კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ზურაბ ანთელავა: მინდა, შური ვიძიო მათზე. დიდი ტრაგედიაა ჩემში – 25-28 წლის ურთიერთობა წყალში ჩამიყარეს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში განსაკუთრებით აქტუალურია კვაზი მანტკავას ცხოვრება და მისი ოჯახის ამბები. მაყურებლის განსაკუთრებული რეაქცია და გაოცება გამოიწვია მისმა ბოლო პერიოდის ქცევებმა.
  ზურაბ ანთელავა:  ჩემი აზრით, კვაზის თვისებები ამ სერიალის პერსონაჟების ხასიათებიდან, ერთ-ერთი ყველაზე ახლოა ჩვენს საზოგადოებასთან. გვინდოდა, გვეჩვნებინა ძველი ფეოდალის სახე, რომელიც თითქოს გადაშენების პირასაა, მაგრამ თურმე, რამდენად საჭირო ყოფილა საზოგადოებისთვის. მის მიმართ ისეთი რეაქციები აქვთ, რომ ვხვდები, ქართულ ფენომენში ეს თვისებები დღემდეა შემორჩენილი. ქუჩაში დიდიან-პატარიანად გაბრწყინებული თვალებით მიყურებენ. იმიტომ კი არა, რომ ცოცხალი მსახიობი დაინახეს, მათი დამოკიდებულება პერსონაჟიდან მომდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია, მაგრამ თან, ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამ კარგს უარყოფითი მხარეებიც აქვს, რაც უნდა გამოვასწოროთ. კვაზიში ფლიდობა არა ჩანს, თაღლითი და მაიმუნი არაა. მაგრამ რაღაც გზებით საკუთარი „მეს“ დაცვას ცდილობს, ფეხებს ხომ არ შეაწმენდინებს ყველას. ცდილობს, სუფთა კაცად იცხოვროს, თავისი ნაკლი აქვს, მაგრამ სხვას არაფერს უშავებს და კაკაჩიასგან განსხვავებით, ყველას ეხმარება. მასში რაინდული ელემენტებია შემორჩენილი, მაგრამ ისეთი თვისებებიცაა, რომელიც უნდა უარვყოთ. ყველაფერს აკეთებს შვილიშვილის ბედნიერებისთვის – ისე, როგორც თვითონ ესმის. ნახეთ, როგორ წავიდა ბარბარიკას ცხოვრება, მას  რომ არ დაუჯერა?!
– დიდი გამოხმაურება მოჰყვა შუა თითის ჩვენების სცენას, არ ელოდნენ კვაზისგან.
– ჩემთვისაც ცოტა მიუღებელი იყო. მეც არ მოველოდი, ვერ მივხვდი, რატომ? ალბათ, თანამედროვეობასთანაა ახლოს? ალბათ, ცუდშიც არ უნდა ჩამორჩე დღევანდელობას. უნდა იცოდე, ცუდი რა არის, რა გვაწუხებს და რა უნდა გამოვასწოროთ. რომ დაუკვირდე, ამ სერიალის ყველა პერსონაჟი არშემდგარი ადამიანია, იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვთ. ვცდილობთ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა გვაწუხებს, რა დაავადება გვჭირს, რომ მერე განკურნება ადვილი იყოს.
– თქვენთვის არ უღალატიათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ახლობლად მიგაჩნდათ და შურისძიება არ გიცდიათ?
– სამწუხაროდ, ცხოვრება გვაყენებს ასეთი ფაქტების წინაშე. ეს ყველაფერი რეალურია. კვაზი თითქოს ბავშვურად იქცევა, მაგრამ ქალთან მეტი რა უნდა ექნა? მე თუ ადამიანი მიღალატებს, ამის მიზეზს ჩემში ვეძებ და ხშირად მიმიგნია, რომ მე ვყოფილვარ დამნაშავე, მივიყვანე იქამდე. ვფიქრობ, ალბათ, ის მართალია, რადგან მას სხვანაირად არ შეუძლია. მე ჯერ არ დამიმთავრებია მოღალატეებისთვის პასუხის გაცემა. მათ ცხოვრება უკეთეს პასუხს სცემს და მეც კმაყოფილი ვრჩები. როცა ჩემი სახლი და „მეა“ დასაცავი, იქ მუშტით მივდივარ, მაგრამ ყველგან ძალა არაა საჭირო. ამერიკელები ამბობენ: თუ შურისძიებას აპირებ, ორი საფლავი უნდა გათხარო – ერთი მისთვის, ვინც შენი შურისძიების ობიექტია და მეორე – შენთვისო. აღმოსავლური სიბრძნე კი გვეუბნება, ჩამოჯექი ცხოვრების მდინარის პირას და ის აუცილებლად ჩამოატარებს მის გვამს, ვისზე შურისძიებაც გინდა. გამორიცხულია ადამიანს ბოროტებისთვის არ მიეზღოს.
