№24 რატომ წაართვეს ერასტი ჭავჭანიძეს სახლი, რომელიც „თბილისის მარგალიტად“ არის აღიარებული და რა მძიმე ხვედრი ერგო მის მეუღლეს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
„თბილისის მარგალიტი“ – ასე უწოდებენ დავით აღმაშენებლის 36 ნომერში არსებულ სამსართულიან სახლს, რომელიც 1903 წელს ცნობილმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ, ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა. სახლის უნიკალურობაზე, სიძველის გარდა, მოდერნისტული ელემენტებით განსაზღვრული დეკორთა სიმრავლე და მათი დახვეწილობა მიუთითებს. „ტალღოვანი კარნიზები, ნაძერწი გირლანდები, ყვავილოვან ორნამენტებში ჩართული უჩვეულო კრონშტეინები თუ რკინის შეკიდული აივნების მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისათვის დამახასიათებელი მოხატულობით.“ – ვკითხულობთ „თბილისის არქიტექტურულ გზამკვლევში“. გადმოცემის თანახმად, სადარბაზო ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ, თუმცა მხოლოდ, სადარბაზო არა, მთლიანი სახლიც მერცხლებით, პეპლებით, ანგელოზებითა და პალმებში ჩაფლული ლამაზი ხედებით ყოფილა მოხატული. სადარბაზოს კედლებზე ასევე, ნახავთ სცენებს „ვეფხისტყაოსნიდან“, რომლებიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვითაა შექმნილი. აღნიშნული სახლი ევროპული მოდერნის ქართულ კატალოგშია შესული და მას აღმაშენებელზე მოსეირნე ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. უცხოელ სტუმრებს მეგზურობას კი ერასტი ჭავჭანიძის შვილიშვილი, 82 წლის თამარ ჭავჭანიძე უწევს, რომელმაც ამ საოცარი სახლისა და ბაბუას ისტორია გვიამბო.
თამარ ჭავჭანიძე: ერასტი ჭავჭანიძე ხონის რომელიღაც სოფლიდან, ივანე მემარილეს შვილი იყო. ცხრა დედმამიშვილი იყვნენ – რვა ბიჭი და ერთი გოგო, ეფროსინე. გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთ-ერთი შვილი ჩამოეყვანათ თბილისში. ეს იყო პაპაჩემი, რომელიც ფურნეში მიაბარეს. ბაბუა 6-7 წლის იქნებოდა, როცა გვიდა და ალაგებდა ფურნეს. ძალიან სხარტი, ინტერესიანი და ლამაზი ბავშვი ყოფილა. ფურნესთან ახლოს გერმანელ მეწარმეს ჰქონია კერამიკული ნაწარმის საამქრო, სადაც ერასტი ინტერესის გამო დადიოდა ხოლმე. იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ექვს თვეში ისწავლა გერმანული. მამას მოგონებებიდან ვიცი, ასევე, ფლობდა ფრანგულ, რუსულ, სპარსულ და სომხურ ენებს. ამ გერმანელს შეუმჩნევია მისი ნიჭი და წაიყვანა თავისთან. შეასწავლა კერამიკის ხელობა, დაასაქმა და შემდეგ გერმანიაში გაუშვა სასწავლებლად. განათლების მიღების შემდეგ, პაპა გახდა პირველი გილდიის კომერსანტი. გუნებით ნამდვილი ქართველი იყო. სულ ახსოვდა ილია ჭავჭავაძის შეგონება: „დააბანდეთ ფული ბანკში, ნუ გაყიდით მიწას,ააშენეთ სახლები...“ ახალგაზრდამ მიზნად დაისახა ლამაზი სახლის აშენება. ეს იყო მისი ცისფერი ოცნება. უნდოდა, საქართველოშიც ყოფილიყო იმ სილამაზეების ანალოგი, რაც უცხოეთში ჰქონდა ნანახი. 20 წელი აშენებდა ამ სახლს და 1903 წელს დაასრულა. არქიტექტორები, მხატვრები და თითოეული მუშაკი, უცხოეთიდან ჰყავდა მოწვეული: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ფლორენციიდან. ამ ყველაფრის ორგანიზებას თავად ხელმძღვანელობდა. მისი შემოქმედებითი ნიჭის წყალობით შეიქმნა ეს ულამაზესი სახლი. იმ პერიოდში აღმაშენებელზე ბევრი ლამაზი სახლი აშენდა, მაგრამ ასეთი არც ერთი არ იყო. „თბილისის მარგალიტად“ არის აღიარებული.
– სახლის კედლებიც მისი ჩანაფიქრის მიხედვით მოხატეს?
