№24 რატომ ულაგებდა თაკო გალუაშვილი მეუღლეს ბარგს ქორწინებიდან ორი კვირის შემდეგ და რა შანსი მისცა მას დიმა ობოლაძემ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თაკო გალუაშვილი იმ იშვიათ გოგონათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სატელევიზიო სივრცის სპორტულ სამყაროში „შეიჭრა“ და დიმა ობოლაძის თანაწამყვანი გახდა.
თაკო გალუაშვილი: „იმედში“ თავიდან სტაჟიორად მოვედი და სამი-ოთხი თვე „ქრონიკაში“ახალ ამბებზე ვმუშაობდი. ერთ დღესაც, საჭირო გახდა საინფორმაციოს ფორმატში, სპორტულ ბლოკში პირდაპირ ეთერში ჩართვა. მანამდე არა თუ სპორტზე, პირდაპირი ჩართვაც არასდროს მქონია და რომ შემომთავაზეს, ცოტა ვინერვიულე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო და დავთანხმდი. მეგონა, ეთერში ძალიან დავიძაბებოდი, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და მგონი, ცუდი არ გამოვიდა. ამის შემდეგ გადავედი სპორტზე და წელიწადზე მეტია, სპორტის ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტიკა ჩემი პროფესიაა. ახლა მაგისტრატურას ვამთავრებ. სპორტი ყოველთვის მიზიდავდა და აქტიური მაყურებელი ვიყავი. ჟურნალისტიკას რაც შეეხება, ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ მრავალპროფილიანია და ნებისმიერ სფეროში შეგიძლია შენი სათქმელი თქვა. ჩემი საბაკალავრო ნაშრომი სპორტზე დავწერე და მაშინაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან საინტერესო სფეროა. თუმცა, თავიდან ცოტა მეშინოდა, იმიტომ, რომ ამ სფეროში გოგოების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილები. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. დღეს რომ აქ ვარ, მთლიანად დიმა ობოლაძის დამსახურებაა, ის რომ არა, ალბათ, ამის ნახევარსაც ვერ შევძლებდი. დიმა ძალიან დამეხმარა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიმამ აღმომაჩინა. მან იცოდა, რომ მთელი გულით მინდოდა სპორტში ვყოფილიყავი და ალბათ, ამიტომაც გარისკა. მე არ ვიყავი გამოცდილი ჟურნალისტი, არც განსაკუთრებული სივი მქონია, მშვიდად რომ მჯდარიყო და ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან დიდი შანსი მომცა.
– მუშაობის პროცესში მკაცრია?
– იდეალური მასწავლებელია, თუ შეიძლება, ასე დავარქვა. ურთიერთობაში ძალიან კეთილია, მაგრამ როცა საქმე გადაცემას ეხება, ყოველთვის ძალიან მკაცრია და მაქსიმალურ სიზუსტეს ითხოვს. ეს ყველაფერი ცოტა ზღაპარს ჰგავს. დიმამ ჩემი სურვილები რეალობად აქცია. როგორც საკუთარ შვილზე, ისე იზრუნა ჩემზე. ზუსტად მან გამიშვა პირველად ჩართვაზე.
– მაყურებელმა როგორ მიიღო, სპორტულ სამყაროში გოგოს „შემოჭრა“?
– თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი. როგორც უკვე ვთქვი, ბიჭს რომ რამე შეეშალოს იმხელა რეაქცია არ მოყვება, რამხელაც გოგოს შეცდომას. სულ ვცდილობდი დამტკიცებას, რომ აქ სქესი არაფერ შუაშია. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ გეცოდინება. მთავარია, გქონდეს დიდი მოტივაცია, რომ ყველაფერში გაერკვე. ალბათ, სასწაული არაფერი მითქვამს, მაგრამ გამიმართლა იმ კუთხით, რომ მაყურებელი ჩემს გამოჩენას ძალიან პოზიტიურად შეხვდა.
– თან გარეგნობაც გიწყობს ხელს.
– ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში და ამ გადაცემაშიც არ მაქვს ლამაზი გოგოს იმიჯი. გარეგნობა, ალბათ, ცუდი არ არის, მაგრამ მე მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობ და რაზეც კვირას ეთერში ვსაუბრობ, ჩემთვის კარგად ნაცნობია. ესაა ჩემი მთავარი საზრუნავი და არა – გარეგნობა.
– სპორტი რომ ასე ძალიან გიყვარს, არ გქონია სურვილი, რომელიმე სახეობაში გეცადა ძალები?