– ალბათ, თანამედროვეობას ცუდშიც არ უნდა ჩამორჩეო. თანამედროვეობის მანკიერ მხარეებად რა მიგაჩნიათ?
– ყველაზე მავნებელი და მძიმე სენი გაუზრდელობაა. ბავშვი  შეიძლება, თავხედი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში „იწმინდება“ და სხვანაირი ხედვა უჩნდება. ახლა გაუზრდელობა, მგონი, მოდაშია – ნიჰილიზმი გაუზრდელობის ელემენტებით. რაც უფრო მეტად გაუზრდელი ხარ, მით უფრო მეტად ხარ მოდაში. ჩემს თაობაში ეს არ იყო, პირიქით. 12 წლის ბავშვები ისე ლაპარაკობენ და იქცევიან, სისხლი მეყინება. ჩემი სახლის უკან ავტოფარეხებია და 13-14 წლის გოგო-ბიჭები ისეთ რამეებზე მიდიან, კი არ მეშინია, გული მერევა. თან, ეს ყველაფერი მიღებული და საამაყოა. ერი ვერ ვსწავლობთ. ვირი გზაზე რომ ერთხელ ფეხს წამოჰკრავს, რომ მოკლა, იმ გზაზე აღარ გაივლის და ჩვენ რა გვჭირს ამისთანა?! უწიგნურობა გვჭირს. – რად მინდა? აი, ის უწიგნურია და ხედავ, რა კარგად არის?  – ეს დამოკიდებულება მაგიჟებს. მთლად ვერ გავწირავთ ახალგაზრდობას, ამის საპირწონედ ბევრი კარგია, მაგრამ ერთ მერცხალს გაზაფხული არ მოჰყავს, ასიდან 90 უნდა იყოს კარგი, თორემ ისიც უთქვამთ: „ერთმა ტალახიანმა ღორმა, მთელი კოლტი გასვარაო“. ქუჩაში რომ გოგო შეგაგინებს – „წადი შენი დედაცო“, ეს ხომ საშინელებაა, რაღაცები არ უნდა იკადრო. რომ მკითხე, ღალატი და შურისძიებაო, მე მინდა, შური ვიძიო მათზე, დიდი ტრაგედიაა ჩემში. 25-28 წლის ურთიერთობა ისე ჩამიყარეს წყალში, თითქოს არც ყოფილა. მაგრამ მე ეგეთი საქციელი არ მეკადრება, ამით მეც მათნაირი ვხდები.
– წარსულიდან რა არ მოგწონთ?
– მანკიერებას ინდივიდი ქმნის და არა ტრადიცია. თუ ადამიანი გიყვარს, გინდა მასთან ერთად შექმნა ოჯახი, მანამდეა ხელის თხოვნა და ის რიტუალები, რომელიც შემდეგ ჯვრისწერით გვირგვინდება. იქამდე კი ეს პროცედურები უნდა გაიარო და არა – თანამედროვეები ამას თვლიან მანკიერებად. ისე იოლად შეიყრებიან და გაიყრებიან... მანკიერებაა ის, რომ ღრეობად ვაქციეთ ბევრი რამ, თუნდაც ქელეხი –ერთმანეთის მიმბაძველობით. იმან თუ ასი კაცი დასვა, მე ორასს დავსვამ, ანუ იმან თუ ერთი თვალი გამოითხარა, მე ორივე უნდა გამოვითხარო.
– მსახიობი შვილი გყავთ. არ იყავით წინააღმდეგი, ეს პროფესია აერჩია? იმიტომ, რომ თქვენ ამ პროფესიამ ემიგრაციამდეც მიგიყვანათ, რასაც, როგორც ვიცი, ძალიან ნანობთ.
– არ მინდოდა, ჩემი შვილი ამ გზას დადგომოდა, იმიტომ, რომ ეს შეწირულების პროფესიაა. შორიდან იოლი ჩანს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. გაცილებით მეტს გასცემ, ვიდრე იღებ და თუ თავი არ შესწირე, ვერაფერს მიაღწევ. თუმცა ჩემი ემიგრაციაში წასვლა ცოტა სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. იმდენად არ მიჭირდა, რომ საშოვარზე წავსულიყავი. უბრალოდ, რაღაცისთვის ერთიანი თანხა მჭირდებოდა და გადავწყვიტე, ექვსი თვით წავსულიყავი. წავედი, დიდ ჭაობში ჩავხტი და მერე იქიდან ამოსვლა ძალიან რთული აღმოჩნდა. გგონია, ცოტა ხანს გაგრძელდება და ამ ცოტა ხანში ცხოვრება გადის – 14 წელი ვიყავი ემიგრაციაში. ჩემს შვილებს ძალიან დიდი მომავალი ჰქონდათ ესპანეთში. უმცროსი, რომელიც ახლა მსახიობია, კალათბურთს თამაშობდა და უმაღლეს ლიგაში უნდა აეყვანათ, ამ დროს დედამისმა განაცხადა, ჩემს შვილს ქართული ატესტატი უნდაო. თელავში ჩამოვიდა და მეუბნება, თეატრალურზე მინდა ჩაბარებაო. გული გამისკდა, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ როგორ უნდა ამ კაცს? მეც მქონდა თავის დროზე წინააღმდეგობა და ვფიქრობ, რომ საკუთარი ცხოვრების გზა ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს. წინააღმდეგობა რომ გამეწია, რა? ჩვენ გვყავდა ნათესავი, ოჯახმა ჩააბარებინა სამედიცინოზე. პირველი კურსი დახურა და განაცხადა, არ მინდაო. ვერ დაუმტკიცა მშობლებს, რომ ეს მისი საქმე არ იყო, ცუდ გზას დაადგა და დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. საკუთარი პროტესტის გამოსახატავად არასწორი გზა მონახა. შეიძლება მშობლებმა ვურჩიოთ, მაგრამ კედლად არ უნდა დავუდგეთ.
