეზიდენტს უნდოდა შეხვედრა, მაგრამ მამა ბუშმა დაუშალა, იმიტომ რომ გორბაჩოვს რაღაც რევერანსებს უკეთებდა. პენტაგონში ვიყავით გაგანია ომის დროს, „უდაბნოს ქარიშხალი“ რომ ერქვა. ჰქონდათ რუკები და გვკითხეს, რაში შეიძლება, თქვენ დაგვჭირდეთო. როდესაც ვუთხარით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. რუკაზე ჩანდა ერაყი და თურქეთის მცირეოდენი ტერიტორია. შეგიძლიათ, ცოტა ჩამოწიოთ-მეთქი, ვკითხე. ჩამოწიეს. თურქეთის ზემოთ საბჭოთა კავშირი გამოჩნდა. დავანახე თბილისი, აქედან თქვენს ფანტომებს ნახევარი საათი დასჭირდება, ახლა რომ წვალობთ და თურქები ბაზას არ გითმობენ-მეთქი. რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში ვიყავით, საგარეო საქმეთა სამინისტროში და აი, იქ კი რუკებზე ყველაფერი ასახული ჰქონდათ. აღმოაჩინეს, რომ მათ მართლაც ძალიან ვჭირდებით და ახლო აღმოსავლეთი ოდითგანვე არის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი.
– ახლა რატომღა გადაწყვიტეს ირანზე გალაშქრება, მიუხედავად მწერლის გაფრთხილებისა?
– ისინი არ მოუსმენენ მწერალს, გორ ვიდალს. მათი ამოცანა ისაა, რომ ახლო აღმოსავლეთი დაუქვემდებარონ თავიანთ წესრიგს.
– რაც, ჩემი აზრით, არ გამოვა.
– მაგრამ, მეორე მხრივ, ირანი თუ არ მოითოკა, ეს მისი ბირთვული თამაშები გაგრძელდება და სახიფათოა. ტრამპი მართალია, ის ხელშეკრულება ძალიან წამგებიანი იყო. ევროპამ პრობლემა მოიშორა, ირანი კი ბედნიერი იყო. ევროპელები, ყველა, პრობლემის მოშორებაზე არიან, ისინი პრობლემებს არ წყვეტენ. ვისაც საბჭოეთი ახსოვს, ხვდება, რომ ევროკავშირი საბჭოეთს დაემსგავსა. ახლა უკვე ორი კაცი წყვეტს ყველაფერს – გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი და გვატყუებენ, რომ თითქოს ევროპარლამენტი არსებობს, დადიან მინისტრები და კომისრები, არადა ვინ ეკითხება რომელიმეს – ბალი ათი შაურია. სუფთა საბჭოეთია. უბრალოდ, საბჭოეთში ერთი კაცი იღებდა გადაწყვეტილებებს, ევროკავშირში ორი იღებს. ამდენად, ევროპამ იმ ხელშეკრულებით მოიშორა ირანის პრობლემა, იმიტომ რომ სჭირდება ნავთობი. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ევროპა დიდი ხანია, სწავლობს ირანს და ირანი ირანელებმა კი არ შეისწავლეს, ისევე, როგორც ინდოეთი არ შეუსწავლიათ ინდოელებს, არამედ ევროპელებმა შეისწავლეს. მათი ლიტერატურა, კულტურა, ისტორია... მგონი, ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვართ ახლა, როდესაც ჩვენს ისტორიასა და კულტურას სხვები შეისწავლიან. ინგლისელების დაწერილი რამდენიმე წიგნი ვნახე ჩვენ შესახებ, მენშევიკების მთავრობაზე და შემდეგ საბჭოეთის პერიოდზე, ისეთი კაპიტალური და სწორია, თან მესიამოვნა და თან გული დამწყდა.
– მაგრამ ჩვენი ფასიც იზრდება ირან-აშშ-ს დაპირისპირებით და საფრთხეც.
– დიახ. ჩვენ ირანის მხარეს ვერასდროს გადავალთ. განვაგრძობთ ამერიკის მოკავშირეობას, იმიტომ რომ ჩვენს დამოუკიდებლობას მაინც მისი მოკავშირეობით უდგას სული. ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, როდესაც ირანში ჩვენზე რამეს იტყვიან. ფაქტია, გავლენის სფერო ვიყავით, ჩვენს აღმოსავლეთის მეფეებს ვალები ერქვათ, თუმცა, მაგალითად, ოსმალეთი არ გვთხოვდა ისლამის მიღებას, ვასალობას სჯერდებოდა.
– სპარსეთი გაცილებით დაუნდობელი იყო ოსმალეთზე.
