№24 ოთარ ზალდასტანიშვილმა ამერიკაში, ევროპასა და აფრიკაში ათასზე მეტი შენობა ააშენა და „მსოფლიოს მერვე საოცრება“ შექმნა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მას შემდეგ, რაც ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მსოფლიოს 7 საოცრების სია შედგა, არაერთხელ იყო ამ სიის შეცვლისა და შევსების მცდელობა. ოცდამეერთე საუკუნის „მსოფლიოს მერვე საოცრებად“ მიჩნეულია სპარსეთის ყურეში განხორციელებული პროექტი – „პალმა ჯუმეირა“. ეს არის ზღვაში განლაგებული პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულები, რომელიც ასევე ხელოვნური ატოლით არის შემოფარგლული. როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანის ხელით შექმნილი მეორე ძეგლია, დიდი ჩინური კედლის შემდეგ, რომელიც კოსმოსიდან ჩანს.
რუსუდან დაუშვილი (ისტორიკოსი): ამ უნიკალური პროექტის შესახებ ინფორმაცია კარგა ხანია, გავრცელებულია, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ პროექტის ავტორი ჩვენი თანამემამულე, ემიგრანტი ოთარ ზალდასტანიშვილია. 2008 წლიდან სწორედ ამ მიზნით მივუძღვენით ოთარს ჟურნალ-გაზეთებში, ინტერნეტში სტატიები, ასევე, სატელევიზიო სიუჟეტი და 2014 წელს გამოცემულ წიგნში – „ქართული ემიგრაცია ამერიკაში“ – მისი ბიოგრაფია შევიტანეთ... საქართველოში ოთარის ძმას, ამერიკელ ბიზნესმენ გივი ზალდასტანიშვილს უკეთ იცნობენ. ის ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და 2001 წელს თბილისში ამერიკული აკადემიაც დააარსა. გივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საარქივო კომისიის წევრი იყო. არქივის ორივე ნაწილი გურამ შარაძემ 1996-1997 წლებში ჩამოიტანა ლევილიდან და ჰარვარდიდან. როგორც ამ არქივების მომუშავე საგანგებო საპარლამენტო ჯგუფის წევრს, არაერთხელ მომიწია ბატონ გივისთან შეხვედრა და მან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – ის იყო ელეგანტური, ყურადღებიანი და ენერგიული. 88 წლის გივი 2007 წელს თბილისში გარდაიცვალა.
ოთარის და გივის მამა, სოლომონ ზალდასტანიშვილი ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, დამოუკიდებლობის კომიტეტისა და სამხედრო ცენტრის წევრი და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აჯანყების დამარცხებისა და სისხლში ჩახშობის შემდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო. სოლომონმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ერთად საიდუმლოდ დატოვა საქართველო და თურქეთის გზით საფრანგეთში გაიხიზნა. მალე საფრანგეთში ოჯახის წევრები, მეუღლე მარი ხირსელი და შვილები გივი და ოთარიც ჩავიდნენ. გივი 5 წლის იყო, ოთარი 2-ის, როცა საქართველოდან წაიყვანეს. საფრანგეთში 17 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბავშვებმა ქართული ცნობიერება და ენა შეინარჩუნეს. ყოველ კვირას დედა ქართულ სადილს ამზადებდა და მათ ოჯახში ქართველები იკრიბებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს, უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად, ტყვეთა გათავისუფლების კამპანიაში სოლომონიც ჩაება. ქართველ ტყვეთა გასათავისუფლებლად ის რუმინეთშიც ჩავიდა და 500 ქართველის ბანაკიდან გამოყვანას დიდი ბრძოლით მიაღწია, მაგრამ დაავადდა და 1941 წელს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით გარდაიცვალა.
ძმები, ოთარ და გივი ზალდასტანიშვილები
სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლემ და ვაჟმა, გივიმ 1947 წელს დატოვეს ევროპა და ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც უკვე ოთარი ცხოვრობდა. საფრანგეთში სკოლადამთავრებულმა გივიმ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ გივიმ ბიზნესს მიჰყო ხელი. გივიზე სამი წლით უმცროსი ოთარი 1922 წელს თბილისში დაიბადა, პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ სწავლა სორბონის უნივერსტეტში გააგრძელა. გატაცებული იყო დიდი ქართველი მეცნიერების, მუსხელიშვილისა და ვეკუას შრომებით და მათ თეორიებზე დაყრდნობით, 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად სადოქტორო დისერტაცია დაიცვა აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში.
სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, 1949 წელს ოთარ ზალდასტანიშვილმა მუშაობა ბოსტონში, სამშენებლო კომპანიაში დაიწყო. 1952 წელს კომპანიის პარტნიორი გახდა, 1964-89 წლებში კი – პრეზიდენტი, ხოლო 1989-1997 წლებში – დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით 25 ინჟინერი სხვადასხვა დიდ სამშენებლო პროექტს ახორციელებდა. ზალდასტანიშვილს ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში შესრულებული აქვს პროექტების რეკორდული რაოდენობა – 1 000-ზე მეტი. მათ შორისაა: ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, მაღლივი შენობები საფრანგეთში, ალჟირში, ერაყში და ბოლოს, „ჯუმეირას“ გენერალური გეგმა საუდის არაბეთში. ის იყო პიონერი სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკის განვითარებაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ავტოსტრადის ზედა სივრცის გამოყენება. მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ინოვაციები. უამრავი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან საინჟინრო დარგში. მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის ამერიკის საზოგადოებისაგან. ამ ჯილდოს, როგორც წესი, არაამერიკელებს აძლევენ. იყო უილოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუკსის სკოლის კურატორი.
დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ოთარ ზალდასტანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა 1931 წელს დაარსებული ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. 1950-იან წლებში ძმები ზალდასტანიშვილები სათვისტომოს თავმჯდომარეები იყვნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოთარის თავმჯდომარეობა. 8 წელი იყო ეროვნული ორგანიზაციის, 1958 წელს დაარსებული „საქართველოს ასოციაციის“ პრეზიდენტი, რომლის მიზანიც საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა იყო. 1961 წელს, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ზალდასტანიშვილი მესამედ აირჩიეს ასოციაციის პრეზიდენტად, ემიგრანტული გაზეთი „ქართული აზრი“, რომელიც ნიუ-იორკში იბეჭდებოდა, წერდა: „საზოგადოების მხრივ ეს იყო უდიდესი მადლობის გამოხატულება თავისი თავმჯდომარის მიმართ. მართლაც, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უდიდესი ცვლილება მოხდა ქართული სათვისტომოს ისტორიაში, მან მოიპოვა შეერთებულ შტატებში არსებულ კორპორაციებისა და საზოგადოებების უფლება და გადაიქცა იმ ოფიციალურ დაწესებულებად, რომლის მიმართაც სახელმწიფო გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობს: მას იცავს, მფარველობს და ეხმარება“. 1966-1974 წლებში ასოციაციის პრეზიდენტი იყო გივი. ასეთივე აქტიური გახლდათ ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილი – ელისაბედი (ლიზი), რომელიც ასოციაციის პრეზიდენტი 1995-2001 წლებში იყო.
ოთარი მჭიდროდ თანამშრომლობდა გაერთიანებული სარდლობის ყოფილ თავმჯდომარე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროექტებზე შავ ზღვაზე, სუფსაში, ახალი პორტის გეგმაზე. ეხმარებოდა თავის ძმას, გივის, თბილისში ამერიკული აკადემიის დაარსებაში, შემდეგ კი – აკადემიის საუკეთესო სტუდენტებს ჰარვარდისა და სიმსონის კოლეჯებში სწავლის გაგრძელებაში.
„პალმა ჯუმეირა“ – ხელოვნური კუნძულები დუბაიში
რაც შეეხება „ჯუმეირას“, მას „პალმა“ ეწოდება იმიტომ, რომ 2 დაშორებული კუნძული დუბაის სანაპიროსთან 17-ტოტიან 5X5 კილომეტრიან პალმის ხეს ქმნის. ის ნახევარმთვარის ფორმის 11-კილომეტრიანი რიფებით არის გარშემორტყმული, რომელიც პალმის წვერს გვირაბით, კუნძულები კი – მატერიკს 300 მეტიანი ხიდით უკავშირდება. 200 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზე 100 ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, 1 000 ვილა, პენტჰაუზი და 5 000 კერძო ბინა. პალმაზე ბევრ ცნობილ პიროვნებას აქვს საკუთრება. ერთ-ერთი პირველები იყვნენ ბექჰემები, რომლებმაც აპარტამენტებში 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს... ბოლო წლებში ქართული ტელევიზიების თვალსაწიერში მოექცა საოცარი სანახაობა – „პალმაზე“ მოწყობილი საახალწლო ფეიერვერკები. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ამ „მერვე საოცრების“ შესახებ არსებულ უამრავ ინფორმაციაში ხშირად არ არის მითითებული ოთარ ზალდასტანიშვილის ვინაობა. სწორედ მან მოახერხა იმ კონსტრუქციის დაპროექტება, რომლის წყალობითაც მოხერხდა ყურეში ნიადაგის დამაგრება, რომ მიწა ზღვას არ წაეღო. უფრო სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ასეთ დიდ პიროვნებას არ იცნობენ. იმის მიუხედავადაც, რომ 1997 წელს ის ძმასთან, გივი ზალდასტანიშვილთან ერთად, საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა 1921 წელს გატანილი ეროვნული არქივის მოვლისა და საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის. მის გარდაცვალებას მხოლოდ ერთი ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოკრძალებული ნეკროლოგით. ოთარ ზალდასტანიშვილი წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს მაუთ ობურნის სასაფლაოზე. დაკრძალვას მსოფლიოს უამრავი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე დაესწრო. იმ დღეს წესი აუგეს და სულის მოსახსენიებელი პანაშვილი აღავლინეს თბილისშიც, ფერისცვალების ტაძარში.