– დიახ, თითოეული დეტალი წინასწარ ნაფიქრი და გადწყვეტილი ჰქონდა. ეს ყველაფერი მან გერმანიაში ნახა, მაშინდელი სტილი მოდერნი გახლდათ. გემოვნებიანი, მხიარული ფერებით იყო მოხატული აქაურობა. უზარმაზარი, სამსართულიანი სახლი თავისი 20-წლიანი დანაზოგით ააშენა. ჰქონდა დიდი მისაღები ოთახი, კაბინეტი, ბავშვების საძინებელი ოთახი, სადაც კედლებზე მამაჩემისა და ბიძაჩემის სახის გამოსახულებით ანგელოზები მოეხატათ. სულ 6 ოთახს იყენებდა. სახლის კედლები მოხატული იყო სხვადასხვა პეიზაჟით. სადარბაზოს შესასვლელში ეკიდა სპილენძის დიდი, შვეიცარიული საათი. იყო შვეიცარის ოთახიც. ჭერის სიმაღლე ოთხი მეტრი და ორმოცი სანტიმეტრია. სახლი არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის იყო განსაზღვრული, არამედ სტუმრებისთვისაც. ერასტის უნდოდა ყველა მისი ახლობელი ახლოს ჰყოლოდა. ის უსასყიდლოდ აცხოვრებდა თავისთან სტუდენტებს და ყველანაირად უწყობდა მათ ხელს, უცხოეთშიც კი უშვებდა სასწავლებლად. თვითონ რომ გამოსცადა გაჭირვება, ცდილობდა, სხვებისთვის აერიდებინა.
– მის ოჯახზე გვიამბეთ.
– ცოლი 34 წლის ასაკში შეირთო, როცა ყველაფერი აწყობილი ჰქონდა. მისი მეუღლე ძალიან პატარა გოგო, 16 წლის ულამაზესი ნინო გახლდათ. მათი ქორწინება გარიგებით შედგა. ამ პატარა გოგონამ ისე უერთგულა და შეიყვარა ერასტი, რომ საოცარი ოჯახი შექმნეს. გარიგება დიდ სიყვარულში გადაეზარდათ. ჰყავდათ ხუთი ბიჭი და გამუდმებით გოგოს ნატვრაში იყვნენ. სამწუხაროდ, მათი ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. გავრცელდა გრიპი, ეგრეთ წოდებული, „ისპანკა“. ნინო 33 წლის, 9 თვის ორსული იყო, როცა ეს დაავადება შეეყარა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ვერც ნანატრი გოგო დაიბადა, რომლისთვისაც თამარი უნდა დაერქვათ. ბიძაჩემი ძალიან ემოციურად იხსენებს ამ ამბავს: თეთრი ცხენებით მიჰქონდათ თეთრი სასახლე, რომელიც სიონში დაასვენეს. დედას მკერდზე დასვენებული ჰყავდა პატარა შვილი. როცა დაობლდნენ, მამა 12 წლის, ხოლო ბიძა 7- ის იყო. დანარჩენი ძმებიც დაეღუპათ. ბაბუამ ცოლი აღარ შეირთო. გასაბჭოება და უბედურება რომ დაიწყო, 1923 წელს, როცა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, გერმანელმა კომპანიონმა ოჯახით გერმანიაში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ სად წავიდოდა. დარჩა საქართველოში და დაკარგა ყველაფერი: სახლი, სიმდიდრე... სახლის კრედიტის ფულის გადახდა დაამთავრა თუ არა, მაშინვე წაართვეს. ამის შემდეგ დიდი ხანი ვეღარ იცოცხლა. ასევე, ის გახლდათ, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. ძალიან დიდი კონტაქტები ჰქონდა გერმანიასთან, მანუფაქტურებით ვაჭრობდა, ჰქონდა მაღაზიები თბილისში. სულ ამბობენ, რომ მან არაჩვეულებრივი სახლი ააშენა. დიახ, ეს მართალია, მაგრამ ერასტიმ კიდევ უამრავი კეთილი საქმე გააკეთა და ამ განსაცდელის მიუხედავად, არ გაბოროტებულა.
– რატომ წაართვეს სახლი?