– არასდროს მქონია სურვილი სპორტის რომელიმე სახეობით დავკავებულიყავი. ალბათ, იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ქართულ ცეკვებზე დავდიოდი „ერისიონში“. ძალიან დიდი დატვირთვა მქოდა, ამას ემატებოდა სკოლაც და მეტი დრო ფიზიკურად აღარ მრჩებოდა. თუმცა, რეალურად, მთელი ბავშვობა ვარჯიშში გავატარე, მაგრამ მერე თავი დავანებე, რადგან სწავლაში მიშლიდა ხელს. ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ის პროფესია არ იყო, რომელსაც ბოლომდე გავყვებოდი და ამის გამო სწავლას ვერ მოვაკლდებდი ყურადღებას.
– კალათბურთელი მეუღლე გყავს – მიშა ბერიშვილი და ალბათ, შენი პირველი შემფასებელი ისაა. რას გეუბნება?
– ძალიან კარგი შემფასებელია. ზოგჯერ ისეთ დეტალებზე მიმახვილებს ყურადღებას, რომ მგონია, საერთოდ არ გააკეთებდა აქცენტს. ყოველთვის მნიშვნელოვან რჩევებს მაძლევს, რაც ძალიან მიხარია. ჩვენთვის ერთმანეთის აზრი მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. როცა გადაცემა ან ჩართვა მაქვს, ჩემი მეუღლე იქვე ახლოს დგას მანქანით და ტელეფონში მიყურებს. ან თუ ახლოს არაა, ესე იგი, ვარჯიშზეა და მე მივდივარ მასთან, როგორც ჟურნალისტი და ვწერ, როგორც რესპონდენტს. პირდაპირ ეთერშიც ვმდგარვართ ერთად, როცა „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის მომენტი ემოციურად ძალიან რთული იყო, რადგან მხარე გამოვდიოდი – ბუნებრივია, ჩემს მეუღლეს ვგულშემატკივრობდი და ძალიან დაძაბული ვიყავი. ისე ძალიან პირველ ჩართვაზე არ მინერვიულია (იცინის).
– მეუღლის დამსახურებაა, სპორტში რომ კარგად ერკვევი?
– არა. მეუღლეს როგორც ჟურნალისტი, ისე შევხვდი და ამის შემდეგ დავახლოვდით. მაშინ სპორტზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. „იმედიდან“ გადაღებაზე ვიყავი მისული და იქ გავიცანით ერთმანეთი. მერე კონტაქტი გავაგრძელეთ და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. თუმცა არც ისე ნელა – ძალიან მალე, ნახევარ წელიწადში, დავოჯახდით. იმ ეტაპზე ორივეს პროფესიული გეგმები გვქონდა და საერთოდ არ ვაპირებდით დაქორწინებას. ერთ დღეს, ძალიან მოულოდნელად, აბსოლუტურად რომ არ ველოდი და რომ მეგონა, მისი და და დის მეუღლე უნდა გაეცნო, ხელი მთხოვა. ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი იყო, რადგან საერთოდ არ გვქონია ამ თემაზე საუბარი. სხვათა შორის, ულამაზესი ქორწილი გვქონდა. ჩვენი ქორწილის დღეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და ყველა ტელეფონში იყო „თავჩარგული“ (იცინის). სტუმრები, ძირითადად, სპორტსმენები და ჟურნალისტები იყვნენ, ყველა ერთმანეთს იცნობდა და ძალიან კარგი ატმოსფერო იყო.
– როგორი აღმოჩნდა თანაცხოვრება?
– ყველაზე დიდი სირთულე ის იყო, რომ ქორწინების შემდეგ, ჩემს მეუღლეს ხშირად უწევდა სხვა ქვეყნებში გამგზავრება. ექვსი თვე იყო წასული კონტრაქტით. ორივემ შევინარჩუნეთ პროფესიები, მაგრამ დიდი სირთულეების და რამდენიმეთვიანი განშორებების ფონზე. მართლა ძალიან რთულია, ორი კვირის შექმნილი რომ გაქვს ოჯახი და მეუღლეს ბარგს ულაგებ, მაგრამ სულ ამ პროცესში ვარ. სხვა მხრივ, ჩვენი თანაცხოვრება მარტივი აღმოჩნდა. ახლა ბავშვს ველოდებით და ამ პასუხისმგებლობისთვის ორივე განსაკუთრებულად ვემზადებით. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ყოველთვის ვცდილობ, სახლში რომ მივალ, მეუღლეს რაღაც გავუკეთო, მასზე ვიზრუნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წყვილის ურთიერთობაში. სახლში, ძირითადად, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ და ჩემი მეუღლეც ძალიან მეხმარება. ეს დიდი სიამოვნებაა და არა ვალდებულება.