№24 რატომ დააშორეს ნანა შონია და მერაბ ნინიძე ერთმანეთს და რა სიურპრიზებს უწყობს მას შვილი
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
სახელი: ნანა.
გვარი: შონია.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობის მოგონება...
– ძალიან მორცხვი, რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი. ცოტა მეგობარი მყავდა. დიდად კონტაქტში ვერ შევდიოდი, რაც შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ახლა ძალიან კონტაქტური ვარ. მიდგომა შემიძლია და ნებისმიერ ადამიანთან გამოვნახავ საერთოს. მაშინ კი, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის, ჩუმად, ვოცნებობდი მსახიობობაზე. ამას წინათ, კლასის დამრიგებელი იყო ჩემთან სტუმრად და მან მითხრა: რომ გავიგე შენ მსახიობობა გინდოდა, ძალიან გამიკვირდა, ვფიქრობდი, როგორ შეძლებს მისაღებ ტურებზე ან სცენაზე გამოსვლას. შეიძლება, მონაცემი აქვს, მაგრამ ამ სიმორცხვეს როგორ გადალახავსო... ეტყობა, მსახიობობის სურვილი იმდენად დიდი იყო, გარდა ამისა, მინდოდა დამემტკიცებინა იმათთვის, ვისაც უკვირდა, რომ მე მართლა შემიძლია. ამ ყველაფერმა შემაძლებინა.
– ზედმეტსახელი თუ გქონდათ?
– კი, როგორ არა. სკოლაში „შუს“ მეძახდნენ, მერაბ ნინიძემ დამარქვა. იმიტომ დამარქვა, რომ როდესაც გაკვეთილზე ვისხედით, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და მასწავლებელმა დაგვაშორა ერთმანეთს. უსტვენდა მერაბი და მეძახდა. ნანა არ მესმოდა და შშშ-ს რომ მეძახდა, ვიხედებოდი. თან, მერაბი მეუბნებოდა, ნამცხვარ შუს ჰგავხარო.
– ცხოვრების ყველაზე დიდი შთაბეჭდილება...
– მახსოვს, მისაღებ გამოცდებზე სასწაული ძალა რომ მომეცა, სულაც არ შემრცხვენია, პირიქით, ძალიან გავთავისუფლდი. მერაბ ნინიძე და მე კლასელები და მეგობრები ვართ. მისაღებ გამოცდებზე მერაბთან ერთად ვიყავი შესული და მერაბი გაოცებული მიყურებდა. მახსოვს, რომ გამოვედით, მითხრა: ნანა, ხომ გიცნობ და ვიცი, რომ შეგიძლია, მაგრამ ასეთი გარდასახვა თუ შეგეძლო, არ მეგონაო. ამან დიდი სტიმული მომცა ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამიკეთებია. საგამოცდო ფურცელი რომ გამოვიტანე და ხუთიანი დავინახვე, ეს შთაბეჭდილება, შეგრძნება დღემდე მახსოვს, ისეთი ძლიერი იყო.
– რას უნდა ცდილობდეს ადამიანი ცხოვრებაში?
– უნდა ეცადოს, ქრისტიანულად იცხოვროს. ჩვენ ადამიანები ვართ და ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ იმის უნარიც უნდა გქონდეს, რომ ეს მოინანიო.
– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი მისია?
– მე ვცდილობ, ბევრი სითბო და სიკეთე ვაჩუქო ადამიანებს. არავინ მძულს, შესაძულიც კი და ეს მიხარია. სულ ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, რომელმაც დამიშავა, ნანობს.
– შეგშურებიათ რამის?
– შური ძალიან ცუდი თვისებაა. სულხან-საბას აქვს კარგად ახსნილი: „შური ეს არის მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა“, გესმით, რა საშინელებაა? ხანდახან ისეთი ადამიანებისგან მიგრძნია შური, რომ ვერც დამიშვია – ნუთუ ამას ჩემი შურს? მეც ადამიანი ვარ და შემშურებია, როგორ არა? ვერ ვიტყვი, რომ არ მიგრძნია, მაგრამ ჩემში ეს უცებ გამქრალა.
– რისი გრცხვენიათ?
– ხანდახან სხვისი ცუდი საქციელის მე შემრცხვენია.
– რა გასევდიანებთ?
– ჩემი მეუღლე „დარდანელს“ მეძახის. „გულსევდიანო, ჩემო დარდანე“ – არის ასეთი პიესა, „მშვენიერი ქართველი ქალი“ და იქ არის ეს პერსონაჟი. მე შემიძლია, ყველაფერზე ვიდარდო, რაც არ არის სადარდებელი. ძალიან ფორიაქა ტიპი ვარ.
– რას ნანობთ?
– ძალიან ბევრ რამეს ვნანობ და ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს, ბევრ რამეს შევცვლიდი. ადამიანებში უფრო ფრთხილი ვიქნებოდი, ძალიან მიმნდობი ვარ.