– მიზეზი იყო შემდეგი – ვერ უვლი სახლს, უკვე ერთი წელია, არ შეგიღებავს სახურავიო. იმის შემდეგ ეს სახლი არც არავის გახსენებია, გადაღებვა კი არა, სახურავზე ხეებიც ამოვიდა, წვიმაც ჩამოდიოდა, მაგრამ არავინ იყო შემკეთებელი. ბარელიეფები სულ ცვიოდა, მოუვლელობისგან ყველაფერი დაზიანდა. საქართველოში არც ერთ სადარბაზოში არ არის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, მხოლოდ ჩვენთანაა. როცა სახლი ჩამოგვართვეს, ყველაფერი გადაღებეს. მამას და ბიძას ოთახში ანგელოზები ეხატა. იქ კომკავშირელები შეუშვეს და ეს ანგელოზები სულ ჩაქუჩებით ამოუმტვრევიათ. ყველაფერი ნახატებში იყო, კარებიც კი მოხატული იყო. როდესაც ეს ბარელიეფები ცვიოდა, ერთ-ერთი მათგანი რუს ტურისტს ლამის თავში დაეცა, ჩამოვარდნილმა მასამ სახესთან ჩაუარა. ამ ქალმა დაიჩოქა და თქვა, როგორც ჩანს, ამ სახლის ამშენებლს დიდი სიკეთე აქვს გაეკეთებული და ღმერთმა ამიტომ არ მომკლაო. სახლი რომ წაართვეს, პაპაჩემი დიდხანს ითხოვდა,შვეიცარის ოთახი მაინც დაებრუნებინათ მისთვის. შვეიცარს ჰქონდა თურმე ზარი და ოჯახს სტუმრის მოსვლას ამ ზარით ატყობინებდა. სტუმრიანობა სულ ჰქონდათ. სახლის პირველ სართულზე მაღაზიები იყო. იქ ყიდდნენ ხის კასრებსა და სხვადასხვა პროდუქტს. ჩემს ბავშვობაში ეზოში შემორჩენილი იყო დიდი აუზი, სადაც იდგა შადრევანი და ამ აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. ერთი ოთახი დაუტოვეს მხოლოდ, ისიც დიდი – ბრძოლის შედეგად. მდგმურებისთვის ბევრი კარგი ჰქონდა გაკეთებული, ორჯონიკიძეებთან მუშაობდნენ და მათი შუამდგომლობით ნება დართეს ერთ ოთახში ეცხოვრა. შემოსასვლელი კარი გადაკეტილი იყო, სადარბაზოში მამას არ უშვებდნენ. ძალიან მძიმე ბავშვობა და გაჭირვებული ცხოვრება გავიარე. ბაბუა დაჩაგრული და გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალმა გადმოხედა იმით, რომ მისი შთამომავალი ყველა ღირსეული, განათლებული და მწიგნობარია.
– მამათქვენი, ეროვნული მოძრაობის წევრი იყო. მაშინდელ მთავრობასთან პრობლემები ჰქონდა?
– მამა 24 წლის იყო, როცა საზოგადოება „შევარდენის“ წევრი გახდა, მათი დევიზი იყო: „გუშაგობ ერს?“ პასუხი – „მარად!“ მამა, როგორც მენშევიკი და კულაკის შვილი, ამ ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. პაპას ერთადერთი საზრუნავი შვილის გადარჩენა იყო. ძალიან დიდი რაოდენობით ოქრო ჩადო, რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. მამა პატრიოტი და განათლებული კაცი გახლდათ. იცოდა უცხო ენები, დამთავრებული ჰქონდა კონსერვატორია – არაჩვეულებრივად მღეროდა. გარდა ამისა, იყო ცნობილი ქირურგი. 20 დღე იყო სიკვდილმისჯილთა საკანში. მას წარსულზე საუბარი არ უყვარდა, ეს მისი ტკივილი და ტაბუდადებული თემა იყო. სამედიცინო განათლება გერმანიაში მიიღო, მაგრამ იქ არ დარჩა სამუშაოდ, არადა, შეთავაზება ჰქონდა. წამოვიდა ხულოში და შვიდი წელი ცხენზე ამხედრებული დადიოდა და მკურნალობდა პაციენტებს... 90-იან წლებში, როცა ძალიან გვიჭირდა, გერმანელებმა შემოგვთავაზეს კიბის რიკულების შესყიდვა, ძალიან დიდ თანხას იხდიდნენ, მაგრამ უარი ვუთხარი. მილიარდი რომ მოგვცეთ, გამორიცხულია ეს დავთმო-მეთქი. მათ არ იცოდნენ ჩვენი ისტორია, რომ მოვუყევი, ცრემლები მოერიათ და დაინტერესდნენ, ვინ იყვნენ ის გერმანელები, რომლებმაც დააკვალიანეს ერასტი. მათზე არაფერი ვიცით, ყველაფერი გამქარალია. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ეშინოდათ და ყველაფერს მალავდნენ... რამდენიმე წლის წინ, არქიტექტორების: მაია მანიასა და ნესტან თათარაშვილის ინიციატივით, ჩვენს სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა. წლების შემდეგ ჩემმა შვილმა რამდენიმე ოთახი შეისყიდა და ახლა ეს ჩვენი საკუთრებაა, მაგრამ ამ სახლში ისევ ბევრი ოჯახი ცხოვრობს.