– კვაზი ოჯახთან საკმაოდ მომთხოვნია. თქვენც მოითხოვთ შვილებისგან, რომ ისე მოიქცნენ, როგორც თქვენ თვლით სწორად?
– სიბრძნე თეთრ თმაში კი არა, ცხოვრებისეულ გამოცდილებაშია. უფროს ადამიანს იმხელა გამოცდილება აქვს, ვალდებულიცაა, გირჩიოს. ადამიანი სხვისი გამოცდილებით სწავლობს, საკუთრით რომ ისწავლოს, ამისთვის ერთი სიცოცხლე არ ეყოფა. როცა ვერ ხვდები, მაშინ ძალა  უნდა ვიხმარო და მიგიყვანო იმ კონდიციამდე, რომ სწორ გზაზე დაგაყენო. სამწუხაროდ, მჭირდება ხოლმე ასე მოქცევა, მინდა ასე მოვიქცე, მაგრამ მერე მეორე მე მეუბნება – ამით ხომ მათ ატკენ, ეს ხომ მისი ხედვაა, მისი აზრია და მოდი, დაანახვე, ისე აუხსენი, რომ გაიგოს, თორემ ძალდატანებას უკურეაქცია მოჰყვება და შეიძლება, ადამიანი სულ დაკარგო.
– თქვენ მამიდასთან რატომ გაიზარდეთ?
– მე ძალიან პატარა ვიყავი, როცა ოჯახი დაინგრა. ძალიან ჭირვეული ბავშვი ვყოფილვარ. წლი-ნახევრამდე კაცები მზრდიდნენ – ბაბუა და მამა. თოთო ბავშვის გაზრდა ორი კაცისთვის ადვილი არ იქნებოდა და მამიდასთვის უთქვამთ, წაიყვანე, იქნებ გადარჩესო. წამომიყვანა მამიდამ და გადავრჩი.
– დედას რა ბედი ეწია?
– დედაჩემთან ჩემი უფროსი ძმა დარჩა. ღრმა სიბერემდე იცოცხლა დედამ, სულ მქონდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ისეთი არა, მაინც რაღაცნაირი სიშორე იყო. ბავშვი ცოტა შეშინებული და შებოჭილია, ვერ აღიქვამს, რა და რატომ მოხდა, მაგრამ მერე მამიდამ კარგად ამიხსნა ყველაფერი. სამი წლის ბავშვს ამიხსნა, მე დედა არა, მამიდა ვარო. სხვანაირი ადამიანი იყო, ძალიან კარგი.
– ბაბუა წინასწამეტყველი გყოლიათ.
– კი. მამიდასაც ჰქონდა ეს ნიჭი, მე – არა. ჩვენს გენში ეს ძალიან დიდი დოზითაა. ბაბუაჩემის მამა ყოფილა ძალიან მაგარი ნათელმხილველი. თან, ჩემი გვარის წარმომადგენლები ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სასულიერო პირები იყვნენ, მაგრამ მერე, კომუნისტები რომ მოვიდნენ და მათი დევნა დაიწყეს, მედიცინისა და ისტორიის მიმართულებით წავიდნენ. წინასწარმეტყველებას რაც შეეხება, რაღაცებს მეც ვგრძნობ, მაგრამ ისე არა, როგორც მამიდა და ბაბუა. მამიდა რამეს რომ მეტყოდა, დრო გადიოდა და ზუსტად ისე ხდებოდა. სულ მიკვირდა, საიდან იცის-მეთქი. ბაბუა რომ გარდაიცვალა, მეხუთე კლასში ვიყავი. მამიდამ ამიხსნა სხეულის განწმენდის პროცედურის მნიშვნელობა, მე განვბანე, მე ჩავაცვი და ამით ბევრი რამ ვისწავლე. მგონია, რომ ამან ბევრი რამ განაპირობა ჩემს თვისებებში და დღემდე დიდ გავლენას ახდენს ჩემს ცხოვრებაზე.

скачать dle 11.3