– ერთ უცხოელს უკითხავს მეცხრამეტე საუკუნეში, ჩვენ გამო რომ ჰქონდათ ომი რუსებთან: რად გიღირთ, რა ასეთ შემოსავალს იღებთ საქართველოდანო და შაჰს უპასუხია, ბრილიანტია ჩვენი გვირგვინისო. ლაშქრობების აღწერისას წერენ, სამოთხეში შევედით, ჩუხჩუხებს წყაროები, მდინარეები, სიმწვანეა. ისედაც სამოთხეა და ირანიდან მოსულისთვის, მით უმეტეს, სამოთხეს ჰგავდა. თუმცა დღეს ირანი, ასეა თუ ისე, მაინც კორექტულია, მაგრამ მისი ეს ბირთვული თამაშები ჩვენთვისაც არაა ხელსაყრელი, ამიტომ ობიექტურადაც მართებულია აშშ-ს მხარდაჭერა, ოღონდ არა გაშმაგებული და თავგამოდებული, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ირანთან, შევინარჩუნოთ. ამას მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეალური დამოუკიდებლობისთვის. ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ ეს ინტერესები გაიწოვს ერთმანეთს. მე ვფიქრობ, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომ მისი უნიათობა, შეიძლება, შეგნებულიც, ხანდახან სასარგებლოა. ხომ იცით, ფულიან ხალხს სიფრთხილე ახასიათებს და ამ მომენტში ეს ცუდი არ არის. ისტორიული პარადოქსია, რომ ეს ორი, ჩვენი დაპყრობის მოწადინე, თურქეთი და ირანი, კორექტული აღმოჩნდა ჩვენი დამოუკიდებლობის ხანაში. როგორც ჩანს, ძველი ურთიერთობები მაინც თავისას შვება. თურქეთზე რომ ვლაპარაკობთ, ამდენჯერ დაგვიპყრესო, ისიც ვნახოთ, ჩვენ რამდენჯერ დავესხით თავს, როცა ამის ძალა გვქონდა?! ყოველ წელს ვესხმოდით თავს ქრონოლოგიურად დავითისა და თამარის დროს. მაგრამ ცუდად მაინც არავის ვახსოვართ. მე გადავყრილვარ თურქებს, სპარსელებს და ამაზე მათთან მისაუბრია... ერთი სიტყვით, მგონია, ომამდე საქმე არ მივა. ჩვენი ზომიერი მხარდაჭერა კი საქმეს არ გააფუჭებს. თან, ისინი დიდი სახელმწიფოები არიან და დიდი ტრადიციაც მოსდევთ, სხვათა შორის, რუსები უფრო წვრილმანდებიან ხოლმე ჩვენთან ურთიერთობაში, ირანი და თურქეთი კი ხანდახან გაგებით ეკიდებიან ჩვენი მხრიდან მანევრებს. დაძაბულობა იქნება და ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ისეთი არაფერი მოხდება, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი დაკა-დაკა გაჩაღდეს. თუ იომებს ამერიკა, საუდელებს აომებს, ოღონდ რა მეომრები ისინი არიან, ეს სხვა თემაა.
– მე მაქვს ვერსია, რომ ეს გეგმა სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირების სქემაზეა აგებული. ისრაელი არ ჩაერთვება წერტილოვნად მაინც?
– არა, ისრაელი არ ჩაერევა, გაიხსენეთ ერაყის ომი, „პატრიოტებით“ იცავდა თავს რაკეტებისგან. ბომბავდნენ და ხელი არ გაუტოკებია საპასუხოდ. შეგნებულად, რაკი დანარჩენმა მუსლიმანებმა აშშ-ს მხარი დაუჭირეს, ჩარევით მათი კონსოლიდაცია რომ არ გამოეწვია.
– ეს თქვენი ვერსია ჩემი ვერსიის სასარგებლოდაა, ესე იგი.
– დიახ, ეგ იქნება. არაბები და სპარსელები, შიიტები და სუნიტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ღმერთმა ნუ ქნას და ამ ომში ირანს აქვს ფანატიზმისა და თავგანწირვის იმედი. მათ ყველა ქვეყნის შეიარაღება აქვთ, ანუ ერთ მომწოდებელზე არ არიან დამოკიდებული: რუსულიც აქვთ, ფრანგულიც, ამერიკულიც, გერმანულიც. საუდიტებმა ცოტა შეიარაღება იყიდეს რუსეთისგან, მაგრამ მათ არსენალში 99 პროცენტი ამერიკული შეიარაღებაა და ამერიკამ რომ შეუწყვიტოს მიწოდება, ჯართად დარჩებათ. მაგრამ, ვიმეორებ, იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა, თუმცა ლოკალური შეტაკებები იქნება და ვიტყვი ერთ წინასწარმეტყველებას: ეს ყველაფერი არაბეთის ნახევარკუნძულის მონარქიების გაერთიანებით დასრულდება, თუმცა სამხედრო თანამშრომლობის პაქტი ახლაც აქვთ. თუ დააკვირდებით, ტერორისტებს შორის ევროპაში სპარსელი და თურქი არ არიან. არიან არაბები, იმიტომ რომ სპარსელსა და თურქს აქვთ სახელმწიფოები, რომლებითაც ისინი ამაყობენ, რომლებიც არავის დაუპყრია. არაბები კი დღემდე მისტირიან სელჯუკების დროს და იბოღმებიან, იმის ნაცვლად, რომ გამოასწორონ ვითარები, როგორც თურქებმა შეძლეს და სპარსელებიც ცდილობენ და რომ არა სანქციები, შედეგიც ექნებოდათ. მაგრამ აშშ-ს ჰყოფნის ეგვიპტელებისა და საუდელების მოკავშირეობა, ოღონდ ორივეს გაუჭირდება ამის გაბედვა. ირანს უნდა, რომ აღადგინოს სასანიდური ირანი, როდესაც ერაყიც, შუამდინარეთიცა და არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილიც მათ ექვემდებარებოდა.
– ეტყობა, ჩრდილოეთის პროვინციებიც იმიტომ ახსენა, მაგრამ რუსეთს სხვა გეგმები აქვს.
– რუსეთის, თურქეთისა და ირანის მეგობრობა არის მარგინალების მეგობრობა და გასტანს იმდენ ხანს, სანამ პუტინი და ერდოღანი იქნებიან. ირანში სულ სხვაგვარი ხელისუფლებაა. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ომი არ იქნება, მაგრამ ერთი ნაპერწკალი დენთის სავსე კასრთან რას გამოიწვევს, არავინ იცის.