– რა გენატრებათ?
– მენატრება კარგი პურმარილი, რომლისგანაც ყოველთვის თავს ვიკავებ, იმიტომ რომ ფორმაში უნდა ვიყო. მამა მენატრება, იმიტომ რომ მინდა, ყველაფერი მოვუყვე – ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო. რაღაც რომ მიხაროდა, სულ ვფიქრობდი, მამა რას მეტყვის ამაზე-მეთქი. რაღაც ცუდი რომ მოხდება, სულ ვამბობ: კიდევ კარგი, მამა ცოცხალი არ არის-მეთქი. როდესაც კარგი ხდება, სულ ვფიქრობ, რომ ნეტავ ამას მაინც მოსწრებოდა-მეთქი. რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ ის ჩემშია, არსად წასულა, ჩემთან ერთად დადის. მის არსებობას ვგრძნობ.
– რისი გეშინიათ?
– მე ღვთისმოშიში ადამიანი ვარ.
– ყველაზე მძაფრად რა გახსენდებათ?
– ყველაზე მძაფრად მახსენდება ომის პერიოდი, როდესაც ჩემი სახლი იწვოდა.
– დეპრესიული ხართ?
– კი. ზოგჯერ შემომაწვება, მაგრამ ჩემში ეს დიდხანს არ ჩერდება, იმიტომ რომ რა დროს დეპრესიაა, როცა გაქვს ოჯახი, პროფესია.
– რა გიზიდავთ?
– სულ მიზიდავს ზღვა და ზღვის ნაპირი. როდესაც შევდივარ ზღვაში და ვცურავ, ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც შეიძლება, ვიგრძნო.
– რას აგროვებთ?
– სკივრებს ვაგროვებ და ძველებურ ნივთებს.
– რამდენჯერ შეიძლება, სიყვარული მოვიდეს?
– არა მხოლოდ ერთხელ. სიყვარული მრავალჯერ შეიძლება, მოვიდეს.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში?
– მისი გავლენა მაქვს. ვთვლი, რომ ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში როგორც ადამიანურად, ასევე სხვა რაღაცებში. მას იშვიათი თვისებები აქვს.
– ქალის ბედნიერებისთვის მამაკაცი აუცილებელია?
– აუცილებელია, ავსებენ ერთმანეთს. „ქალი კისერია, მამაკაცი თავი“.
– რას აფასებთ მამაკაცში ყველაზე მეტად?
– მამაკაცში ყველაზე მეტად ჭკუას ვაფასებ.
– მამაკაცს ღალატი ეპატიება?
– თუ მამაკაცი ღალატს მოინანიებს და მიხვდება თავის საქციელს, შეიძლება, აპატიო.
– როდის ჩხუბობთ?
– იშვიათად ვჩხუბობ. ჩხუბი საერთოდ არ მჩვევია. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავსაც ვზოგავ. რადგან ჩხუბის დროს დიდი ენერგია მიდის.
– რაზე ოცნებობთ?
– ვოცნებობ, მქონდეს ისეთი მაღაზია, სადაც ცნობილი ადამიანების ნაქონი ნივთები გაიყიდება. მეორე ოცნებაც მაქვს: მინდა, გავხსნა მოხუცთა თავშესაფარი, ოღონდ ისეთი, როგორიც უცხოეთში ყოფნისას მინახავს და სადაც მოხუცებს კომფორტი ექნებათ, სადაც ისინი თავს მარტო არ იგრძნობენ.
– რას ფიქრობთ სიკვდილზე?
– სიკვდილის ყველას ეშინია, როგორც საკუთარის, ასევე ირგვლივ მყოფების. მჯერა იმქვეყნიური ჯოჯოხეთისა და სამოთხის და რადგან მჯერა, ვცდილობ, უფლის წინაშე ისე წარვსდგე, რომ რაც შეიძლება, ნაკლები დანაშაული მქონდეს.
– ძლიერი ქალი ხართ?
– ჩემი და სულ იმას მეუბნება, ძალიან მგრძნობიარე, ჭიქის ადამიანი ხარ და შეიძლება, ერთ დღეს „გატყდეო“. როცა რაღაც ცუდი ხდება, ოჯახის წევრები ცდილობენ, ეს ამბავი დამიმალონ, რადგან იციან, ყველაფერს საოცრად განვიცდი. მაგრამ, როცა საჭიროა და საქმე საქმეზე მიდგება, შემიძლია, ძალა მოვიკრიბო და გავძლიერდე. ცხოვრებაში რთული პერიოდიც მქონია. ბევრი მეუბნებოდა: შენ ადგილას ამას ვერ გადავიტანდიო. ზოგი კი ამბობდა: ნანას ადგილას ბრიფინგებს მოვაწყობდიო. მე ჩუმად ვიყავი, ყველაფერი გადავიტანე და რაც მთავარია, ამ ამბის შემდეგაც არავინ შემძულებია.